Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუფთა ჰაერის უფროსები

21 ნოემბერი 2016

წყალტუბოში სტალინური პერიოდის არქიტექტურისა და გამწვანებული სივრცეების შერწყმა, ერთი შეხედვით, ეგზოტიკურ გარემოს ქმნის. ხეებში ჩაფლული სკვერები და შემოდგომის ფერები ქუჩებში ამ ქალაქში პირველად ჩასულ ადამიანს რომანტიკულ ემოციებს უღვიძებს. ქუჩებში ხალხი თითქმის არ დადის, ირგვლივ მხოლოდ კანტი-კუნტად მოსიარულე მანქანების ხმაური ისმის. სტალინის დროს აშენებული ერთ-ერთი სანატორიუმიდან პეგასის თეთრი ქანდაკება გაქვავებული სიმბოლოსავითაა წამოჭიმული. სიმბოლო გაქვავებული ქალაქისა და იმ დევნილების ცხოვრებისა, რომლებიც 24-ე წელია აქ, სხვადასხვა სანატორიუმში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან. ქალაქში სეირნობისა და მათთან შეხვედრის შემდეგ ხვდები, რომ დევნილებს სულაც არ აკავშირებთ სენტიმენტები იმ გარემოსთან, რომელშიც წლების წინ საკუთარი სურვილის გარეშე აღმოჩნდნენ.

ამაყად აღმართული ქანდაკებები, გიგანტური სვეტები და ჭაღები -ამ დეტალებში კარგად ჩანს წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი პარადული მონუმენტალიზმის, პატრიოტული ხელოვნების დეკორაციებისა და ტრადიციული მოტივების კომბინაცია.

19 სანატორიუმი რუსეთიდან ჩამოსული დამსვენებლებისთვის, ძირითადად, 50-იან წლებში აშენდა, როცა ქალაქს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. მეშახტეების დასასვენებლად განკუთვნილ სანატორიუმს „მეშახტე“ დაარქვეს. მეტალურგებს „მეტალურგი“ ემსახურებოდა. 80-იან წლებში მთელ საბჭოთა კავშირში ქალაქი ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ადგილად იქცა. მოსკოვი-წყალტუბოს მიმართულებით მატარებელიც კი დადიოდა.

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შენობები დაცარიელდა და დროებით უფუნქციოდ დარჩა, თუმცა -მხოლოდ დროებით. აფხაზეთის კონფლიქტმა სანატორიუმებს მალევე შესძინა საცხოვრებელი ფუნქცია. დევნილი ოჯახები მოქმედმა მთავრობამ 15 სანატორიუმში გადაანაწილა. მაშინ დევნილებს ეგონათ, რომ საცხოვრებლად არც ისე მოსახერხებელი შენობები მხოლოდ დროებითი თავშესაფარი იყო. თუმცა, ეს დროებითობა მათი უმრავლესობისთვის 24-ე წელია, გრძელდება.

ამჟამად წყალტუბოში დაახლოებით 1400 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათგან 1000 ოჯახი 15 სანატორიუმშია გადანაწილებული.

2011-13 წლებში დაახლოებით 1400 ოჯახი სანატორიუმებიდან ახალ საცხოვრებლებში განსახლდა. მათ შორის: 380 ოჯახი -წყალტუბოს შესასვლელში აშენებულ ბინებში, 600 ოჯახი -ბათუმში; 420 ოჯახი კი -ფოთში.

„მეტალურგიული სანატორიუმის“ სვეტებს შორის მეორე სართულიდან ჩამოწოლილი ჭაღი დაახლოებით 70 წლისაა....

ბალახითა და ხავსით დაფარული ძველი კიბეებით „მეტალურგიული სანატორიუმის“ უკანა ეზოში ავდივარ. მდუმარედ გადმომზირალ შენობას წრეს ვარტყამ იმის იმედით, რომ ირგვლივ ადამიანებს ვიპოვნი. სანატორიუმის პირველ სართულზე აზიდულ სვეტებს შორის მეორე სართულიდან ჩამოწოლილი რკინის დიდი ჭაღი მოჩანს -უკვე დაჟანგული, მაგრამ მაინც საოცრად შთამბეჭდავი. ხმაურზე შუახნის მამაკაცი გამოდის თავისი ოთახიდან: „ახლავე, ლალის დავუძახებ. ყველაზე კარგად მან იცის, როგორ ვცხოვრობთ“.

ლალი 50 წელს გადაცილებული, საშუალო ტანის ქალია. სანატორიუმის ორ ოთახში მოხუცებულ მამამთილსა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. აფხაზეთიდან დევნილები არიან. მათ გარდა ამ სანატორიუმში 70-მდე ოჯახია.

ისევე, როგორც სხვა სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისა, „მეტალურგის“ ბინადრებსაც მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემები აქვთ. შენობებში არ არის, ბუნებრივი აირი, რის გამოც, გათბობის საშუალებად ან შეშის ღუმლების, ან ელექტროგამათბობლების გამოყენება უწევთ.

ლალი ჰყვება, რომ ორივე შემთხვევაში, ზამთარში ამ ხარჯს დიდი გაჭირვებით ფარავენ. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა დენზე ადრე არსებული 200-ლარიანი ვაუჩერიზაციის სისტემა გაუქმდა. 2013-2014 წლებში დევნილებს მანამდე დაგროვილი კომუნალური დავალიანებები გაუნულდათ და ყველა ჩასახლება ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა. დევნილების ყოველთვიური შემწეობა 22 ლარიდან 45 ლარამდე გაიზარდა, თუმცა მასობრივი უმუშევრობის ფონზე, დევნილები ამბობენ, რომ ეს ძალიან მცირე თანხაა და არაფერში ჰყოფნით:

„ნივის მარკის მანქანით რომ მოვიტანოთ შეშა, რომელიც დაახლოებით 2 კვირის სამყოფია, 70 ლარი მაინც გვჭირდება. დენის გამათბობლის შემთხვევაში 80 ლარი მოგვდის თვეში გადასახადი. მე არ ვმუშაობ, ჩემი ქალიშვილი არ მუშაობს. ორივეს დევნილის 45-ლარიანი პენსია გვაქვს და პლუს, მამამთილის ხანდაზმულობის პენსია“.

ლალი სანატორიუმის აივანზე პატარა ხის კონსტრუქციის სანახავად მთხოვს გასვლას - ეს ფიცრული ჩვენი საზაფხულო აბაზანაა.

ოთხსართულიან სანატორიუმს ახალი სახურავი 2 წლის წინ გადახურეს. წლების განმავლობაში ნადენი წვიმის შედეგად, კედლები ახლაც ნესტიანია, თუმცა ნესტის მიზეზი მხოლოდ ზემოდან ჩასული წყალი არაა.

2014 წელს „მეტალურგში“ სახალხო დამცველი იმყოფებოდა. მაშინ დევნილებმა ომბუდსმენს შენობის შესასწავლად ექსპერტიზის დაქირავება სთხოვეს.

დადგინდა, რომ სანატორიუმს საძირკველში წყალი აქვს შემდგარი და შენობა ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს:

„ექსპერტმა გვითხრა, ძალიან მყარი შენობაა, არქიტექტურულადაც ისეა მოწყობილი, სვეტის არც ერთი ფრთა მეორეს შენობის დანგრევის საშუალებას არ მისცემსო, მაგრამ საცხოვრებლად მაინც საშიშიაო. გაგვაფრთხილა, მაგალითად, ორნამენტების ქვემოთ დადგომას მოვერიდოთ, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოსო. ასევე, შენობის ავარიულობას ოთახების კარებსა და ფანჯრების დეფორმირებაზეც ვატყობთ. ჩემი ოთახის კარს ძლივს ვკეტავ უკვე“, -ჰყვება ლალი და შენობის შუაში, დიდ დერეფანში გასვლას მთხოვს.

მრგვალი რიკულებიანი მოაჯირის უკან ორნამენტებიანი ხის კარის ზემოთ ელექტროკაბელები ერთ ადგილზეა შექუჩებული. აქედან კი ოთახებში კედლის გაყოლებაზე დენი გადის.

მერი კალანდია ამბობს, რომ ოთახებიდან ბავშვებს მარტო არ უშვებენ: „შენობის ავარიულობის პარალელურად, ამ ელექტროგაყვანილობების მუდმივად გვეშინია. ყოველ წამს შეიძლება, ხანძარი გაჩნდეს“.

არანაკლებ ცუდია სანატორიუმების სველი წერტილების მდგომარეობა. „მეტალურგში“ აბაზანები ოთახებშივე აქვთ მოწყობილი. ტუალეტები კი საერთოა, როგორც საბჭოთა პერიოდში აშენებულ, დასასვენებელ კომპლექსებს ახასიათებდა. იქიდან გამოსული მძიმე სუნი მთელ შენობას ედება, რადგან საერთო მოხმარების ტუალეტებში სიძველისგან ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული და წყალი ჟონავს.

ლალის შენობის ბოლო სართულზე, აივანზე გავყავარ. აივნის კუთხეში ხის ფიცრულით პატარა შემოღობილი კონსტრუქცია დგას: „ეს ჩვენი საზაფხულო აბაზანაა. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს ვაჩვენე კიდევაც და ვთხოვე, იქნებ, შენობაში სველი წერტილები მაინც მოეწესრიგებინათ“.

მეორე სანატორიუმი, სადაც 35-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, „რკინიგზის სანატორიუმია“. კვირა დღეა, ამიტომ მზიანი ამინდის გამო, აქ მცხოვრებლები ეზოში არიან შეკრებილები. მადონა კალანდია ქმართან ერთად ცხოვრობს. შვილები წლების წინ წავიდნენ სხვა ქალაქებში. ქმარი ხელოსანია, ორი წლის წინ ინსულტი გადაიტანა. ამბობს, რომ მკურნალობისთვის ფული არ ჰქონდათ, შვილის სახელზე კრედიტი გამოიტანეს. მადონა სეზონურად მუშაობს, ზაფხულობით ურეკში ხან მწვანილს ყიდდა, შარშან ხაჭაპურის ცხობა დაიწყო. საპენსიო ასაკი ჯერ არ აქვს, სოციალური დახმარებითა და დევნილების პენსიით სარგებლობენ:

„შვილებს თავიანთი ცხოვრება აქვთ. ყველას უჭირს, მათაც. ასე რომ, მათ ვერ ვთხოვ, მშია, წამლისთვის მამას ფული სჭირდება და გამომიგზავნე-მეთქი. თვიდან თვემდე ვცხოვრობთ იმაზე ფიქრით, როგორ ვიმყოფინოთ კაპიკები“.

საპირფარეშოებიდან გამოსული მძიმე სუნი მთელ შენობას ედება. სიძველისგან ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული და წყალი ჟონავს.

„რკინიგზის სანატორიუმში“ მცხოვრებთა მთავარი პრობლემებიც, ძირითადად, უმუშევრობასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურულ გარემოში ცხოვრებას უკავშირდება. 86 წლის სულოს საპირფარეშოს კედელზე, რომელიც დერეფანს უკავშირდება, ნაჭრის სქელი ფარდაგი აქვს ჩამოფარებული:

„კედელი ჩამონგრეულია და ამით მაქვს დამალული“.

შენობის მეორე სართულზე, დენის ინდივიდუალურ მრიცხველებზე, ერთ-ერთი გვარის გასწვრივ პატარა ფურცელზე წარწერაა დატოვებული: „არ ჩაჭრათ, გადავიხდი მალე“. მადონა მიხსნის, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა სანატორიუმში.

ორივე სანატორიუმში, როგორც წესი, კაცები თავიანთ პრობლემებზე საუბარს ერიდებიან. ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც სახელისა და გვარის გამოყენების წინააღმდეგია, ამბობს, რომ მძიმე სოციალური ფონი დევნილების მასობრივი უმუშევრობის ბრალია:

„პარასკევია დღეს, შუადღე. რატომ ვართ ყველანი სახლებში? ჩამოიარეთ სანატორიუმი და იკითხეთ, ოჯახში ვინ მუშაობს, რას აკეთებს? არაფერს. ეს პრობლემა დღეს არ დამდგარა ჩვენს ცხოვრებაში. 24 წელია, მას შემდეგ, რაც აქ გადმოვსახლდით, წყალტუბოში სამსახურის მოძებნა პრობლემაა. მე პერიოდულად გავდივარ ბაზარში და ხან მუშად ხან გადამზიდავად ვმუშაობ, მაგრამ თვეში მაქსიმუმ 80 ლარს შემოსავალი დავარქვა?“.

2011-2013 წლებში წყალტუბოდან დევნილების სხვა ქალაქებში გადასახლების დროს, რამდენიმე ოჯახმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად, გადასვლაზე უარი თქვა. მიზეზი ახალ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტაციის შიში იყო. ზოგს კი მიცვალებულის დატოვება გაუჭირდა წყალტუბოში და ფოთში, ახალ ბინაზე უარი თქვა.

„დევნილთა სამინისტრო, წლებია, გვპირდება, რომ მალე ახალ ბინებში, აქვე წყალტუბოში გადაგვიყვანენ. რაღა დაგვრჩენია, ველოდებით“, -მეუბნება მადონა კალანდია.

...

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტები -ასეთი ქვესათაურით შევიდა სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში წყალტუბოს რამდენიმე სანატორიუმი, მათ შორისაა სანატორიუმები: „ინტურისტი“, „იმერეთი“ „ფილიალი“.

„შენობების ნაწილი ამორტიზებულია და სერიოზულ გამაგრებას საჭიროებს. ყოფილა დაზიანებული ჭერის ჩამონგრევის შემთხვევებიც, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია; ფაქტობრივად, არ მოქმედებს კანალიზაციის სისტემა. სარდაფებში დგას წყალი. რთულია ჰიგიენური პირობების დაცვა. არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იმდენად მაღალია, რომ დევნილები ვერ ახერხებენ დავალიანების დაფარვას. ჩასახლებებში შექმნილი ვითარება, მართლაც, საგანგაშოა იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის სათანადოდ დაცული მცირეწლოვანი ბავშვების ინტერესები და გარემო, რომელშიც ისინი იზრდებიან -არაკეთილსაიმედოა“, -წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ერთი წლით ადრე, 2014 წელს ომბუდსმენი წყალტუბოს რამდენიმე სანატორიუმში იმყოფებოდა. მაშინ მან დევნილთა სამინისტროს განცხადებით მიმართა და სთხოვა, სანატორიუმებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით მეტი აქტივობა გამოეჩინა, სანამ მათთვის ალტერნატიულ ფართების მშენებლობას დაიწყებდნენ.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სამინისტრო ცდილობს, ოჯახების იმ საჭიროებებით უზრუნველყოფას, რაც აწუხებთ -წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, სახურავების გადახურვა, ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება, სანატორიუმების სრული გამრიცხველიანება.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მერი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის მონიტორინგის დროს, ობიექტებზე გარკვეული პრობლემები მოგვარებული იყო, მაგალითად, გადააფარეს სახურავები, მოწესრიგდა რამდენიმე საკანალიზაციო სისტემის მილები, თუმცა ამან ზოგადი ფონი ვერ შეცვალა და დევნილები ისევ საშიშ პირობებში არიან.

დევნილების უფლებებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი „გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ“ განსაზღვრავს. დოკუმენტში წერია, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, დევნილები უზრუნველყოს შესაბამისი დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით. მათ ხელი უნდა მიუწვდებოდეთ აუცილებელ საკვებსა და სასმელ წყალზე, თავშესაფარსა და საცხოვრებელზე, შესაბამის ტანისამოსზე, გადაუდებელ დახმარებასა და სანიტარულ მომსახურებაზე.

სუფთა ჰაერის უფროსები ვართ - ასე ხუმრობენ ხშირად წყალტუბოში დევნილები. უმუშევრობა მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

„სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-11 მუხლი სათანადო საცხოვრებელს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პაქტი ხაზს უსვამს ადამიანების არა მხოლოდ თავშესაფრით და ჭერით, არამედ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას. შენობა უნდა იყოს საცხოვრებლად ვარგისი, ანუ მოსახლე დაცული უნდა იყოს სიცივისგან, ნესტისგან, ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედებისა და სხვა საშიში ფაქტორებისგან. იმავეს ავალდებულებს მთავრობას ადგილობრივი კანონიც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ“.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე საუბარი იყო დევნილთა განსახლების გაჭიანურებულ პროცესებზეც, განსაკუთრებით ისეთი ავარიული შენობებიდან, როგორიც წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმებია.

მინისტრის 2013 წლის 320-ე ბრძანების მე-4 მუხლი სწორედ განსახლების დროს პრიორიტეტების მინიჭებას უსვამს ხაზს და წერია, რომ კომისიამ, რომელიც გრძელვადიანი განსახლების პროცესებზე მუშაობს, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს იმ დევნილებს, ვინც ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს, ან დროებით გამოუყოს მათ ქირის ფული.

დევნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახისთვის უკვე დაიწყო 8 ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. საწყის ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 140 ოჯახზე. აგრეთვე, სურვილის შემთხვევაში, სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს შეუძლიათ, ისარგებლონ სამინისტროში მოქმედი „სოფლად სახლის“ პროგრამით.

„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში შემოტანილ განაცხადებს, სამინისტრო, კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დევნილი ოჯახისთვის სახლს შეისყიდის. სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელ სახლსა და ადგილს დევნილი ოჯახები თავიანთი სურვილის მიხედვით არჩევენ. უმეტეს შემთხვევაში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში შესყიდულ სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს”, -აცხადებენ სამინისტროში.

ბინით უზრუნველყოფა აგვარებს თუ არა დევნილთა პრობლემებს?

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისთვის ალტერნატიული საცხოვრებლების საკითხი ყველაზე სენსიტიურია. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად „ამ შენობებიდან გადასვლას“ ასახელებენ. თუმცა დევნილები კარგად ხვდებიან, რომ ახალი ბინები მათ მძიმე სოციალურ ფონსა და უმუშევრობის პრობლემას ასე მარტივად ვერ მოაგვარებს.

ამიტომ, არის შემთხვევები, როცა დევნილები ალტერნატიულ ფართებზე უარს ამბობენ და ისევ ძველ საცხოვრებელში, მიჩვეულ გარემოში დარჩენას ამჯობინებენ. ზოგი კი ახალ გარემოში მოხვედრის შემდეგ სხვა პრობლემებთან გამკლავებას იწყებს.

2015 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ალტერნატიულ საცხოვრებელ ბინებში განსახლებული დევნილების მდგომარეობა შეისწავლა. 2012-2013 წლის მასობრივი განსახლებების შემდეგ, ანგარიშის მიხედვით, დევნილების მდგომარეობა საარსებო წყაროებსა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ არ გაუმჯობესებულა. სახელმწიფოს ისევ არ აქვს მათთვის დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები. ადგილობრივი ინფრასტრუქტურა არ იძლევა დევნილების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. რეგიონებში განსახლებული დევნილების უმრავლესობის შესავლის მთავარი წყარო ისევ სოციალური შემწეობაა.

შეკითხვაზე, რამდენად გააუმჯობესებს დევნილების მდგომარეობას ახალ სახლებში გადასვლა, ან ექნებათ თუ არა მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის, დევნილთა სამინისტროს პასუხია, რომ ის ადგილი, სადაც იწყება რვა ათსართულიანი საცხოვრებლის მშენებლობა, იქვე არსებული ადგილობრივი უბნის განაშენიანების გაგრძელებაა. „შესაბამისად, ახლად აშენებულ კორპუსებში მცხოვრებ დევნილებს ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ყველა იმ მომსახურებით და სიკეთით, რითაც სარგებლობს მეზობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა“.

იმავე შეკითხვაზე „თბილისის“ სანატორიუმის წინ მდგარ რამდენიმე კაცს ეღიმება:

„სად მუშაობო, რომ მეკითხებიან ხოლმე, ვხუმრობ, სუფთა ჰაერის უფროსი ვარ-მეთქი. ამ ავარიულ შენობებს თუ თავს დავაღწევთ, კარგი იქნება, მაგრამ არ მგონია, ბინის შეცვლამ ბევრი რამ შეცვალოს იქამდე, სანამ უმუშევრობის პრობლემა გვექნება, დავრჩებით ისევ წყალტუბოს სუფთა ჰაერის უფროსებად“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^