Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ სოფო კილაძესთან - პრიორიტეტები და გამოწვევები

30 ნოემბერი 2016

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. უმცირესობები, შშმ პირები, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმები და სამომავლო გეგმები - ამ და სხვა თემებზე „ლიბერალი“  ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ესაუბრა.

რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომდევნო 4 წლის განმავლობაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტებთან მიმართებით გუნდის წევრთა მოსაზრებები თანხვედრაში მოდიოდეს. ადამიანის უფლებების დაცვა წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. როგორც მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში, ისე ინსტიტუციური მექანიზმების კუთხით ძალიან ბევრი რამე იგეგმება. 2012-16 წლებში ბევრი რამ გაკეთდა. მაგრამ გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება.

პირველ ყოვლისა, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის ღირსების დაცვაა. ჩვენთვის ნათელია, რომ ადამიანი მიზნის მიღწევის საშუალება არ შეიძლება იყოს  და განუხრელად ვიცავთ ამ პრინციპს. მიზანი თვითონ ადამიანის კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. თავისუფლების უფლება ძალიან მნიშვნელოვანია; ასევე, მედიის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებაც, რაზეც ხშირად გვსაყვედურობენ გარკვეული წრეები. თუ შევადარებთ, როგორი იყო მედიის მდგომარეობა წარსულში და როგორია ახლა, განსხვავება დიდია. მართლა საშინელება და კატასტროფა იყო. ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, თავისუფალი სიტყვისა და აზრისთვის იდევნებოდნენ.  დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. ცხადია, ამას ვერ დავჯერდებით და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ.

რა მიგაჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად, რაზეც პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს?

ვფიქრობ, რომ შშმ პირებთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეს მიმართულება წინ სწრაფად რომ წავიდეს, ორი რამ არის საჭირო: ერთი სახელმწიფოს ნებაა, რაც უდავოდ არის. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა იმპლემენტაციის ნაწილში ფინანსებია საჭირო. ორივე კომპონენტის შერწყმა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს მიმართულება ნამდვილად განვითარდეს და წინ წავიდეს. ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეულ  პირს ზუსტად ისეთივე წვდომა ჰქონდეს  სხვადასხვა საშუალებებზე, როგორც სხვა ადამიანებს.

ამაზე სამუშაო გვაქვს და მაქსიმალურად  შევეცდებით, რომ  ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე ცდა არ დავაკლოთ ამ მიმართულების გაუმჯობესებას.

გამოწვევებია გენდერული თანასწორობის კუთხით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ოჯახში ძალადობას. სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით პრევენციის ნაწილში. ცნობიერების ამაღლება ალბათ ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს. სხვა გვერდითი მიმართულებებიც არის, რომელიც უნდა განვითარდეს.

ამავეს ვიტყოდი ინსტიტუციურ მექანიზმებზეც. ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზების კვალდაკვალ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. შსს-დან დაწყებული პროკურატურით დამთავრებული ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ინსტიტუციურად სისტემა ისეა აეწყო, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მასობრივი ძალადობის, მოქალაქეების შეურაცხყოფისა და ღირსების მასობრივი შელახვის ფაქტები, საბედნიეროდ, არ გვაქვს. თუმცა  ბევრი რამ ამ კუთხითაც დასახვეწია. ჩვენ ამ შედეგს ქვედა რგოლის სწორედ იმავე შემადგენლობით მოვახერხეთ, რაც შსს-სა და პროკურატურაში დაგვხვდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობას  ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სისტემაში დარჩნენ ის ადამიანები, ვინც შესაძლოა, წარსულში თავად მონაწილეობდა ადამიანების ღირსების შელახვაში. არაერთ დაზარალებულს უთქვამს, რომ პროკურატურაში შეტანილი საჩივარი სწორედ მას დაეწერა,  ვისაც  ეს ადამიანი უჩიოდა.

სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ იდეალური ვითარებისგან ჯერ შორს ვართ. მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ უამრავი რამ გაკეთდა და 2012 წელს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია, მათ სამსახურიდან  გათავისუფლება არ შეეხებოდათ.  

შესაძლოა, ნამდვილად იყვნენ ადამიანები, ვინც ასეთ სიტუაციაში სტრუქტურაში დარჩენა მოახერხა. ამიტომ ჩვენ საზოგადოების ერთად დგომა გვჭირდება, რომ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, რომ კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურას. ოღონდ კონკრეტული ფაქტებით, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად, მედიაშიც გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები. ეს არ არის ჩვენი დემოკრატიისთვის წინსვლა. არ შეიძლება, ცილისწამება თავისუფალ სიტყვად ჩაითვალოს. უნდა არსებობდეს კონკრეტული ფაქტები და მათზე კონკრეტულმა უწყებებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ. სხვაგვარად გამორიცხულია რაიმე წინსვლა.

საქართველოში ქართული ოცნების 4-წლიანი მმართველობის დროს არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოქალაქეები თავად სამართამცავ პირებს ადანაშაულებდნენ ზეწოლასა და კანონის დარღვევაში,.ასევე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას უთქვამს, რომ მოქმედი პრაქტიკით ხშირად გამოუძიებელი რჩება სამართალდამცავი პირების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულებები. გენისპექციაში საჩივრის შეტანის მიმართ არსებობს გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები, იმიტომ, რომ სამართალდამცავის მხრიდან შესაძლო დანაშაული ჩადენის ფაქტზე ეფექტური გამოძიება არ გვახსენდება. სასამართლო დარბაზებშიც გვინახავს ადამიანები აშკარად შესამჩნევი დაზიანებებით. 

ვერ დაგეთანხმებით. თქვენც იმავე [ცილისწამების]  მიმართულებით მიდიხართ. მე გაგახსენებთ, რომ თავად ღარიბაშვილის დროს დაეკისრა პასუხისმგებლობა მის მოადგილე გელა ხვედელიძეს. მას მერე კიდევ  უამრავ ადამიანს დაეკისრა პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება გენინსპექციის თემას, აქ ბევრი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს.  როცა საერთაშორისო გამოცდილებაზე მსჯელობდნენ, დავინტერესდი ამ საკითხით. ძალიან ბევრ ქვეყანაში, იგივე დასავლური ტიპის ქვეყნებში, შიდა მონიტორინგი თავად ძალოვანი უწყების მიერ ხორციელდება. 

თუ ჩვენთან კომპეტენციების გამიჯვნაზე მიდგება საქმე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას ძალიან ბევრ შემთხვევაში გადასცემს შსს საქმეს პროკურატურას და მხოლოდ შიდა მონიტორინგით არ შემოიფარგლება. მნიშვნელობა მოდელს კი არა, იმას აქვს, როგორ ხდება მის ეფექტიანი აღსრულება. 

მე გული მწყდება იმაზე, რომ ხშირად თემების ცალმხრივი პედალირება ხდება, რომ თითქოს არსად არაა ისე, როგორც ჩვენთან.  იმაშიც ვერ დაგეთანხმებით, რომ მასობრივად დადიან ნაცემი ადამიანები.

მასობრივად არა, მაგამ  კონკრეტული შემთხვევები არსებობს, მაგალითად მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმე და სხვა არაერთი ასეთი ფაქტი...

ძნელად მესახება ჩვენს დროში, რომ ნაცემი ადამიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს და ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყვეს. ღიაა სასამართლო სხდომები და ვიღაც გადაიღებს ფოტოს და გამოდებს მერე.

სამწუხაროდ, კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ჩემს პრაქტიკაშიც არის შემთხვევები, როცა ძალიან გააზვიადებენ, ბუზს სპილოდ აქცევენ და როცა ჩავეძიები საქმეში, აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ ყოფილა. თუ გაქვთ ასეთი შემთხვევა თავისი ობიექტური დასაბუთებით, მე გადავხედავ მას.

სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში მუდმივად წერს ასეთ შემთხვევებზე და სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო დანაშაულებების გამოუძიებლობა რომ პრობლემაა, ამას საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს.

აბსოლუტურად მესმის და ამიტომ ვამბობ, რომ კონკრეტულ შემთხვევას თუ ჩემამდე მოიტანთ, შევეცდებით, მაქსიმალურად ადეკვატური შეფასება მივცეთ. ის, რომ სადღაც რაღაც დანაშაული შეიძლება მოხდეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ამისგან დაზღვეული არავინაა. იქაც ადამიანები მუშაობენ და შეცდომას და დანაშაულს ისინიც სჩადიან. მაგრამ, რაც მთავარია, ამას არ აქვს მასობრივი სახე. 

მესმის, რომ ეს იმ ადამიანებისთვის, რომელთა მიმართაც დანაშაული და ძალადობა განხორციელდა, ვერანაირი შვება ვერ არის. მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დემოკრატიული სტრუქტურების ისე გაძლიერებას, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები ან არ მოხდეს, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ.  მსოფლიოში ვერცერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც დანაშაული არ ხდება. რადგან, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ მოიფიქრა, ვერ შექმნა ისეთი სისტემა, სადაც დანაშაულის რაოდენობა ნულამდე იქნება დაყვანილი.

ამ შემთხვევაში  სწორედ შიდა მონიტორინგის და გამოძიების ობიექტურად წარმართვაა გამოსავალი, რათა გაჩნდეს განცდა, რომ დანაშაული დაუსჯელი არ რჩება. როგორ ფიქრობთ, ამჟამად სამართალდამცველებს ამის განცდა აქვთ?

ეს განცდა დღესაც არის. მე თავად ვმუშაობდი შსს-ში და ვიცი, რასაც ვამბობ. თუნდაც ის შემთხვევა, რაზეც გესაუბრეთ, რომ თავად შს მინისტრის მოადგილეც კი დაისაჯა, მისათითებელია.

თუ ხვედელიძეზე და სასჯელის აღსრულებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ  მას  1-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

ძალიან ბევრ ადამიანებს უფორმებენ საპროცესოს, ციხეების განტვირთვაც ასე მოხდა. არ უნდა მომხდარიყო მისი დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ის თანამდებობის პირია.

თუმცა ის მუხლი, რომლიც ხვედელიძეს  ბრალი ედებოდა, ასეთი დანაშაულის თანამდებობის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ სასჯელს, - 4-7 წლით თავისუფების აღკვეთას, ითვალისწინებდა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოსამართლემ არასამართლიანი და არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო? ძალიან ფრთხილად ვეკიდები ასეთ შემთხვევებს, მათ შორის კანონის გამოყენებასაც. მოსამართლემ კანონის ფარგლებში, საკუთარი შინაგანი რწმენიდან უნდა გამოიტანოს განაჩენი. თუ რაიმე კანონდარღვევა იკვეთება, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს რეაგირება. მაგრამ როცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, იქ ჩვენი მხრიდან მიზანშეწონილობაზე საუბარი კარგი ტონი არაა.

გეთანხმებით, რომ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და იმ მიღწევებზე, რითაც ვამაყობთ, არ უნდა გავჩერდეთ. უნდა გადავდგათ ნაბიჯები სასამართლოს და ძალოვანი უწყებების რეფორმირების კუთხით. ის პრობლემები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, მართალია თუ არ არის მართალი, ამის დადგენასაც თავისი პროცედურები აქვს. ვიღაცებმა შეიძლება ისპეკულირონ ამ თემებით.

არაა გამორიცხული, რომ ადამიანს სხვისი შეცდომაში შეყვანა არ უნდოდეს, მაგრამ სუბიექტურად  აღიქვამდეს, რომ  მის ან სხვა ადამიანის მიმართ ვიღაცამ რაღაც ცუდი ჩაიდინა. ხშირად ემოციური ფონიც არის ხოლმე. მაგრამ ვის მიმართაც ბრალდება ჟღერდება, ისიც ადამიანია და მისი ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს, თუ იმ ადამიანს საერთოდ არ ჩაუდენია  კანონდარღვევა ან შედარებით მსუბუქი დარღვევა ჩაიდინა.  ყველა ეს ადამიანი ჩვენი საზოგადოების წევრია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

სამართალდამცავ სტრუქტურებთან მიმართებით არის გარკვეული გამოწვევები.  გავლილი წლები, რეჟიმის პირობები, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლიდა და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მრავალრიცხოვანი ერი ვიყოთ, სადაც ადამიანების შემცვლელი ძალიან მარტივად შეიძლება მოძებნო.

ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ ადამიანს, საზოგადოების თითოეულ წევრს და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანი სიკეთის სამსახურში ჩადგეს, თუ ის დამანაშავე არ არის და საშინელებები არ აქვს ჩადენილი, მაშინ უნდა ჩადგეს. ძალიან ბევრი ადამიანი სისტემის მსხვერპლი იყო და რეჟიმმა ჩვენს საზოგადოებას ღრმა დაღი დაასვა. ძალიან დიდი ხანი მოგვიწევს ამ შედეგებით ცხოვრება. მაგრამ ჩვენი გამოწვევაც ესაა, რომ ყველა ერთად დავდგეთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

ბოლო პერიოდში გახშირდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევები. როგორ ფიქრობთ, დაცული არის თუ არა დღეს საქართველოში უმცირესობების უფლებები და რა შეიძლება გაკეთდეს უმცირესობების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის?

ასეთი შემთხვევები რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა - ესეც ალბათ სუბიექტური შეფასებაა, თუ კონკრეტული ფაქტები არ არსებობს.

რამდენიმე დღის წინ  მიყენებული დაზიანებების შედეგად ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა. შაბათს კი კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს  და 5 ქალს დაესხნენ თავს...

მესმის, რასაც ამბობთ. მაგრამ მკვლელობების, ყაჩაღობისა და ქურდობისა არ იყოს, რომ თითქოს დანაშაულმა იმატა, ეს ასე არ არის. ეს არის სუბიექტური შეფასება, ამის აჟიტირებასა და პროპაგანდას ხელს გარკვეული მედიასაშუალებებიც უწყობენ. თუმცა გეთანხმებით, რომ დანაშაულები, რომლებიც ხდება, შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

მაგრამ აქაც ყველაზე მთავარია, რომ პრევენციის კუთხით წავიდეთ, რომ არ იყოს სიძულვილი. ყველა ადამიანი თავისუფალია და თუ ის სხვის უფლებებს არ არღვევს, შეუძლია თავისი თავი ისე განავითაროს, როგორც მას სურს. ყველა ადამიანი  თანასწორია, არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიური უმცირესობის წევრია ის თუ ეთნიკურის.

ჩვენ ეს თანასწორობა ინსტიტუციური და მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით უნდა უზრუნველვყოთ და განვამტკიცოთ, ასევე, იმპლემენტაციის კუთხითაც.

ვფიქრობ, რომ გარკვეული გამოწვევები გვაქვს, თუმცა მიხარია, რომ ჩემი სამშობლო არის ის ქვეყანა, სადაც ქართველები და ებრაელები,  ქართველები და მუსლიმები, სხვა კონფესიებისა და ეთნოსების წარმომადგენლები საუკუნეების განმავლობაში ძალიან მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და ხელოვნური აჟიოტაჟით არ უნდა  შევუწყოთ ხელი ამ ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას. პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ისინი დავაახლოვოთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი სამშობლო ტოლერანტულია. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეფასება არ არის. თუმცა აქაც შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისაც ხელოვნურად თემების აწევა უნდათ ან გარკვეული დანაშაულები ნამდვილად ხდება. სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისებიც არსებობენ. მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამ ყველაფერს მასობრივი სახე არ მიეცეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^