საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურის დასრულებისთანავე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც იყო, აეხსნა საზოგადოებისთვის, როგორ უნდა მოქცეულიყო, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. განემარტა ამომრჩევლისთვის ის რისკი, რასაც ერთი პარტიის ხელში მოქცეული დიდი ძალაუფლება შეიცავს. მინდა, გკითხოთ, თუკი დემოკრატიის იდეა თავის თავში უშვებს შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველმა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას მისცეს იმდენი მანდატი, რამდენიც სურს, რატომ არის ცუდი საკონსტიტუციო უმრავლესობა?
საკონსტიტუციო უმრავლესობის იდეა გულისხმობს პოლიტიკური ძალისადმი ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობის არსებობას. და თუ გვაქვს კარგი, სამართლიანი საარჩევნო სისტემა, ჩვენნაირი ხისტი კონსტიტუციის პირობებში, რომელიც კონსტიტუციურ უმრავლესობად აღიქვამს 75%-ს, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სამმა მეოთხედმა თუ არა, მასთან მიახლოებულმა რაოდენობამ მაინც უნდა დაუჭიროს მხარი იმას, რომ პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოხვდეს.
ეს სიხისტე, რაც ვახსენეთ, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მან დაიცვას თავი არაკონსენსუალური ცვლილებებისგან. ანუ ცვლილებისგან, რომელიც არ არის ქვეყანაში არსებული ორი ან მეტი კვალიფიციური პოლიტიკური ძალის შეთანხმების შედეგი. თუკი პოლიტიკურმა ძალამ მართლა მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს გარკვეული რეფერენდუმიცაა, რომ ამომრჩეველი მოითხოვს რაღაც დაანონსებულ, რადიკალურ ცვლილებებს და ამისთვის აძლევს მანდატს პარტიას.
მაგრამ ასეთი რამ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მოხდეს ჩვენნაირ ქვეყანაში, თუ არა უსამართლო საარჩევნო სისტემა.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორემდე სრულიად საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამომრჩეველს გაეაზრებინა, რას აკეთებდა, არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამომრჩეველმა დიახაც იცოდა, რასაც ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორე ტურში დაასრულა დაწყებული _ მისცა მანდატი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობით? აქ სად შეგვიძლია დავინახოთ სისტემის უსამართლობა?
არ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი უპასუხისმგებლოდ მოექცა თავის არჩევანს. პირიქით, ამომრჩეველმა მაჟორიტარულ ოლქებშიც, მიუხედავად დარღვევებისა და დაშინების ფაქტებისა გააკეთა ის არჩევანი, რომელსაც თავდაპირველად მიიჩნევდა მართებულად.
მაგალითად ხაშურის ოლქიც გამოდგება…
დიახ. ამიტომ უსამართლობა არის სხვაგან. მაჟორიტარული სისტემა ჩვენს კონტექსტი არის თავად უსამართლობა. ჩვენ რომ გვყავდეს ორპალატიანი პარლამენტი, სადაც, როგორც კონსტიტუციაშია გაწერილი, გვექნებოდა რესპუბლიკის საბჭო და სენატი, აღმოვჩნდებოდით აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში. იმიტომ, რომ პოლიტიკური სიჭრელე რესპუბლიკის საბჭოში, რასაც განაპირობებდა პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა დელეგაცია, არ მისცემდა საშუალებას ერთ პოლიტიკურ ძალას, შეეცვალა კონსტიტუცია.
თუ ხელისუფლება არ შეცვლის ამ სისტემას, ხვალ შესაძლოა, აღმოჩნდეს ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდნენ დღევანდელი ოპოზიციური ძალები. როდესაც შეიძლება მან შეინარჩუნოს ამომრჩეველთა მხარდაჭერა, მაგრამ საერთოდ ვეღარ იქონიოს გავლენა ხელისუფლებაზე ოპოზიციური ფრთიდან.
სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიები არ ფიქრობენ წაგებაზე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია.
ჩვენ გვინახავს მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლება, და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რა დასკვნა უნდა გამოჰქონდეს ხელისუფლებას ამ უახლესი ისტორიიდან?
ჯერ ერთი ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო ორი მესამედი, ახალი ცვლილებებით, ეს არის სამი მეოთხედი. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მხარდაჭერა იყო უფრო მაღალი, ვიდრე დღეს „ქართული ოცნების“. შესაბამისად, მათ ლეგიტიმაციის ხარისხი ჰქონდათ უფრო მაღალი, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც იყო ცუდი.
ცუდი იყო არა იმიტომ, კონსტიტუციაში ცვლილებები რომ შევიდა, არამედ იმიტომ, რომ მან თავი გაუკონტროლებელ ძალად მიიჩნია, რომელსაც არ ჰყავს რეალური ოპოზიცია. ეს არის საფრთხე. წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ იმავეს არ იზამს, მითია.
არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარმაც არ დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ მხარი. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისია რეიტინგის 10%-იანი ვარდნა და შესაძლოა, ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნას.
ჩვენ ვიცით სამი ძირითადი დაპირება, რაზეც ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში უსაუბრია: ქორწინების სტატუსის განსაზღვრა, პარლამენტის თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ... დავიწყოთ ბოლოდან:
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ უნდა იყოს პარტიული თვითმიზანი. მხოლოდ ის, რომ გერმანიაში ასეა, არის არასერიოზული არგუმენტი. საქართველო თავისი მმართველობის მოდელით არ არის გერმანულის მსგავსი.
არ არის გათვალისწინებული თავად გერმანიაში პარლამენტის დაკომპლექტების წესი და ის, რომ იქ პარლამენტი ორპალატიანია და ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული მოწყობის ფედერაციული წესი.
ხალხის მიერ ოთხი წლის ვადით არჩეული პარლამენტი პირდაპირ არ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. გასათვალისწინებელია ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ორპალატიანი პარლამენტია, ეს პალატები იცვლება ორ-ორწლიანი განსხვავებით. ეს განაპირობებს პოლიტიკურ სიჭრელეს და გადაწყვეტილებების კონსენსუალურია. თუ ჩვენ გვექნება პარლამენტი, სადაც ერთი პარტია დანიშნავს მთავრობას და აირჩევს პრეზიდენტს, ბალანსი სრულად მოიშლება. ეს იქნება კონსტიტუციური კოშმარი. ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას რომ შევხედოთ, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც შემორჩა, და რომელიც არ არის მოქცეული „ქართული ოცნების“ სრული გავლენის ქვეშ, არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ეპიზოდურად, მაგრამ მაინც უწევს წინააღმდეგობას „ქართულ ოცნებას“. წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს.
რაც შეეხება ქორწინების სტატუსის განსაზღვრას. აქ თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ და არც საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში, თითქოს ეს მხოლოდ თითოეული ქვეყნის შიდა საქმეა. ამ საკითხს ასე აღარ უნდა ხედავდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. ეს სიმართლე სჯობს, თავად ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან და განხილვისა და კენჭისყრის დროს საკითხისადმი თავის არიდებას არ ეცადონ. დიახ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არ არის მხოლოდ უმრავლესობის სახელმწიფო, არამედ ის თითოეული ინდივიდის უფლებების მცველია, ჩვენ გვჭირდება ოპოზიცია, რომელიც შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს უმრავლესობის სახელით მოსაუბრე ხელისუფლებას, რომელიც უპასუხისმგებლოა და ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად ჰიტლერული დემოკრატიის შემოსაღებას ცდილობს, სადაც უმრავლესობა წყვეტს იმას, როგორ უნდა იცხოვროს უმცირესობამ. პირდაპირ უნდა ვთქვათ ისიც, რომ დიახ, ლგბტ თემის წევრებს აქვთ ფუნდამენტური უფლება იცხოვრონ ისე როგორც ამას ახერხებენ ჰერეტოსსექსუალი წყვილები, ისარგებლონ იმ უფლებებით, რაც აქვთ ქორწინებაში მყოფ სხვა პირებს. მნიშვნელოვანია ღიად ვთქვათ, რომ ლგბტ პირების თანასწორობის უფლება საქორწინო ურთიერთობებში არ შეიძლება არსებობდეს მხოლოდ რომელიმე ქვეყანაში, თანასწორობა არის უნივერსალური.
როგორც წესი, პოლიტიკოსები პრაგმატული ადამიანები არიან, მათ სურთ იმ თემებზე აპელირება, რაზეც საზოგადოებას აქვს რეაქცია. არსებობს რაიმე კვლევა ან დადასტურება იმისა, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის?
ეს არ შედის ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტებში. იმ საკითხების ათეულშიც კი არაა, რომელზეც ქართული საზოგადოება წუხს. მეორე მხრივ, ხელისუფლებებს აქვთ სურვილი, საზოგადოებაში აღიქმებოდნენ ამა თუ იმ ნიშნით, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაში აღიქმებოდა, რეფორმატორ ხელისუფლებად, „ქართული ოცნება“ ასეთად არ აღიქმება, თუმცა ცდილობს, დაიმკვიდროს თავი, როგორც ე.წ. ქართული ტრადიციების მცველმა ხელისუფლებამ.
ქართულ ტრადიციებში გვაქვს ბევრი ღირებული რამ, რისი დაცვაც მნიშვნელოვანია, რომ ავიღოთ ფოლკლორი ან ღვინის დაყენების ტრადიცია, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ქართული ტრადიციაა, ჩავერიოთ ადამიანების ცხოვრებაში, ასე არ არის. ესაა ბევრი ერისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ჩვენი ტრადიციაა ლიბერალური სივრცე, რომელსაც აყალიბებდა ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, ვაჟა ფშაველა...
რა პოლიტიკური ბერკეტები არსებობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიო მანდატების ძალას?
ეს მანდატები, სინამდვილეში, ერთი ადამიანის ხელშია და კითხვა, როგორ უნდა გაკონტროლდეს ხელისუფლება, აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამ მოცემულობამ ჩვენ, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩვენც უნდა გადავხედოთ საკუთარ მიდგომებს, კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ და ახალი გზები ვეძებოთ ხელისუფლების გასაკონტროლებლად.
ეს არის გამოწვევა პოლიტიკური პარტიებისთვის, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციურ ფლანგზე „ქართული ოცნებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება, „ნაციონალური მოძრაობაა“, და მნიშვნელოვანია, რომ თავად მათაც შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, მწვავე დებატი მოუწყოს ხელისუფლებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ექნება მედიასაც.
ეს ბერკეტები, ძირითადად, მოქმედებს მაშინ, თუ ხელისუფლება ელასტიკურია საზოგადოებრივი აზრის მიმართ. შენ, როგორც ნჯო აქტივისტის გამოცდილებიდან, როგორ ფიქრობ, არის კი ხელისუფლება ასეთი?
ხელისუფლება წინა მოწვევის პარლამენტში იყო უფრო ნაკლებადხისტი, ვიდრე იქნება ახლა, რადგან მანდატების რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თავად უმრავლესობის რწმენაზე, საკუთარი ყოვლისშემძლეობის შესახებ.