გამომივიდა ორსათაურიანი ფილმივით „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი”. არადა, მომწონს ლამაზად დაწერილი პოსტების კითხვა, მე ეს არ მეხერხება, თუმცა ამ ჯერზე გავბედავ და შევეცდები. ეს იქნება ჩემი პირველი, როგორც მე ვეძახი, ბლოგურ-პოსტური არააკადემიური ენით ფრიად აქტუალურ თემაზე გაკეთებული ჩანაწერი.
თანდათან ტემპერატურა მატულობს! ვფიქრობ საინტერესო ფაზაში შევდივართ. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება დეკრიმინალიზაციის გარშემო და, რაც მთავარია, მეტი და მეტი ადამიანი სვამს ამ კითხვებს, აზრიანად კითხულობენ ინფორმაციას და ავად თუ კარგად რაღაცას მაინც იგებენ. ზოგადად ვცდილობ არ შევეხოთ ხოლმე ნარკოპოლიტიკას, მაგრამ თურმე სხვანაირად არ გამოდის - თუ შენ არ მიდიხარ მასთან, ის თავად მოგიკაკუნებს კარზე. ამიტომაც გადავწყვიტე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ხშირად დასმული კითხვისთვის შეძლებისდაგვარად გამეცა პასუხი.
მაშ ასე, კითხვა #1: რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია და რით განსხვავდება ის ლეგალიზაციისგან? დეკრიმინალიზაცია არის პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ანუ ადამიანურად ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ წავა ციხეში ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მოხმარების ლეგალიზაცია კი ნიშნავს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, პირს სპეციალიზებულ „მაღაზიაში” ნარკოტიკის შეძენა შეეძლება.
კითხვა #2: რას ითხოვენ დღეს აქტივისტები? აქტივისტები ითხოვენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და მცირე ოდენობების განსაზღვრას. ანუ იმის გამო, რომ ადამიანს მოხმარებული აქვს ნარკოტიკი და ჯიბეში საკუთარი მოხმარებისთვის კიდევ ერთი დოზა აქვს, არ გაეკიდებიან და არ მოსთხოვენ შარდის ჩაბარებას, არ დაიწყება მასზე სისხლისსამართლებრივი დევნა, არ ჩასვამენ ციხეში. დაგდებული ნახმარი შპრიცის გამო, რომლის განარეცხ წყალში 0.00000098 გრამი ჰეროინის კვალი იპოვეს, 7 წლით ციხეში არ გაუშვებენ. არ გადაივსება ციხეები, მაგრამ გაყიდვის ფაქტზე კანონის უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული და პირი დაისჯება გასაღებისთვის და არა მოხმარებისთვის.
კითხვა #3: რას მოგვიტანს დეკრიმინალიზაცია? რატომ დღეს? დეკრიმინალიზაცია დღეს! რადგან უკვე აღარ გვაქვს სხვა გზა და არჩევანი. საკმაოდ ბევრი დრო დავკარგეთ, დიახ დავკარგეთ ამ მოზომილობასა და იდეოლოგიურ ფიქრში. ამასობაში კი აივ-ინფექცია გაგვექცა და საქართველო მსოფლიოში 9 ქვეყანათაგან ერთ-ერთია, სადაც აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ასე ხდება „მეზობელ” რუსეთშიც. ის ამ 9 ქვეყანათაგან მოწინავეა ყველაზე საშიში სტატისტიკით: ყოველ 7 წუთში ერთხელ ახალი აივ-ინფექციის დიაგნოზი ისმევა. რუსეთი ვერ უზრუნველყოფს აივ-ინფექციის მკურნალობას, იმიტომ, რომ არ სურს „სხვისი წამლებით” მკურნალობა, არ უნდა ამაში ფულის დახარჯვა. რატომ გაამდიდროს „სხვა”. არ ნერგავს ჩანაცვლებით თერაპიას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ახალი შემთხვევების მატების ტენდენციას, რადგან ჯიუტად იმეორებს რომ არ „შესვამს” თავის მოქალაქეებს მეტადონზე. ამასობაში კი ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობის 1/3. ეს არ არის კარგი როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩვენთვის. გვინდა არგვინდა ის ჩვენი მოუშორებელი „მეზობელია”, გვაქვს მისვლა-მოსვლა და ამასობაში გვსურს თუ არ გვსურს, კაი „სიკეთეებსაც გვჩუქნის” სხვა „სიკეთეებთან” ერთად. დეკრიმინალიზაცია გამოაჩენს პრობლემის მასშტაბურობას. ის ხალხი, ვინც დღეს იმალება, ექიმთან არ მიდის და პოლიციის შიშით ტესტირებებს არ იტარებს, გამოჩნდებიან, ჩაიტარებენ ტესტირებას, მიაკითხავენ ექიმს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია. პრობლემის გამოჩენასთან ერთად შევძლებთ, სწორად და საჭირო რაოდენობით დავგეგმოთ ყველა პრევენციული, სამკურნალო თუ სარეაბილიტაციო ღონისძიება. ციხეში აღარ წავლენ ადამიანები, არ გადაივსება ციხეები, არ დაიხარჯება მილიონები მათ ციხეში შენახვასა და პოლიციურ დევნაზე, რომელიც სხვა ბევრად უკეთესი, ჰუმანური მიზნებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
კითხვა #4: რა შედეგი დადგება, თუ არ მოხდა დეკრიმინალიზაცია? ისევ ვიქნებით 9 ქვეყანათაგან ერთ-ერთი მზარდი აივ-ინფექციით; გრანდიოზული C ჰეპატიტის პროგრამა, რომელშიც ჩვენი თუ გილეადის კოლოსალური თანხები იხარჯება, წყალში ჩაიყრება (რადგანC ჰეპატიტისგან განკურნება არ ნიშნავს იმუნიტეტის შეძენას, შესაძლოა განმეორებით დაინფიცირება). ვერ დაინერგება ახალი ან სათანადოდ ვერ იფუნქციონირებს არსებული აივ-ინფექციის პრევენციული - ზიანის შემცირების პროგრამები (რომელიც დასაბუთებულია, რომ ორჯერ ამცირებს აივ-ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობას), მეტადონის პროგრამები. ვერ გამოვლინდება ინფიცირების ახალი შემთხვევები, რაც ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს. გვექნება მეტი ნაადრევი სიკვდილი, გვეყოლება ბევრი პატიმარი (საშუალოდ მათი 30% ნარკოტიკების მომხმარებელი, თუ მეტი არა), მათი გაუბედურებული ოჯახები, რომლებიც ისევ გადაიხდიან ათიათასობით ჯარიმისა და გირაოს თანხებს, ჩადებენ ბინას ოჯახის წევრის საშველად, დარჩებიან ქუჩაში. ან კიდევ - არ ან ვერ ჩადებენ იმიტომ, რომ არ აქვთ რაიმე ჩასადები და პირი სასჯელს მოიხდის. რომ გამოვა ჩვენ ისევ არ ვიქნებით მზად მის მისაღებად, რადგან ვერც სამსახურს შევთავაზებთ, ვერც რეაბილიტაციის კურსს გავატარებთ, ვერც ვერაფრით დავეხმარებით; ხელი შეეშლება მომავალი ცხოვრების თავიდან დაწყებაში.
კითხვა #5: ახალგაზრდები ხომ უნდა გავანათლოთ? დიახ ახალგაზრდებიც და ყველაც! განათლება არავისთვისაა ზედმეტი, მით უფრო ექსპერიმენტატორი ასაკის თაობისთვის. უნდა გავანათლოთ სწორი ინფორმაციის და არა დემონიზებული და შეთხზული მითების საფუძველზე - ვაიმე დედა ეს საშიშია. უნდა ავუხსნათ, რატომ არის საშიში, რა შეიძლება მოჰყვეს, რატომ მოიხმარს ხალხი, რას ნიშნავს კაიფი, დიახ ესეც უნდა ავუხსნათ და ისიც ავუხსნათ, რის დათმობა მოუწევს მის სანაცვლოდ. ახალგაზრდები ჩვენზე უკეთ „დაფრინავენ” ინტერნეტში და ეძებენ სათანადო ინფორმაციას. ასე რომ, ანდაზა რასაც იქით ვასწავლით ხოლმე - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ბუმერანგივით მოგვიბრუნდება.
კითხვა #6: ეს ხომ თავად დაიმართა და რატომ უნდა ვუმკურნალოთ? მართალია, მან მიიღო გადაწყვეტილება მოიხმაროს ნარკოტიკი, თუმცა რამდენად გააზრებულად ან გაუაზრებლად, ეს უკვე განათლებისა და შეგნების საკითხია. თუ ახალგაზრდას დროულად მივცემთ განათლებას, ის ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მთელი პასუხისმგებლობა მასზე იქნება. დავუფიქრდეთ ერთი წუთით, რამდენ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ ცხოვრებაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამისთვის ვისჯებოდეთ. რამდენი რამ უკავშირდება ჩვენს არასწორ ქცევას - სიგარეტის მოწევა, ზედმეტი ტკბილის მირთმევა, ადინამია - უმოძრაობა, არაჯანსაღი სწრაფი კვება და ა.შ. ყოველთვის მეგონა, რომ ადამიანები ცხოველებისგან გონებით განვსხვავდებოდით. თურმე არა! შვილმა მასწავლა - ბოლოდროინდელი მიგნებების თანხმად თურმე ადამიანი ცხოველისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ საკვებს ამზადებსო. ეჰ, არადა, როგორ მინდოდა ადამიანი ცხოველზე გონიერი ყოფილიყო.
ავტორი: ირმა კირთაძე, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი.