Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გვიჩვენებს NDI–ს კვლევა

18 სექტემბერი 2012

ჯორჯ უელტონი, GeoWel Research–ის აღმასრულებელი დირექტორი

NDI –ს კვლევის შედეგების თანახმად არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა 37% ამბობს, რომ ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემს, ხოლო 12%–ს ხმის მიცემა “ქართული ოცნებისთვის” აქვს გადაწყვეტილი. გვაძლევს თუ არა ეს მონაცემები რაიმე მინიშნებას არჩევნების შესაძლო შედეგებზე და თუ გვაძლევს, რა მინიშნებებია ეს? 

ცხადია, არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს აზრად არ მოუვა ამტკიცოს, რომ “ქართული ოცნება” საერთო ეროვნულ არჩევნებში ხმების მხოლოდ 12%–ს მოიპოვებს, თუმცა, არც ამ მაჩვენებლის შეუფასებლობა ივარგებს.

გამოკითხულთა 22%–მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, 21%–მა კი კითხვას პასუხი არ გასცა. ამდენად, პროგნოზების გაკეთების ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში ვარაუდის დონეზე უნდა განვსაზღვროთ, თუ ვის სასარგებლოდ გადათამაშდება ეს ხმები. მათი გადანაწილება რამდენიმე ხერხით შეიძლება.

პირველ რიგში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი ეს 43 % პროპორციულად ისევე გადანაწილდება, როგორც დანარჩენი ამომრჩევლების ხმები. ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ ოცნებასა და დანარჩენებს შორის შეფარდება  დაახლოებით ასე გამოიყურება: 37:12:8. აქედან გამომდინარე, მარტივი მათემატიკური გათვლებით გამოდის, რომ საბოლოოდ 65%–ს ნაციონალური მოძრაობა მიიღებს, 21%–ს ქართული ოცნება, დანარჩენები კი 19%–ს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისათვის ეს ძალიან ცუდი შედეგი იქნება. 

მაგრამ არის თუ არა ასეთი მიდგომა რაციონალური? ბევრს მიაჩნია, რომ იმ ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც კითხვას პასუხი არ  გასცეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. სხვა შემთხვევაში, კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი რატომ უნდა შეეკავებინათ? თუ ასეა და 21%–ს მთლიანად ქართულ ოცნებასა და დანარჩენებს მივაწერთ, შემდეგ კი დარჩენილი ხმების გადანაწილების მარტივ ხერხს გამოვიყენებთ, ნაციონალური მოძრაობა 47%–ს მიიღებს, ქართული ოცნება – 31%–ს, დანარჩენები კი – 19%–ს.

დაბოლოს, თუ დავუშვებთ, რომ ყველა, ვინც განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას, და პასუხზე უარი თქვა, რეალობაში ფარული მეოცნებეა, ქართული ოცნება ხმების 55%–ს დააგროვებს. 

როგორ შეიძლება ამ სავარაუდო ვარიანტების გაანალიზება? NDI–ს გამოკითხვაში მონაცემების კიდევ ორი წყებაა, რომლებიც, როგორც ჩანს, საშუალებას მოგვცემს გავარკვიოთ, ხსენებული სცენარებიდან რომელია უფრო სწორი. დავიწყოთ NDI–ს წინა გამოკითხვების შედეგებით და გავარკვიოთ, როგორ შეიცვალა მონაცემები მათ შესახებ, ვინც კითხვაზე პასუხს ვერ ან არ იძლეოდა.

NDI–ს გვერდიგვერდ მოჰყავს ახალი და წინა გამოკითხვების - 2010 წელს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საკრებულოების არჩევნებისა და იმავე წლის თბილისის მერის არჩევნების შედეგები.

საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში, 19%–ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, 10%–მა კი პასუხზე უარი განაცხადა. როგორც გამოჩნდა, არჩევნების დღეს, ეს 29% პროპორციულად გადანაწილდა. თუ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ამ ლოგიკას გავყვებით, შედეგებს პირველი სცენარის მიხედვით მივიღებთ, ანუ ნაციონალურ მოძრაობას – 65%, ხოლო ქართულ ოცნებას – 21% ექნება.

მერის არჩევნებამდე პასუხზე უარი მხოლოდ 6%–მა თქვა, 14%–ს კი გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, არჩევნების დღეს, ამ 20%–მა თითქმის მთლიანად ოპოზიციას მისცა ხმა. როგორც ალასანიამ აღნიშნა კიდეც, გამოკითხვის შედეგად მას ხმების 7% ჰქონდა, თუმცა, სინამდვილეში 19% აიღო. ჭანტურიას გამოკითხვებით 4% ჰქონდა, არჩევნებში კი 11% მოიპოვა, ხოლო ძიძიგურის შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 2% და 8% იყო. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თბილისის მერის არჩევნებში გადასანაწილებელი ხმების რაოდენობა დიდი არ იყო და გამარჯვებულის გამოვლენაზე გავლენას ვერ იქონიებდა, მაგრამ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც ანალოგიური რამ მოხდა, მესამე სცენარსა და ქართული ოცნების სრულ გამარჯვებას მივიღებთ.

ამდენად, წინა გამოკითხვების შედეგები, როგორც ჩანს, ვერ გვიშველის.

გაურკვეველი ხმების გადანაწილების კიდევ ერთი საშუალება ამ პირების მიერ სხვა შეკითხვებზე გაცემული პასუხებია. NDI–ს კვლევაში გვაქვს კითხვები, რომელთა მიზანი იმის გარკვევაა, თუ რამდენად კმაყოფილი არიან რესპონდენტები. კითხვაზე "სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა თუ არა?" მათი 39%, ვისაც ამა თუ იმ პარტიისათვის ხმის მიცემა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, და მათი 37%, ვინც შესაბამის კითხვას არ უპასუხა, ამ შეკითხვაზე პასუხობს, რომ "ამ მხრივ არაფერი შეცვლილა" ან "ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის". კითხვაზე "ატარებს თუ არა მთავრობა თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს?" პირველი ჯგუფიდან 33%, ხოლო მეორედან 34% უარყოფით პასუხს იძლევა. 

ეს მიდგომა გაურკვეველი ხმების გადანაწილების კარგი საშუალება უნდა იყოს, რადგან ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დიდი უმრავლესობა ორივე შეკითხვაზე დადებით პასუხს უნდა იძლეოდეს, ქართული ოცნებისა კი – უარყოფითს. თუ ეს მიდგომა სწორია, ისევ პირველ სცენართან მივდივართ, რადგან მის შემთხვევაში გაურკვეველი ხმების 1/3 ოპოზიციის მომხრეებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

ეს ყველაფერი ოპოზიციისათვის კარგს არაფერს მოასწავებს. უმრავლესობით გამარჯვება რომ შეძლოს, ოპოზიციამ ორივე  ჯგუფის სრული მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ჯგუფიდან, რომელშიც მთავრობისა და ქვეყნის კურსი ზოგადად მოიწონეს, 50–70%–მა ტყუილი თქვა. 

ასეთი რამ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ რესპონდენტების ცნობიერების გაორების რთულ ფორმებთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, ისინი არ ამბობენ, თუ ვის მისცემენ ხმას. მიდგომებსა და მოწონება–არმოწონების შესახებ ნაკლებად მგრძნობიარე შეკითხვებს კი ტყუილით პასუხობენ. პასუხების ასეთი კომბინაცია ალოგიკური გამოდის.

თუმცა, ამ მონაცემებს შეიძლება სხვაგვარად, ოპოზიციისათვის უფრო ოპტიმისტურადაც შევხედოთ. არჩევნებამდე კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, ქართულ პოლიტიკაში კი ეს დიდი დროა. თუ ვივარაუდებთ, რომ ამომრჩევლების 43%–ს ჯერ ნამდვილად ვერ გადაუწყვეტია, ხმა ვის მისცეს, საარჩევნო კამპანია უაღრესად დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამორჩენის მიუხედავად, ოპოზიციას გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

თუკი ეს შანსი რეალურია, მის გამოსაყენებლად ოპოზიციამ გამოკითხვების შედეგებს ყურადღება უნდა მიაქციოს და ამომრჩეველს მათი გათვალისწინებით ელაპარაკოს. გამოკითხვების იგნორირება იმიტომ, რომ მათი შედეგები არ მოგწონს, სწორი არ არის. გამოკითხვები ოპოზიციას  ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა  მთავრობის საქმიანობითა და ქვეყნის კურსით ძირითადად კმაყოფილია, თუმცა მათი მეშვეობით ისიც ნათელი ხდება, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მერაბიშვილის თუ ივანიშვილის მიერ დასახული ეკონომიკური გეგმების შესახებ არაფერი იცის. გამოკითხვები ასევე გვიჩვენებს, რომ პოლიტიკის ზოგ სფეროში მთავრობა და ოპოზიცია მეტ–ნაკლებად თანაბარი ნდობით სარგებლობს.

ოპოზიცია გამოკითხვებს მეტ ყურადღებას რომ აქცევდეს, უფრო წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება მიეცემოდა და შესაძლოა, მოყოყმანე ამომრჩევლების მიმხრობაც კი მოეხერხებინა. გამოკითხვების იგნორირება მხოლოდ იმის გამო, რომ მათი შედეგები არ მოგწონს, საქმეს ალბათ ვერ უშველის.

 

ინგლისურად თარგმნა ნოე კანკიამ


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^