Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იდეალური ქალაქი

11 სექტემბერი 2012

ამას მოგზაურობის დროს მივხვდი, - ზემოდან, თვითმფრინავიდან ან თუნდაც მაღლობებიდან, დანახული ტერიტორიები ძალიან ბევრის მთქმელია იმ ხალხზე ვისაც ეს ტერიტორიები უჭირავს. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც განსაკუთრებულს არ ვამბობ; ყველა, ვინც მოგზაურობის დროს მეტ-ნაკლებად ყურადღებით დარჩენას ამჯობინებს, მზადყოფნით დამეთანხმება ამაში. მაგალითად, ავსტრიის ან გერმანიის თავზე მოძრავი თვითმფრინავიდან თვალმოკრული რურალური ფრაგმენტები ჭადრაკის დაფასავით სიმეტრიულია და მოწესრიგებული. ასეთივე წესრიგი, თუმცა განსხვავებული, ატყვია იტალიურ თუ ჩრდილოამერიკულ ტერიტორიებსაც. გარკვეული თვალსაზრისით ეს ტერიტორიები იქაური მაცხოვრებლების ცხოვრების წესის, ადამიანური აქტივობებისადმი მიდგომის, ტემპერამენტის, ისევე როგორც მატერიალური, ალბათ სულიერიც და ზოგადად, ისტორიული განვითარების სურათს წარმოადგენენ. მათი შემხედვარე, ადამიანი, რომელიც პირველად მოკრავს თვალს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიას, რა თქმა უნდა არა ამომწურავად, მაგრამ მაინ შეუცდომლად შეძლებს დაახასიათოს ადგილობრივის მისწრაფებები და მარიფათი.

თვითმფრინავიდან დანახული საქართველოს ის ფრაგმენტები, რომლებსაც ადამიანის ხელი ატყვიათ იმდენად ქაოტურია, რომ ძალაუნებურად დაგაფიქრებს აქაურებზე. ამ შემთხვევაში სიტყვა “ქაოტური” სულწასული მზადყოფნით არ მიხმარია მაინცდამაინც უარყოფითი მნიშვნელობით. მსგავსი მიდგომა როგორც წესი ცალმხრივი და ზედაპირულია ხოლმე. უბრალოდ, საქართველოს ადამიანთან შენახები ლანდშაფტების ქაოტურობა მართლაც რომ თვალშისაცემია და დაფიქრებისკენ უფრო გიბიძგებს, ვიდრე ნაჩქარევი დასკვნებისკენ. მერე კი, ყველაფერი ბუნებრივად მთავრდება იმით (განსაკუთრებით ჩემ შემთხვევაში), რომ ქვეყნიდან მისი ძირითადი ქალაქებისკენ ინაცვლებ და ხვდები, რომ რაკურსი ზემოდან ორმაგად გამოსადეგია ამ შემთხვევაშიც.

სწორედ სერზე შემომდგარს, ზაფხულის თბილისის თვალწარმტაცად ლამაზ, ხშირად შემაშფოთებლად მახინჯ, მაგრამ ბევრისმთქმელ ქაოსს ზემოდან შემყურეს გამახსენდა, რომ “ლიბერალის” მკითხველთან ჩემი ორწლიანი ურთიერთობის მიუხედავად, “ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერებში” არც ერთხელ არ ამიხსნია, თუ როგორია იდეალური ქალაქის ჩემებური ხედვა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მგონია, რომ სწორედ ამით დაწყება აჯობებს, რადგანაც ის, თუ როგორ გამოიყურება ნებისმიერი ქალაქი ზემოდან ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უდგებიან მას მისი მაცხოვრებელები და მესვეურები დაბლა.

გეოგრაფიულად, ჩემი იდეალური ქალაქი აუცილებლად წყალზე ან წყლის პირასაა გაშენებული. კარგი იქნება თუ რელიეფურად ქალაქი “ამავალ-ჩამავალი” იქნება, ანუ, მაღლობი და დაბლობი ადგილების მონაცვლეობა სხვანაირ ხიბლს სძენს ნებისმიერ ურბანულ სივრცეს. ქალაქი ძალიან პატარა ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგანაც პატარა ქალაქები ანონიმურად დარჩენის ყოველგვარ შესაძლებლობას გისპობს და ეს კარგი არაა ადამიანის ფსიქიკისათვის. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, თუ როგორი “სუნი ასდის” ქალაქს; ეს მიუნიშნებს გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობაზე, რომ არაფერი ვთქვათ ყველაზე მთავარზე, - რამდენად ყურადღებიანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ქალაქის მოსახლეობა. ყველა ქალაქს, დიდს თუ პატარას, თავისი სუნი აქვს და ეს მისი განუყოფელი ნაწილია. ქალაქი, რომელიც იდეალურად მიმაჩნია, მჭიდროდაა დასახლებული. ურბანული სივრცე არ უნდა ზრდიდეს დისტანციას ადამიანებს შორის, ისე, როგორც ეს, ვთქვათ, ლოს-ანჟელესშია. დევიდ ბირნი, მუსიკოსი და ურბანისტი, ამბობს, რომ არამჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ ყველაფერს, დაწყებული ჩაცმულობით და დასრულებული სოციალურ სიტუაციებში ყურადღების მიქცევის ტექნიკით. ეს ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში უსაფრთხოების დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მეჩხერად დასახლებულებში.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, - ქალაქის ტროტუარები მისი მაცხოვრებლების ცხოვრების დონესა და დემოკრატიის ხარისხზე მიუნიშნებენ. იდეალურ ქალაქში ტროტუარები მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ეკუთვნით. სხვანაირად არ შეიძლება რომ იყოს! ისევ უსაფრთხოებას თუ დავუბრუნდებით, საყოველთაოდ აღიარებულია ის, რომ ქალაქში ფეხით მოსიარულეების რაოდენობა გავლენას ახდენს ქალაქის უსაფრთხოების ხარისხზე. შესაბამისად, ჩემ იდეალურ ქალაქში მისი ცენტრალური მონაკვეთები პერიოდულად მთლიანად ფეხით მოსიარულეებს ეთმობათ. ისეთ სოციალურ ცხოველებს, როგორებიც ჩვენ ვართ, არ წყენს სიტუაციობრივად მრავალფეროვანი ურთიერთობები. ქალაქის მაცხოვრებელთა მგრძნობიარობა იმით ისაზღვრება, შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ქალაქში სეირნობისას ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა. ჩემ ქალაქში ერთმანეთისათვის თვალის არიდება უბრალოდ ცუდ ტონად ითვლება.

იმავე ქალაქს თანამედროვეობის და ისტორიულობის ბალანსირებული იერი აქვს. სხვათა შორის, მარტო არქიტეკტურას არ ვგულისხმობ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩემი ქალაქის მოსახლეობას არ ეშინია თამამი იდეების და მზადყოფნით არგებს ჯერ არგამოცდილ იდეებს ურბანულ ლანდშაფტს. ნებისმიერი ქალაქის სული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენერგეტიკა, მისი უნიკალურობა, ადგილობრივების  შემოქმედებითი მუხტის, ინტელექტის, მოთხოვნების, ემოციური ვიბრაციების დაბალანსებული ნაზავია, რომლის თავი და თავი ისაა, რომ იქაურებს მოსწონთ ის სივრცე, სადაც ცხოვრობენ და, მართალია არათანაბარი ძალისხმევით (გამომდინარე მოქალაქეების სოციალური მდგომარეობიდან და პროფესიული ინტერესებიდან), მაგრამ ინტენსიურად იღებენ მონაწილეობას ამ სივრცის გაუმჯობესებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი თანაბრად ახერხებდეს სატრანსპორტო და რეკრეაციული მონაკვეთების ბალანსირებულად გადანაწილებას და ერთმანეთისგან იზოლირებას. ჩემ იდეალურ ქალაქში ლამის ყველა საცხოვრებელ მიკროუბანს თავისი გამწვანებული ალაგი აქვს, სადაც კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობა. მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ცხოვრებაში. სრულყოფილი საჯარო-სატრანსპორტო სისტემა კი ისაა, როდესაც მანქანების მფლობელებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის სურვილი, - იმიტომ, რომ მოსახერხებელია და იმიტომაც, რომ ისინი მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ ი არიან და საშუალებას აძლევენ შემდგომ თაობებს არ დაკარგონ დრო წინა თაობების მიერ დატოვებული პრობლემების გადაწყვეტაში. ასეთი ქალაქი კი, როგორც ხვდებით, იდეალურია პირველ რიგში ბავშვებისათვის. თუ ქალაქი ახერხებს ბავშვებისათვის იდეალური პირობების შექმნას, იმ ქალაქს ყველა დანარჩენიც კარგად მოერგება. ალბათ ზედმეტია იმის ხსენებაც კი, რომ ჩემ ქალაქში ველოსიპედი ყველაზე სასურველი და საჭირო ტრანსპორტია.

სტატიკა ისაა, რაც ჩემი იდეალური ქალაქისათვის სრულიად უცხო ხილია. ქალაქი ქალაქი არაა, თუ ის მრავალფეროვან შემეცნებით, თუ გასართობ სიტუაციებს არ ქმნის ადგილობრივებისა და ჩამოსულებისათვის. ჯანმრთელ ქალაში მოსახლეობა დასაძინებლად საღამოს ცხრა საათზე არ უნდა ემზადებოდეს, ანუ, ქალაქი ქალაქი არაა, თუ ის კულტურული ცენტრი არაა. ის განსხვავებული აქტივობების შეთავაზების შესაძლებლობებით უნდა გამოირჩეოდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ეს აქტივობები სრულყოფილად და სავსედ წარიმართოს. 

ჩემ ქალაქში, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ის, სრულიად წარმოუდგენელია, რომ წყალთან (მდინარესთან, ტბასთან) მიახლოება არ იყოს შესაძლებელი; იმის გამო, რომ ვთქვათ, მდინარეა გაბინძურებული, ან ქალაქია ასე სულელურად დაგეგმარებული. წყალთან სიახლოვე, თუნდაც მცირე ხნით, ყველასთვის სასარგებლოა, ამიტომაც იდეალურ ქალაქში ყველა თუ არა, თითქმის ყველა გზა წყალთან უნდა მიდიოდეს, თუმცა ეს გზებიც ქალაქის ის შენაკადებია, რომლებიც თანაბრად ატარებენ ქალაქური ცხოვრების ძირითად ნიშნებს და თანაბრადვე ინაწილებენ იქაურობის უნიკალურ განწყობას. ჰო, და კიდევ ერთი რამ, შეუძლებელია, რომ ჩემ იდელურ ქალაქს არ ჰქონდეს ფართო ბულვარების ქსელი და ერთი დიდი, ყველასთვის საყვარელი პარკი, ძალიან დიდი პარკი, რომელიც დაუზარელად დაიტოვებს ხოლმე მოქალაქეების დაღლილობას და დაძაბულობას, სანაცვლოდ კი ჯანსაღი ენერგიით აავსებს მათ.

უსასრულოდ დიდხანს შემიძლია გავაგრძელო ასე... თუ ყველაფერ ამას ქალაქების შესახებ წაკითხულს, სხვების მიერ ნაფიქრალს თუ შემოთავაზებულს და ჩემს მიერ მოწონებულ ელემენტებს დავუმატებ, ვშიშობ, რომ მართლაც ვერასდროს დავამუხრუჭებ, ამიტომაც აქ მოვრჩები. როგორც ხედავთ, ამ ტექსტში ფსევდო მეცნიერული თუ ტვინის საჭყლეტი არაფერია. ეს უბრალოდ ერთი ადამიანის სურვილებია და ყველაფერი, რაც შემდგომში “ლიბერალისთვის” ამ რუბრიკაში დაიწერება მხოლოდ ასეთ იდეალური ქალაქზე “სწორებით” მოხდება. ადრე თუ გვიან ალბათ მართლაც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვინმე, ვინც ზემოდან გადახედავს თბილისს, იდეალურ ქალაქზე კი რა დაიწყებს ფიქრს, არამედ ღრმად ჩაისუნთქავს სუფთა ჰაერს და ნანახით კმაყოფილი, ღიღინ-ღიღინით ჩაუყვება ქალაქისკენ მიმავალ ბილიკს.               

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^