Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრიშნაიდები საქართველოში

12 სექტემბერი 2012

ინტერვიუ “კრიშნას ცნობიერების საზოგადოების” ხელმძღვანელთან ანთიმოზ ნაცვლიშვილთან

ბ-ნო ანთიმოზ, საქართველოში როდის გამოჩნდნენ კრიშნაიდები?

დაახლოებით 1982 წლიდან. კრიშნაიზმის პირველი მქადაგებელი საქართველოში იყო სოხუმელი ახალგაზრდა, ოთარ ნაჭყებია (ინიციაციისეული სახელით ამბარიშ პრაბჰუ), რომელიც სოხუმში ერთ რუს კრიშნაიდს შეხვდა და მისგან გაიგო ამ რელიგიური მოძღვრების შესახებ. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ გულით მიეღო ეს ყველაფერი და თავის სახლში შექმნა შეკრების ადგილი. ის 1998 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. 1984-იან წლებში თბილისშიც გადმოდის ეს მოძრაობა...  2001 წლიდან ვხელმძღვანელობ კრიშნაიტულ თემს. გვქონდა საკრებულო აჭარაშიც, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. მთლიანობაში 100 კაცამდე ვიქნებით საქართველოში. სხვათა შორის, ავჭალაში მდებარე ჩვენს ტაძარში ინდოელებიც დადიან, რომლებიც საქართველოში (ძირითადად, თბილისსა და რუსთავში) სხვადასხვა მიზნით იმყოფებიან - ზოგი სასწავლებლად, ზოგიც სამუშაოდ. მათ შორის არიან სხვადასხვა ინდუისტური აღმსარებლობისანი - შივაიტები, სინქჰები, სხვადასხვა ბრაჰმანული კასტის მიმდევრები... საქმე იმაშია, რომ ინდუიზმის ყველა მიმდინარეობა აღიარებს და თაყვანს სცემს კრიშნას. კვირაობით ისინი ჩვენს ტაძარში ესწრებიან ღვთისმსახურებას, რის შემდეგაც ვუმასპინძლდებით.

თქვენ თავად რა სტატუსი გაქვთ კრიშნაიდურ თემში? ვიცი, რომ ღვთისმსახურების ჩატარების უფლება გაქვთ... შეიძლება თქვენი მოხსენიება გურუდ?

არა, მე გურუ არ ვარ. საქართველოში არავინ არის გურუ. საერთოდ, ჩვენთან ზოგჯერ ჩამოდის ხოლმე პერიოდულად სხვადასხვა გურუ სხვადასხვა ქვეყნიდან... მე უბრალოდ ამ ტაძრის წინამძღვარი ვარ. გარდა ამისა, ადმინისტრატორული ფუნქციებიც მაქვს. აქ ჩემს გარდა 5-6 ადამიანი ატარებს ღვთისმსახურებას, რომელთა შორის ქალებიც არიან.

შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რელიგიური მიმდინარეობებისგან განსხვავებით, კრიშნაიდურ თემში ე. წ. გენდერული თანასწორობა ამ კუთხით დაცულია?

ზოგადად ვედური სიბრძნის მიხედვით ქალის სტატუსი მამაკაცისაზე დაბალია, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება მანამდე არსებობს, სანამ ცნობიერება მატერიალური გაქვს. ადამიანისთვის რომელიც წმინდა ცხოვრებით ანუ სულიერად ცხოვრობს, ამგვარი სქესობრივი განსხვავება არ არსებობს, რადგან სულს სქესი არ აქვს. სწორედ ამიტომ ინდოეთში რელიგიურ ლიდერთა შორის ქალებიც გვხვდებიან.

მაინტერესებს თქვენ თავად რამ მიგიზიდათ კრიშნაიდულ მოძრაობაში, როგორ გახდით კრიშნაიდი?

ვიყავი ჩვეულებრივი ტრადიციული საბჭოთა ეპოქის ქრისტიანი, დავდიოდი ეკლესიაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ სრულიად სხვა რელიგიაში დავინახე ჩემი მოწოდება... საერთოდ, ოთხი სახის ადამიანი მოდის რელიგიაში: 1) ისინი ვინც იტანჯებიან;  2) ანგარებით, ანუ ვისაც სახელისა და სიმდიდრის მოპოვება სურთ 

3) ცნობისმოყვარენი და  4)  ვისაც ჭეშმარიტების გაგება უნდათ. თავდაპირველად მე ცნობისმოყვარეობის გამო მოვედი რელიგიაში... მეგობრის სახლში ვნახე „ბჰაგავად-გიტა“ რუსულ ენაზე. დავიწყე მისი კითხვა და ძალიან დამაინტერესა. პარალელურად მქონდა ურთიერთობა კრიშნაიტებთან. შევამჩნიე, რომ ზოგადი რელიგიური ინერტულობის ფონზე, ისინი ენთუზიაზმითა და შემართებით იყვნენ აღსავსე, რაც ძალიან გადამდებია. ეს იყო 1988 წელი, როცა თბილისში იწყებოდა საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები, სამოქალაქო ომი ჯერ არ იყო დაწყებული, მოკლედ სრული ქაოსი სუფევდა. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც იმის აღმოჩენა იყო, რომ ეს ხალხი ისე ცხოვრობდა, როგორც ლაპარაკობდა, ანუ მათი სიტყვა და საქმე არ განსხვავდებოდა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. იყო ასევე „უცხო ხილის“ ფაქტორიც. იმ დროს კრიშნაიზმი დიდი სიახლე იყო ქართულ ყოფაში და ამანაც თავისი როლი ითამაშა. მოკლედ ასე გავხდი კრიშნას ერთგული. ჩემი ინიციაციისეული სახელია „ბჰაქტი-ბუშანა დას“. 

თქვენი საზოგადოება იმავდროულად „თბილისის ვედური კულტურის ცენტრადაც“ მოიხსენიება...

დიახ, მართალი ბრძანდებით. ჩვენ ვედური ცოდნის პოპულარიზაციასაც ვცდილობთ. კრიშნაიზმის ბიბლია - „ბჰაგავადგიტაც“ ხომ ვედური სიბრძნის ნაწილია? ამ სიბრძნის მიხედვით კრიშნა ანუ ვიშნუ არის უზენაესი ღვთაება, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებს ანაწილებს სხვა ღვთაებებს შორის. მაგ., ბრაჰმას ფუნქციაა შექმნა, ის კრიშნას დავალებით ქმნის სამყაროს და სხვადასხვა ღვთაებებს. ვიშნუ, იგივე კრიშნა ამ ყველაფერს აკონტროლებს. აშენება ადვილია, მისი შენარჩუნება კი რთული. შივას ფუნქცია კი გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველივე შექმნილის განადგურებაა. ეს შექმნისა და განადგურების ციკლი უსასრულოდ გრძელდება.

როგორია კრიშნაიზმის კულტი?

ჩვენი ღვთისმსახურება გულისხმობს გალობას სხვადასხვა ინსტრუმენტზე. ვკითხულობთ და განვმარტავთ „ბჰაგავად-გიტას“ და სხვა წმინდა წერილებს. როგორიცაა: „შრიმად-ბჰაგავატამი“,  „ჩაიტანია ჩარიტამრიტა“ და ა.შ.. ჩვენი ღვთისმსახურების აუცილებელი ნაწილია ასევე კრიშნას გამოსახულებისადმი პატივის მიგება. ჩვენ მას  ვემსახურებით როგორც პიროვნებას, ვინაიდან კრიშნას გამოსახულება არ განსხვავდება თავად კრიშნასგან, ამიტომ დამოკიდებულება მისი ქანდაკებისადმი იგივეა, როგორც თავად კრიშნასადმი - სიყვარულით აღსავსე და მოკრძალებული. ვინაიდან კრიშნა პიროვნებაა, ჩვენ მასთან ისეთივე ურთიერთობაში ვართ, როგორც სხვა პიროვნებებთან: ვესიყვარულებით, შეძლებისდაგვარად გამოვხატავთ პატივისცემას და ა.შ. მაგ., თეფშზე ვდებთ განსაკუთრებული სანიტარული ნორმების დაცვით მომზადებულ საკვებს და კრიშნას გამოსახულების წინაშე ვათავსებთ. 15-20 წუთის შემდეგ მას ვიღებთ და ვაბრუნებთ დიდ ქვაბში, რომელსაც „პრასადის“ ქვაბი ეწოდება, რაც ნიშნავს წყალობას. შემდეგ ამ საკვებს გავცემთ მათზე, ვისაც სჭირდება. ჩვენც იმავე საკვებით ვიკვებებით. მაგ., არ გვაქვს უფლება ხიდან ნაყოფი მოვწყვიტოთ და შევჭამოთ, ეს ქურდობად მიგვაჩნია, რადგან ყველაფერი უფალს ეკუთვნის. როცა აიღებ ან მოწყვეტ რაღაცას, მადლობა უთხარი უფალს და ისე მიირთვი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიური თაყვანისცემის ასეთი, მე ვიტყოდი ნაივური ფორმა, შეიძლება დაბრკოლების ლოდი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც კრიშნაიზმი აინტერესებს და ამ რელიგიისადმი გარკვეული სიმპათიები აქვს (ვგულისხმობ კრიშნას ქანდაკების დაბანას, მის დაძინება-გაღვიძებას და სხვ.)?

კრიშნას ქანდაკება არაკრიშნაიტისთვის არის მხოლოდ ქანდაკება, ჩემთვის კი ის თავად ღვთაება კრიშნაა და როდესაც მატერიალურ საკვებს ვთავაზობთ ღვთაებას, სინამდვილეში მას ჩვენს სიყვარულს ვთავაზობთ, თორემ ღმერთს არც ჩვენი საკვები სჭირდება და არც დაძინება. კრიშნაიტური თემის წევრი ემორჩილება იმ წესებს, რომელიც ყველასათვის სავალდებულოდ მიიჩნევა და თუ ადამიანი ვერ ჩაეწერება ამ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად მოხდება მისი განშორება თემისგან. 

რას გულისხმობს ეს მოთხოვნები?

მაგალითად, ჩვენ არ ვეწევით, არ ვსვამთ, აკრძალულია ჩაი, ყავა, შოკოლადის მიღება, აზარტული თამაშები, მრუშობა. ამ უკანასკნელში ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქორწინების გარეთ ან ქორწინებამდე სექსს, არამედ თავად ქორწინებაშიც საკმაოდ შეზღუდულ და მოკრძალებულ სქესობრივ ურთიერთობასაც. ასე რომ, საკმაოდ მკაცრი ასკეტური მოთხოვნები გვაქვს. სექსი არის გამრავლების და არა სიამოვნების საშუალება. ეს აქტი ყველაზე ძლიერი იმპულსია, რომელსაც შეუძლია ადამიანი სხეულს მიაჯაჭვოს. სინამდვილეში კი ჩვენ სულები ვართ და არა სხეულები. ამიტომ სექსის მიზანი მხოლოდ ბავშვის გაჩენა უნდა იყოს. ზოგადად ყველა სახის სიამოვნება, თუნდაც ნაყროვანება, ხომ ყველა რელიგიაში ცოდვად ითვლება? მიწიერი განცხრომისადმი სწრაფვა ადამიანს აკნინებს, ამდაბლებს. 

როგორი სახისაა მარხვა კრიშნაიზმში? 

ჩვენთან მარხვისთვის განკუთვნილი მხოლოდ გარკვეული დღეებია თვეში სამჯერ ან ორჯერ. ეს უკავშირდება ახალმთვარობის დღეებს. გვაქვს სრული მარხვები: 24 საათის განმავლობაში არც საკვებს ვიღებთ და არც წყალს ვსვამთ. ვისაც არ შეუძლია სრული მარხვის დაცვა, მას წყლის დალევის უფლება აქვს. ზოგადად ჩვენ ვეგეტარიანელები ვართ და მკვლელობის პროდუქტს - ხორცს არ ვჭამთ. თუმცა რძის პროდუქტებს ვიღებთ. ლოცვებს რაც შეეხება, ჩვენთან მთავარი ლოცვაა „ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა, კრიშნა ჰარე ჰარე. ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა ჰარე რამა“. ასეთია ჩვენი მანტრა. მანტრა ნიშნავს „ჭკუისგან გათავისუფლებას“ (მან - ჭკუა , ტრა - გათავისუფლება). სიტყვა „ჭკუა“ ვედური მოძღვრების მიხედვით, ვნებებს განაგებს და ეს სიტყვა მისი სინონიმიცაა. ჭკუა გონებაზე დაბლა დგას. ლოცვაში ფიგურირებს სახელები „კრიშნა“, „რამა“ და „ჰარე“. ეს არის სამი სახელი, რომლითაც სხვადასხვა ეპოქაში იხსენიებოდა ერთიდაიგივე ღვთაება - კრიშნა. 

როგორია კრიშნაიტების დამოკიდებულება სხვა რელიგიებისადმი?

ჩვენი სულიერი მოძღვარი ამბობს: „თუ დაინახავ, რომ ადამიანს სასულიერო პირის სამოსი აცვია, რომელი რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ქედი მოიხარე მის წინაშე“. დამოკიდებულება ღვთისმსახურისადმი ძალიან ამაღლებული გვაქვს. უზენაესი უფალი ერთია. კრიშნას მიმდევრებს არ გვყავს ღმერთების პანთეონი, როგორც ეს წარმართულ რომში იყო. ამრიგად, ვიღაც შეიძლება გარკვეული სახით და რიტუალებით მიდის ღმერთისკენ. სხვა კი სხვა გზით ემსახურება უფალს და სხვა სახელს უწოდებს მას. სინამდვილეში კი ყველა ერთ ღმერთს  სცემს თაყვანს.

სოციალური მსახურება თუ აქვს თქვენს თემს?

1990-იან წლებში ჩვენ ოთხი უფასო სასადილო გვქონდა გახსნილი თბილისში, მათ შორის, ვაკეში, ყოფილი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც პროფესორ-მასწავლებლებს ვკვებავდით. ამ დაწესებულებაში სწორედ მე ვხელმძღვანელობდი ამ საქმეს. ინსტიტუტის რექტორმა გადმოგვცა სამზარეულო, რომელიც გავასუფთავეთ და ყველანაირად მოვაწესრიგეთ. იქ ჩვენ ყველაფერს უანგაროდ ვაკეთებდით, იქნებოდა ეს პროდუქტებით მომარაგება, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის დარეცხვა და სხვა.  არსებობს ასეთი კრიშნაიდური ორგანიზაცია “Food for Life”, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანების გამოკვებაზე ზრუნავს. სწორედ მათი დახმარებით ვაკეთებდით ამ ყველაფერს. დღეს უსახსრობის გამო ვეღარ ვანხორციელებთ ასეთ კეთილშობილურ საქმიანობას

და ჩვენი ერთადერთი სოციალური მსახურება არის კვირის პრასადის (მოწყალების) გაცემა ნებისმიერი მომსვლელისთვის.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^