ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ოზურგეთის მერის გადაწყვეტილების შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებული არ იქნება შემოქმედის ეპარქიის ხარჯები. როგორ შეგვიძლია დავინახოთ ეს ფაქტი? როგორც ლიბერალური იმედების სასაფლაო, თუ როგორც კლანური დაპირისპირება და პარტიული ინტერესების ღია ჭიდილი. ალბათ ორივე. ფინანსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ძალაუფლებისთვის, ერთი მხრივ, ბიუჯეტს ისეთი დაწაფებული ინსტიტუცია იბრძვის, როგორიც საქართველოს საპატრიარქოა, და, მეორე მხრივ, პატარა ქალაქის მერი.
მოდი, ვცადოთ და ამ თემას შევხედოთ იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც შემოქმედელი ეპისკოპოსი, საპატრიარქოს შიგნითაც და პოლიტიკურ ასპარეზზეც უმცირესობაშია დარჩენილი.
მეუფე იოსები და მისი პოლიტიკური გემოვნება, ხშირად გამხდარა საყოველთაო განხილვის საგანი და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, მისი სიმპათიები „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის წევრების მიმართ. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა გურიაში და ეპისკოპოსის სიტყვები, რომლითაც მან საკათედრო ტაძარში მისულ პრეზიდენტს მიმართა და რომლის მესიჯიც ასე შეიძლება გავიგოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველების იმედია საქართველოს გაბრწყინებისა და გამთლიანების გზაზე. მაგრამ არჩევნები დამთავრდა და, როგორც ვთქვით, მეუფე იოსებიც უმცირესობაში აღმოჩნდა ახალი ხელისუფლების და, მაშასადამე, ამ ხელისუფლების მხარდამჭერი სასულიერო თუ საერო პირების გარემოცვაში, წმინდა სინოდში თუ მის გარეთ.
ამ ამბის მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელიც არანაკლებ საინტერესოა თავისი პოლიტიკითა და საჯარო სივრცეებისადმი თავისებური დამოკიდებულებით, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. დღევანდელი ქალაქის მერი, რომელიც წარმატებით აგრძელებს ტრადიციას, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხების ყაირათიანი და მოქალაქეთა საჭიროებებზე ხარჯვა უცხო ხილი არ არის.
ამავდროულად ისიც ვიცით, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ახლად აშენებული ეკლესიების რესტავრაციისთვის წინა წლებში გამოყოფილი თანხები სრულიად შესაძლებელია სხვა, უფრო მეტად ადეკვატური მიმართულებითაც დახარჯულიყო.
შიდაკლანურმა დაპირისპირებამ და პარტიულმა ინტერესებმა, განსაკუთრებით მაშინ იჩინა თავი, როცა მეუფე იოსებმა, წერილობით თხოვნაზე, რომ შემოქმედის ეპარქიისთვის ოზურგეთში არსებული 18 ჰექტარი ტყე-პარკის ტერიტორია გადაეცათ, ზრდილობიანი, მაგრამ ხმამაღალი უარი მიიღო ქალაქის ამჟამინდელი მერისგან. ამის შემდეგ, მალევე, სააშკარაოზე გამოვიდა ინფორმაცია, ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, და როგორც დღეს ვხედავთ, წლის ბოლოსთვის ქალაქის მერის პასუხმაც არ დააყოვნა. თუმცა, მთავარია ამ პასუხის აზრი და ის, რომ სწორად იქნეს გაგებული მისი ნამდვილი მიზეზი და მხედველობიდან არ გამოგვრჩეს სიტყვები, რომლითაც ვითომ სეკულარული იდეებით განმსჭვალულმა მერმა, საზოგადოებას მიმართა: ,,2016 წელს ბიუჯეტში გვედო პუნქტი, გამოყოფილიყო კონკრეტული თანხა ეპარქიის დასაფინანსებლად, იმ ხელშეკრულების მიხედვით, რაც ჩვენს შორის იყო გაფორმებული, ეს თანხა უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, აღმოჩნდა, რომ თანხა სხვა მიმართულებით იხარჯებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტიდან ამოგვეღო ეპარქიის დაფინანსება’’.[1]
როგორც ამ ფრაზიდან ჩანს, მერი პრობლემას რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებაში კი არა, იმ თანხის, რაც ეკლესიას უნდა მოხმარებოდა, პირადი მიზნებით ხარჯვაში ხედავს. ის სეკულარული კი არა, სამეურნეო მოტივებით მოქმედებს. თუმცა ფაქტია, დღეს საქართველოში, ვერცერთი ქალაქის მერი ვერ გადადგამს ასეთ თამამ ნაბიჯს, რა მოტივიც არ უნდა ამოძრავებდეს მას, თუ მას არ ექნება ზემდგომი სასულიერო იერარქიისა თუ პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერა.
აი, სწორედ აქ კვდება ყველა ლიბერალური იმედი და ოკდება აღტკინება. შეუძლებელია ეს ამბავი განვიხილოთ, როგორც სეკულარული იდეებით განმსჭვალული მერის მიერ ეკლესიის დაფინანსებაზე უარის თქმა. ამ კონფლიქტს სხვა სათავე აქვს, რომელიც, ერთი მხრივ, პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობაში, მეორე მხრივ, ეკლესიის შიდა კლანურ დაპირისპირებაში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამ ორი ფაქტორის გადაკვეთამ მოგვცა ფორმით სეკულარული, შინაარსით კი რევანშისტული გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქის მერმა მიიღო.
ადამიანებისგან, რომლებიც ეს დღეებია მონდომებით აფრიალებენ საგმირო საქმეების დამადასტურებელ ფაქტებს, ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ქალაქის მერს, იმ იმედისთვის, რომლითაც თავისი საქციელით, წამიერად ბევრი მათგანი განიმსჭვალა. მაგრამ ყველამ ვიცით, რა დევს ამ ქმედებაში, და ისიც გვესმის, რომ არა ეპისკოპოსის მკვეთრად გამიჯნული პოზიცია და პოლიტიკური გემოვნება, ვერცერთი სეკულარული იდეა ვერ გადაწონის იმ „სიყვარულს“, შიშის გრძნობასა და ფეხქვეშგების მოთხოვნილებას, რაც ჩვენს პოლიტიკოსებს დედა ეკლესიისა და მაღალი სასულიერო იერარქების მიმართ აქვთ; და იმ სიყვარულის შესახებაც ყველას მოეხსენება, რომელიც ასე აშკარადაა გამოხატული საპატრიარქოს ანგარიშზე დარიცხულ მილიონობით ლარში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოქალაქეების ჯიბიდან იღებენ.