ნევროლოგიური პრობლემები, პოსტტრავმული სტრესი, ტკივილი სხვადასხვა დაავადების დროს, უძილობა, უმადობა, - სამედიცინო მარიხუანას ამერიკის 25 შტატსა და ვაშინგტონში, ასევე მსოფლიოს მინიმუმ 10 ქვეყანაში სხვადასხვა დაავადების სიმპტომების წინააღმდეგ იყენებენ. რატომ უნდა თქვას საქართველომ ამაზე უარი, თუ შესაძლებელია, რომ ადამიანებმა ტკივილისა და დისკომფორტისგან შვება იგრძნონ? საქართველოში ეშინიათ, რომ მედიკამენტს ბოროტად გამოიყენებენ. არიან ისეთებიც, ვისაც სამედიცინო მარიხუანის შეუცვლელი ეფექტის ჯერ ბოლომდე არ სჯერა.
ლაშა ზამბახიძე ამერიკაში 13 წელია, ცხოვრობს. კინოს დამდგმელი მხატვარი ჰოლივუდში მოღვაწეობს და უკვე დიდ წარმატებასაც მიაღწია.
საქართველოდან ჩასულს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო აწუხებდა თავის, წელისა და სახსრების ტკივილი. უჩიოდა უმადობასა და უძილობას, ჰქონდა ნევროზული ფონი და პრობლემები ღვიძლზეც. ამერიკაში, ლოს ანჯელესის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პრობლემა ერთდროულად იყო სამკურნალო, განსხვავებული ჯგუფის მედიკამენტებით. ექიმების აზრით, ეს ღვიძლს და საერთოდ ორგანიზმს დიდ ზიანს მიაყენებდა, ამიტომ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდით, სამედიცინო მარიხუანით მკურნალობა და „სამედიცინო მარიხუანის კვლევითი ცენტრისთვის“ მიმართვა ურჩიეს.
„თავიდან უკმაყოფილებისა და გაურკვევლობის შეგრძნება მქონდა. სამედიცინო ცენტრში მივედი და მარიხუანით მკურნალობა შემომთავაზეს. მაინც წავედი, რომ გამეგო, თუ რას მთავაზობდნენ. იქ თავიანთი კვლევების შედეგები გამაცნეს. მითხრეს, რომ პირველ ყოვლისა უნდა გამეცნობიერებინა, რომ საუბარი იყო მედიკამენტზე, რომელიც კანაფზეა დამზადებული და ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მიმეღო, როგორც სხვა წამალი (ექიმის დანიშნულების მიხედვით, დოზირების დაცვით). მითხრეს, რომ ის წამლად გჭირდება და არა იმ განწყობით, რომ გაბრუების კარგი საშუალებაა. მხოლოდ ასეთი მიდგომით და წესების დაცვით იქნებოდა შესაძლებელი შედეგის მიღწევა. დამაჯერებლად ჩანდა და კვლევის შედეგებიც ნათელი იყო, მე დავთანხმდი. შემდეგ კი ჩემი მდგომარეობისა და ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით შეიმუშავეს მკურნალობის მეთოდი“, - ამბობს ზამბახიძე.
მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის სწორი და მასზე მორგებული ფორმით მიღების შემდეგ მოუწესრიგდა ძილი, უმადობის პრობლემაც მოგვარდა. ტკივილიც აღარ აწუხებდა.
„სამედიცინო მარიხუანა მე საღამოს მქონდა დანიშნული, მგვრიდა მადას და მაძინებდა მშვიდი ძილით. დღის განმავლობაში კი ტკივილის გასაყუჩებლად ვიღებდი წვეთების სახით, ჩBD-ის ექსტრაქტის (კანაფში შემავალი ნივთიერება `კანაბიდიოლი~) ფორმით, რომელსაც გაბრუების/თრობის ეფექტი მოხსნილი აქვს. ორ-სამ წვეთს ვიღებდი, ტკივილის სიძლიერის მიხედვით. არსებობს მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტის ბევრნაირი ფორმა. ის შეიძლება მიიღო, როგორც მოსაწევის ფორმით ასევე არის დრაჟეს და სპრეის სახით, მათთვის ვისაც კუჭი აწუხებს. აგრეთვე, ძალიან ბევრია სასმელისა და საკვების ფორმით, დღიური ლიმიტია დაწესებული, თუ რამდენის ყიდვის უფლება გაქვს. არის გარკვეული რაოდენობაც განსაზღვრული, თუკი სადმე მიდიხარ, ექიმის ნებართვის საფუძველზე, დამატებით რომ აიღო“, - ჰყვება ზამბახიძე.
რაც შეეხება მედიკამენტის ფასს, ლაშა ამბობს, რომ სამედიცინო მარიხუანა იაფი არაა, თუმცა ხელმისაწვდომია, მით უმეტეს იმ დოზის ფარგლებში, რაც ადამიანს სჭირდება. თუმცა თუ ონკოლოგიურ მკურნალობაზეა საუბარი, მაშინ დიდი დოზის კონცენტრატებია საჭირო და ფასიც შესაბამისია.
მისივე თქმით, გაძლევენ სპეციალურ ნებართვასაც, თავად მოიყვანო მცენარე, რისთვისაც ცალკე რეგულაციები არსებობს.
„საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უნდა იყოს გარკვეული რადიუსით დაშორებული, იყოს დაცულ ოთახში, უნდა კონტროლდებოდეს გათბობა და ა.შ. მოდის ხოლმე ინსპექცია, ამოწმებენ, რამდენი ძირი მოგყავს და როგორ. მაინც მცენარეა, შეიძლება, დიდი გაიზარდოს ან პატარა. აქედან გამომდინარე, თუ ბევრი მოვიდა და დაგრჩა ნაშთი, შეგიძლია მიიტანო აფთიაქში და ჩააბარო, ამაში ფულს გადაგიხდიან“, - ამბობს ზამბახიძე.
რა ხდება, როდესაც საქართველოში ჩამოდის - ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მისი ავადმყოფობა იჩენს თავს (მაგალითად, ძლიერი თავის ტკივილი) წამალი ვერ ჩამოაქვს, არც არსებობს მისი შემცვლელი და იტანჯება გამოუვალი მდგომარეობით. მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
ამბობს, რომ ამ მხრივ გადაწყვეტილებები სამედიცინო სფერომ უნდა მიიღოს და არა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, რომლებიც ფარმაკოლოგიაში არაკომპეტენტურები არიან. მისი თქმით, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ გვინდა ამ გზით წავიდეთ, შემდეგ კი შეიძლება არსებული მზა საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება.
„რამდენი მეგობარი მყავს, რამდენი ახლობელი ადამიანი, რომელსაც შემიძლია დავეხმარო და ვერ ვეხმარები. ეს უფრო მკლავს, ვიდრე ის ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ნარკოტიკების ფლობის გამო დაიჭერდნენ და მაინც წავიდა ამაზე. რა თქმა უნდა, ცუდია და არანაირად არ მივესალმები ასეთ ფაქტს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ კუთხით უფრო უარესი სურათია. ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი და ვერ ვეხმარებით. ამაზე ხმას არავინ არ იღებს. ეს ინფორმაცია უნდა მივიდეს საზოგადოებამდე, რომ მედიკამენტი არსებობს და ამდენ ადამიანს შვება შეიძლება მივცეთ“, - ამბობს ზამბახიძე „ლიბერალთან" საუბრისას.
სამედიცინო მარიხუანა - რა შემთხვევებშია ის ეფექტიანი
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელი დავით ოთიაშვილი ამბობს, რომ დღეისათვის სამედიცინო თემი მეტ-ნაკლებად შეთანხმებულია, რომ მარიხუანა გარკვეული დაავადებების დროს არსებულ სიმპტომებს შველის. მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს კვლევები, რომლითაც დაავადების განკურნების კუთხით მარიხუანის პროდუქტების პოტენციალს სწავლობენ.
„რაც შეეხება სიმპტომებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების დროს შეიძლება არსებობდეს - მაგალითისთვის ტკივილი ართრიტის, გაფანტული სკლეროზის დროს, უმადობა, პირღებინება, რომელიც შეიძლება თან ახლდეს შიდსის მკურნალობას, სიმსივნურ დაავადებას. ასევე ჩ ჰეპატიტის მკურნალობის დროს არსებული უარყოფითი სიმპტომები - დეპრესია, ტკივილი, უძილობა, უმადობა, პირღებინება. სპაზმური სიმპტომები სხვადასხვა დაავადებისას მაგ. ეპილეფსიის დროს. პარკინსონის დროს ტკივილსა და ტრემორის (ხელების კანკალს) ამცირებს, ქიმიოთერაპიის დროს - უძილობას, შფოთვას. ეფექტიანია პოსტტრავმული სტრესის შემთხვევაში“, - ამბობს ოთიაშვილი.
რაც შეეხება თავად დაავადებების მკურნალობას, მისი თქმით, იმედის მომცემი შედეგები არსებობს, რომ მარიხუანა შეიძლება ამცირებდეს ალცჰეიმერისა და სიმსივნური დაავადების პროგრესს, ასევე გლაუკომის - თვალის შიდა წნევის სამკურნალოდ შეიძლება იყოს ეფექტიანი და ა.შ.
ოთიაშვილის თქმით, არის კვლევები, რომლებიც სამედიცინო მარიხუანის ეფექტიანობას ადასტურებს, თუმცა, ჯერჯერობით, საკმარისად დიდ პოპულაციებზე არაა შესწავლილი, რაც იქნება საკმარისი, რომ მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებამ ეს მიიღოს და აღიაროს, როგორც უტყუარი ფაქტი. თუმცა, მისივე თქმით, ბევრი ქვეყნის მთავრობამ და ექიმებმა, მაგალითად ამერიკაში, მინიმუმ 25 შტატის კანონმდებელმა და სამედიცინო საზოგადოებამ მიიჩნია, რომ დღეისთვის არსებული შედეგები საკმარისია იმისათვის, რომ მათ მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, გამოიყენონ ეს პრეპარატები. ამიტომ ვინც ჯერდება იმაზე და ვისთვისაც არსებული კვლევების შედეგები საკმარისია, თავის ტერიტორიაზე ამ პრეპარატების გამოყენებას კანონმდებლობით უშვებს.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიიჩნევს ის საქართველოში მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით ლეგალიზებას, ექიმი-ნარკოლოგი ამბობს, რომ მისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია:
„საქართველოშიც არიან ადამიანები, ვისაც სამედიცინო მარიხუანა დაეხმარება. თუ არის შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მაინც შეიძლება უშველოს, ჩემთვის კითხვა არ დგას - ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. ვიცით უამრავი ადამიანი, ვინც წვალობს და იტანჯება მკურნალობის გვერდითი სიმპტომების ან სხვადასხვა ტკივილის გამო. საქართველოში უნდა არსებობდეს ამის შესაძლებლობა, რადგან ეს ვიღაცას ტანჯვას შეუმსუბუქებს“, - ამბობს ოთიაშვილი.
ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი ტომაშ ზაბრანსკი „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის ფარგლებში სამედიცინო მარიხუანა სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება. მისივე თქმით, მარიხუანის შემთხვევაში დადებითია ისიც, რომ გარკვეული სიმპტომისთვის დოზის გაზრდაა შესაძლებელი, რადგან მისი მომაკვდინებელი დოზა არ არსებობს. ამდენად, იგი, ძირითადად, ტკივილის წინააღმდეგ გამოიყენება და არის დაავადებები, რომელთა სიმპტომიც ტკივილია.
ზაბრანსკის თქმით, სამედიცინო მარიხუანა გამოიყენება ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა თავის ტკივილი, სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ასევე - გულისრევის საწინააღმდეგოდ, რომელიც გარკვეული დაავადების აგრესიული მკურნალობის გვერდითი ეფექტია. ამავე მიზეზებით სამკურნალო მარიხუანას უწერენ ონკოლოგიური და შიდსის მქონე პაციენტებს; ეპილეფსიის, კანის დაავადებების დროს, როგორიც ეგზემაა.
„ახლა კიბოს შემთხვევას სწავლობენ. მარტივად რომ ვთქვათ, კიბო ის შემთხვევაა, როცა უჯრედი იწყებს ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. თუ შევძლებთ, რომ დაავადებული უჯრედი მოვკლათ და არა ჯანმრთელი, შესაძლოა, წარმატებას მივაღწიოთ. თუკი გავიგებთ, როგორ მუშაობს ენდოკანაბინოიდის სისტემა და როგორ შეგვიძლია კანაბინოიდის სისტემით მისი დამარცხება, მაშინ მედიცინაში რევოლუციას უნდა ველოდოთ“, - ამბობს ზაბრანსკი.
როგორი განწყობა აქვთ საქართველოში
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მზად არ არის სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანის ლეგალიზებისთვის. მისი თქმით, დღესდღეობით ამ მიმართულებით მტკიცებულებები საკმარისი არ არის.
„ამ ეტაპზე დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ მარიხუანის შემადგენელ სამკურნალო ხაზს აქვს შეუცვლელი ფასეულობა. არსებობს სხვა მედიკამენტები, რომლითაც შესაძლოა, ისინი შეიცვალოს. როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ ძალიან მალე დაგროვდება მონაცემები, რომლებიც ან დაასაბუთებს ან უარყოფს მარიხუანის პრეროგატივას, სიკეთეს სხვა მედიკამენტებთან შედარებით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველომაც უნდა გაიზიაროს, მაგრამ ჯერ, როდესაც გაურკვეველია, რამდენად ღირებულია სხვა ნივთიერებებთან, ან სხვა უკვე აპრობირებულ და დანერგილ მედიკამენტებთან შედარებით, არ ვიცი, რატომ უნდა ვიჩქაროთ“, - ამბობს თოდაძე.
ხათუნა თოდაძე ამბობს, რომ ამერიკაში მარიხუანა არ არის წამყვანი სამედიცინო უწყებების მიერ მოწოდებული, როგორც სამკურნალო საშუალება. მისი თქმით, FDA (Fოოდ ანდ Dრუგ Aდმინისტრატიონ) ამერიკის ცენტრალურ უწყებას, რომელიც არეგისტრირებს მედიკამენტებს და „მწვანე შუქს“ უნთებს მათ, როგორც სამკურნალო საშუალებებს და რომელსაც ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მთელ მსოფლიოში, მარიხუანა, ჯერჯერობით, არ დაუმტკიცებია, როგორც მედიკამენტი.
„მარიხუანაში არის ბევრი სხვადასხვა ნივთიერება. აქედან ნაწილს აქვს ნარკოგენული მოქმედება, ეს ძირითადად არის ტეტრაჰიდროკანაბინოლის (თHჩ) ჯგუფის ნივთიერებები. მათ აქვთ გარკვეული ზეგავლენა მთელ რიგ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში. აქვს გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება, ასევე - სედატიური (დამაწყნარებელი); გარკვეული ზემოქმედება შეუძლია კოორდინაციის უნარზე; ზემოქმედებს მეხსიერებაზე, დასწავლის უნარსა და ა.შ. მის მედიცინაში გამოყენებაზე ამჟამადაც უამრავი კვლევა მიმდინარეობს, თუმცა კანაფის მცენარეში შემავალი სხვა ნივთიერებები (მაგ. კანაბიდიოლი - ჩBD, რომელსაც არ აქვს ნარკოგენული ეფექტი და კანაფიდან ამოღებული სპეციფიკური ნივთიერებები) გამოიყენება სამკურნალოდ და გარკვეულ შემთხვევებში ძალიან კარგი ეფექტი აქვს“, - ამბობს თოდაძე.
როგორი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდს. „ლიბერალი“ ახალარჩეული პარლამენტის დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, მარიამ ჯაშს ესაუბრა.
ჯაში მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია, მარიხუანის ან მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებებისგან შემუშავებული პრეპარატების სამკურნალო მიზნებით გამოყენება. მისი თქმით, ამ მიმართულებით ფიქრი შესაძლებელია ნარკოპოლიტიკის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, რომელზე მუშაობაც დაგეგმილი აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს, შესაბამის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
მისივე თქმით, ნებისმიერი საშუალება - როგორც მტკიცებულებითი მედიცინით რეკომენდებული, ასევე ტრადიციული და ალტერნატიული სამკურნალო საშუალებები - რომელიც ტკივილს შეუმსუბუქებს პაციენტს, პირადად მისთვის მხოლოდ მისაღები და მისასალმებელია. თუმცა, აქვე დასძენს, რომ სამედიცინო მიზნით მარიხუანის გამოყენება მკაცრ რეგულირებასა და კონტროლს საჭიროებს, რომელზეც აუცილებელია მსჯელობა და შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავება.
„ძირითადი რისკი, ბუნებრივია, უკავშირდება სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას ან მისი შემადგენელი კანაბინოიდებისგან დამზადებული პრეპარატების არალეგალურ გაყიდვას. შესაბამისად, მსგავსი ინიციატივა საქართველოში შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ადმინისტრირებისა და მკაცრი მონიტორინგის პირობებში. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე დაუშვეს მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოხმარება, უზრუნველყვეს კონტროლის შესაბამისი მექანიზმებიც. მაგალითად, კანადაში, ავსტრალიასა თუ ამერიკის 20-ზე მეტ შტატში უკვე დანერგილია მარიხუანის სამედიცინო მიზნით მოხმარების პრაქტიკა, თუმცა პარალელურად მოქმედებს მისი არალეგალურად მოხმარების მკაფიო და მკაცრი რეგულაციები”, - ამბობს ჯაში.
ჯაში ამბობს იმასაც, რომ აღნიშნულ ეტაპზე, განცალკევებულად სამედიცინო მიზნით მარიხუანის მოხმარების საკითხი მათ პოლიტიკურ გუნდს ჯერ არ განუხილავს.
ამავე გუნდის წევრი, ახალარჩეული პარლამენტის ახალი წევრი აკაკი ზოიძე საქართველოში სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზებას ნაადრევად მიიჩნევს.
როგორც ის ამბობს, მიუხედავად მარიხუანის გარკვეული დადებითი სამედიცინო ეფექტისა, აღნიშული ვერ აჭარბებს იმ პოტენციურ რისკს, როგორიცაა მისი ბოროტად გამოყენება.
ზოიძე მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა დააკვირდეს თურქეთის მაგალითს, სადაც სამედიცინო მარიხუანის გამოყენება ცოტა ხნის წინ ლეგალური გახდა.
„დღეს საქართველოში რეცეპტულ ინსტიტუტსაც ზოგჯერ ბოროტად იყენებენ. ფსიქოტროპულ აფთიაქებთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემები გვაქვს, ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა ფსიქოტროპული საშუალების გამოყენების მხრივ. რატომ დავუმატოთ ამ პრობლემას კიდევ ერთი საკითხი“, - ამბობს ზოიძე.
ექიმი-ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი კი ამბობს, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს სამედიცინო და კანაფის პრეპარატების მენეჯმენტებს შორის.
მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ შეუძლია, რომ სიმსივნით დაავადებულებისთვის მორფისა და სხვა ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების ადმინისტრირების მენეჯმენტი განახორციელოს, თუ ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის მეტადონისა და ბუპრენორფინის ადმინისტრების მენეჯმენტს ახერხებენ, რატომ უნდა გახდეს კანაფის პრეპარატების ადმინისტრირება პრობლემური.
„სიმულირებისა და არალეგალურად მიღების საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს. აქ, ერთი მხრივ, უნდა ენდო იმ ექიმის პროფესიონალიზმს, რომელმაც სათანადოდ უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და ამ პრეპარატის დანიშვნის საჭიროება. მეორე მხრივ, თუ ეს ადამიანს რაღაცაში მაინც ეხმარება, მოთხოვნილებას გრძნობს, მოსწონს, გასართობად თუ ა.შ. აქაც, სიმართლე გითხრათ, სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, მარიხუანა ისედაც ლეგალური უნდა იყოს, როგორც ალკოჰოლი“, - ამბობს ოთიაშვილი.
როგორც ტომაშ ზაბრანსკი ამბობს, რატომ უნდა გაიღოს ვინმემ ძალისხმევა სამედიცინო მარიხუანის უკანონოდ მოპოვებისთვის, როცა ქუჩაში მარიხუანის შოვნა გაცილებით ადვილია?!
მისი თქმით, იმ მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სამედიცინო კანაფის ქიმიური შემადგენლობის შექმნას სჭირდება, სამედიცინო კანაფი რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე რეკრეაციული მარიხუანა.
„ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ უშვებდნენ ქვეყნები მაგალითად მორფინის და სხვა ოპიატების, (რომლებსაც ძლიერი ფსიქოტროპული გვერდითი ეფექტები აქვთ) გამოყენებას მძიმე დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა არ ესმით, რომ იმავეს გაკეთება შეიძლება სამედიცინო კანაფისა და მასზე დაფუძნებული პროდუქტების შემთხვევაში“, - ამბობს ტომაშ ზაბრანსკი.