ქართულ საჯარო სკოლებს კერძო სექტორთან თანამშრომლობის მწირი გამოცდილება აქვს. როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებს კერძო სექტორთან სასკოლო ცხოვრების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მხოლოდ ერთეული შემთხვევა ახსენდებათ. სკოლის დირექტორები, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებენ იმ დადებით შედეგებზე, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობამ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეიძლება მოუტანოს; მეორე მხრივ, საუბრობენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბიუროკრატიაზე, რაც ამგვარი თანამშრომლობის ინიციატივას არა თუ ახალისებს, არამედ ორივე მხარეს მისგან თავის არიდებისკენ უბიძგებს.
რა წვლილის შეტანა შეუძლია კერძო სექტორს სკოლის განვითარებაში?
თელავის #1 საჯარო სკოლა ბოლო რამდენიმე წელია, რეგიონში არსებულ კერძო ღვინის მარნებთან თანამშრომლობს. როგორც სკოლის დირექტორი მაია ოთიაშვილი ამბობს, ამგვარი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეების ინფორმირებისათვის. მისი თქმით, რეგიონში არსებულ ბიზნესში, რომელიც ადგილობრივ გარემოზეა ადაპტირებული, სამომავლოდ ისინი შეიძლება დასაქმდნენ. ამიტომ მათთან ურთიერთობა სასკოლო ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის და მოსწავლეებს პროფესიული არჩევნის გაკეთებაში ეხმარება.
მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის ინიციატორი თავად სკოლა იყო. თუმცა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც უყოყმანოდ დასთანხმდნენ სკოლის ინიციატივას, ჩაეტარებინათ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი სემინარები და მათთვის საწარმოებში ექსკურსიები მოეწყოთ.
მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვის ხელშესაწყობად იანვრიდან ადგილობრივ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობას გეგმავს ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვაზავა. ამბობს, რომ უფროსკლასელებს განსაკუთრებით სჭირდებათ ამ რესურსის გამოყენება, როგორც შესაძლებლობა, რომ უკეთ გაერკვნენ, რის კეთება სურთ სამომავლოდ. თუმცა თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ამგვარი თანამშრომლობის ინიციატორი სკოლა იშვიათად არის.
ინიციატივების ნაკლებობას სკოლის დირექტორები კერძო სექტორთან ურთიერთობისას საჭირო ბიუროკრატიას მიაწერენ, რის გამოც, მათი განმარტებით, როგორც სკოლები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობას თავიდან ირიდებენ.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა: „ძალიან რთული პროცედურებია, არასასიამოვნო პროცესი. ამის გამო ინიციატივებს სკოლებიც არ იჩენენ. თავის მხრივ, სკოლებთან ურთიერთობის სურვილი არც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ. თეორიულად თანამშრომლობის არაერთი გზა არსებობს, მაგრამ რეალურად ამ შესაძლებლობას არცერთი მხარე არ ვიყენებთ“.
მას ერთადერთი შემთხვევა ასხენდება, როცა ხუთი წლის წინ ადგილობრივი კერძო ბიზნესის დახმარებით სკოლის სააქტო დარბაზი გარემონტდა და სკოლას ახალი ავეჯიც შეემატა.
ამავე პრობლემაზე საუბრობს თბილისის #55 საჯარო სკოლის დირექტორი მაია შარტავა. ამბობს, რომ მართალია, კერძო ბიზნესს შეუძლია შემოწირულების სახით სკოლის განვითარებისთვის თანხები გაიღოს, მაგრამ შემოწირულობის მიღებას, სკოლის მხრიდან იმდენი ბიუროკრატიული რეგულაცია სჭირდება, ურჩევნია ამას თავი აარიდოს.
„საჯარო სექტორის ურთიერთობას კერძო სექტორთან მკაცრად გაწერილი კანონები არეგულირებს. ერთი მხრივ, ეს სირთულე პრევენციაა, რომ სკოლასა და კერძო სექტორს შორის საეჭვო გარიგებები არ გაფორმდეს, მაქსიმალურად დაცული იყოს არასრულწლოვნების ინტერესები, მაგრამ მკაცრი რეგულაციის გამო, უმეტესად სკოლებს არ სურთ „რთული გზით სიარული“. შედეგად კი სკოლა მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების იმედად რჩება და განვითარებისთვის დამატებითი თანხების მოძიებას აღარ ცდილობს“, - ამბობს მაია შარტავა.
რატომ ვერ იყენებენ დამატებითი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას სკოლები?
საქართველოში საჯარო სკოლების დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფოა,- თანხა შეიძლება გამოიყოს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან.
ასევე, სკოლებს დამატებითი დაფინანსების მოპოვების უფლება აქვთ, მაგალითად, იჯარისა და საგანმანათლებლო სერვისების საშუალებით. 2014 წელს „სამოქალაქო განვითარებისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრმა“ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი დაფინანსების მოპოვების უფლებას სკოლების მესამედზე ნაკლები იყენებს.
როგორც კვლევის ანგარიშშია განმარტებული, სკოლები დამატებით შემოსავალს მშობელთა ნებაყოფლობითი დახმარებიდან, შემოწირულობებიდან და გრანტებიდან იღებენ. კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველა დამატებითი წყაროდან მიღებული თანხა ჯამში 2%-საც არ შეადგენს. შესაბამისად, სკოლები ძირითადად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული თანხით ფინანსდება.
როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, სკოლა იმას სჯერდება, რასაც სახელმწიფო სთავაზობს და დამატებითი შემოსავლების მიღებაზე აღარ ზრუნავს. რაც შესაძლოა იმითაც აიხსნას, რომ სკოლის დირექტორები ზედმეტ სირთულეებს ერიდებიან, ითვალისწინებენ რა იმ გარემოებას, რომ დირექტორის სკოლიდან განთავისუფლების მიზეზი ხშირად გამხდარა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი ფინანსური დარღვევა. რაც უფრო ნაკლები აქტივობა იქნება ამ მხრივ, მით ნაკლები იქნება შეცდომის დაშვების შესაძლებლობაც.
რა ბარიერებს ხედავენ კერძო სექტორის წარმომადგენლები
სკოლასა და კერძო გამომცემლობებს შორის თანამშრომლობის მწირ შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი კახა კუდავა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო სკოლის სახელმძღვანელოების ბეჭდვა, კერძო გამომცემლობების სკოლებთან თანამშრომლობა შეწყდა.
„გამომცემლობებისა და სკოლის თანამშრომლობა სარგებლის მომტანია სასკოლო ცხოვრებისთვის. მაგალითად, ჩვენს გამომცემლობას წლების განმავლობაში საჯარო სკოლებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა ჰქონდა. ჩვენი ორგანიზებით, იმართებოდა სკოლის მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოების ავტორების შეხვედრები. უკვე ოთხი წელია ამგვარი თანამშრომლობა აღარ არსებობს. ახლა ფაქტობრივად არც „გვიშვებენ“ სკოლებში, ვთქვათ, ჩვენი გამოცემული მხატვრული ლიტერატურა რომ გამოიყენოს სკოლებმა. უამრავი დამხმარე ლიტერატურა არსებობს და მასწავლებელს სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე ეშინია ამ სახელმძღვანელოების გამოყენება. ეშინია, რომ განათლების სამინისტრო მოედავება ამ არჩევნის გამო“.
კახა კუდავა ამბობს, რომ გამომცემლობას დედაქალაქისა და რეგიონების სკოლების ბიბლიოთეკებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემის პრაქტიკაც აქვს. თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გამომცემლობების წახალისება.
„როცა საჩუქრად ვაგზავნით წიგნებს, გამომცემლობა წიგნის მაქსიმალური ფასის მიხედვით იბეგრება. სკოლა წიგნებს იფორმებს საჩუქრის სახით, მაგრამ გამომცემლობას, სკოლისთვის საჩუქრად გაღებული წიგნები რეალიზებაში ეთვლება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამგვარი ხარჯი ხშირად გავიღოთ. ამიტომ ასეთი პრაქტიკა ხშირი არ არის. ეს ცხადია, გამომცემლებს აბრკოლებს, რომ სკოლებს წიგნები საჩუქრად გადასცენ. თუკი ამ კუთხით სახელმწიფო წაახალისებდა კერძო გამომცემლებს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მეტი ინიციატივა გაჩნდებოდა“, - ამბობს კახა კუდავა.
რას გულისხმობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის საპილოტე პროგრამა
ბარიერების გვერდით, რომლებიც ხელს უშლის სკოლისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, არსებობენ შესაძლებლობები, რომლებიც ამ ურთიერთობას ავითარებს. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის საპილოტე პროგრამა პროფესიული განათლების განვითარებას ისახავს მიზნად.
პროგრამის მომზადება და განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის სექტემბრიდან პროგრამას პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს.
პროგრამა სკოლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობასაც გულისხმობს, მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის გასაადვილებლად. პროგრამა IX და XI კლასელებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ნინო ბურდული ამბობს, პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ხვდებიან, ტარდება პროფესიული ორიენტაციის სესიები, ეწყობა ექსკურსიები დასაქმების ორგანიზაციებში.
როგორც ნინო ბურდული განმარტავს, რეგიონის რესურსიდან გამომდინარე, მოსწავლეები ხვდებიან როგორც ფიზიკურ პირებს, მაგალითად, მეფუტკრეებს ან ფერმერებს, ასევე ეცნობიან რეგიონში არსებულ საწარმოებს, მათი მუშაობის პრაქტიკას.
ექსკურსიის მოწყობაზე პასუხისმგებელია მასწავლებელი, რომელიც პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სასწავლო ექსკურსიებს. სკოლამ თავად უნდა მოიძიოს ექსკურსიების განხორციელების თანადაფინანსების წყაროები, იქნება ეს თვითმმართველობა, დასაქმების ობიექტი თუ საგრანტო პროექტი. სემესტრის განმავლობაში კი მინიმუმ ერთი ექსკურსია უნდა ჩატარდეს.
ნინო ბურდულის თქმით, 2017-2018 სასწავლო წლის ბოლომდე პროგრამა საპილოტე რეჟიმში განხორციელდება. 2017 წლისთვის კი დაგეგმილია პროგრამაში ყველა საჯარო სკოლა ჩაერთოს.
კერძო სექტორისა და საჯარო სკოლების თანამშრომლობა იშვიათი და ნაკლებად წახალისებული პრაქტიკაა ჩვენს რეალობაში. საკითხით დაინტერესებული მხარეები მიზეზებზე საუბრისას, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებენ სკოლების ცენტრალიზებულად მართვის ნეგატიურ მხარეებზე, რაც ზღუდავს სკოლის დირექტორების თავისუფლებას, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგალითად, მოიძიონ სკოლის გაძლიერებისთვის დამატებითი შემოსავლები. ამგვარად კი საშუალება მიეცეთ, აღარ იყვნენ სრულად დამოკიდებულნი სახელმწიფოს მიერ გაღებულ თანხებზე; მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ სკოლებში ნაკლებად არსებობს ინიციატივები, მეტყველებს სათანადო ცოდნისა და უნარების ნაკლებობაზეც. საინფორმაციო ხასიათის მხარდაჭერა კი სკოლებში ერთგვარ ნიადაგს მოამზადებდა სასკოლო ცხოვრებაში ცოდნაზე დაფუძნებული მეტი ინიციატივების გასაჩენად.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.