Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საახალწლო ანალიზი

17 დეკემბერი 2016

შობა კი მოდის და საზეიმო ვითარებანიც და სავაჭრო, თუ სანუგბარო ციებ-ცხელებაც იმატებს, ხოლო პრემიერლიგაში უხვი საშობაო თამაშებისთვის ემზადებიან. ამ კვირის მთავარი ახალი ამბავი განთქმულ ვექილ რიჩარდ მაკლარენის ახალ ანტისადოპინგო ანგარიშს ეხება, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს დაწოლას რუსეთზე და სხვა ათას გაუგონარ სადოპინგო ამბავთან ერთად გაშიფრულადაც წარმოადგენს სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების შარდის ანალიზების შეცვლის სქემას, რაც ანგარიშის მიხედვით ამ ქვეყნის საიდუმლო სამსახურებს შეუმუშავებიათ.

ჩეკას საქმე და ხლართები არასდროს აკლდა, მაგრამ ჩანს ამ ქვეყნისათვის სპორტულ კვარცხლბეკთა დაპყრობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯილდოების მოპოვების საქმეში სახელმწიფო მანქანის ყველაზე მძიმე არტილერია ჩართულა.

რა თქმა უნდა, რუსი სპორტსმენების ანალიზები სულ ბოლო რამაა, რაზეც კაცმა დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა იფიქროს, მაგრამ რუსული სახელმწიფო სადოპინგო სისტემის გარშემო გაჩაღებული ხანძარი, რომელიც აგერ რამდენი ხანია გრძელდება, სულაც არ აპირებს მინავლას და ახალი და ახალი სურათებითა და სამარცხვინოობებით ივსება.

 კვლავაც, რა თქმა უნდა, რუსეთი უარყოფს დოპინგის ამბავში სახელმწიფო სისტემის არსებობას და ან ანგარიშებში მოყვანილი ფაქტების ვითომდა შესწავლის დაპირებებით, ანაც მათი უსაფუძვლო ბრალდებებად მოხსენიებით იფარგლება, მაგრამ დასავლეთში ხომ ასე იციან: თუ რაიმე ბნელ ისტორიას წასწვდებიან, მერე ამბავი თითქმის არასდროს რბილდება.

რუსული დოპინგის საქმეც ასეთია.

ათასამდე სხვადასხვა სახეობის რუსი სპორტსმენი სწორედ დოპინგის ხარჯზე აღწევდა მაღალ შედეგებს, იგებდა ოლიმპიურ მედლებს და საერთოდაც, სპორტის ვარსკვლავად იწოდებოდა.

ანაბოლიკი სტეროიდების გამოყენების გამართული სისტემა, რომლის არსიც სპორტსმენის მონაცემებისა და საშეჯიბროდ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, თავის თავში იმასაც იტევს, რომ ეს დოპინგი ანალიზისათვის უხილავი შეიქნას.

ცნობილია ამ ხერხებზე მომუშავე განთქმული სპორტული მედიკოსის, პორტუგალოვის ამბავიც, თუმცა ახლა ამას ისიც დაემატა, რომ რუსეთისათვის მაშინ საოცნებო და მერე დიდი ამბით ჩატარებულ სოჭის ოლიმპიადაზე საქმეში სულაც ჩეკა ყოფილა გარეული და პოზიტიურტესტიანი ანალიზების კონტეინერების შეცვლა-გაპარების საქმეზე მთელი სამსახურებიც მუშაობდა. ნაპოვნია ელექტრონული მიმოწერაც, სადაც ვიღაცები იმას ეკითხებიან სპორტის სამინისტროს, მას გადაუგზავნონ მოპარული კონტეინერები, თუ გაანადგურონ.

 რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ამის კეთება ბევრად ძნელი იქნებოდა ვიდრე შინ, თუმცა მაკლარენის ანგარიშში ნათქვამია, რომ ლონდონის ოლიმპიადა უპრეცედენტო იყო დოპინგური გამარჯვებების ოდენობისა და მასშტაბის მხრივ. სტატისტიკა ცნობილია, სკანდალური ისტორიებიც, ჩამორთმეული მედლების ამბებიც, დისკვალიფიცირებული სპორტსმენების ბედიც და სხვა უამრავიც.

ახლა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საერთოდაც ხელახლა აპირებს სოჭის ოლიმპიადის დროიდან შენახული 254 რუსი სპორტსმენის შარდის ნიმუშის შემოწმებას.

აი, სპორტული საქმე!

თუმცა რას იზამ. საქმე იქითკენ მიდის, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიცირება და ჯილდოების მასობრივი აყრა გაგრძელდება, ხოლო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსული გუნდის დაშვების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირდება. კიდევ მეტი, ამბობენ, რომ შესაძლოა, რუსეთს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაც კი ჩამოერთვას. თანაც, დოპინგში რუსი ფეხბურთელებიც არიან მხილებულნი.

მოკლედ, დარტყმა დარტყმაზე მოდის, თუმცა მთავარი დარტყმები, თუ ასეთები იქნა, ჯერ კიდევ წინაა და რამდენად და როგორ გაუმკლავდება ამას რუსეთი, ჯერ არ ვიცით. ეს უკვე პოლიტიკური ამბავია. სახელმწიფო სპორტში პოლიტიკა ყოველთვის ძალიან ბევრია: სიტყვები ეროვნული ნაკრები და ოლიმპიადა სპორტის ბევრ სახეობას უკვე ისეთ მახინჯ ნიღაბს არგებს ხოლმე, რომ იქ სპორტიდან მხოლოდ დოპინგით გაჭყეპილი, თვალებანთებული ახალგაზრდები რჩებიან, რომლებიც ვინ იცის, რა უბედურებებს გადიან, სანუკვარ ჯილდომდე მისაღწევად.

ამავე კვირაში ბიბისის ინტერვიუ მისცა რუსეთიდან გაქცეულმა რვაას მეტრზე მორბენალმა იულია სტეპანოვამ, რომელიც თავად მთელი კარიერა დოპინგით იყო გამოტენილი, ქმრად კი რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს პატიოსანი ოფიცერი შეხვდა და მისი ჩაგონებით სპორტის პირაქეთა სნოუდენად იქცა:

სწორედ ისე, როგორც ცივი ომის დროს, სტეპანოვა დასავლეთში გაიქცა და როგორც ამბობენ, ახლა საიდუმლო მისამართზე ცხოვრობს ამერიკაში, რათა იქ ჩეკას მსახვრალი ხელი არ მისწვდეს. მას ერთხელ უკვე გაუტეხეს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე არსებული გვერდი და ამით მისი მისამართიც დაადგინეს, რის შემდეგაც სამყოფელი გამოიცვალა.

ამ ოცდაათი წლის ქალმა, როგორც ოდინდელმა საბჭოთა დროის გადამრბენებმა, თავისი პირადი ისტორია გაასაჯაროვა და მძიმე ცხოვრებაც განვლო მას შემდეგ, რაც საკუთრი დოპინგ-სპორტსმენობა ამხილა.

ყველაფერი კი მართლაც ისეა, როგორც ძველ, ტკბილ საბჭოთა დროის შტირლიცობაში: ჯაშუშები, გაქცევა, სახელმწიფოსთვის საჭირო გამარჯვებები, ლეგენდარული გედერული სადოპინგო სისტემა, რომელსაც საბჭოთა მხოლოდ ემოწაფებოდა და გმირები, რომლებიც სინამდვილეში არაფრის გმირები არ არიან, რადგან საბოლოო ჯამში სპორტს სპორტისა აღარაფერი სცხია, მისი სული კი მკვდარია, რაც სევდიანი ამბავია, სხვა ათას რამეს რომ თავი დავანებოთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^