15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე ბიომეტრიული პასპორტის აღება მოსახლეობას ნახევარ ფასში - 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად შეეძლება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა.
ამავე პერიოდში კი უწყების განმარტებით, პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება.
„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ტურიზმისა და განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.
4 წლის განმავლობაში პასპორტის საშეღავათო პირობებით გაცემის მიზნით აქცია უკვე მეორედ ცხადდება.