Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მეტი კომფორტი" ხელისუფლებას

18 სექტემბერი 2012

სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება 

არც ერთი მანქანა, გარდა წარმომადგენლობითი ოპერატიული მიზნებისა, 15000 ევროზე მეტი ღირებულების, სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 3 სექტემბერს ანაკლიაში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ასე დაიწყო „ქამრების შემოჭერის“   გახმაურებული პოლიტიკა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად  „მჭიდროდ“  შემოიჭირეს ქამრები სახელისუფლებო სტრუქტურებმა.

 

თბილისის მერია

 

პრეზიდენტის განცხადებას თბილისის მერი, გიგი უგულავა ორ თვეში  გამოეხმაურა. ადმინისტრაციული რესურსების შემცირების მიზნით, მერიამ აუქციონზე  ძვირადღირებულ ავტომობილებთან ერთად, გიგი უგულავას მანქანა „აუდი ა8“-აც გამოიტანა.

 

ეს არის სწორი გადაწყვეტილება და თუ გვინდა, რომ საზოგადოებამ ნებისმერი ხელისუფლების ქმედება სამართლიანად აღიქვას, გვინდა, რომ ნებისმიერ შემცირება, შეკვეცა, ქამრების შემოჭერა იქნება, თუ ჟგუტის გადაჭერა, იწყება ხელისუფლებიდან და არა  -საზოგადოებიდან“, - განაცხადა უგულავამ ტელეკამერების წინ აუქციონის დღეს.

ჩვენ აუქციონზე გატანილი მანქანების ბედით დავინტერესდით, თუმცა მერიამ  ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. უგულავამ აუქციონზე თავისი ავტომანქანა 49 ათას ლარად შეაფასა. დღეს ქალაქის მერი „კიას“ ფირმის ავტომობილით გადაადგილდება, რომლის ღირებულებაც „კიამოტორსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე 31 ათას 900 დოლარი, ანუ 50 ათას ლარზე მეტია. 

თბილისის მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებული ავტომობილების შესახებ საჯარო ინფორმაცია მიაწოდა არასამათავრობო ორგანიზაცია  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“. ამ მონაცემებით, 2011 წლის პირველ კვარტალში მერიის ბალანსზე 39 ავტომანქანა ირიცხებოდა, ამავე წლის მეორე კვარტალში კი, მერიას უკვე 106 მანქანა ემსახურება.

 ჩვენ შეძენილი ავტომანქანების ღირებულება და იმ ადამიანების ვინაობაც გამოვითხოვეთ, რომელებიც ამ მანქანებით სარგებლობენ. წერილზე თბილისის მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ. ახალი ავტომანქანების შეძენის შესახებ კითხვა ქალაქის მერს გიგი უგულავასაც დავუსვით.

 „ავტომანქანების განახლება კანონის სრული დაცვით მოხდა. ყველა მანქანა, მათ შორის ჩემიც  ჩავაბარეთ და გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რამაც, საბოლოო ჯამში, მერიას ზუსტად ერთ მილიონიანი დანაზოგი მოუტანა. ძველი მანქანების მოვლა- პატრონობაზე გაცილებით მეტი იხარჯებოდა“, - გვითხრა უგულავამ.

ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით, მანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯული თანხა მართლაც შემცირდა, მაგრამ არა მილიონით, როგორც ეს თბილისის მერმა გვითხრა, არამედ  - დაახლოებით 270 ათასი ლარით.

თუ 2010 წელს მანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე 480 ათასი ლარი დახარჯეს, 2011 წლის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა 212 ათასი ლარია. რაც შეეხება საწვავს, თბილისის მერიაში მასზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არათუ მცირდება, არამედ მატულობს. ქალაქ თბილისის მერიას 2009 წელს ავტომანქანების საწვავის შესყიდვა 670 ათას ლარამდე დაუჯდა, 2010 და 2011 წელს კი  დახარჯულმა თანხამ თითო მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

სამინისტროები

 

2011 წელს „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ  113 ათას ლარიანი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ იყიდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯიპს უნდა ჰქონოდა ისეთი დამატებითი მონაცემები, როგორიცაა 9 ინჩიანი ინტეგრირებული მონიტორი ჭერში; 14 დინამიკი, კრუიზ კონტროლი;  მაცივარი,  ტყავის სალონი; ხის და ტყავის სიჩქარეების გადამრთველი; ტყავის და ხის კომბინირებული საჭე.

ავტომანქანების შესყიდვისას რაც უფრო მეტ მონაცემს მოითხოვ კომფორტისთვის, შესაბამისად, ავტომობილის ღირებულებაც იზრდება.

მაგალითად, შეგიძლია იყიდო მანქანა ტყავის სალონით, დვდ-ით, მონიტორით, ოთხზონიანი კლიმატ კონტროლით, სენსორებითა და კამერებით - მაქსიმალური შესრულებით, რაც ერთიანდება სიტყვაში „კომფორტი“. კომფორტი თავისთავად მოითხოვს დამატებით სახსრებს“, - ამბობს ნინო გაგუა, ტოიოტა ცენტრის გაყიდვების მენეჯერი.

ხათუნა კალმახელიძის უწყებამ კომფორტის სრული პაკეტი შეიძინა. დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ბალანსზე სულ 2 ტოიოტა, 2 ფოლკსვაგენი, 10 შკოდა, 1 კია, 1 ტოიოტა ჰაილუქსი, 1 მერსედეს ბენცი და ნივა ირიცხება. ჩვენ  სამინისტროს მივმართეთ  კითხვით,   თუ რა თანხა დაიხარჯა ამ ავტომანქანების შესაძენად, თუმცა ამის შესახებ  ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს ავტომანქანების საწვავის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ამისათვის 2010 – 11 წლებში ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დიდი ნაწილი, როგორც კი ახალ თანამდებობაზე ინიშნება, წინამორბედის ავტომობილით აღარ სარგებლობს და ახალ, ძვირადღირებულ ავტომანქანას ყიდულობს.  ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრად 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა.  დანიშნვიდან 20 დღეში სამინისტრომ ავტოპარკის განახლება გადაწყვიტა და ავტომანქანის შესაძენად ტენდერი გამოცხადა. ახალმა მინისტრმა ახალი 122 ათას ლარიანი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ იყიდა.

გარდა ამისა, სამინისტროს ახალი ავტოპარკისთვის შეიძინეს 75 ათას ლარად „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“, 74 ათას ლარად -  2 „ჰიუნდაი IX-35“, 87 ათას ლარად - 3 ცალი „ჰიუნდაი ელანტრა“, 49 ათას 500 ლარად - „ფოლკსვაგენ პასატი“, 90 ათასად - 2 „ჰიუნდაი სონატა“. გოროზიამ სამინისტროში მისვლის შემდეგ  მანქანების შესასყიდად ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

2012 წლის დასაწყისში ძვირადღირებული ავტომანქანა იყიდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც. ლადო ვარძელაშვილის უწყებამ ორ ჯიპში 199 ათასი ლარი გადაიხადა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მსგავსად, საახალწლო საჩუქარი გაიკეთა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. საახალწლოდ, 30 დეკემბერს, ტენდერი გამოაცხადა და 140 ათას ლარად სამი ცალი „ჰიუნდაი სონატა“ შეიძინა. თავად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა კი 109 ათას ლარიანი ტოიოტა ლენდ კრუიზერით დადის.

ავტომანქანების შესყიდვის შესახებ „ლიბერალის“ მიერ დასმულ კითხვაზე ნიკოლოზ რურუამ ასე გვიპასუხა: „კაი რა, დაანებე ამ სისულეებს. როდის გახდი „ბულშითერი“? მერე რა, რომ იყიდა? ყველაფერი რაც ტექნიკურ აღჭურვილობას შეეხება, იქნება ნაყიდი და შეძენილი“.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ავტომობილის საწვავისათვის ბოლო სამ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ტექნიკურ მომსახურებაში კი - 350 ათას ლარზე მეტი.

ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა ახლაც გრძელდება. 2012 წლის 21 მარტს ახალ ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა. დაახლობით ორი თვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ 2011 ან 2012 წლიანი ავტომანქანის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა და ახალმა მინისტრმა ავტოპარკი 126 ათას ლარიანი ჯიპით განაახლა.

 

                                                  საქართველოს რეგიონები

 

თანამდებობის  პირები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან რეგიონებშიც. 2007 წლის იანვარში პრეზიდენტმა რწმუნებულები დაიბარა და მათ გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ფინანსური მდგომარეობის გარკვევა დაავალა. პრეზიდენტის შეშფოთების საგანი გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლების მიერ ბიუჯეტიდან საკუთარი კომფორტისთვის დახარჯული თანხები გახდა, მათ შორის ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაც მოხდა.

შეხვედრის შემდეგ, ქუთაისის მერი ბაკურ ბალანჩივაძე 48 ათას ლარიანი ავტომობილის შესყიდვის გამო თანამდებობიდან  გაათავისუფლეს, თუმცა ავტომობილი, რის გამოც ბალანჩივაძე გაათავისუფლეს, კიდევ რამდენიმე წელი ემსახურა ქუთაისის მომდევნო მერებს.

 ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, 2011 წელს, ქუთაისის მერიამ ძვირადღირებული ავტომობილი კვლავ შეიძინა. „ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, მერიამ 65 ათასად ლარად  „ტოიოტა პრადო“ იყიდა, რომელიც იმერეთის რწმუნებულ ლაშა მაქაცარიას გადასცეს. მაქაცარიამ კი, სანაცვლოდ მერს თავისი მანქანა მისცა. 48 ათასიანი ავტომობილი, რომელსაც მერის თანამდებობა შეეწირა, მერის პირველ მოადგილეს შეხვდა. ბიუჯეტიდან კომფორტისთვის დახარჯული თანხის გამო, ამჯერად პრეზიდენტს არავინ დაუსჯია.

48 ათასიანი ავტომობილის შეძენის გამო, ქუთაისის მერის დასჯიდან 2 წლის შემდეგ, 2009 წლის 9 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა თავისივე განკარგულებით პრეზიდენტის ფონდიდან ძვირადღირებული ავტომობილი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების  რწმუნებულს ვალერიან ჩიტაიშვილს უყიდა. ტოიოტა პრადო, რომლითაც რწმუნებული დღემდე გადაადგილდება ბიუჯეტს 82 ათას 800 ლარი დაუჯდა.

ჩვენ, გურიის გუბერნატორ ვალერიან ჩიტაიშვილსაც დავუკავშირდით:

„ეს არის მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც აუცილებელია გადასაადგილებლად, თან რელიეფს თუ გაითვალისწინებთ... ამასთან, ჩემი მანქანა არის 4 წლის“, - გვითხრა ჩიტაიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ილია ვაშაყმაძეს ახალი 75 200 ლარად შეძენილი  "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა ემსახურება, რომელიც გაზეთ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შეიძინეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი მანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე ვერ დავითანხმეთ და მისი ფარულად ჩაწერა მოგვიხდა.

 „როდესაც, მაგალითად, „ზაპოროჟეცით“  დადიხარ, შეიძლება ვერ იმუშაო ეფექტურად. კარგი მანქანით რომ დადიხარ, მუშაობის ეფექტიანობა მატულობს. ასევე, გამგებელი ძალიან დაკავებული პიროვნებაა. ურთულეს ადგილებში უწევს სიარული, ასკანაში, შრომაში, მთაში, გომის მთაზე“, ასე ასაბუთებს ძვირადღირებული მანქანის საჭიროებას მექვაბიშვილი.

ავტოპარკის განახლების კიდევ ერთი მეთოდი, რამდენიმე წელიწადში ავტომობილის უკან ჩაბარება, ფულის დამატება და უახლესი მოდელის შეძენაა.  ივანე საღინაძე ახლა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეა. 2007 წელს, როდესაც ფოთის მერის თანამდებობაზე მუშაობდა, მისთვის 58 ათას ლარად ამავე წელს გამოშვებული  ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პასატი“  შეიძინეს.  საკრებულოს თავმჯდომარედ მისი არჩევის შემდეგ, 2011 წელს ამავე წლის გამოშვების                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  „ფოლკსვაგენ პასატი“ იყიდა.

მანქანა საბოლოო ჯამში 54 ათასი ლარი დაჯდა. 36 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო 18 ათასი ლარი ძველი ავტომობილის ჩაბარებით დაიფარა. „მონიტორთან“ საუბრისას, მან თავდაპირველად, ავტომობილში გადახდილი მხოლოდ 34 ათასი ლარი გაიხსენა,  18 ათასი კი მხოლოდ მას შემდეგ ახსენა, როცა ამის შესახებ  ჩვენ შევახსენეთ.

ივანე საღინაძის შემდეგ ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა გახდა, რომელმაც დანიშვნისთანავე  77 ათას ლარიანი ტოიოტა პრადო შეიძინა (ვახტანგ ლემონჯავამ მერის თანამდებობა აგვისტოს დასაწყისში დატოვა. ის ჩხოროწყუში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარად იყრის კენჭს). საღინაძემ მერისთვის შეძენილი ავტომანქანის ფასიც არასწორად გაიხსენა..  „მერიის მანქანის ღირებულება თუ არ ვცდები 65 ათასი ლარია“, - გვითხრა საღინაძემ.

კითხვაზე, რაში ჭირდება ფოთის გამგეობას ძვირადღირებული ავტომანქანები, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა: „ხშირია დელეგაციები ფოთში, ხშირია სტუმრები ფოთში. ასევე, ჩვენც ხშირად გვიწევს გადაადგილება, როგორც გუბერნიაში, ასევე დედაქალაქში და სხვა ქალაქებში. მანქანა არის აუცილებელი საშუალება, რითაც გადავადგილდებით“, - ამბობს ივანე საღინაძე. 

ნინო თუნთია ინტერნეტგამოცემა tspress.ge - ს  ჟურნალისტია. ის ხშირად წერს ფოთის ბიუჯეტის, მათ შორის, ბიუჯეტიდან ავტომობილების შეძენის საკითხებზე.

2011 წელს ადგილობრივ მოსახლეობის ერთჯერადი დახმარებების თანხა შეადგენდა 40 ათას ლარს და იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარის ერთი ავტომობილი“, - ამბობს ნინო თუნთია .

 

თვითმმართველობა  ცენტრალური ხელისუფლების სამსახურში

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, თავისი, ისედაც მწირი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ძვირადღირებულ მანქანებს ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის, მაგალითად, გუბერნატორებისათვის, ან ცენტრალური სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის ყიდულობენ.

მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი  2011 წელს შეძენილი 105 ათას ლარიანი „ტოიოტა ლენდკრუიზერით“ დადის, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მესტიის მუნიციპალიტეტმა უყიდა. 102 ათასიანი ავტომობილით გადაადგილდება  გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით დარცმელიძეც.

2007 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა, ფოთის მერიამ და სამინისტროებმა რვა ავტომობილი გადასცეს. თვითონ სამეგრელოს გუბერნატორმა კი 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 80 ათას ლარიანი „ბეემვე X5“ აჩუქა. სწორედ ამ წელს დაინიშნა სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრად.  

რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, 2011 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა 6 ძვირადღირებული ავტომობილი იყიდა: 102 ათას ლარიანი, 76 ათას ლარიანი და 70 ათას ლარიანი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო“, 45 ათას ლარიანი „მერსედეს ბენცი“,  47 000 ლარიანი „პიკაპი“. ბოლოს, 2012 წლის ოთხ ივნისს, 34 ათას ლარად ღირებული „ტოიოტა რავ ოთხი“ იყიდეს.

წალენჯიხაში 2011 წლიდან დღემდე 370 ათას ლარზე მეტი ღირებულების ავტომანქანები შეიძინეს. ეს მაშინ, როცა  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ  დადგენილების მიხედვით, წალენჯიხის ბიუჯეტიდან ამბულატორიების, პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების    პროგრამების დასაფინანსებლად წლიურად  42 ათასი ლარია გამოყოფილი,  მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა დასახმარებლად   –    90 ათასი ლარი, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებება კი ჯამში 50 ათასი ლარს შეადგენს.

ფუფუნების მოყვარული აღმოჩნდა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული და დღეს უკვე დასაქმების მინისტრის მოადგილე ლაშა ჭკადუა.  დანიშვნისთანავე 2009 წლის დასაწყისში პრეზიდენტის განკარგულებით მისთვის 82 800 ლარად ტოიოტა პრადო შეიძინეს.

ლაშა ჭკადუამ პრეზიდენტის ნაჩუქარი ავტომანქანა 2010 წელს გამოცვალა და  ახალციხის გამგებელს მას შემდეგ გადასცა, როცა გამგებელმა მას უფრო ძვირადღირებული 105 ათასიანი ტოიოტა „ლენდ კრუიზერ პრადო“ უყიდა. 

რწმუნებულ ლაშა ჭკადუას ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, მას არაფერი გადაუხდია მანქანაში: „გამგეობას ჰქონდა ნაყიდი და იმ  მანქანით დავდივარ“. ჩვენს კითხვაზე, გამგეობამ თავისი ნებით გიყიდათ, თუ გუბერნიამ სთხოვა, ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

ავტომანქანების შესყიდვის სიხშირით გამოირჩევა შიდა ქართლიც. 2011 წლის 22 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტმა ავტომანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 13 სექტემბერს დასრულდა. 14 სექტემბერს კი შიდა ქართლში ახალი გუბერნატორი, გიორგი ტატიშვილი დაინიშნა. გორის გამგეობამ ახალ გუბერნატორს ახალშესყიდული 108 ათასიანი ჯიპი დაახვედრა.

„კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებგვერდზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტმა ავტომანქანების შესყიდვაზე 2011-12 წლებში 240 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა თანამდებობის პირებს ორი ავტომანქანა ემსახურებათ. ორი ავტომობილი ჰქონდა ბათუმის მერ რობერტ ჩხაიძესაც (ის, აგვისტოს ბოლოს თანამდებობიდან გადადგა და  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია). თუმცა მასალის მომზადების პროცესში ბათუმის მერის მოადგილე ჯემალ ანანიძე (დღეს ის უკვე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელია), ამ ფაქტზე საუბრისას გვიმტკიცებდა, რომ მერის სარგებლობაში ამჟამად ერთი ავტომობილია. მეორე მანქანა დროებით სარგებლობაში ჰქონდა და უკანვე დააბრუნა.

ჩვენ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის მერს ორი ავტომობილი ემსახურება. 2009 წელს 43 ათას ლარად ნაყიდი „ტოიოტა ქემრი“ და 2010 წელს 35 ათას ლარად შეძენილი „ტოიოტა ლენდკრუიზერი“.

ბათუმის მერიის ბალანსზე სულ 78 ავტომობილი ირიცხება. გაზეთი „ბათუმელები“ საკითხს ინტენსიურად აშუქებს. ჟურნალისტ ცაგო კახაბერის თქმით, არ ახსოვს, რომ საკრებულოს სხდომაზე ავტომანქანების შესყიდვის საკითხი ჩავარდნილიყოს. ის იხსენებს შემთხვევას, როცა საკრებულოს სხდომაზე 5 მანქანის შესყიდვის შესახებ საკითხი გამოვიდა.

„ოპოზიციამ იკითხა, ყველას აქვს ახალი მანქანა და ვისთვის ვყიდულობთო. მომხსენებელმა თქვა, რომ ერთი იქნებოდა, მაგალითად, ადმინისტრაციის უფროსის გელა მახარაძის. ოპოზიციის არგუმენტი იყო, რომ გელა მახარაძეს უკვე აქვს ახალი „ტოიოტა კოროლა“, რომლითაც გადაადგილდება და რატომ ყიდულობთ მისთვის კიდევ მანქანასო. საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა უმრავლესობიდან წამოიძახა, აქვს, მაგრამ კიდევ უნდა. ამაზე ყველამ გაიცინა და ეს დარჩა საბოლოოდ პასუხი“, - გვიყვება ცაგო კახაბერიძე.

 

                                                წესრიგი ძვირი ღირს,

რატომ ჩუქნიან თვითმმართველობების შსს-ს მანქანებს?

 

მნიშვნელოვანი ტენდენციაა მუნიციპალიტეტების მხრიდან როგორც გუბერნიებისთვის, ისე პოლიციისა და სამინისტროებისთვის ავტომანქანების შეძენა. 2009 წლამდე ასეთი შესყიდვები უკანონო იყო.

„2009 წელს საქართველოს პარლამენტმა ადგილობრვი თვითმმართველობების შესახებ ორგანული კანონის გარდამავალ დებულებაში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2006 წლიდან გაწეული ამდაგვარი ხარჯები  უკუქცევითი ძალით  კანონიერად სცნო“, - განმარტავს  „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია.

ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომანქანებს 2009 წლამდე უკანონოდ და დღეს უკვე ნებაყოფლობით, შესაბამისად, კანონიერად ყიდულობენ.

მაგალითად, „გურიანიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2011 წელს ადგილობრივ პოლიციას 35 ათას ლარიანი „ბეემვე X5“  და 25 000 ლარიანი „მერსედეს ბენცი“ უყიდა.

„ჩვენ გვაქვს საიმისო შემოსავლები, რომ ნორმალურად ვუპასუხოთ კარგ პროექტებს და კარგ გამოწვევებს, მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა - ქვეყანაში  წესრიგი იყოს. ჩვენ მზად ვართ პოლიციას მომავლშიც დავუდგეთ გვერდით“, - ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ავტომანქანების შეძენის ფაქტს  იგივე არგუმენტით ამართლებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეც. ფოთის მერიამ 2007 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს 223 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილები გადასცა. 

საპორტო ქალაქია. წესრიგი არის ქალაქში და მხარს ვუჭერთ პოლიციას, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვიძენთ ამ მანქანებს. ხოლო თუ რამე თანხა გვჭირდება, იმას  ცენტრალური ბიუჯეტიდან ვიღებთ“, - ამბობს ივანე საღინაძე 

2011 წლის ივნისის მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივ პოლიციას 2007 წელს 43 ათას ლარიანი „ტოიოტა ჰაილუქსი“, 2008 წელს „მერსედეს ბენცი“, 2009 წელს 43 ათას ლარიანი „ტოიოტა ჰაილუქსი“ გადასცა, 2010 წელს სოდის  სამხარეო სამსახურს 49 ათას ლარიანი „მიცუბიში“ უყიდა.

აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მანქანებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ყიდულობდნენ, თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი ბოლო წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარს ბევრად აჭარბებდა.

ხულოს მუნიციპალიტეტმა 2005 წლიდან 2011 წლის ივნისამდე სულ 3 ავტომანქანა შეიძინა. ამათგან 19 ათას ლარიანი „მიცუბიში“ აჭარის ტელევიზიას გადასცა, ხოლო 38 ათას ლარიანი „ნისან ნავარა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. შუახევის გამგეობამ 2010 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 58 ათასიანი „ტოიოტა პრადო“ უყიდა.

ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ისედაც საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია, ამიტომ საკუთარ უფლებამოსილებებს ის უნდა აფინანსებდეს. ადგილობრივი თვითმმართველობას შედარებით მწირი ფინანსები გააჩნია და ეს ფინანსები არ ჰყოფნის ადგილობრივი სერვისების მოწესრიგებასაც კი. ასეთ შემთხვევაში მან, პირველ რიგში, ეს სახსრები საკუთარი უფლებამოსილებების დაფინანსებისკენ უნდა მიმართოს“, - ამბობს დავით ნარმანია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^