Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

The Radio Dept. - „საკულტო გმირების“ ორი დღე თბილისში

19 დეკემბერი 2016

1995 წელს სკოლის მეგობრები შვედეთში აარსებენ ბენდს, რომელსაც გაზგასამართი სადგურის სახელს არქმევენ. პირველ სტუდიურ ალბომს 2003 წელს წერენ. ის დიდი აღიარებას იმსახურებს მუსიკის კრიტიკოსთა მხრიდან. ამ ალბომიდან სიმღერებს რეჟისორი სოფია კოპოლა თავის ფილმში იყენებს და მათი პოპულარობაც იზრდება. 2015 წელს კი ბრიტანული გამოცემა ბენდს საკულტო გმირებს უწოდებს. 

ინდი/დრიმ პოპ ბენდმა The radio dept.-მა ბოლო, მეოთხე სტუდიური ალბომი ოქტომბერში გამოუშვა და წინა ჩანაწერების მსგავსად, ბენდის წევრები ალბომით Running Out Of Love ანტიფაშისტურ იდეებს ავრცელებენ. კიდევ ერთხელ გვანახებენ, რომ ხელოვნება და პოლიტიკა განუყოფელია.

„მუზამემ“ ქართველ მსმენელსაც მისცა საშუალება, ცოცხლად მოესმინა შვედური საკულტო ბენდისთვის. ბენდის წევრებთან გატარებულმა ორმა დღემ დამანახა, რომ ისინი არ დისტანცირდებიან საკუთარი მუსიკისგან, ტექსტებისგან და გულწრფელად მღერიან იმის შესახებ, რაც აწუხებთ.

წარმოიდგინე, რომ მარტო დგახარ აეროპორტში და საყვარელ მუსიკალურ ბენდს ელოდები. 

დილის 03:55 საათია. ცივა. ძლიერი ქარია. თვითმფრინავი 10 წუთით ადრე დაეშვა, მაგრამ „საკულტო გმირები“ იგვიანებენ.

05:00-ზე გამოჩნდნენ. გაცნობის შემდეგ გარეთ გავედით მოსაწევად, თან ტაქსის ველოდებით.

„გავიგეთ, რომ აქ სიგარეტი ძალიან იაფი ღირს“, - იღიმება დანიელი. სიცივისგან ყველას  ცხვირები ასწითლებია. 

დანიელი: ბოლოს აქ რომ ვიყავი, ძალიან ცხელოდა, აგვისტოში თაფლობის თვე თბილისსა და ბათუმში გავატარე.

მანქანები მალევე მოვიდნენ. ინსტრუმენტების ჩალაგება დავიწყეთ. თავი ფილმ „Almost Famous-ის“ პერსონაჟი, 15 წლის უილიამ მილერი მეგონა, ოღონდ არც  Rolling Stone-ისთვის ვაპირებდი სტატიის დაწერას და არც The Radio Dept. იყო Stillwater.

„928! გადააყენე, გადააყენე, არ გესმის შენა?“ - მოუწოდებდა პატრული ჩვენს მანქანას და ამ შეძახილების ფონზე როგორც იქნა ჩავბარგდით და სასტუმროსკენ გავემართეთ. ძილისთვის მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩენოდათ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და შეხვედრის დრო დავთქვით.

12:30 საათზე „ფაბრიკაში“ შევიკრიბეთ Spacehall-ში წასასვლელად. მანქანაში საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა, ამიტომ იოჰანი მე გამომყვა. ტაქსიში ჩავსხედით და დინამოსკენ გავემართეთ. 

- შენი აზრით, ბევრი ადამიანი მოვა? - მკითხა მან.

- Facebook-ის მიხედვით დაახლოებით 600 ადამიანი იქნება. ბევრია?

- საკმაოდ. ჩვენ შვედეთშიც კი არ გვყავს მაინცდამაინც ბევრი მსმენელი.

- ეგ როგორ?

- ალბათ იმიტომ, რომ პრომოუშენში დიდ რესურსს არ ვხარჯავთ. 

- ოფიციალური facebook ფეიჯიც კი რამდენიმე თვის წინ შექმენით. თქვენი საიტი კარგად მუშაობს.

- კი, ოღონდ ეს ჩვენი საიტი არ არის. მაგრამ ვინც ამას აკეთებს, მისი მადლობელი ვარ. ყველაზე ბევრი, დაახლოებით 800-900 ადამიანი დაგვსწრებია. რაც უფრო ცოტა ადამიანი გვესწრება, უფრო მომწონს, ამ დროს უფრო მარტივია მსმენელთან კავშირის დამყარება.

მალე დინამოს სტადიონი გამოჩნდა.

- საქართველოში საფეხბურთო გუნდიც გყავთ?

- კი, ოღონდ მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მასზე იხუმრონ და ანეკდოტები მოიფიქრონ.

- პატარა ქვეყნებში ეს ხშირად ხდება. ეს ფინანსებს უკავშირდება, თუმცა შეიძლება გამოსწორდეს.

- სიმართლე გითხრა, არ მადარდებს ფეხბურთი. 

- არც მე.

- ასეც ვფიქრობდი, როცა The radio dept.-ს ვუსმენ, რთული წარმოსადგენია, რომ შენ ფეხბურთის გულშემატკივარი იყო.

- ჰო, ფეხბურთი რომ მიყვარდეს, ალბათ უფრო ბენდ „Oasis-ის“ მსგავს მუსიკას დავწერდი.

გვეცინება. „სფეისჰოლში“ შევდივართ.

ტექნიკური შემოწმება რამდენიმე საათს გაგრძელდა, რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. ეს ალბათ ყველაზე ინტიმური მომენტი იყო - იდგე თითქმის მარტო დიდ ბეტონის სივრცეში და ცოცხლად უსმენდე The Radio Dept.-ს

მალე ტელეჟურნალისტიც გამოჩნდა. ბენდის რომელიმე წევრთან მოკლე კომენტარი ჩაწერა  უნდოდა. მენეჯერმა ჯერსპერმა უარი თქვა: „როცა ბიჭები დაკვრას დაიწყებენ, მინდა თავი დაცულად იგრძნონ“.

-    ზოგჯერ მგონია, რომ პოპულარობა უბრალოდ არ გინდა კი არა, შენი განსაკუთრებული სურვილია, რომ არ იყო პოპულარული, - ვეუბნები იოჰანს.

-    გეთანხმები. მინდა, რომ საკუთარი თავი შევინარჩუნო, მინდა, რაც ჩემია, მე დამრჩეს.

-    ჩვენი მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუ არსებობს. შემდეგ ამაზე უარი ვთქვით, თან ცუდი გამოცდილება გვაქვს წარსულში ტელევიზიებთან ურთიერთობაში. როდესაც სატელევიზიო ინტერვიუს წერ, ყველა კითხვისთვის მზად უნდა იყო და სხარტი პასუხები უნდა გასცე. თუ რამე შეგეშლება შესაძლოა დაამონტაჟონ, მაგრამ „ამოჭერით, ეს შემეშალა“ ძალიან ყალბია ჩემთვის, - ამბობს დანიელი.

უკვე 8 საათი გახდა. საკმაოდ ცოტა ხალხია. სანამ Lady Heroine უკრავს, ისინი სცენის გვერდით სხედან და ლუდს სვამენ. მეც ვუერთდები. 

მარტინი: ვიღაცამ ჩემზე დაწერა, რომ რაც მეტს ვსვამ, სცენაზე უკეთესი ვარ. ჰოდა მეც ვსვამ.

მათი გამოსვლის დროც მოვიდა. ფეხზე წამოდგნენ და ელოდებიან, როდის დაასრულებს ჯესპერი აპარატურის შემოწმებას. ყველაფერი უფრო მისტიკური ხდება - გარედან შემოსული ხალხის ხმაური და ბენდის წევრების დუმილი. ჯესპერს დაფაზე დალაგებული  ყურსასმენები სცენიდან ჩამოაქვს. ისინი რელიგიური რიტუალივით ერთდროულად იღებენ და ირგებენ. ერთმანეთს თითქმის აღარ ესაუბრებიან. იოჰანი განცალკევებით დგას და ნერვიულად იშმუშნება.

-    ნერვიულობ?

-    ვერაფრით შევეჩვიე. ყოველ ჯერზე ვნერვიულობ. ორი სიმღერის შემდეგ უფრო ვეჩვევი ხალხის წინ დგომას.

კონცერტი ანტიფაშისტური მანიფესტით გაიხსნა - Sloboda narodu (ბოლო ალბომიდან, Running out of love).

შემდეგ იმღერეს David – 2009 წელს გამოშვებული სინგლი, რომელიც 2010 წლის ალბომში Clinging To A Scheme შევიდა.

ძველი და ახალი სიმღერები ერთმანეთს ენაცვლება. ერთსაათიანი პროგრამა არავისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და რამდენიმეწუთიანი ოვაციების შემდეგ ისინი კვლავ სცენაზე ბრუნდებიან.

პირველი ალბომიდან ნოსტალგიური „1995“-ს მღერიან. იოჰანს ტექსტი ავიწყდება. უნაკლო ლაივკონცერტს, ეს პატარა „ხარვეზი“ სრულყოფილს ხდის.

ლაივის ბოლოს იოჰანი სცენიდან აცხადებს, რომ აქ იყო ერთ-ერთი ყველაზე ენთუზიასტი პუბლიკა, რაც აქამდე ჰყოლია - ეს კონცერტის ყველაზე სევდიანი ნაწილი იყო. 

ისევ ბექსტეიჯში ვბრუნდები.

-    დიდებული იყო. საუკეთესო, რაც აქამდე მინახავს.

-    შენ ასე ფიქრობ?

-    მე არ ვფიქრობ - ასე იყო.

იოჰანი ჩვეული სიმორცხვით მადლობას იხდის, ამბობს, რომ ასეთი პუბლიკა არცერთი კონცერტიდან არ ახსენდება.

გიორგი, გიორგი და მე ბენდს სასტუმრომდე ვაცილებთ.

მეორე საღამოს სოფია მელნიკოვას დუქანში მივდივართ. ადგილი მოსწონთ - ასეთ მყუდრო ადგილს სტოკჰოლმში ვერ ნახავო.

ძალიან ბევრის კითხვა მინდა. თან არ მინდა, თავი მოვაბეზრო.

-    ტექნოკლუბებს მართლა ვერ იტან? – I forget that I hate so many things Like techno clubs / დამავიწყდა, რომ ძალიან ბევრი რამე მეზიზღება, როგორიცაა ტექნოკლუბები (სიმღერიდან Memory loss).

-    არა, მომწონს ტექნო. უბრალოდ, როცა ამ სიმღერას ვწერდი, იმ მომენტში ნამდვილად მეზიზღებოდა. თუმცა ხალხმრავალი კლუბები ჩემთვის კლაუსტროფობიულია და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ.

-    როცა თქვენი კონცერტი დაანონსდა, ვფიქრობდი, ძალიან ირონიული იქნებოდა, თუ ამ სიმღერას კლუბ Bassian-ში იმღერებდით.

-    ირონიული უკვე მას შემდეგაა, რაც ბოლო ალბომი გამოვუშვით. აქ ხომ ხშირად ვიყენებთ ტექნოს ჟღერადობას.

მოსაწევად გარეთ გავდივართ. ეზოში ბევრი კატის დანახვაზე მეკითხება, მყავს თუ არა შინაური ცხოველი. მეც არ დავაყოვნე და მის სიმღერაზე ვკითზე - Pet Grief. მითხრა, რომ სიმღერაში Pet ცხოველს კი არ ნიშნავს, არამედ საყვარლის და რაღაც ძვირფასის სიმბოლოა, რომ სიმღერაც ამ ძვირფას დანაკარგზეა. ეს უფრო პოეტურია-მეთქი. კომპლიმენტზე ისევ წითლდება.

გიორგი სტუმრებს 2013 წლის 17 მაისზე და საქართველოში არსებულ ჰომოფობიურ გარემოზე უამბობს. ბენდის წევრები სპონტანურად გადაწყვეტენ, რომ სპეციალურად საქართველოსთვის ამ თემაზე სინგლს ან EP-ს ჩაწერენ.

სასტუმროში შესვენების შემდეგ სხვა ბარში შევდივართ. როგორც თვითონ ამბობენ, „ბოლო დალევისთვის“. სანამ გიორგი და დანიელი შემოგვიერთდებიან, იოჰანმა მიამბობს, თავისი დაწერილი სიმღერებიდან რომელი მოსწონს. აღმოჩნდა, რომ ბოლო ალბომიდან ყველაზე მეტად -Teach me to forget, პირველიდან კი Keen on boys მოსწონს. დავინტერესდი, რა ისტორიას უკავშირდებოდა Keen on boys, რომელიც 2006 წელს რეჟისორმა სოფია კოპოლამ „მარია ანტუანეტაში“ ერთ-ერთ საუნდტრეკად გამოიყენა. (I don’t like it like this-თან და Pulling out weight-თან ერთად) ინტერნეტში ამ სიმღერის ლირიკაზე ბევრ ინტერპრეტაციას წაიკითხავთ.

„მე ორივე ფრონტზე შემიძლია ვიბრძოლო, თუ მიმიხვდი, რასაც ვგულისხმობ. ეს სიმღერა იმ ამბავზეა, როდესაც სკოლის პერიოდში პირველად მომეწონა ბიჭი. მე კი ვერაფერი გავაწყვე. ინსპირაცია ჩემი პირველი ემოციური გამოცდილება იყო. შემდეგ უკვე გაზრდილმა მსგავს თემაზე David ჩავწერე. ამ სიმღერასაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ჩემი სიმღერის ტექსტზე საუბარი მიჭირს“, - მითხრა იოჰანმა.

გიორგი და დანიელიც მოდიან.

დანიელი: ეს ბარი ძალიან მომწონს. მდიდრულ ადგილებში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, ყოველთვის მგონია, რომ აქ არ უნდა ვიყო. ყოველთვის ფასებს უყურებ და ყოყმანობ, იქნებ მეტი ლუდი აღარ აიღო და ა.შ.

იოჰანი: მე და მარტინი სტოკჰოლმში ყველაზე იაფფასიან ბარში დავდივართ, რადგან, როგორც წესი, ფული არ გვაქვს ხოლმე. იქ ძირითადად სტუდენტები და პენსიონერები დადიან. თუ კარგი ამინდია, მაღაზიაში ლუდს ვყიდულობთ და პარკში ვსვამთ. როდესაც ახალი ალბომი დავაანონსეთ ახალ სიმღერასთან ერთად ჩვენი ფოტოც გავავრცელეთ - მე და მარტინი პარკში ვართ და ლუდს ვსვამთ. მთელი ზაფხული ზუსტად ისე გავატარეთ, როგორც ფოტოზეა. 

-    ვიცი ეს ფოტო. პირველად რომ ვნახე, სასაცილო მომეჩვენა.

-    მეღიმებოდა, როდესაც ამ ფოტოს სხვა არტისტების გაპრიალებული და კარგად დამუშავებული ფოტოების გვერდით ვხედავდი, - მითხრა იოჰანმა.  

გამგზავრების დროის დადგომამდე ბევრს ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, განათლებაზე, პირად ისტორიებზე.

დანიელი: მდიდარი მშობლები მყავდა და ბავშვობაში სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას ვსწავლობდი, მაგრამ მე მხოლოდ სინთეზატორი მაინტერესებდა. ახლა უნივერსიტეტში სემიოტიკას, პროექტის დაგეგმვას და სხვადასხვა რამეს ვასწავლი.

-    ხშირად ამბობენ, რომ მუსიკალური განათლება მუსიკოსს ჩარჩოებში აქცევს. ასეა?

-    თან კი და თან არა. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. შენ იღებ ცოდნას და ეს ცოდნა კონტექსტის გათვალისწინებით უნდა გამოიყენო. ბევრი რამის გადაფასება შეიძლება მოგიწიოს, თუ აზროვნებ. რომ განვაზოგადოთ, კონსერვატორები არ ცდილობენ, რომ საკუთარ ცოდნას და რწმენას გადახედონ. პირიქით, ისინი ცდილობენ ირგვლივ ყველა საკუთარ ვიწრო ხედვებში მოაქციონ, თავიანთ შეხედულებებს სხვები მოარგონ, ასე განვითარება შეუძლებელია. დღეს უნივერსიტეტში იმისთვის სწავლობენ, რომ ბაზარზე დასაქმდნენ, განათლებამ ეს ფუნქცია შეითავსა.

„მუსიკის ერთმა კრიტიკოსმა გიტარის ხელში ჭერის მანერის გამო გამაკრიტიკა. მომწონს, როდესაც ზემოთ, რაც შეიძლება ნიკაპთან ახლოს მიჭირავს ინსტრუმენტი. ეს შეიძლება უმნიშვნელო ნიუანსია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, იან კურტისიც ასე უკრავდა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაგარია. ზოგიერთ მუსიკოსზე, ვისაც გიტარა ქვევით უჭირავს, ისეთი ასოციაცია მიჩნდება, რომ თავიანთი გენიტალიების დემონსტრირებას ცდილობენ“, - ამბობს იოჰანი.  

მალე გამგზავრების დრო მოდის. სასტუმროში ვბრუნდებით. ინსტრუმენტებს ვალაგებთ. აეროპორტამდე მარტინი მემგზავრება. უნდა, რომ აქ დასასვენებლად მაინც დაბრუნდეს.

„შვედეთში ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებულია. აქ მომწონს. ყველაფერს სიძველე ეტყობა, თან ძველი შენობების გვერდით ახალი ნაგებობები დროის მსვლელობას კარგად ასახავს. აქ არ მოიწყენ“, - მეუბნება მარტინი.

დამშვიდობებისას ყველას სურვილი უკან დაბრუნება იყო. და ეს არ იყო ფორმალური ჟესტი - „ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები“. ეს იყო ადვილად შესამჩნევი გულწრფელი სურვილი.

 The Radio Dept. ზამთარში ევროპულ ტურნეს დაიწყებს. როცა შვედეთში დათბება, ალბათ მარტინი და იოჰანი ისევ იყიდიან იაფფასიან ლუდს და სტოკჰოლმის სუფთა, მშვიდ პარკში შვედური იარაღის წარმოებაზე, დაბომბილ ალეპოზე, ძვირფას დანაკარგებზე ან იმაზე დაფიქრდებიან, რომ ბევრი კილომეტრის მოშორებით მათ ისევ ელოდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^