ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სპეცოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მძევლები გათავისუფლდნენ.
სოფელი ლაფანყური ლოპოტას ხეობაშია შემალული და თელავის რაიონს ეკუთვნის. ეს ხეობა საქართველო-დაღესტანის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის შესაყარზე შეყუჟული, ფშავლებით დასახლებული ეს პატარა სოფელი საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის უცნობი დარჩებოდა, მარიამობის ღამეს, მოულოდნელად დაწყებული სპეცოპერაცია რომ არა, რომელმაც მთელი საქართველო შეაშფოთა და კავკასია აალაპარაკა.
ლაფანყურისკენ მიმავალი გზა ნაფარეულიდან უხვევს და ისეა გადათხრილი და დანგრეული, რომ ეტყობა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქეთ ჯერ არ გამოუვლიათ და არც არაფერი საქმე ჰქონიათ. შესაბამისად, სოფელი თავისთვის მშვიდად ცხოვრობდა. უკანასაკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს თავზე დატრიალებული დიდი თუ პატარა კონფლიქტი ამ სოფელს არასოდეს შეხებია. პირიქით, ჩრდილოეთკავკასიელებთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.
“ჩვენ ფშავლები ვართ, მესაქონლე ხალხი, საქონელი გვაჭმევს პურსა და გვინახავს ოჯახს. საქონელს საძოვარი უნდა, ტყე. ჩვენც სულ ტყე-ღრესა ვართ მოდებული და აბა რაც თავი გვახსოვს, ჯერ არ ყოფილა აქ კაცი დაკარგულიყოს.” - ამბობენ ლაფანყურელები. სწორედ ამიტომ შეაშფოთა სოფელი საქეიფოდ წასული 5 ბიჭის გაუჩინარებამ. ამ სოფლის შესასვლელ-გამოსასვლელი გზა მხოლოდ ერთია. ამიტომ, ის ვერსია, რომ ხევში “შლოპანცებით” წასული 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდები იქიდან კიდევ სადმე წავიდოდნენ, გამორიცხულია. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ იქ დაბადებულ-გაზრდილ ბიჭებს გზა აბნეოდათ და დაკარგულიყვნენ.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, თითქმის ერთი დღე-ღამის ძებნის შემდეგ ე.წ. მარმარილოებთან, ანუ მარმარილოს კარიერებთან, ადამიანების კვალს და ნაბინავარს წასწყდომიან. ადგილობრივი მოსახლოება დაჟინებით იმეორებს, რომ იმ ადგილას, სადაც ნაბინავარს წააწყდნენ, “ბარამბოს” შოკოლადის ნაფცქვენები და ჩურჩხელები აღმოაჩინეს. გასაგებია, რომ მთაში მოსიარულე სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს საგზლად ძალიან ხშირად დააქვთ ტკბილეული. ალპურ ზონაში სასიარულოდ გლუკოზა აუცილებელია, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას , საიდან გაუჩნდათ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულ დივერსანტებს ქართული წარმოების შოკოლადი და მით უმეტეს - ჩურჩხელა.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ნაბინავარს წააწყდა, ნაკვალავეს მიჰყვა, რომელიც ზევით მთებში მიდიოდა. ახალგაზრდების საძებნელად წასულთა დიდი ნაწილი მონადირე იყო და ნაკვალავის ცნობა და იქაური ბილიკებიც ძალიან კარგად იცოდა, თან, ნაწვიმარიც ყოფილა.
ძებნის დროს ერთ-ერთი გატაცებულის ბიძამ გზაზე სამხედრო ქუდი და გულზე ჩამოსაკიდებელი პატარა ფარანი იპოვა. ცოტა ხანში, მოსახვევთან, სამი შეიარაღებული პირი შეუმჩნევიათ. სასწრაფოდ გამობრუნდნენ და სასაზღვრო პოსტს, ე.წ ლოპოტას სექტორს დაუკავშირდენენ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მესაზღვრეებმა ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს. ორი სამხედრო “პიკაპით” ამოვიდნენ, დაკარაგული ახალგაზრდების საძებნელად წასულ მოსახლეობას ადგილზე დარჩენა სთხოვეს და გზა გააგრძელეს. ადგილობრივი მოსახლეობა ქვევით საგუშაგოსთან დარჩა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.
“ლიბერალთან” საუბრისას გატაცებულის ბიძამ განაცხადა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში მესაზღვრეებმა საგუშაგოს აცნობეს: - “ყველაფერი კარგადაა, დაკარგული და გატაცებული ბიჭები ვიპოვეთ და ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ გვინდაო”.
ცოტა ხნის შემდეგ მესაზღვრეებმა უკან ჩამოაიარეს. მანქანებში, მესაზღვრეებთან ერთად, დაკარგული და გატაცებული ახალგაზრდებიც ისხდნენ. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ბიჭებთან არა მხოლოდ გასაუბრების, მიახლოების საშუალებაც არ მისცეს. დაველაპარაკებით და ცოტა ხანში უკან მოვიყვანთო. დახსნილი მძევლები ჯერ ნაფარეულში და შემდეგ თელავში (ზოგიერთი ინფორმაციით თბილისშიც) გადაიყავნეს და არც თუ ცოტა ხანი, მთელი ორი დღე-ღამე ჰყავდათ იზოლირებული ისე, რომ ოჯახის წევრებმაც ვერ ნახეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ალბათ “ამუშავებდნენ”, რა ეთქვათ და რა - არა. უფრო სწორად - არაფერი რომ არ ეთქვათო.
დაკარგულების მოსაძებნად წასული ლაფანყურელები აცხადებენ, რომ მძევლების გამოხსნის დროს არ ყოფილა არანაირი შეტაკება ან სროლა. მძევლები გამოიხსნეს ძალიან მალე. რაც მთავრია, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მესაზღვრეები იმავე მანქანებით და შემადგენლობით ჩამობრუნდნენ, როგორც აიარეს. ბიჭებიც ჩამოიყვანეს, მანქანებში დავინახეთო. ეს კი ეწინააღმდეგება ხელისუფლების ვერსიას, თითქოს მესაზღვრეები მძევლებს ჩაენაცვლნენ და თვითონ ჩაბარდნენ მძევლებად გამტაცებლებს.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სპეცოპერაცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მძევლები გათავისუფლდნენ. ამასვე ადასტურებს “კახეთის საინფორმაციო ცენტრი”, რომელმაც დღის 2 საათზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა სოფლიდან დაკარგული 5 ახალგაზრდა იპოვეს. ამის შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრს” თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ ხუცაიძემ განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის 12 საათზე გაავრცელა სპეციალური განცხადება. მათი ინფორმაციით, “საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შსს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერცია”.
იმავე ღამით “კახეთის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “სოფელში პოლიციისა და სამხედროების დამატებითი ძალები შევიდნენ. ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი ჩაერთო. დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.
ასევე გავრცელდა ამბავი, რომ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, სადაც ქართული ძალოვანები სპეცოპერაციას ატარებდნენ, წინა დღეს სოფლის მცხოვრებმა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, თავი მოიკლა.
მოსახლობაში გაჩნდა ბუნებრივი კითხვები, რა სპეცოპერაცია ტარდება? რომელი შეიარაღებული ჯგუფია საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი და აღმოჩენილი? ვის ვებრძვით? მთელი დღის განმავლობაში ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ იყო.
ამის შემდეგ გაჩნდა ბევრი ვერსია, ეჭვი და ვარაუდი.
29 აგვისტოს “ლიბერალი” ესაუბრა ორ წყაროს, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში მსახურობენ. მაგრამ მათ არა მარტო ის არ იცოდნენ, რა სპეცოპერაცია ტარდებოდა და ვის წინააღმდეგ, არამედ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ საერთოდ რაიმე ხდებოდა. არაფერი არ იცოდნენ მომხდარის შესახებ იქვე პანკისის ხეობაშიც, სადაც ძალიან ბევრი რამე მომხდარა და სულ “იციან”, სად რა ხდება.
ასეთმა საინფორმაციო ბლოკადამ ხელი შეუწყო მითქმა-მოთქმას და ჭორებს. პირველი, რაც ყველას გაახსენდა, ეს იყო 2008 წლის მაისის არჩევნების დროს ენგურზე, განმუხურთან მომხდარი ამბავი და გამაყრუებელი სროლა, როდესაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დაცვის ანაბარამ, და ის დაცვაც რატომღაც უკან მისდევდა, შიშველი ხელებით გარეკა ენგურიდან შემოჭრილი, კბილებამდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები.
“რას შვრებიან?” “რა ხდება?” “რას გვიპირებენ?” “დადგმულია წინასაარჩევნოდ”, “რუსები”, “ამათ ეხლა ომი აწყობთ”, “ამერიკა ირანს ურტყამს და რუსეთი კორიდორს იკეთებს გიუმრში თავისი ბაზისკენ”, “არჩევნები გადაიდება”, “არა, არ გადაიდება” “პიარი”...…იყო ერთი რეკვა და “მე იცი, რას ვფიქრობ?” “მე იცი, რა მიკვირს?” “მე იმას დავურეკავ, შენ იმას დაურეკე!”
და წავედით.
გზაშიც ბევრი ვიმარჩიელეთ. გომბორის უღელტეხილზე, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო განაცხადებდა, “ლიბერალმა” დახურული წყაროსგან მიიღო ინფორმაცია ორი დაღუპული ქართველი ჯარისკაციასა და ერთი დაჭრილის შესახებ. უკვე გასაგები გახდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული არ იყო, ყოველ შემთხვევაში, განმუხური არ ხდებოდა, გაცილებით უარესად იყო საქმე.
დაახლოებით ერთ საათში შშს-მ გაავრცელა ინფორმაცია 3 დაღუპული ჯარისკაცის და 5 დაჭრილის შესახებ. ღუდუშაურის სახელობის საავარდმყოფოში სამხედრო ვერტმფრენი დაჯდა.
გამოიკვეთა ისიც, თუ ვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. ჩრდილოეთ კავკასიელი დივერსანტები, იგივე მოჯაჰედები. თუმცა კვლავ უცნობი იყო მათი რაოდენობა. ათი, ოცი, ასი, რამდენი? როგორ გაჩნდნენ ისინი თელავის სოფლიდან 3 კილომეტრში, სადაც ხალხი მძევლად აიყვანეს? რას ითხოვდენ? რის დივერსია? და ისევ მარჩიელობა. თითქოს ლოგიკური იყო ყველაფრის დაღესტანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირება, სადაც ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბული ვითარებაა. იქურობა წლების განმავლობაში საათზე დაყენებულ, მოწიკწიკე ნაღმს ჰგავს. როდის იფეთქებს, კაცმა არ იცის. სულ უნდა ელოდო.
სამშაბათს თვითმკვლელმა შაჰიდმა ქალმა დაღესტნის მუფტი ააფეთქა. ბუნებრივია, ამას დიდი ამბები მოჰყვა. საქართველოს მოსაზღვრე ბოთლიხისა და ბეჟტის რაიონში რუსებმა და ადგილობრივმა მილიციამ დამატებითი ძალები შეიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მთებში გამაგრებული დოკუ უმაროვის კავკასიის იმარატის მებრძოლების - მოჯაჰედების საზამთრო ბაზების აღმოსაჩენად და მათ საბოლოოდ გასანადგურებლად. შენდება ახალი სამხედრო საველე ჰოსპიტალები.
გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ სპეცოპერციის დროს მოჯაჰედების, ან როგორც ოფიციალური ხელისუფლება აცხადებს, “დივერსანტების” ჯგუფმა რუსებს გადმოასწრო და საქართველოს მთებს შეაფარა თავი. ასეთი რამ ადრეც ხშირად მომხდარა. გადმოდიოდნენ, მაგრამ ეს ჯგუფები იარაღს ყოველთვის და უპრობლემოდ აბარებდნენ, იმის იმედით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსებს არ გადასცემდა. ხელისუფლებაც ხან გადასცემდა ამ ხალხს რუსებს, ხან - არა. გააჩნია, როგორ ხასიათზე იყვნენ და როგორ უჭირდათ.
ვთქვათ, მართლაც, გადმოვიდნენ დივერსანტები, რომლებიც დაღესტნის მუფტის აფეთქების შემდეგ ალყაში მოაქციეს. წააწყდნენენ ლაფანყურელებს და მძევლებად აიყვანეს, მაგრამ ერთი ამბავი არ გამოდის: ეს ბიჭები კვირას დაიკარგნენ, ხოლო მუფტი სამშაბათს ააფეთქეს, ანუ როცა დაღესტნის საზღვარზე ვითარება გამწვავდა და ამის შემდგ “დივერსანტთა ჯგუფმა” ლოპოტას ხეობაში შემოაღწია, ეს ბიჭები უკვე ორი დღის დაკარგულები იყვნენ.
ლაფანყურელები სხვა რამეებსაც ამბობენ, მაგალითად იმას, რომ ამ ფაქტამდე ორი-სამი კვირით ადრე, ქართველი ძალოვანები აქტიურად მოძრაობდნენ ხეობაში, ატარებდნენ წვრთნებს. ადგილობრივები იქვე, სოფელ ართანასთან წააწყდნენ ახლად ამოთხრილ სანგრებს. თითქოს აქ არაფერია გასაკვირი, ერთი ფაქტი რომ არა: - ადგილობრივები ირწმუნებიან, არასოდეს, არც ერთი ომის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით, ჩვენი ძალოვანები ასე აქტიურად არ მოძრაობდნენ ამ ხეობაში და საერთოდ, აქ დისლოცირებული ლოპოტას სექტორის მესაზღვრეების გარდა, იშვითად შეხვდებოდით ფორმიან ადამიანს.
მეტიც, ამ მოვლენამდე ასევე რამდენიმე კვირით ადრე, თვითმხილველი აცხადებს, რომ ტყეში ორ საეჭვო უცხო ადამიანს შეხვდა და როდესაც მათი ვინაობა იკითხა, ერთ-ერთმა მკვეთრი ჩრდილოკავკასიური აქცენტით უპასუხა, რომ ქისტი მწყემსები იყვნენ და ამხანაგს ელოდებოდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ უცნობები იტყუებოდნენ, რადგან ამ ხეობაში ერთადერთი ქისტი მწყემსია და ისიც ჩემი ახლობელი, ჩემს ოჯახში ხშირად მოდის და ძალინ კარგად ვიცნობო.
დღეს, როდესაც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია დასრულებულია, უამრავი კითხვა და თეთრი ლაქა რჩება. რატომ იყო სრული საინფრომაციო ვაკუუმი? გასაგებია, რომ სპეცოპერციის დროს აუცილებელია გარკვეული კონფიდენციალობის დაცვა, მაგრამ ახლა, როდესაც ყველაფერი დამთავრდა, რატომ არის ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებული? რატომ ჰყავთ ყოფილი მძევლები უმკაცრესი კონტროლის ქვეშ და რატომ უკრძალავენ ნებისმიერ კონტაქტს მედიასთან?
არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ცხინვალის 2008 წლის ომს ყველა საინფრომაციო არხი ფაქტიურად თავიდან ბოლომდე გადასცემდა ღია ეთერში? ვინ იყვნენ სინამდვილეში ჩრდილოეთ კავკასიელი “დივერსანტები” და რა დივერსიებს გეგმავდნენ? რა ბედი ეწია გადარჩენილ ექვს დივერსანტს? როგორ მოხდა, რომ შეტაკებისას თერთმეტივე დაიღუპა და არც ერთი არ დაჭრილა და ეს მაშინ, როცა თუნდაც ერთი მათგანის ცოცხლად აყვანა უამრავ რამეს მოჰფენდა ნათელს. როგორ მოახერხა 17-მა შეიარაღებულმა პირმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და შუაგულ კახეთში, სოფლიდან სამ კილომეტრში, დღისით-მზისით, ადამიანების მძევლად აყვანა? ის არგუმენტი, რომ ტყე შეფოთლილია და ამიტომ ასეთ დროს საზღვრის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია, არადამაჯერებელია, მით უმეტეს, საზღვრის ეს მონაკვეთი ალპურ ზონაზე გადის, ამიტომ იქ ვერაფერი შეფოთლილი ვერ იქნება. რა გამოდის, რუსეთ-საქართველოს ყველაზე რთულ, დაღესტნის მონაკვეთზე ფოთოლცვენას უნდა ველოდოთ?
რატომ არ გამოცხადდა სასაზღვრო სექტორში განგაში და საგანგებო მდგომარეობა, თუკი ჯერ ხუთი ახალგაზრდა აიყვანეს მძევლად და მით უმეტეს, თუ მათ მესაზღვრეები მართლა ჩაენაცვლნენ?
იმავე საღამოს, ერთ-ერთი მესაზღვრის დედა, რომლის შვილიც ამ დროს ალაპურ ზონაზე სასაზღვრო საგუშაგოზე იმყოფებოდა, შვილს დაუკავშირდა. მესაზღვრემ ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ იქ აბსოლიტური სიმშვიდე იყო და თავის თანამებრძოლის მძევლად აყვანის შესახებ არაფერი გაუგია. დაუჯერებელია, სასაზღვრო პერიმეტრზე მესაზღვრეები ჰყავდეთ მძევლებად და უახლოეს საგუშაგოს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდეს.
ლაფანყურში თითქმის ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელიც ოფიციალურ ვერსიას ენდობა. მათ მოვლენების განვითარების საკუთარი სცენარი აქვთ: - “საქეიფოდ წასულ ბიჭებს შემთხვევით შეიარაღებული დაჯგუფება შეეჩეხათ. მათ ასე თავისუფლად უკვე ვეღარ გაუშვებდნენ. თუმცა, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ გამტაცებლები ძალიან კარგად ექცეოდნენ გატაცებულებს. როდესაც მესაზღვრეები წამოეწივნენ, მათ შორის ასეთი შეთანხმება მოხდა - გაუშვით ჩვენი ხალხი და თქვენს გზაზე წადითო. მოჯაჰედები ამაზე დათანხმდენ, ბიჭები მესაზღვრეებს ჩააბარეს და თავის გზაზე წავიდნენ. ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერცია, რომელიც სროლით და ორმხრივი მსხვერპლით დამთავრდა.”
“ვეხვეწებოდით, გაგვიყოლეთ თან. ყველა ხე, ბუჩქი, ბილიკი ზეპირად ვიცით. ყველა ეხი და ხეობა. არა, არ გვჭირდებითო. აი, ასე აბუჩად აგვიგდეს და ეგრე გამოგვისტუმრეს. რომ წავეყვანეთ, არც ის სამი ახალგაზრდა ჯარისკაცი დაგვეღუპებოდა. თან სულ ჩვენებია, მთისები…… ეჰ, ნეტავ სულ არ დავბადებულიყავ, ამათ შემხედვარე…”
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვლი ამ დროს სატელევიზო ბრიფინგს ატარებდა ყვარელში, ტრიბუნასთან იდგა და წარმატებული სპეცოპერცაციის შედეგებს აჯამებდა.