Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძალადობა ოჯახში - პროკურორების, ადვოკატების და მოსამართლეების მგრძნობელობა

20 დეკემბერი 2016

საქართველოში  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის პრობლემა რომ არსებობს, ეს ახალი არ არის. ამ პრობლემისადმი სამართალდამცველთა გულგრილ დამოკიდებულებაზე ბრალდებებიც ხშირად გვესმის. ეს პრობლემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშიც მოხვდა, რომელიც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგს მოიცავს.

ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის ზოგიერთ შემთხვევაში  მოსამართლეები საფრთხეებს ადეკვატურად არ აფასებდნენ  და ბრალდებულს არაადექვატურად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებას და სასჯელს უფარდებდნენ,  რაც მსხვერპლს პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა.

ანგარიშის თანახმად, 22 გამამტყუნებელი განაჩენიდან მხოლოდ  6 (27%) შემთხვევაში შეეფარდათ ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა.

„რამდენიმე დანაშაულში გენდერული დისკრიმინაციის აშკარა ნიშნების მიუხედავად,  პროკურორს მოტივი არ გამოუკვეთია. რიგ შემთხვევებში დანაშაულის კვალიფიკაცია კითხვებს აჩენდა“.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები სტერეოტიპულად და არაეთიკურად იქცეოდნენ.  

„ლიბერალი“  შეეცადა გაერკვია, რა კეთდება ამ მიმართულებით მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა ცნობიერების ასამაღლებლად.  რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული დამნაშავის სათანადოდ დასჯა, რაც შესაძლოა, მსხვერპლის სიცოცხლესთან პირდაპირ იყოს დაკავშირებული. 

ადვოკატთა  ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, თიკო ქარსელაძის ინფორმაციით,  ბოლო რამდენიმე წელია, ადვოკატებისთვის განკუთვნილი ტრენინგების თემებში ოჯახში ძალადობაც შედის.  2016 წლის სექტემბრიდან კი მას ქალთა უფლებებიც დაემატა. სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ინფომრაციით, ამ სემესტრში ქალთა მიმართ/ოჯახში  ძალადობის თემაზე 200-მდე ადვოკატს  9 ტრენინგი ჩატარდა. მასში რამდენიმე კომპონენტი შედის: საერთაშორისო კონვენციები, ფსიქოლოგიური ნაწილი,  კანონმდებლობა და სავარჯიშოები.

თიკო ქარსელაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ტრენინგები ბოლო 2 წელში 800-მდე ადვოკატმა გაიარა. ამიტომ მისთვის გასაკვირია, რატომ მოხვდა ანგარიშში ასეთი შეფასება. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ადვოკატთა ასოციაცია 4600 ადვოკატს ითვლის და ყველა ერთნაირად სენსიტიური ვერ იქნება. გარდა ამისა, ადვოკატებისთვის ტრენინგების გავლა ნებაყოფლობითია.

რაც შეეხება პროკურორებს, „ლიბერალის“ კითხვაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მათი ცნობიერების ასამაღლებლად,  უწყების პრესსამსახური პროკურატურის ვებ გვერდზე მითითებით შემოიფარგლა, სადაც ამა და ამ დღეს, რაღაც  თემაზე ჩატარებული ტრენინგის შესახებ მშრალი ინფორამცია დევს.  

სამართალწარმოების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა მოსამართლეს აქვს, მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეაფასებს მოძალადისგან მომდინარე საფთხეს და ადეკვატურ განაჩენს გამოიტანს.

როგორც „ლიბერალთან“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, კანონში არ არსებობს დათქმა, რომ ოჯახში ძალადობის(1261 მუხლი)  შემთხვევაში გათვალისწინებულზე მკაცრი სასჯელი დაინიშნოს. თუმცა რიგ შემთხვევებში, მაგალითად როცა მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა, ბრალი მძიმდება.

არეშიძის თქმით, არ შეიძლება ხელაღებით იმის თქმა, რომ მოსამართლემ პირს არაადეკვატური სასჯელი შეუფარდა,  რადგან ის გადაწყვეტილებას სხავადასხვა გარემოების გათვალისწინებით იღებს -  რამდენად მძიმეა მუხლი, არის თუ არა პირი წარსულში ნასამართლევი, არის თუ არა მისი მიმალვის რეალური საფრთხე და ა.შ. მისი თქმით, ვარაუდს, რომ რადგან წარსულში ძალადობდა, ახლაც იძალადებს, მტკციე დასაბუთება სჭირდება.  

მოსამართლე განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის შეფარდებისას ზღვარი უდანაშაულის პრეზუმფციასა და ადამიანის უსაფრთხოებაზე გადის. რადგან არსებობს რისკი, რომ გარეთ დარჩენილი ბრალდებული დანაშაულს ჩაიდენს. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ პატირმობაში ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც მომავალში გამართლდება.

საფრთხეები რომ ნამდვილად არსებობს, ამის მაგალითად მოსამართლე ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა ქალს და კაცს ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა ქალი მალე დაშორდა მას. კაცი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო და მუდმივად ავიწროვებდა მას, იმდენად, რომ გოგო თბილისიდანაც წავიდა. ბოლოს როცა კაცი მას იარაღით დაემუქრა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. თუმცა რადგან მუქარა მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია, მას გირაო შეეფარდა. ამის მიუხედავად, მან ქალი მაინც მოკლა.

ეკა არეშიძე განმარტავს, რომ მოსამართლეები კანონის ფარგლებს ვერ გაცდებიან. ის ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის ცალკე დანაშაულად გამოტანის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან  გენდერული დისკრიმინციის საფრთხეს ხედავს და მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრებისთვის 109 მუხლში(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში)  ფემიციდის შეტანაც საკმარისია.  

რაც უნდა გადაწყვიტონ კანონმდებლებმა, როგორც არ უნდა გამკაცრდეს ოჯახურ დანაშაულებზე სასჯელი, მთავარი მაინც სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დამოკიდებულებაა, უფრო მეტად კი - პროკურორისა და მოსამართლის. თუკი მათ ოჯახში ძალადობისადმი მგრძნობელობა არ ექნებათ, ასეთი დანაშაულის წინააღმეგ ეფექტურად ვერ იბრძოლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^