Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნიკალა პაპა“

14 აგვისტო 2012

54 წლის არტურ ზარგარიანს „ნიკალა“ მას შემდეგ შეარქვეს, რაც კიბის ქვეშ, ყოფილ „საპოჟნი ბუტკაში“ გადავიდა საცხოვრებლად. 

ათონელის N23 ერთი ძველი თბილისური სახლია. სადარბაზოს კუთხეებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობის კვალი ამჩნევია. შესასვლელის პირდაპირ შიდა ეზოში გასასვლელი მეორე კარია, აქ ჟღალი კატა წევს და მზეს ეფიცხება.

კიბის უჯრედი ამოშენებულია და პატარა კარიც აქვს ჩამოკიდებული. კარის პირდაპირ რამდენიმე „დაკოჭლებული“ სკამი დგას, კედელზე კი სარკით „გაფორმებული“ თეთრი სათავსოა მიმაგრებული.

სახლის სიძველისა და შიდა ეზოს ხვეული კიბეების გამო სადარბაზოს ბევრი მნახველი ჰყავს, თუმცა მათგან ცოტამ თუ იცის, რომ კიბის ქვეშ ადამიანი ცხოვრობს, თანაც მხატვარი - „პაპა ნიკალა“.

54 წლის არტურ ზარგარიანს „ნიკალა“ მას შემდეგ შეარქვეს, რაც კიბის ქვეშ, ყოფილ „საპოჟნი ბუტკაში“ გადავიდა საცხოვრებლად. 

„ნიკალა“ ათონელის 18 # - ში, ოროთახიან სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა. წლების წინ მეგობარმა საბერძნეთში წასვლა შესთავაზა. ფული არ ჰქონდა და ერთ-ერთი ოთახი 800 დოლარად დააგირავა. წასვლა არ გამოვიდა, ფული დაეხარჯა, ოთახი კიდევ ოთხჯერ გადააგირავა. შემდეგ სახლი გაყიდა და „31 ქარხნის“ ტერიტორიაზე ახალ ბინაში გადავიდა, მეპატრონეს ენდო და 3 300 $ ისე გადაუხადა, ნოტარიულად არ დაუმოწმებია.

„ერთი კვირის მერე ვკითხე - ბინას რატო არ მიფორმებთ მეთქი, ჩვენ მაგ ფასში არ ვყიდით, 500 $ დაგვიმატე და გაგიფორმებთო. კაპიკი ფული აღარ მქონდა. ერთი წელი ვიცხოვრე და გამომაგდეს. მეგობარმა შემიფარა გლდანში, ექვსი თვე იქ ვიყავი, რაღაც პერიოდი ქუჩაში გავატარე. შემდეგ ერთ-ერთ მეგობართან ვრჩებოდი, მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის დარაჯად ვმუშაობდი. მერე ბიჭებმა პატარა ქოხი ამიშენეს სომხურ სკოლასთან, 3 წელი იქ ვიყავი, ბოლოს ათონელის # 23-ში გადმოვედი, ადრე “საპოჟნიკად” ვმუშაობდი, უკვე 8 წელია რაც აქ ვარ; რას იზამ, ასე მოხდა, ცხოვრებაა“ - ამბობს არტურ ზარგარიანი.

ნიკალას „ოთახის“ კართან კატისათვის განკუთვნილი პლასტმასის თეფში დგას, ჯუჯა მაგიდასთან ერთი სკამი ეტევა, რომლის თავზეც ძველი ვინტილატორი ზუზუნებს. კუთხეში მოკლე საწოლია მოთავსებული, კართან კი საბჭოთა ძველი ტელევიზორია დაკიდებული - „გამაწამა რა, ხან მუშაობს ხან არა“.

„ადრე საპოჟნიკად ვმუშაობდი აქ, ისე მხატვარი ვარ - ჯერ თოიძე დავამთავრე, მერე აკადემია. თავს „სტაინაკზე“ მუშაობით ვირჩენ, სუპერმარკეტთან ვდგავარ, საღამოობით გავდივარ, 9-ის ნახევრიდან 11-მდე იქ ვარ, დღეში 7-10 ლარამდე ვშოულობ“ - ყვება მასპინძელი. 

არტურ ზარგარიანს პირადობის დამადასტურებელი საბუთიც არ აქვს. მისი თქმით, პასპორტი ყოფილი მეუღლის ქმარმა 3 დღით გამოართვა, მას შემდეგ კი 8 წელი გავიდა, მაგრამ უკან არ დაუბრუნებია:

„ჩემ ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს შვილი ეყოლათ, მითხრა, ნოტარიულად დავამოწმოთ, რომ ბავშვზე პრეტენზია არ გაქვსო. ჩემი მეგობარი იყო საბუთის წამოსაღებად მისული, ჩემ ყოფილ ცოლს უთქვამს, თავის შვილს კუთხე გამოუყოს და პასპორტს დავუბრუნებო. შვილისთვის რა უნდა დამენანოს, მოვიდეს, მე იატაკზე დავწვები და ბავშვს ლოგინზე დავაძინებ“- ამბობს ზარგარიანი. 

„ახალი საბუთის აღებას ფული უნდა, სად მაქვს? არავინ არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი. კაციშვილმა არ იცის სად ვცხოვრობ, ან საერთოდ ვარსებობ თუ არა. ქუჩაში ხომ არ გავალ და ვიყვირებ - ცოცხალი ვარ, აქ ვცხოვრობ და მიჭირს მეთქი? არავის ვაწუხებ და არც მე მაწუხებს ვინმე.“  

კიბეებზე ამ სახლში მაცხოვრებელი ქალბატონი ჩამოდის - „რას იღებთ?“ „ფილმს იღებენ პაპა ნიკალაზე“ პასუხობს ზარგარიანი და ოთახში ბრუნდება.

„კარგი კაცია, მიგვიხედეთ“ - ამბობს ქალბატონი და სადარბაზოდან გადის.

„პაპა ნიკალას“ საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია, თუმცა გაჭირვების მიუხედავად სოციალურ დახმარებას ვერ იღებს:

„ვიცი, რომ რაღაც პროგრამები არის, ტელევიზიით ვნახე, მაგრამ ვინ მომაქცევს ყურადღებას? თუ ძმა ხარ, ვინ მოგხედავს, სანამ შენ თავს თავად არ მიხედავ?“.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^