Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალვის ხეებში შრიალებს ევა...

09 დეკემბერი 2016

ფესტივალი "საჩუქარი" - მოკლე სიით და უფრო ხანგრძლივი ვნებებით

შეგვეძლო, მაჟორულად დაგვეწყო და გვეთქვა, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ წელს მოკრძალებულ იუბილეს აღნიშნავს; მას დაარსებიდან თხუთმეტი წელი შეუსრულდა! 2008-2012 წლებში ფესტივალი გაურკვეველი (უფრო ზუსტად, კარგად გარკვეული) მიზეზებით არ გამართულა; ხოლო უკვე არჩევნების შემდეგ, 2013 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტლებით, ისევ აღდგა და ყოველწლიური გახდა.

მართალია, წლევანდელი საფესტივალო განწყობა ცოტათი ოქტომბრის საარჩევნო-პოლიტიკურმა „ნევროზებმა“ გააფუჭა, მაგრამ ოპერისა და ბალეტის თეატრში ისეთი საზეიმო, ვნებიანი და შთამბეჭდავი ფლამენკოთი გაიხსნა, რომ მაყურებელი დაახლოებით ორ საათის განმავლობაში სრული არტსარეაბილიტაციო კურსის გავლასაც კი მოასწრებდა.

ესპანელი მოცეკვავე, მსახიობი და ქორეოგრაფი, 1970 წელს ფრანკფურტში დაბადებული და გრანადაში მცხოვრები ევა მარია გარიდო (შემდგომში ევა ერბაბუენა) თანამედროვე ცეკვის, ბალეტისა და უპირველეს ყოვლისა, ფლამენკოს გამორჩეული შემსრულებელია. სპექტაკლში სახელწოდებით „წვიმა“, ის პუბლიკას, მართლაც, შემოდგომის ნიაღვარივით ატყდება თავს და სხვა მოცეკვავეებთან, მუსიკოსებსა და მომღერლებთან ერთად, დიდ არტისტულ თამაშში, ჯადოსნობაში, ვნებასა თუ გრძნობებში ითრევს მაყურებელს. ეს ყველაფერი კარგად არის გაზავებული მარტოობისა და მელანქოლიის შეგრძნებებსა და რაღაცანაირ, თავშეკავებულ- არტისტულ გახელებასთან.

"წვიმა". რეჟისორი და ქორეოგრაფი ევა ერბაბუენა.

ევა ერბაბუენას ცეკვა აღსარებას ჰგავს, რომელსაც ის დიდი ვნებათაღელვითა და ინტიმური სიფაქიზით გაგვანდობს. იშვიათია, თავშეკავებული ტკივილი და სიკვდილი ისე გადმოსცეს ვინმემ, როგორც ამას ფლამენკოს აღიარებული მოცეკვავე ახერხებს. ლოგიკურია, რომ მაყურებელს უფრო ხელშესახები, გასაგები ტრაგიზმის შეგრძნება სურს, რომელიც ესპანური პოეზიით, ან გარსია ლორკას  „დუენდეთი“ იქნება შთაგონებული... და ეს შეგრძნებაც, ლორკაც და სცენაზე დანთებული ცეცხლიც იმ დიდი ტრაგიკული პოეზიის დასტურია, რაც მაყურებლამდე ცხადად აღწევს და რაც ესპანური კულტურის არქეტიპს შეადგენს.

ევას პირველივე გამოჩენა ჩაბნელებულ დარბაზში, წითელ სამოსში და შემდეგ ფინალში, მისი გაუჩინარება  სიჩუმესა და ასევე „სიწითლეში“, მყისიერ საპასუხო რეაქციასა და ოვაციას იწვევს დარბაზში! შემთხვევითი არ არის, რომ ის სამხრეთ-ესპანური ცეკვის, ფლამენკოს აღიარებული ოსტატია და პირველი ესპანელი შემსრულებელია,რომელმაც სიდნეის ოპერის თეატრის სცენაზე იცეკვა.

ევა ერბაბუენას სახელი ასევე მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ცეკვისა და ქორეოგრაფიის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან პინა ბაუში და მიხეილ  ბარიშნიკოვი. ევა ერბაბუენას უკვე დიდი ხანია, თავისი საცეკვავო ჯგუფი ჰყავს - ფლამენკოს ბალეტი, რომელთან ერთადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული მონაწილეობს ფესტივალებსა და გასტროლებზე. ფესტივალის გახსნის საღამოს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ ევა ერბაბუენა დააჯილდოვა პრიზით „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“ (ეს არის  მიხეილ თუმანიშვილის სკულპტურის პატარა ასლი, რომლის ავტორია არქიტექტორი გია ჯაფარიძე).

სამაგიეროდ, ფესტივალ „საჩუქარსა“ და თუმანიშვილის პრიზს, კარგა ხანია, შეჩვეულია ცნობილი ლიტველი რეჟისორი, მოსკოვის, ვახტანგოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რიმას ტუმინასი. რუსული კლასიკის წარმატებით მოთვინიერების შემდეგ (ჩეხოვის „ძია ვანია“ ორი წლის წინანდელ ფესტივალზე) და (პუშკინის „ევგენი ონეგინი“ გასულ წელს), ახლა უკვე ფრანგული აბსურდული ვიდევილი ვიხილეთ.

თანამედროვე ფრანგი დრამატურგის, ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით, რიმას ტუმინასმა სპექტაკლი „ალვის ხეებში ქარი შრიალებს“ ვახტანგოვის თეატრში რამდენიმე წლის წონ დადგა. მთავარ როლებს ცნობილი რუსი მსახიობები: ვლადიმერ სიმონოვი, ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი და მაქსიმ სუხანოვი თამაშობენ (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ).

ცხოვრების ბოლო წლებს პირველ და მეორე მსოფლიო ომგამოვლილი (!)  მოხუცები თავშესაფარში ატარებენ. თანაგრძნობისგან სრულიად დაცლილ სამყაროში, მარტოსულები და მივიწყებულები, ცდილობენ, შეინარჩუნონ ურთიერთობები, იუმორი, ერთმანეთისადმი სიყვარული... თუმცა თავიდანვე გასაგებია, რომ ეს უკანასკნელი ძალიან ძვირადღირებული და მიუღწეველი სიამოვნებაა.

"ალვის ხეებში ქარი შრიალებს". რეჟისორი რიმას ტუმინასი.

არცთუ შორეული ალვის ხეები, რომლებსაც მოხუცები თავშესაფრის ტერასიდან ყოველ დღე ხედავენ, თავისუფლების ერთგვარი მეტაფორაა და მათი ფიზიკურ-მეტაფიზიკური საზღვარიც. ირონიული დიალოგებით დახუნძლული, სამსაათიანი წარმოდგენის განმავლობაში მოხუცები სწორედ ამ საზღვრის გადალახვისთვის, ანუ თავისუფლებისთვის ემზადებიან: დიდი კამათის შემდეგ სამეული სასოწარკვეთილებისგან იმ გორაკზე გაქცევას გადაწყვეტს, სადაც ალვის ხეები შრიალებს. მაგრამ სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ მოხდება...

მეორე, უფრო კარგი პიესის ენით რომ ვთქვათ, სინამდვილეში მოხუცების თამაში უფრო „სიკვდილის როკვას“ ჰგავს, რომელსაც უბრალოდ, დახვეწილი ფრანგული კოსტიუმი მოსავს. სამივე პერსონაჟის - გუსტავის, ფერნანისა და რენეს გაქცევა ალვის ხეებისკენ, ანუ თავისუფლებისაკენ, სინამდვილეში, სწორედ სიგიჟისა და სიკვდილისკენ ლტოლვაა.

შეიძლება ითქვას, რომ სიბლეირასის პიესა თან ინტელექტუალურია და თან ბულვარულიც (ვითომ ბეკეტი და იქვე ნილ საიმონი). ცხადად იგრძნობა ისიც, რომ პიესა დაწერილია სამი ასაკოვანი მამაკაცი-მსახიობისათვის, რომელთაც ერთად გაბრწყინება თუ არა, ერთად კარგად და ფეხაწყობილად თამაში მოეთხოვებათ. თუმცა მთელი ეს პირობითობა საგანგებოდ იმსხვრევა კარგი რეჟისორის შემთხვევაში.

და მართლაც, რიმას ტუმინასი ამ პიესაში ახერხებს თავისი სანაქებო თუ საფირმო „სცენური მეტაფიზიკა“ ფიზიკად არ დაშალოს და დაანაწევროს, ხოლო ფინალურ სცენას (როცა ამოძრავდება ძაღლის სკულპტურა,  პიუპიტრებიდან გადმოცვივდება ნოტები, ქარი ალვის ხეებს ისევ ააშიალებს და მოხუცები გიგანტურ თეთრ ეკრანს, ანუ უსასრულო სივრცეს ჩააშტერდებიან) ის მაშტაბი შესძინოს, რაც მის კლასიკურ დადგმებში ასე აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ფესტივალმა „საჩუქარმა“ პროგრამაში  „ფოკუსშია იტალია“ წარმოადგინა  A.თ.I.ღ თეატრო ღინგჰიერა-ს (დამოუკიდებელი კვლევის თეატრალური ასოციაცია) გახმაურებული თეატრალური პროექტი „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“. შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორმა სერენა სინიგალიამ ედუარდო ერბას მართლაც საოცარ, პოლიფინიურ ტექსტსა და პერსონაჟებს დღევანდელი იტალიის მომცრო აპოკალიფსურ-კალეიდოსკოპური ფორმა მოარგო.

„იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“. რეჟისორი სერენა სინიგალია.

ეს უბრალო, შეუმჩნეველი, სასაცილო, ხარბი, საბრალო და არაფრით გამორჩეული პერსონაჟები ოცდამეერთე საუკუნის ურბანულ ყოფას აშკარად აღარ შეესაბამებიან. ისინი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნეორეალისტური იტალიური ფილმების კარიკატურებად იქცნენ, რადგან ნამდვილი გრძნობები კარგა ხანია გაცვითეს და გაანადგურეს. რაიმე სიახლის შექმნა კი აღარ შეუძლიათ.

წარმოდგენის განმავლობაში ყველა მსახიობი: ბეატრიჩე სკიროსი, მარია პილარ პერეს ასპა, სტეფანო ორლანდი, მატია ფაბრისი, სანდრა ცოკოლანი და კიარა სტოპა, თითქოს თუმანიშვილის თეატრის ავანსცენის ხელის გულზეა. მათი თამაშის მანერა, სახეები, ემოციური ბუნება თუ ფსიქოფიზიკური მონაცემები მაინც განუწყვეტლივ გაბრუნებთ წარსულსა და ნეორეალიზმის არქეტიპებთან. და თვალნათლივ გახსენდებათ ჩეზარე ძავატინის, რობერტო როსელინის, ვიტორიო დე სიკას, ეტორე სკოლასა და სხვათა ფილმები.

სცენური სივრცე სრულიად თავისუფალია და შემოსაზღვრული მხოლოდ დიდი სარკე-კედლით. ეს შესაძლოა სპორტული დარბაზიც იყოს, მოსაცდელიც, საძინებელიც, საშხაპეც, ოფისიც, ჰოლიც. უცნაურია, რომ მსახიობთა ლამის ავტომატიზმამდე მიყვანილი სწრაფი მეტყველებისა (ამის გამო, საერთოდ ვეღარ აღიქმება ტიტრები ეკრანზე და ალბათ, მომავალში ჯობია სინქრონული თარგმანი)   და ჰიპერბოლურ-გროტესკული თამაშის მიუხედავად, არ გრჩებათ  შთაბეჭდილება, რომ ისინი ზედმეტად და გადაჭარბებულად ირჯებიან. ამ უბრალო ადამიანების ისტორიებს, რომლებსაც რომანებისა და ფილმების მიხედვით, ან ჩვენი საკუთარი „იტალიური ეზოების“ გამოცდილებით ვიცნობდით, რეჟისორი ნამსხვრევებივით, ერთ კალეიდოსკოპურ  მთლიანობად კრებს.

სხვათა შორის, უცხო ადამიანების ცხოვრების ეპიზოდებზე დაკვირვება საინტერესოა: ჯერ შევცბებით და ვიბნევით ხოლმე, მერე ვეჩვევით, შემდეგ თანავუგრძნობთ, ბოლოს კი, ჩავერევით და ვკიცხავთ...  დაახლოებით ამ გზას გავდივართ, რეჟისორ სერენა სინიგალიასთან ერთად, როდესაც მის წარმოდგენას „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“ ვუყურებთ. ეს რაღაცით თავისუფლებას ჰგავს, მაგრამ ამავე დროს - უხერხულობასა და სასჯელსაც. ისე კი, ნამდვილად საინტერესო იქნება ამ რეჟისორის თანამედროვე თუ კლასიკური საოპერო დადგმები.

P.შ. და ვიდრე ოქტომბრის უცხოური საფესტივალო სპექტაკლების მოკლე სია ამოწურულა  (ხანგრძლივი ვნებებით), იმასაც დავძენთ, რომ ნოემბერში წარმოდგენილი იქნება: რეჟისორ დიმიტრი კრიმოვის უსიტყვო პერფორმანსი „დემონი, ხედი ზემოდან“; ბერლინის „ფოლკსბიუნეს“ სრულიად უჩვეულო წარმოდგენა „მორმელ, მორმელ“ (დრამატურგი დიტერ როტი, რეჟისორი ჰერბერტ ფრიტჩი) და კიდევ ერთი საინტერესო, უფრო ზუსტად ბრუტალური თეატრალური პროექტი იტალიიდან „მედეა-მასალა“ (ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით), თუმცა ამის შესახებ დეტალურად უკვე „ლიბერალის“ ვებგვერდზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^