რაბათის ციხის რეკონსტრუქციას ახალციხის რაიონში მდებარე რამდენიმე ისტორიული მეჩეთი შეეწირა. ადგილობრივი მოსახლეობა შიშით გვიყვება იმის შესახებ, რომ ისტორიული ნაგებობები ჯერ დაშალეს, ხოლო ქვები რაბათის ასაშენებლად გამოიყენეს. დღეს შეუიარაღებელი თვალით ძალიან ძნელია, გაარკვიო ამ „გაპრიალებულ“, „გაკრიალებულ“, „რეაბილიტირებულ“ რაბათში, რომელია ისტორიული მეჩეთების ქვები. თუმცა ფაქტი, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ფიზიკურად განადგურდა, „რეკონსტრუქციისათვის“ საკმაოდ ჯიუტია.
ამ მხარეში ერთ სოფელს ხშირად ორი განსხვავებული რელიგიის სალოცავი აქვს - ეკლესია და მეჩეთი. არქიტექტურული მემკვიდრეობა კარგად ასახავს რეგიონის განვლილ ისტორიული გზას. ქრისტიანული სამონასტრო ცხოვრების აქტიური ადგილი მეთექვსმეტე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცევა. მოსახლეობა ისლამს იღებს. 1829 წლის ადრიანოპოლისის ზავის შემდეგ კი სამცხეს ტერიტორიის ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცევა. ორი იმპერიის საზღვრი სამცხეზე გადის.
მოსახლეობამ ალღო მარტივად აუღო შექმნილ მდგომარეობას და ეს რეალობა სარფიან სავაჭრო საშუალებად აქცია. მათ ორივე სახელმწიფოში შეეძლოთ ვაჭრობა და საკუთარი პროდუქციის გატანა . აქ მოსახლეობა საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. სიტუაცია რადიკალურად იცვლება საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის საზღვრის დემარკირებამ, ხოლო შემდეგ საზღვარზე მავთულხლართების გავლებამ მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია, რაც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ხშირი იყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. სახელმწიფოს ძალიან უჭირდა მიგრაციის კონტროლი. სასაზღვრო ზოლიდან მოსახლეობის დეპორტაციას ორივე სახელმწიფო ახდენდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კი თურქეთის შიშით სახელმწიფო აქ მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას „მეხუთე კოლონად“ აღიქვამდა და ისინი ცენტრალურ აზიაში 1944 წელს გადაასახლეს. მიტოვებულ სახლებში კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხელისუფლებისათვის სანდო ადამიანები ჩაასახლეს, რითაც სრულდება რეგიონის ჰომოგენიზაცია.
გადასახლებულ ადამიანებს მატერიალურ კულტურასთან ერთად საკულტო დანიშნულების შენობებიც დარჩათ. ბევრი მათგანი სოფლებში უფუნქციოდ იყო. მოსახლეობა მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა. ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრმა მათგანმა დღემდე არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. ხშირია შემთხვევები, როცა მეჩეთებში ხატებია დაწყობილი.
თავდაპირველად ამ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობისა და სოფლებში არსებული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება რუსეთის იმპერიაში დაიწყეს. ცენტრს უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მის პერიფერიაში. 1870 წელს გამოცემულ წიგნში დეტალურადაა აღწერილი ახალციხის მაზრის მოსახლეობა. აქ თითქმის ყველა სოფელში გვხვდება მეჩეთი და ძველი ეკლესია. გამონაკლისი არც სოფელი მუგარეთი და შურდოა.
სოფლები მუგარეთი და შურდო მტკვრის ხეობაში, ახალციხისკენ მიმავალი გზის ხელმარჯვნივ მდებარეობს. რაბათის სანახავად მიმავალმა მგზავრებმა ხშირად არც იციან, რომ ამ სოფლებში მეჩეთები იყო და მათი ქვები რაბათის ასაშენებლად გამოიყენეს. 1870 წელს, სოფელ მუგარეთში 27 ოჯახი ცხოვრობდა - 112 კაცი და 110 ქალი. აღწერის მიხედვით ისინი ქართველი სუნიტები იყვნენ. არსებობდა 1 მეჩეთი და 1 სკოლა. 1893 წლის აღწერით კი აქ 42 ოჯახი, 358 ადამიანი, მათგან 174 კაცი, 184 ქალია.
მუგარეთის მეჩეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლის სააღრიცხვო ბარათზე მითითებულია, რომ „სოფელ მუგარეთის ბოლოში მეჩეთის ნანგრევებია დაცული. მეჩეთში შესვლა შეუძლებელია. გადახურვა ჩაქცეულია. ინტერიერი ჩახერგილია. შენობის კორპუსი გარედან მიწაშია ჩაძირული. ნაწილობრივ შემორჩენილია სამხრეთი ფასადი, რომელსაც გამჭოლი ბზარები დაუყვება. ამ ფასადის მიხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ შენობა რიგების პორიზონტალობის დავცით საშუალო ზომის ქვის კვადრატებით იყო ნაგები. ჩრდილოეთ კედელზე კარის ღიობი იკითხება, თუმცა შესვლა შეუძლებელია. შემორჩენილია მიჰრაბი. ამჟამად აქ ხატებია დაწყობილი. მეჩეთი ავარიულია. გამოვლენილ ნაწილებს გაუკეთდეს კონსერვაცია“. დაზიანების გამომწვევ მიზეზად კი დრო და უპატრონობაა მითითებული. 2016 წლის ოქტომბერში კი მუგარეთის მეჩეთი დანგრეული და მიწასთან გასწორებული დაგვხვდა. დღევანდელ ფოტოებს თუ სააღრიცხვო ბარათს თანდართულ ფოტოებს შევადარებთ, დავინახავთ რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მის დემონტაჟში უკვე არა „დრო და უპატრონობა“, არამედ ადამიანების ხელი ურევია.
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სოფელ შურდოში. ის მაღლა მთაში მდებარეობს, სოფელ გიორგიწმინდას თავზე. 1893 წელს აქ 171 ადამიანი ცხოვრობდა - 23 ოჯახი, 85 კაცი და 86 ქალი. 1944 წლის დეპორტაციის შემდეგ სოფელში იმერლები ჩაუსახლებიათ, მეჩეთის შენობაში კი სოფლის სკოლა გაუხსნიათ. მოსახლეობას ძალიან გასჭირვებია უშუქობასა და უგზოობასთან შეგუება და ამიტომ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში სოფელი დაიცალა. დღეს აქ ორი ტიპის საფლავია შემორჩენილი - მაჰმადიანთა საფლავები, რომლებიც გორაკზეა შეფენილი; და ჩამოსახლებული ადამიანების საფლავები. ორივე საფლავი უპატრონოდაა მიტოვებული. ზოგიერთზე ხე ამოზრდილა. დიდხანს დაგვჭირდა მეჩეთის კვლის ძიება. მხოლოდ შემთხვევით წავაწყდით ქვათა წყობას, რომლითაც მივხვდით, რომ აქ ოდესღაც შენობა-ნაგებობა მდგარა.
სააღრიცხვო ბარათში მოცემული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სიტუაცია რამდენიმე წლის წინ იქ სხვაგვარი იყო.
„მეჩეთი ამაღლებულ ადგილზე დგას. ნაგებია სხვადასხვა ზომის უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ფლეთილი ქვით. რიგების ჰორიზონტალობის მეტ-ნაკლები დაცვით. კუთხეებსა და ღიობების მოსაჩარჩოებლად თლილი ქვაა გამოყენებული. მეჩეთისგან შემორჩენილია მხოლოდ კედლები. გადახურვა მორღვეულია. ინტერიერი ჩახერგილი. აღმოსავლეთი კედელი დეფორმირებულია. დასავლეთი და სამხრეთი კედლები განახლებულია ახალი უსახური ბლოკებით. ჩრდილოეთი კედელი მიწაშია ჩაძირული. ინტერიერში, გარდა მიჰრაბისა, აღარაფერია შემორჩენილი. მიჰრაბი მარტივად არის გაფორმებული. შემორჩენილ კედლებზე სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. მეჩეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გადახურვა მორღვეულია. ჩრდილოეთი კედელი მიწაშია ჩაძირული. მეჩეთი გასაწმენდია. გამოსანთავისუფლებელია ჩახერგილი ინტერიერი. შერჩენილ კედლებს გაუკეთდეს კონსერვაცია“. სპეციალისტების რეკომენდაცია, რომ ძეგლს ჩაუტარდეს კონსერვაცია, ქაღალდზე დაწერილად დარჩა. 2016 წლის ოქტომბერში იქ ასულებმა ვნახეთ, რომ ძეგლი ფიზიკურად დაშლილია და ქვები სხვა ადგილასაა გატანილი. ჩამორღვევის შემთხვევაში ქვები მაინც უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუმცა თლილი და დამუშავებული ქვები თითქმის არაა ირგვლივ. ნათელი ხდება, რომ ძეგლის დემონტაჟი და საშენი მასალის გატანა დანიშნულებისამებრ მოხდა. სოფელ გიორგიწმინდას მკვიდრი 60 წლის ქალი ჩვენთან საუბარში ამბობს: „ქვები ლამაზ-ლამაზები ახალციხეში წაიღეს, სოფელი ღარიბია, არ ჰქონდა მისი რესტავრაციის ფული“.
კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ბრძანებით 20/03/2012 წელს მუგარეთისა და შურდოს მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2016 წელს ჟურნალმა „ლიბერალმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტროს არ გაუცია ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის მქონე მეჩეთების დემონტაჟის შესახებ. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ განხორციელებული ქმედების შედეგად ორივე ძეგლი უკანონოდაა დაშლილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 259 2 მუხლით კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება დასჯადი ქმედებაა. ვინ აგებს პასუხს მუგარეთისა და შურდოს მეჩეთების დაზიანებასა და დანგრევაზე, პასუხგაუცემელი რჩება.