მამაჩემი მუშაა. ავტოხელოსანი. „მალიარი“, როგორც ეძახიან.
ყველაფერი 23 წლის წინ დაიწყო. მაშინ ძალიან გაჭირვებული ვიყავით (ისევე, როგორც ყველა ჩვენს ირგვლივ). მამა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ კაპიკებს აგროვებდა, რომ მე კარგი განათლება მიმეღო. 7 წლის რომ ვიყავი, ჩემს ქალაქში (რუსთავში) ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეპეტიტორი ამიყვანა, მომცა მუსიკალური განათლება, მატარებდა ქართულზე, რუსულზე, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, ცურვაზე. მოკლედ, ყველაფერი მომცა, რის მოცემაც შეეძლო. არ ვიცნობ მასზე კეთილ, სამართლიან, პატიოსან, მასზე ძლიერი მორალური პრინციპების მქონე ადამიანს. რამდენიმე დღის წინ მითხრა, ცხოვრება არც ისე რთულია, როგორც ყველა ამბობსო, მთავარია გულში სიკეთე გედოს და ცხოვრებაც არ გაგიჭირდება, ყველაფერი მარტივიაო. და ამას ამბობს მამაჩემი. თქვენ მისი ისტორია არ იცით, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, მისთვის არაფერი ყოფილა და არის მარტივი.
გერმანიაში პროფესიები, რომლებიც უნივერსიტეტის დიპლომს არ საჭიროებენ ძალიან პატივცემულია, ასევე მაღალანაზღაურებადიც. ამ სახელმწიფომ შექმნა დუალური განათლების სისტემა, რომელიც პროფესიული განათლებისა და კომპანიაში შეგირდობის კომბინირებას ერთ კურსში ახდენს. გერმანელების ნახევარი მხოლოდ პროფესიულ განათლებას იღებს და სიამოვნებით მუშაობს მუშად, ელექტრიკოსად, მზარეულად და ა.შ. მაგალითად, „გერმანიის პროფესიული განათლებისა და ტრეინინგის ფედერალური ინსტიტუტის“ მონაცემების მიხედვით, ავტომექანიკოსი მესამე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. შედეგი? გერმანიას ახალგაზრდათა უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.
მამაჩემს ხშირად უთქვამს, რომ ღირსების შემლახავი დამოკიდებულების გამო კლიენტის უკან გაშვება ბევრჯერ სდომებია - ფორმა რომ მაცვია და მუშა კაცი ვარ, ჰგონიათ, რომ ზევიდან უნდა მიყურონო - თუმცა არ გაუშვია, რადგან გახსენებია, რომ ოჯახისთვის ფული ჰქონდა მისატანი.
ზამთრის მოახლოება ჭირივით ეზიზღება - გარკვეული სამუშაოების შესრულება წყალში უწევს, ამ დროს კი წყალი ყინულივით ცივია.
ერთხელ ოთახში ერთად ვიყავით, მე ფრჩხილის ლაქს ვისვამდი. ვუთხარი, სუნი თუ გაწუხებს ჩემს ოთახში გავალ-მეთქი. გაეცინა, მთელი დღე საღებავსა და აცეტონს ვსუნთქავ, მაგან როგორ უნდა შემაწუხოსო. მოკლედ, ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა.
3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენ ადამიანს მოხვდება გულზე ეს ამბავი? ალბათ ბევრს, მაგრამ იმდენს და იმდენად არა, რომ ამ ამბავს ისეთივე რეზონანსი მოჰყვეს, როგორც, მაგალითად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის დადგმას ან ერთ-ერთ ბლოგში გამოთქმულ მოსაზრებებს მოჰყვა.
2011-2015 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად 212 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 691 დაშავდა. მუშათა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი მოქალაქეთა პრიორიტეტების სიაში იმდენად უკანაა, რომ მთავრობა ვერ შეაწუხა, რომ ასეთი შემთხვევები, როგორც მინიმუმ, გამოიძიოს. დაფიქრდით, როგორია ხალხის დამოკიდებულება მუშებისადმი და ეს შედეგები აღარ გაგაკვირვებთ.
მამას ეს საერთოდ არ უკვირს, მუშის ბედი ვის აინტერესებსო... ამას წინათ წუხდა, რომ ხელები თანდათან უშავდება და ამ სიშავეს ვერ იცილებს. ვინმემ ხელებზე რომ დამხედოს, მაშინვე მიხვდება, რომ მუშა ვარო. ვუთხარი, არაფერი სათაკილო ამაში არაა, პატიოსნად შრომობ-მეთქი. მართალი ხარო, ღიმილით მითხრა. ახლა კი საქვეყნოდ მინდა ვუთხრა მას: მამა, მე მეამაყება შენი გაშავებული ხელები!