Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ საქართველოში

30 აგვისტო 2012

საქართველოს რელიგიურ რუკაზე ბოლო ორი ათეული წელია თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს პროტესტანტულ ეკლესიას - „სიცოცხლის სიტყვა“. მისი დამფუძნებელი და უფროსი პასტორი გახლავთ, მამუკა ჯებისაშვილი, რომელიც თავის რწმენაზე მოქცევას საკუთარ ცხოვრებაში რამდენიმე სასწაულებრივ მოვლენას უკავშირებს. მას და მის მეგობრებს თეოლოგიური განათლება ლატვიის ქალაქ ელგავის ბიბლიურ ინსტიტუში აქვთ მიღებული, რომლის დასრულების შემდგომ ისინი თბილისში აარსებენ ბიბლიურ სკოლას. სწორედ ამ სკოლის ბაზაზე იქმნება ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“.

ამ სახელწოდების ეკლესია თავდაპირველად შვედეთში დაარსდა და  შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. სომხეთში, მაგ., „სიცოცხლის სიტყვის“ ათი ათას წევრიანი ეკლესიაა. საქართველოში კი მათ სულ რაღაც 1000 წევრი ჰყავთ. სახელწოდება აღებულია სახარებისეული სიტყვებიდან, კერძოდ, იოანე მოციქულის სიტყვებიდან, სადაც ის ამბობს, რომ „სიცოცხლის სიტყვის“ შესახებ აუწყებს ქრისტიანებს, რომელიც ქრისტესგან მიიღეს.

დაახლოებით 20 წლის წინ ახალგაზრდა ქართველმა  მისიონერებმა ენთუზიაზმით და თავგანწირვით დაიწყეს მათ საკუთარი რელიგიური მსახურება, კერძოდ, ხალხისთვის ღვთის სიტყვის ქადაგება, რომელიც დღემდე გრძელდება. თავდაპირველად მათი ეკლესია სულ ექვსი ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც ბიბლიური სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ. ამის შემდეგ ისინი მეგობრებისა და ახლობლების მოწვევას იწყებენ საკუთარ საეკლესიო მსახურებებზე და ქადაგებებზე... ეს ყველაფერი 1993 წელს ხდება.

1995 წელს პასტორი მამუკა ჯებისაშვილი ქარელში მიემგზავრება სამისიონეროდ, სადაც პირველ ეტაპზე საკუთარ კერძო სახლში იწყებს რელიგიურ შეკრებებს. „შეიძლება ითქვას, რომ ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ დაფუძნდა არა თბილისში, არამედ ქარელში. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრების წესით და ქადაგებით ბევრი ადამიანი მოვიზიდე. დავდიოდი მახლობელ სოფლებში. რეგულარულად ვიკრიბებოდით ხან ჩემს სახლში, ხან მეზობელი სოფლის რომელიმე მორწმუნის ოჯახში, სადაც ღვთისმსახურებას ვატარებდით, ბიბლიას ვარჩევდით და ინსტრუმენტზე გალობას ვსწავლობდით. ეს იყო პერიოდი როდესაც მთელი საქართველო ჩაბნელებული იყო, უმუშევარი ახალგაზრდობა თითქმის ყოველ დღე სვამდა, რასაც არცთუ ისე იშვიათად ჩხუბები და შეხლა-შემოხლა ახლდა თან... წელიწადნახევარი ვიყავი ქარელში და რამდენიმე ათეული ადამიანი შემოვიკრიბე. მათ მე არ ვასწავლიდი რაღაც განყენებულ თეოლოგიას, არამედ უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო რჩევებს ვაძლევდი, რომ ბიბლიაში გაცხადებული ღვთის ნების შესაბამისად ეცხოვრათ“ - აცხადებს პასტორი მამუკა.

ქარელის ახალი ეკლესიისთვის სულიერ მწყემსის შერჩევის შემდეგ, მამუკა ისევ თბილისში გადმოდის. თუმცა ამ და სხვა რეგიონების თემებთან მას დღემდე რეგულარული ურთიერთობა აქვს.

ეკლესიას სამრევლოები თავისი პასტორით ჰყავს თელავში, სართიჭალაში, გორში, ქარელში, ზუგდიდსა და ბათუმში. დანარჩენ პატარა სოფლებში ე. წ. „წარგზავნილები“ ანუ არაადგილობრივი მსახურები დადიან. ეკლესიას გურჯაანშიც ჰქონდა მცირერიცხოვანი სამრევლო, მაგრამ რადგან იქვე ფუნქციონირებს სხვა პროტესტანტული ეკლესიის, კერძოდ, ორმოცდაათიანელთა ტაძარი, პასტორმა მამუკამ მის მრევლს ნება დართო, ღვთისმსახურებას იქ დასწრებოდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთი მოწმობაა იმისა, თუ როგორი ძმური და თუ გნებავთ, ეკუმენური ურთიერთობები აქვთ ქართულ პროტესტანტულ ეკლესიებს ერთმანეთისადმი.

ღვთის სიტყვის ქადაგების გარდა, ეკლესიამ დროთა განმავლობაში სოციალური მსახურებაც დაიწყო. ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ წლების მანძილზე ეხმარებოდა ხუთ ბავშვთა სახლს. მათთან მიჰქონდათ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი. მაგ., გლდანის ბავშვთა სახლში სააბაზანო  და ტუალეტი სწორედ მათი გარემონტებულია. ეხმარებოდნენ ასევე კახეთში სამ ბავშვთა სახლს. თბილისში ერთი პერიოდი აქტიურად მუშაობდნენ მიუსაფარ ბავშვებთან, მაგრამ დროთა განმავლობაში იგრძნეს, რომ მათთან მუშაობა ეკლესიის მსახურებისთვის გარკვეულ სპეციფიკურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. იმავდროულად სხვა აქტივისტებმაც დაიწყეს ასეთ ბავშვებთან მუშაობა და საბოლოოდ მათ გადავწყვიტეს, ისეთი ბავშვები გამოენახათ, ვინც ჯერ კიდევ არ იყო ქუჩაში, მაგრამ ერთი ნაბიჯი აკლდათ რომ ასეთებად ქცეულიყვნენ, ანუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის ბავშვები, რომლებიც სკოლაშიც არ დადიოდნენ. ეკლესიის წევრები მათზე ინფორმაციას გამგეობებიდან იღებდნენ. ეკლესია ასევე რამდენიმე ობოლ ბავშვს ეხმარება სასკოლო ნივთების შეძენაში. დაჰყავთ ცხრადღიან საზაფხულო ბანაკებში სურამში, ცემში ან ბათუმში. პასტორი მამუკა და მისი მეგობრები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმ დევნილებსაც ეხმარებოდნენ, რომლებიც მისი საკუთარი შვილის სკოლაში, გიმნაზია „გორდა“-სა და ავჭალაში, შამპანურის ქარხანასთან საბავშვო ბაღში იყვნენ შესახლებულნი.

ამ ეკლესიის სოციალურ პროექტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ შემდეგი სახის აქტივობაც, რომელსაც საქართველოში არცერთი ქრისტიანული ეკლესია არ არასრულებს და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს კონკრეტულად ამ ეკლესიის ექსკლუზიურ მსახურებად. ეკლესია ეხმარება იმ ებრაელებს, ვისაც ისრაელში გამგზავრება სურს, ე. წ. რეპატრიანტებს. ეხმარებიან მათ საბუთების მოწესრიგებაში, ბარგის აეროპორტამდე მიტანაში და ა.შ.

პასტორი მამუკა: „ზოგჯერ მათ არ იციან, სად მივიდნენ და როგორ მოამზადონ საჭირო საბუთები. მაგალითად, ზოგიერთი ებრაელი, ვინც აფხაზეთიდან არის და არ შეუძლია იმ ტერიტორიაზე შესვლა... ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან აფხაზეთში ფუნქციონირებს ჩვენი ეკლესიის საკრებულო. თბილისის საკონსულოშიც იციან ჩვენს შესახებ, რომ ასეთი კატეგორიის ხალხს დახმარებას ვუწევთ და შესაბამის შემთხვევებში გვიკავშირდებიან ხოლმე. ამ საქმიანობით 15 წელია დაკავებული ვართ და დაახლოებით ხუთი ათასამდე ებრაელს უკვე გავუწიეთ ამგვარი მომსახურება“.

შეკითხვაზე, თუ რატომ აირჩია ეკლესიამ კონკრეტულად ამ სახის მსახურება, პასტორი მამუკა ასე პასუხობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ებრაელებისადმი აფერხებს ქრისტიანთა შორის ანტისემიტური ტენდენციების განვითარებას. ვცდილობთ სხვა ქრისტიანებს დავანახოთ, რომ ჩვენ, ქრისტიანები მოვალენი ვართ მათ წინაშე. იესოც, მარიამიც, მოციქულებიც ებრაელები იყვნენ და ბიბლიაც - ქრისტიანების წმინდა წიგნი - მათი დაწერილია. ქრისტე ჯვარზე აცვეს არა ებრაელებმა, არამედ რომაელებმა და თუკი ანტისემიტიზმის საფუძვლად ქრისტეს ჯვარცმას განვიხილავთ, მაშინ იტალიელებიც უნდა შევიძულოთ. შეიძლება ფარისეველთა გარკვეულმა წრემ მოითხოვა კიდეც მისი დასჯა, მაგრამ ებრაელი ხალხი არაფერ შუაშია“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^