მდინარე, რომლის გარშემოც საუკუნეების განმავლობაში ქალაქი შენდებოდა და ვითარდებოდა, დღეს ამავე ქალაქს მთლიანად მოწყვეტილია.
ჯებირებითა და მუდამ დატვირთული ავტომაგისტრალებით გამოყოფილი მტკვარი ქალაქის მცხოვრებლებისთვის მიუდგომელია, ერთიდან მეორე სანაპიროზე გადასასვლელად მოუხერხებელი, სარეკრეაციო ფუნქციით გამოუყენებელი, დაბინძურებული და ტურისტებისთვისაც არც ისე მიმზიდველი. მდინარე, რომელიც შეიძლება დიდი ურბანული დასახლებისთვის მთავარ სასიცოცხლო არტერიად იყოს გამოყენებული, დღეს მხოლოდ გამდინარე წყალია.
2003 წელს ქალაქ სეულის მერი ლი მიუნგ ბაკი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი იდეა ქალაქის ცენტრში გამავალი მაგისტრალისა და ესტაკადის, მთლიანობაში რამდენიმესართულიანი საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოშლას და მის ქვემოთ, გვირაბში მოქცეული მდინარის გათავისუფლებას, მის ირგვლივ კი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობდა. ჩანგესთრიმი ქალაქის ურბანული განვითარების ადრეულ პერიოდში მოექცა გვირაბში, მის თავზე კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი აშენდა. მაგისტრალის ირგვლივ ტერიტორიები განსხვავებული ფუნქციით დაიტვირთა: ბაზრობები, მცირე საწარმოები. სეულის მერიის იდეას მკაცრი კრიტიკა და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. ერთი მხრივ, ტრანსპორტის ბედით შეწუხებული ადამიანების, მეორე მხრივ კი, მაგისტრალის ირგვლივ არსებული განაშენიანების მფლობელების. თუმცა მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები სხვადასხვა მიმართულებით ცალ-ცალკე მუშაობდნენ მდინარის ირგვლივ ტერიტორიების ნაწილი გამოისყიდეს, ტრანსპორტის რეგულირების ახალი სქემა შექმნეს, ისტორიული ხიდებისა და უბნების აღდგენის გეგმა შეიმუშავეს. შედეგად კი 2005 წელს სეულის ათმა მილიონმა მცხოვრებმა 10.9 კმ სიგრძის მულტიფუნქციური სარეკრეაციო სივრცე მიიღო, რომელსაც დღეში 60 000 ადამიანი სტუმრობს. ჩანგესთრიმის პროექტი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ურბანულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
მდინარე ჩანგეჩეონი და მის ირგვლივ მდებარე სარეკრიაციო სივრცე. სეული, სამხრეთ კორეა.
„მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის, მისი ყოფისა და კულტურის ნაწილი, სასიცოცხლო ძარღვი. მტკვრის წყლით იკლავდნენ წყურვილს, რწყავდნენ თბილისის სახელგანთქმულ ბაღებს; მტკვარში იჭერდნენ თევზს, გრილდებოდნენ ზაფხულის ხვატში; მტკვარი და მისი ორივე ნაპირი შეუცვლელი ადგილი იყო ქეიფისა და დროსტარებისათვის, ანუ, როგორც გრ.ორბელიანი იტყოდა, „ლაზათიანი ჩასხდომისათვის“. გარდა ამისა, მტკვარზე გამართული წისქვილებით ფქვავდნენ ხორბალსა და სხვა მარცვლეულს; მტკვრის კალაპოტში მოპოვებული რიყის ქვით იკირწყლებოდა ქუჩები და შენდებოდა სახლები; მტკვრის საშუალებით გადაჰქონდათ ტვირთი და მტკვარზე (როგორც ქართველთა იორდანეზე) სრულდებოდა მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალები, თუმცა ასეთი ვითარება იყო მანამ, ვიდრე კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკვანში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მდინარემდე მისასვლელი გზები. შედეგად, მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან, რასაც ხელი შეუწყო წყლის დაბინძურებამ მასში ჩაღვრილი საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით”, ამბობს ჟურნალისტი და მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი „დედა მდინარეზე” საუბრისას. მტკვრის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა სხვადასხვა მიზნით, თუმცა მის ფუნქციაზე, როლსა და მნიშვნელობას ქალაქის ისტორიაში, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სწორედ რეხვიაშვილი წერს.
ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ ის, რაც მტკვარს „დაემართა“, მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესის ნაწილი იყო. ურბანისტის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, ავტომობილებზე ორიენტირებული ქალაქების შექმნით დაგვამახსოვრდა. 50-60-იან წლებში ძალიან ბევრ ქალაქში მდინარის სანაპიროები და მდინარეებთან მისასვლელები ავტომაგისტრალებმა შეიწირა. თუმცა, „გონს მოსვლა“ ყველაზე ადრე, 70-80-იან წლებში, გერმანიამ, შემდეგ კი სხვა ევროპულმა თუ აზიურმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს.
ქალაქმგეგმარებელი განმარტავს, რომ დღეს მდინარის სწორად გამოყენების მთავარი ბარიერი სწორედ სანაპიროს სატრანსპორტო ფუნქციით გამოყენებაა. თუმცა მისი აზრით, ქალაქისა და მობილობის ახლებური გააზრება, ამ პრობლემის მოგვარებას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შესაძლებლად აქცევს:
„თუ გამოვალთ შეპყრობილობიდან, რომ ქალაქი მანქანაზე ორიენტირებული უნდა იყოს, თუკი მთავარი კითხვა აღარ იქნება: აბა ამდენი მანქანა სად გავატაროთო, მტკვრის ნაპირების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება, თუმცა მხოლოდ კომპლექსური ღონისძიებების გატარებით: ახლებურად თუ შევხედავთ მობილობის პრობლემას, ქალაქს დავინახავთ კულტურულ ფენომენად, დიდი მემკვიდრეობით, სოციალური კეთილდღეობის შექმნის დიდი რესურსით, მაშინ რეკრეაციას ძალიან დიდი წილი დაეთმობა და შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის პრობლემის სხვაგვარი გადაწყვეტა: ინდივიდუალური ტრანსპორტის შეზღუდვა ზოგიერთ რაიონში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური განვითარება, ამ ორ მაგისტრალზე არსებული ნაკადების გადანაწილება. ახალი სატრანსპორტო სქემითა და ქალაქის ახლებურად დანახვით, დავიჯერებთ, რომ ამ მაგისტრალების გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.”
ქალაქმგეგმარებელი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ისეთი მდინარე, როგორიც მტკვარია, საერთოდ არანაირი სიკეთის მომტანი აღარ იყოს ქალაქისთვის. მის სიახლოვეს უძრავი ქონება ძვირი და პრესტიჟული არ იყოს, ნაპირები რეკრეაციულ-ტურისტული ფუნქციით არ იყოს დატვირთული და მთლიანად იყოს მოწყვეტილი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას.
თბილისის გამწვანების სქემის საპროექტო ვერსია
„დღეს მტკვარი მხოლოდ არხიღაა. მან თავისი მიმზიდველობა უნდა დაიბრუნოს. ამას ქალაქგანვითარების ახალი პოლიტიკის შემუშავება სჭირდება, რომელიც დაინახავს ქალაქს, როგორც ადამიანთა საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ჯანსაღ სოციალურ ცხოვრებას შეუწყოს ხელი, თავისი ყველა ასპექტით; აღმოაჩენს მტკვრის უზარმაზარ შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, ავჭალიდან ფონიჭალაში ველოდიპედით რომ შეგეძლოთ ჩასვლა, სანაპიროს გაყოლებაზე, ანდა წყლის ტრანსპორტის გამოყენება. მტკვრისა და მისი ნაპირების სარეკრეაციო ფუნქციის განვითარებით ამოისუნთქებდა ქალაქიც“ - განმარტავს ზურაბ ბაქრაძე.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძეც ამბობს, რომ მდინარეების რესურსი ქალაქგანვითარებაში განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ „მდინარეების რეაბილიტაცია“ და მათი საქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირება დაიწყო.
„სამწუხაროდ, დღეს თბილისი ზურგშექცეულია მდინარეების მიმართ. იმის ნაცვლად, რომ მიგვეღო ისინი, მოვლენები პირიქით განვითარდა. მტკვარი ჯებირებში მოექცა. ადამიანი მტკვრის პირას ვეღარ მიდის, ავტომაგისტრალებმა კი სრულად მოწყვიტა ქალაქი მდინარეს”, ამბობს გვენცაძე და იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ სადისერტაციო კვლევის ფარგლებში მან სწორედ თბილისის მდინარეები და მათი ურბანული პოტენციალი შეისწავლა.
კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ თბილისში სხვადასხვა ზომის 60-მდე მდინარეა, რომელთა შესახებაც ბევრმა ურბანისტმაც არაფერი იცოდა და, რომლებიც არც ერთ რუკასა თუ დოკუმენტში აღწერილი არ იყო.
„არის ძალიან ლამაზი მდინარები, რომლებიც მიედინება განაშენიანებაში, მერე იკარგება მიწის ქვეშ, მერე ისევ სადღაც ჩნდება, მაგრამ თავისი ბუნებრივი სილამაზე დაკარგული აქვს სწორედ ადამიანის უხეში ჩარევის გამო. იმიტომ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ინდივიდუალური განაშენიანებები, საწარმოები, პრაქტიკულად, მდინარის კალაპოტში, ან სწორედ მათ ზემოთაა განთავსებული. სამწუხაროდ, ამ მდინარეების ირგვლივ მცხოვრებლებიც მათ ბუნებრივ ღირებულებად არ მიიჩნევენ და არც გაფრთხილებას ცდილობდნენ წლების განმავლობაში“, ამბობს გვენცაძე.
ლეღვთახევის „გათავისუფლების“ წარმატებული მაგალითის გამეორება თბილისის სხვა მდინარეებზეც გვენცაძეს სავსებით შესაძლებლად მიაჩნია.
მაგალითად, კახეთის გზატკეცილისკენ მიმავალ გზაზე ხევდალი, ორხევი, ფორაქაანთხევი, თეთრიწყალი.
„ამ მდინარეების ინტეგრირება იმ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ სივრცეებში, პრაქტიკულად, აგარაკებს შეცვლის. ეს აღარ იქნება მხოლოდ ურბანული სკვერი. ესაა ადგილები, განსხვავებული ტემპერატურით, ჰაერით. ვფიქრობ, დიდი ხანია, დადგა დრო და აუცილებელია, ამ მდინარეების რეგენერაცია დავიწყოთ”.
გვენცაძის თქმით, აუცილებელია პირველი ნაბიჯები სახელმწიფომ გადადგას, გამოისყიდოს მდინარეების სიახლოვეს განაშენიანებული ტერიტორიები, შემდეგ კი მათი რეკრეაციული ფუნქციის განვითარებით ინვესტორებიც დაააინტერესოს.
სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ევროპისა თუ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მდინარეების გათავისუფლების ყველა მაგალითი ეკონომიკურად მომგებიანი იყო. „რეკრეაციული ფუნქცია მოიცავს ეკონომიკურ ფუნქციასაც. ეს არ არის გამოუყენებელი, აუთვისებელი და მიუდგომელი მწვანე სივრცეები. ესაა ბევრი განსხვავებული ფუნქციით დატვირთული სარეკრეაციო, საჯარო ტერიტორიები, რომლებიც ურბანულ დასახლებებს შვებას ჰგვრის“ განმარტავს ნინო გვენცაძე.
საქართველო უკვე 15 წელია, მტკვრის დაცვის დღეს აღნიშნავს. ეს დღე კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ სპეციალისტების ინიციატივით დაწესდა. ამ დღეს, როგორც წესი, მტკვართან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ ხოლმე, ყველაზე მეტს კი, ცხადია დაბინძურებაზე, განსაკუთრებით თბილისში.
1515 კმ სიგრძის ტრანსსასაზღვრო მდინარე, რომლის აუზიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანსა და თურქეთს მოიცავს, თბილისში, ძირითადად, ნუტრეინებითაა დაბინძურებული, განსაკუთრებით, ამონიუმის აზოტით, რომლის კონცენტრაციაც რამდენჯერმე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე თევზის ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის აუცილებელ ევროკავშირის ზღვრულად დასაშვებ სტანდარტებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სექტემბერში ჩატარებული გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კასპიის ზღვის აუზში სინჯები მტკვრიდან 14 წერტილში აიღეს, ასევე მის შენაკადებში. ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უდიდესი მნიშვნელობა მდინარე ვერეში აღინიშნა და ის 5.8 ჯერ აღემატებოდა ნორმას. მდინარე მტკვარში, ვახუშტის ხიდთან, ის ნორმას ორჯერ აღემატებოდა, 1.4-ჯერ მეტეხის ხიდთან, მდინარე სურამულაში კი თითქმის ხუთჯერ, მდინარე გლდანულაში სამჯერ. დანარჩენი დამაბინძურებლებით მტკვრის საბინძურის მაღალი მაჩვენებელი იშვიათად ფიქსირდება. შესაბამისად, ერთი შეხედვით არსებული და შესამჩნევი დაბინძურება მონაცემებში არ არის ასახული, კვლევების შედეგებიც განსხვავებულია. ამას სპეციალისტები მტკვრის „განზავების“ მაღალი მაჩვენებლით ხსნიან, ანუ იმით, რომ მდინარე წყალუხვია და აღებულ სინჯებში მავნე ნივთიერებები ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას სწორედ ამიტომ არ აჭარბებს.
თუმცა მდინარის დაბინძურების პრობლემა აღიარებულია დედაქალაქის გარემოსდაცვით სტრატეგია 2015-2020-შიც, რომელიც ადასტურებს, რომ დაბინძურება მეტწილად გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლების მდინარეში პირდაპირი ჩაშვებითა და სოფლის მეურნეობაში აზოტის შემცველი სასუქების ჭარბი გამოყენებითაა განპირობებული. ჩამდინარე წყლების მოქმედი გამწმენდი ნაგებობა კი საკმარისი არაა მდინარე მტკვრის დაბინძურების პრობლემების გადასაჭრელად. მით უფრო, რომ ამ წყლების ნაწილი კოლექტორებში საერთოდაც ვერ ვხდება.
გარდაბანში მოქმედი გამწმენდი ნაგებობა კი, თბილისიდან და რუსთავიდან ტრანსპორტირებულ მუნიციპალურ ჩამდინარე წყლებს მხოლოდ პირველადად, მექანიკურად წმენდს, ანუ მყარი ნარჩენებისგან ასუფთავებს. 2018 წლამდე კომპანია Gეორგიან ჭატერ ანდ Pოწერ, რომლის მმართველობაშიცაა ახლა ეს გამწმენდი ნაგებობა, ვალდებულია, ამ წყლების არა მხოლოდ მექანიკური, არამედ ბიოლოგიური გაწმენდაც დაიწყოს. კომპანიაში ამბობენ, რომ ამისთვის კონკურსების გამოცხადებას, არსებული ნაგებობის რეაბილიტაციას და დამატებითი გამწმენდი ნაგებობების აშენებას აპირებენ.
თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის თანახმად, მდინარეს თბილისის კლიმატური თავისებურების ჩამოყალიბებაშიც უდიდესი როლი ენიჭება, თუმცა მისი სანაპიროები ამჯერად შეუფერებელი ფუნქციებითაა დატვირთული: ბაზრები, საწვავგასამართი და ტექნომომსახურების ობიექტები.
„ქალაქთმშენებლობის თეორიაში ხაზობრივი ქალაქების გამწვანება სწორედ წყლის აკვატორიების პარალელურად ვითარდებოდა (რიგა, ვალენსია, ვარშავა). ამასთან დაკავშირებით, თბილისის გამწვანების, ბაღ-პარკების ქსელის შექმნის რეალურ რეზერვს სწორედ მდ. მტკვრის სანაპიროები წარმოადგენს (სატრანზიტო დატვირთვისაგან გათავისუფლებისა და მათთვის მხოლოდ საქალაქო მნიშვნელობის გზების სტატუსით მოქმედების შემთხვევაში). ასეთი საპარკო სისტემა მტკვრის ორივე ნაპირზე გაზრდის ქალაქში გამწვანების ნორმატიულ და სანიტარულ-ჰიგიენურ მაჩვენებლებს; გააუმჯობესებს ჰაერის ინვერსიას; შეამცირებს ქალაქის ქუჩებში ხმაურის აკუსტიკური ბარიერის როლს; განტვირთავს არსებულ ბაღებსა და პარკებს ზედმეტი ფუნქციური დატვირთვისაგან, თავის თავზე აიღებს გარკვეულად ცენტრალურ ფუნქციებს (სასტუმროები, რეკრიაცია, ვაჭრობა და ა.შ.), რითაც გამოაცოცხლებს სანაპიროებს, შეამცირებს კრიმინოგენულ უკაცრიელ უბნებს და აქტიურად ჩართავს მტკვარს და მის სანაპიროებს თბილისის სასიცოცხლო გარემოში.“ ვკითხულობთ თბილისის გარემოსდაცვით სტრატეგიაში.
ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მტკვარსა და მის განვითარებასთან დაკავშირებით მათი ხედვაც სწორედ ქალაქისთვის მდინარის დაბრუნების იდეას ეფუძნება. გენგეგმის პროექტის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ქალაქისთვის, რომელმაც მდინარე დაკარგა, უმნიშვნელოვანესი ამოცანა, სწორედ ამ მდინარის ნაწილების რეკრეაციული ფუნქციით დატვირთვა და მასთან მისვლის გაიოლებაა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრშიც მოიძებნა ადგილები, სადაც რეკრეაციული სივრცეების განვითარებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით კი მარცხენა სანაპიროზე, სადაც გამწვანებული ხეივნებისა და საჯარო სივრცეების შექმნის მტკვართან მისვლის მეტი შესაძლებლობა და პოტენციალია.
„საკმაოდ ცუდი მემკვიდრეობა გვაქვს იმ მხრივ, რომ მდინარეების დიდი ნაწილი გადახურულია და გვირაბებშია მოქცეული. ჩვენ გამოვავლინეთ ადგილები, სადაც მდინარეების გახსნა და ლანდშაფტური გამწვანებული სივრცეების შექმნა შესაძლებელია. ეს მოქალაქეებს მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მწვანე სივრცეში დასვენების საშუალებას მისცემს. მაგალითად, მდინარე გლდანულა, დიღმულახევი და ა.შ. იქ შესაძლებელია ამგვარი სივრცეების განვითარება“, განმარტავს ბოლქვაძე და დასძენს, რომ მდინარის მაქსიმალურად გამოყენება და მის გასწვრივ საჯარო სივრცეების შექმნა სწორედაც რომ ყველაზე „საშური და მნიშვნელოვანი“ ამოცანაა, რადგან მდინარე ქალქგეგმარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
„სამწუხაროდ, დღეს მტკვარი, მართლაც, ბარიერი უფროა მოქალაქეებისთვის. მაგისტრალების გამო, მდინარესთან ვერ მივდივართ და ის შეკავშირების ნაცვლად გამყოფად იქცა. ესაა ჩვენი თემატური ხედვა დაუბრუნდეს დაკარგული მდინარე მოქალაქეებს”, ამბობს ბოლქვაძე. მისი თქმით, ცალკე დაგეგმვის ნაწილი უნდა იყოს იმ არეალების გამოყოფაც, სადაც განსხვავებული სატრანსპორტო რეგულირებით ასევე მტკვართან „მიახლოება“ გამარტივდება.
ქალაქის დღევანდელი მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი და დაპირება სწორედ მდინარე მტკვრის გაწმენდას და მის სარეკრეაციო ზონად გამოცხადებას შეეხებოდა. 2015 წლის გაზაფხულზე მერიამ წარმოადგინა პროექტი დიღმის ჭალების განვითარების შესახებ.
პროექტი ბელიაშვილისა და ფეიქრების ქუჩებს შორის მდ. მტკვრის 2კმ.-იან ზოლში, 50 ჰექტარ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობდა. კონცეფციის წარდგენისას, მერმა განაცხადა, რომ პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდინარის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა. ასევე ამ პროექტით ფუნქციას შეიძენდა თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი და ამჯერად უფუნქციოდ დარჩენილი კუნძული, რომელიც ქალაქის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა.
„ფუნქციას შეიძენს, ასევე, მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა; ამ ადგილის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება და თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი ბუნებრივი კუნძულის ათვისება. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო ბილიკები; მოეწყობა, აგრეთვე, ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს; აშენდება, ასევე, გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემს – კაფეები, საგამოფენო პავილიონები, სპორტული მოედნები, მცირე ზომის სასტუმროები და სხვა.
2016 წლის იანვარშიც, გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას, არქიტექტურის სამსახურმა ეს კონცეფცია ერთ-ერთ წარმატებულ სამუშაოდ წარმოადგინა, თუმცა პირველი პრეზენტაციის შემდეგ პროექტი სხვა ეტაპზე არ გადასულა, არც კონკურსი გამოცხადებულა და არც კონკრეტული მიზეზით შეჩერებულა. ჟურნალისტების დაინტერესების პასუხად გასულ წელს ივნისში მომხდარი წყალდიდობა სახელდებოდა, დღეს კი მერიაში პროექტის შეჩერების კონკრეტულ მიზეზზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ როცა არქიტექტურის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება, შესაძლოა „დიღმის ჭალების“ პროექტი სხვა ეტაპზე გადავიდეს და აქტიურად გაგრძელდეს მასზე მუშაობა.
მტკვრის პრობლემების კომპლექსურ გადაწყვეტას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წყლის შესახებ ახალი კანონის მიღებაში ხედავენ. წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი მაია ოჩიგავა ამბობს, რომ ახალი კანონით, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელი დაინერგება. 2024 წლამდე კი 5 სააუზო მართვის ერთეული შეიქმნება და მდინარეების, მათ შორის მტკვრის, მომავალიც პოლიტიკისა თუ წყლის ხარისხის ან პოტენციალის შესახებ, სწორედ აუზების კონტექსტსა და ფარგლებში დაიგეგმება.