პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული არ არის. კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტები და მშობლები უმაღლეს განათლებას უფრო მიმზიდველ და სასურველ საგანმანათლებლო ალტერნატივად განიხილავენ, ვიდრე პროფესიულ განათლებას. სპეციალისტების შეფასებით, ამგვარი დამოკიდებულება პროფესიული განათლების სისტემაში არსებულმა უარყოფითმა განწყობამ და ბარიერებმა განაპირობა, - ე.წ. „ჩიხების პრობლემა“ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისთვის, ვისაც მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული, უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ბარიერს ქმნის.
კანონის მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (ცხრა კლასის) კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს პროფესიული განათლების მიმართულებით, მაგრამ პროფესიული განათლების კურსდამთავრებული, რომელსაც არ აქვს სრული ზოგადი განათლება (არ დაუსრულებია თორმეტი კლასი), სწავლას უმაღლესი განათლების მიმართულებით ვერ გააგრძელებს.
სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული „ჩიხი“ დიდწილად ხელს უწყობს იმას, რომ პროფესიული განათლება საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის მიმზიდველი არ არის, - პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, უმეტესად 19-23 წლის ახალგაზრდები არიან, რომელთა უმეტესობას ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დასრულებული აქვს და ხშირ შემთხვევაში უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული.
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიმართ თანდათან პოზიტიურისკენ იცვლება, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ეს საკმაოდ ნელი პროცესია; დღევანდელი ქართული პროფესიული განათლების სისტემა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, - უზრუნველყოს მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომობა, მოამზადოს კვალიფიციური კადრები.
რატომ არ არის პოპულარული პროფესიული განათლება
შალვა ჩიტაძე 26 წლისაა. მაისში საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტი გახდა და დურგლის პროფესიას ეუფლება. თბილისის ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დასრულების შემდგომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით ისწავლა და ბაკალავრის დიპლომი აიღო. პროფესიულ კოლეჯში ჩაბარება მეგობარმა ურჩია. გადაწყვიტა, დურგლის პროფესია შეესწავლა, რადგან, როგორც ამბობს, ხეზე მუშაობა ბავშვობიდან განსაკუთრებულად უყვარდა.
„პროგრამა რვა თვე გრძელდება, დამსაქმებლებთან ურთიერთობა უკვე გვაქვს, ამიტომ, დასაქმება არ უნდა გამიჭირდეს. ეს ჩემთვის ახალი შესაძლებლობაა, გავხდე იმ საქმის პროფესიონალი, რომლის კეთებაც მომწონს. ამ შესაძლებლობას სკოლის დამთავრებისას ვერ ვიაზრებდი, თითქოს პროფესიის მიღების მხოლოდ ერთი გზა არსებობდა - უმაღლესი განათლება“, - ამბობს შალვა ჩიტაძე. ახლა კურსელებთან ერთად ქართული ზღაპრის გმირების გამოსახულებით ხის სათამაშოებს ამზადებს. გეგმავენ, საქველმოქმედო გამოფენა მოაწყონ.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ერთ-ერთი დიდკონტინგენტიანი კოლეჯია თბილისში. მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება, შემოდგომასა და გაზაფხულზე. კოლეჯში დაახლოებით 700-მდე სტუდენტი სწავლობს.
პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტები მიიღებიან გამოცდის საფუძველზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით, კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
„ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის სიკეთეები და უპირატესობები, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობს ახალგაზრდებს. პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების გაზრდას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომლებსაც რეალურად პროფესია არ აქვთ, შესაბამისად, შრომის ბაზარზე ვერ საქმდებიან. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მთავარია, ღირსეულად დასაქმდე და შენი საქმის პროფესიონალი იყო. ამის მისაღწევად კი ერთადერთი გზა უმაღლესი განათლება არ არის. თუმცა, თუკი პროფესიული განათლების მქონე ადამიანი გადაწყვეტს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, მას ბარიერი არ უნდა ხვდებოდეს, ამგვარი ბარიერები სკეპტიკურად განაწყობს საზოგადოებას“, - ამბობს საზოგადოებრივი კოლეჯის, „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე.
კიდევ ერთი ბარიერი, რომელზეც ის ყურადღებას ამახვილებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ეხება. თუკი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან, პროფესიული განათლების მიღებისას ასე არ ხდება.
მისი თქმით, ხშირად სტუდენტებს რამდენიმეთვიანი სწავლის შემდგომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, - „სტუდენტს თვეობით შრომა და სწავლა წყალში ეყრება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სწავლას აღარ უბრუნდება. იკარგება სტუდენტის შრომაც და მათი სწავლისთვის გაღებული სახელმწიფო ფინანსებიც. ამგვარი ბარიერი, ცხადია, აფრთხობს სტუდენტს. ეს საკითხიც დასარეგულირებელია“.
მათე ტაკიძე ამბობს, რომ დღეს შრომის ბაზარზე გაცილებით მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე დასაქმების მსურველი. კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსია. მისი თქმით, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე მშენებლობის მიმართულებითაა, მაგრამ სწავლის მსურველი ცოტაა.
„მაგალითად, ძალიან მაღალია მოთხოვნა მებათქაშეებზე, მაგრამ ამ პროფესიის შესწავლა ძალიან ცოტას უნდა. აქაც მენტალობის პრობლემამდე მივდივართ. ეს პროფესია არ მიიჩნევა პრესტიჟულად, თუმცა ამ მიმართულებით დასაქმების მაჩვენებელი მაღალია. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო სექტორში ჩვენი კურსდამთავრებულების დაახლოებით 75% სწავლის დასრულებისთანავე საქმდება“, - ამბობს მათე ტაკიძე.
რა ცვლილებებს გულისხმობს პროფესიული განათლების რეფორმა
2013 წელს „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020“ და სამოქმედო გეგმა მომზადდა, რომელმაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა. პროფესიული განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ანასტასია ქიტიაშვილი სტრატეგიის შემუშავებაში, ადგილობრივი ექსპერტის სტატუსით იყო ჩართული. მისი თქმით, სტრატეგიის შემუშავებას წინ უძღოდა კვლევა და სიტუაციური ანალიზი, რათა ცხადი გამხდარიყო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები.
ის ამბობს, რომ სტრატეგია დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა და ორიენტირებულია ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: პროფესიული განათლების მოქნილი ქსელის ჩამოყალიბება, სისტემაში არსებული ბარიერების შემცირება, კვალიფიკაციების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა გადამზადება თანამედროვე მიდგომების შესაბამისად.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების შეცვლა, - „ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი ნეგატიური იმიჯი მოსდევს საზოგადოებას, როდესაც პროფესიული სასწავლებლები ნაკლებად წარმატებული მოსწავლეებისათვის სადამსჯელო დაწესებულებად აღიქმებოდა, სტერეოტიპების დაძლევა კი რთულია და დრო სჭირდება“.
პროფესიული განათლების რეფორმა 2013 წლიდან ქვეყანაში სწორედ აღნიშნულ სტრატეგიაზე დაყრდნობით დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად პროფესიულ კოლეჯებში მოდულური პროგრამებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა დაიწყო.
რას გულისხმობს მოდულური პროგრამები
2013 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების მოდულარიზება, რომელსაც მეთოდოლოგიური დახმარება ევროკავშირმა გაუწია. 2015 წლიდან კი 45 მოდულური პროგრამის სწავლება დაიწყო.
მოდულური სწავლებისას საგნების ნაცვლად პროგრამა მოდულებისგან შედგება. მოდული კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საჭირო ცოდნასა და უნარებს აერთიანებს. ის კონკრეტული კომპეტენციების გამომუშავებაზეა ორიენტირებული და შეიძლება ცალკე ერთეულის სახით დიფერენცირდეს პროგრამიდან, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტული მოდული ისწავლოს, ამის მიხედვით შეფასდეს და მიენიჭოს შესაბამისი კრედიტი.
მოდულური სწავლების 40%-ზე მეტი პრაქტიკაზე მოდის.
„ასეთი პროგრამები შრომის ბაზრის ცვლილებისადმი უფრო მოქნილია. შრომის ბაზრის ცვლილებისას მთელი პროგრამის ნაცვლად კონკრეტული მოდულის განახლებაა შესაძლებელი, გაადვილებულია სამუშაო ბაზარზე გასვლა და სწავლის გასაგრძელებლად საგანმანათლებლო სისტემაში ხელახლა დაბრუნება“, - ამბობს ანასტასია ქიტიაშვილი.
რას გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება
2015 წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფცია მომზადდა, 2016 წელს კი აღნიშნული მოდელის პროექტის პილოტირება საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) ერთად ორ სფეროში, მეხილეობასა და მეცხოველეობაში დაიწყო.
როგორც „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პროფესიული განათლების ოფიცერი ნიკოლოზ მესხიშვილი განმარტავს, სამუშაოზე, კერძოდ კი, შეგირდობის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს მსოფლიოს პროფესიული განათლების სისტემაში ერთ-ერთ საუკეთესო მიდგომას, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებასა და სისტემაში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ეს არის სწავლა მუშაობის პროცესში. ამ დროს სტუდენტი რეალურ პროდუქტს ქმნის. დამსაქმებელი ჩართულია სწავლების პროცესში.
„შრომის ბაზარი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს განათლების სისტემას, თუ როგორი კადრები სჭირდება მას. როგორც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სიტუაციურმა ანალიზმა აჩვენა, დამსაქმებლები ხშირად არ არიან კმაყოფილები პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების უნარებით. სამუშაოზე დაფუძნებული განათლება კი სრულად აკმაყოფილებს დამსაქმებლების მოთხოვნას. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება აადვილებს სტუდენტების დასაქმებასაც უშუალოდ პრაქტიკის გავლის პროცესში. რაც, თავის მხრივ, უფრო მიმზიდველს ხდის პროფესიულ განათლებას ახალგაზრდებისთვის“, - ამბობს ანასტასია ქიტიაშვილი.
ანასტასია ქიტიაშვილი მასწავლებლების კვალიფიკაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რეფორმის განხორციელებისას, მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ მასწავლებლები, ვინაიდან სწორედ მათზეა დამოკიდებული სწავლებისა და შეფასების ხარისხი. როგორი სრულყოფილი პროგრამებიც არ უნდა არსებობდეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მასწავლებლებს ენიჭებათ, რადგან სწორედ ისინი არიან სწავლებაზე პასუხისმგებლები - აღნიშნავს ანასტასია ქიტიაშვილი და სისტემაში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაზე მიუთითებს - მასწავლებელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 50 წელია. ახალგაზრდისთვის კი პროფესიული მასწავლებლის პროფესია არ არის მიმზიდველი, ვინაიდან დაბალია ანაზღაურება და პრესტიჟიც.
„მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული მასწავლებლების, ასევე ინსტრუქტორების მომზადება-გადამზადება. საწარმოო პრაქტიკის ინსტრუქტორები პროფესიონალები არიან, მაგრამ ხშირად არ გააჩნიათ სწავლა/შეფასების გამოცდილება მაშინ, როდესაც პროფესიულის მასწავლებლებს სწავლა/შეფასების გამოცდილება აქვთ, მაგრამ ახალ ტექნოლოგიებში შეიძლება ნაკლებად ერკვეოდნენ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების ტრენინგებს, რაც მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდაც გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, პროფესიული მასწავლებლების მომზადება სისტემის დონეზეც ხდებოდეს“, - ამბობს ანასტაცია ქიტიაშვილი.
რას შეცვლის ახალი კანონი
პროფესიული განათლების შესახებ დღეს მოქმედი კანონი აღარ მიესადაგება იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია პროფესიული განათლების განვითარებისთვის, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა წეროძე და განმარტავს, რომ უკვე მომზადდა ახალი კანონის სამუშაო ვერსია, რომელიც სისტემაში არსებულ ბარიერებს გააქრობს.
მისივე თქმით, ახალი კანონის პარლამენტში შეტანა 2017 წლისთვისაა დაგეგმილი.
ირინა წეროძე ამბობს, რომ კანონის სამუშაო ვერსიაში დარეგულირებულია პროფესიული განათლების სივრცეში ზოგადი განათლების კომპონენტის შემოტანა, რაც არსებული „ჩიხის“ პრობლემას მოაგვარებს.
„მეცხრეკლასელი, რომელიც გადაწყვეტს პროფესიული განათლების მიღებას, პროფესიის მიღებასთან ერთად უნდა შეეძლოს ზოგადი განათლების სრული საფეხურის გავლა. უფრო კონკრეტულად კი, ეს გულისხმობს იმას, რომ პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სტუდენტს უნდა შესთავაზოს X, XI , XII კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა, იმისათვის, რომ მან პარალელურ რეჟიმში შეძლოს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის აღება. ამრიგად, აღარ იარსებებს „ჩიხი“ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც პროფესიული განათლების მიღების შემდგომ, უმაღლესი განათლების მიმართულებით მოინდომებენ სწავლის გაგრძელებას“, - ამბობს ირინა წეროძე.
მისივე თქმით, სამინისტრომ უკვე ჩაატარა პროფესიულ განათლებაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში არსებულ საგნებთან მიმართებით. მზად არის საპილოტე პროგრამებიც, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების შინაარსი პროფესიულ მოდულებშია ინტეგრირებული, აღნიშნული პროგრამების სისტემური დანერგვა კი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა.
რაც შეეხება წვევამდელებთან დაკავშირებულ პრობლემას, ირინა წეროძის განმარტებით, სამინისტრო პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამის უწყებებთან მუშაობდა, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
მისი თქმით, ახალი კანონი გზას გაუხსნის პროფესიული განათლების რეფორმის შესაბამისად განვითარებას, რაც პროფესიულ განათლებას უფრო მიმზიდველს გახდის და სისტემაში დღეს არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.
როგორია სტატისტიკური მონაცემები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2016 წლის მდგომარეობით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში აერთიანებს 126 საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა შორისაა:
88 პროფესიული კოლეჯი - 20 საჯარო და 68 კერძო.
29 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - 14 საჯარო და 15 კერძო.
9 ზოგადსაგანმანათლებლო კერძო სკოლა.
აღნიშნული სასწავლებლებიდან 60 რეგიონშია, 66 - თბილისში.
სტუდენტების 56% სწავლობს რეგიონებში, 44% კი - თბილისში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2014 წელს საჯარო პროფესიულ კოლეჯებში 9603 სტუდენტი ჩაირიცხა. 2015 წელს - 10405, 2016 წელს პირველი ჩარიცხვის მიხედვით - 3595 სტუდენტი.
რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას ასაკის მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი 19-23 ასაკობრივ კატეგორიაშია.