Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაბიჯ-ნაბიჯ ევროკავშირისკენ

22 დეკემბერი 2016

საქართველოს ევროპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის ძალისხმევამ პირველი ხელშესახები შედეგი გამოიღო - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია სულ რამდენიმე თვის საკითხია, ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით კი ქვეყანა მოწინავე პოზიციას იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის არსებობას ხაზს მუდმივად უსვამენ, ევროკავშირის წევრობა ჯერაც შორეულ პერსპექტივად რჩება. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოების მექანიზმია, თუმცა ავტომატურად გაწევრების პერსპექტივას არ გულისხმობს. საამისოდ, უპირველესად შესაბამისი განაცხადია საჭირო, რაც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში ჯერ არ დგას.

რამდენად შორს ვართ იმ უმთავრესი მიზნისგან, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია? ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ. ევროკავშირის წევრობის სურვილის ღიად გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ჯერ მზად არ არის, ამბიციური განცხადება გააკეთოს და გაწევრების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში ოფიციალურად დააყენოს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ სვლა მრავალმა ფაქტორმა შეანელა და ამაში დამნაშავე სწორედ რომ ხელისუფლებაა.

რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე და რატომ არ აკეთებს საქართველო განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე? - ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ პროცესის დაყოვნება გარეფაქტორებთან არის დაკავშირებული, როცა ოპოზიცია პრობლემას მმართველი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებში ხედავს, თუმცა, ამავდროულად მიაჩნია, რომ უკვე დროა, პოლიტიკა უფრო ამბიციური გახდეს.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რეალურად, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მიეღო. ასე რომ მომხდარიყო, საქართველო მიგრანტთა კრიზისსაც ასცდებოდა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალი ხელისუფლებების არჩევის ციებ-ცხელებასაც, რამაც ევროკავშირის ყურადღება მთლიანად შიდაპროცესებისკენ მიმართა და ასპირანტ ქვეყნებში „წარმატების ისტორიების“ ძიება მეორეხარისხოვნად აქცია.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ უვიზო მიმოსვლის მისაღებად ტექნიკური სამუშაოების შესრულება საკმარისი იყო და საკითხის პოლიტიკურ დონეზე ლობირებას ძალისხმევა დააკლო.

„ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება მოლდავეთმა ჩვენზე 2 წლით ადრე მიიღო და ვცდილობდით, ამ გეგმის მიხედვით წინმსწრებად გაგვეკეთებინა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემდგომში მოგვიწევდა. როცა ხელისუფლება შეიცვალა, პროცესი ჩიხში შევიდა. 6 თვე ელოდნენ, როდის ეტყოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როცა წინასწარ, მოლდავეთის სამოქმედო გეგმის მიხედვით ისედაც იცოდნენ, რა იყო გასაკეთებელი. კიდევ 6 თვე ელოდნენ, სანამ გეგმის განხორციელებას დაიწყებდნენ და ამასობაში დიდი დრო დაიკარგა” - ამბობს სამადაშვილი.

რამდენიმე თვის წინ გერმანულ გამოცემებში - Die Welt-სა და Bild-ში გამოქვეყნებული სტატიები მკითხველს აცნობებდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი გერმანიის სკეპტიციზმის მიზეზი გერმანიაში მოქმედი ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გახდა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ მართალია, რიგ სახელმწიფოებს გარკვეული კითხვები ჰქონდათ, თუმცა ოფიციალურ დონეზე გერმანიაში მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ და, შესაბამისად, არც საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობებიათ ევროკავშირში მოქმედი ქართველი კრიმინალების, როგორც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორის შესახებ. სამადაშვილის თქმით, არგუმენტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეფერხებაზე ზეგავლენა კრიმინალურ ვითარებას არ მოუხდენია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბრიუსელში გადაწყვეტილება რომ მიიღონ, საქართველოს პოზიციას რამდენიმე გავლენიანი ევროპული ქვეყანა უნდა უჭერდეს მხარს. ასეთი პარტნიორი საქართველოს ევროპაში არ ჰყავს“ - ამბობს სამადაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველომ გერმანიასთან კომუნიკაცია უნდა გააძლიეროს.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში პროცესის გაჭიანურებაში ქართული მხარის ბრალეულობა არ იკვეთება და ევროკავშირშიც ადასტურებენ, რომ პროცესის გახანგრძლივება ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია.

შეჩერების გამარტივებული მექანიზმით ევროკავშირი თავს იზღვევს, რომ ჭარბი მიგრაციული ნაკადებისგან თავის დაცვა ეფექტიანად შეძლო. ასეთი რისკი საქართველოდან არ არსებობდა, თუმცა ამ უკანასკნელისთვის უვიზო მიმოსვლის მიცემის საკითხიც სხვა ქვეყნებთან ერთად გადაწყდა.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება მეტის გაკეთება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ ძალისხმევა არ გასწია. ვფიქრობ, შეჩერების მექანიზმზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიბმა არ იყო სამართლიანი, მაგრამ ევროკავშირმა უნდა აიღოს ტვირთი, რადგან ეს ძალიან აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში“ - ამბობს ჩხიკვაძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლესმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პროგრესი და აღნიშნეს, რომ პროცესის დაყოვნება შეჩერების მექანიზმზე შიდაინსტიტუციური შეუთანხმებლობის ბრალია.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, საქართველომ ის პროგრესი შეინარჩუნოს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად გასწია. ევროპარლამენტის თანახმად, შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე ან დაარღვიეს ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის ვადა; თუკი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავშესაფრის მოთხოვნის საჭიროებას და თუკი ქვეყანა რეადმისიის საკითხზე თანამშრომლობას (მიგრანტთა დაბრუნება) შეასუსტებს.

ვიქტორ დოლიძე ამ მექანიზმის საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედების საფრთხეს ვერ ხედავს. მისი თქმით, სასაზღვრო პერიმეტრი შესაძლოა 100%-ით გამართული არ იყოს, მაგრამ ეს ფაქტორი დამაბრკოლებელი არ გახდება.

შეჩერების მექანიზმის საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედების საფრთხეს ვერც ივანე ჩხიკვაძე ხედავს, რომელიც მიიჩნევს, რომ სამივე პირობის შემთხვევაში საქართველოს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს.

„ჯერ ვერ ვიტყვით, რა იქნება მომავალში, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ, თუმცა მას ვალდებულებებიც ახლავს თან. ეს მექანიზმი იმიტომაც არსებობს, რომ ქვეყანამ რეფორმები განაგრძოს“ - ამბობს ჩხიკვაძე.

სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ რისკს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტი, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში.

„თუ ასე გაგრძელდა ეკონომიკური ვითარება, ალბათ, ბევრ მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რამდენად არსებობს მათთვის განვითარების პერსპექტივა ამ ქვეყანაში. საქართველო არ უნდა დადგეს მოქალაქეთა ევროპაში გადინების საფრთხის წინაშე“ - ამბობს სამადაშვილი.

ევროკავშირში გაწევრება მართალია, შორეული პერსპექტივაა საქართველოსთვის, მაგრამ მასთან დაახლოების ინსტრუმენტებს საქართველო უკვე იყენებს. 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აღინიშნა, რომ ეს ფორმატი ევროკავშირის გაფართოებას არ გულისხმობს, შესაბამისად, როგორი წარმატებულიც უნდა იყოს ასოცირების შეთანხმების შესრულება, მხოლოდ ეს ფორმატი საქართველოს ევროკავშირის წევრად ვერ აქცევს. სამიტზე ისიც გაირკვა, რომ გაფართოების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში კიდევ 5 წლის განმავლობაში არ დადგება.

როცა საქმე გაწევრებაზე მიდგება, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს და აცხადებს, რომ არ სურს ცრუ მოლოდინის შექმნა. ამ არგუმენტს ევროინტეგრაციის საკითხებში ახალი მინისტრიც იზიარებს. ვიქტორ დოლიძის შეფასებით, წევრობაზე განაცხადი ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: თუ რა ტემპებით განახორციელებს საქართველო რეფორმებს და როგორი პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება ევროკავშირში.

„ყოველთვის უნდა აკონტროლო მოლოდინი. მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რათა იცოდნენ, რა სიკეთის მომტანი იქნება ევროკავშირში გაწევრება, თუმცა, ამავდროულად არ უნდა შევპირდეთ, რომ ამა და ამ წელს გავხდებით წევრი და შემდეგ იმედგაცრუება გამოვიწვიოთ“ - ამბობს დოლიძე.

მისი თქმით, განაცხადს წინ სერიოზული საფუძველი უნდა უძღოდეს, რაც პოლიტიკურ მდგომარეობასა და რეფორმებში უნდა გამოიხატებოდეს.

„ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს. თუ ვადებში ჩავეტიეთ, იმდენად კარგი შედეგი გვექნება, რომ 2020 წლისთვის კიდევ უფრო მეტის მოთხოვნას შევძლებთ და იმედია, რეგიონში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურაც უკეთესი დაგვხვდება. ამიტომ მოლოდინის გაზრდა და შემდეგ მარცხი გაუმართლებელი იქნება. როცა იქნება, სახელმწიფო აუცილებლად გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“ - ამბობს დოლიძე.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება განაცხადისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება, შესაძლოა, ასეთი არც არასდროს დადგეს. ამდენად, ასეთი დრო საქართველომ თვითონ უნდა შექმნას. მისი თქმით, ნამდვილად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხს თავდაპირველად ირონიულად შეხედონ, მაგრამ იგივე მოხდა იმ დროს აღმოსავლეთ (დღეს უკვე ცენტრალური) ევროპის ქვეყნების შემთხვევაშიც. შესაბამისად, ქვეყანამ განაცხადი უნდა გააკეთოს, მანამდე კი შეუძლია, დამოუკიდებლად დაიწყოს თავის შეფასება.

„ევროინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს. ამიტომ, ევროინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრება სხვადასხვა პროცესია. ასოცირების შეთანხმების შესრულება აპრიორი არ ნიშნავს გაწევრებისთვის მზადებას. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება წინასწარ დაიწყებს იმ შეკითხვების შევსებას, რომელთაც გაწევრების მოთხოვნის დროს უნდა გასცეს პასუხი. ასე დავინახავდით, რა გვაქვს გამოსასწორებელი. ეს გაწევრების განაცხადის პროცესის დაწყებას ნიშნავს მხოლოდ“ - ამბობს ჩხიკვაძე.

მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის განაცხადს გააკეთებს, ევროკომისია აპლიკანტის მზადყოფნის შემოწმებას იწყებს. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ თუ არა მოლაპარაკებები და კანონმდებლობის შეფასება.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირი საქართველოს გაწევრებაზე უარს ეტყვის. ეს ურთიერთობა წყვილის ურთიერთობას მაგონებს, რომელიც უკვე 25 წელია, ერთად არის, მაგრამ ორივეს ეშინია სამართლებრივი სტატუსის შეძენისა, ამ სტატუსში კი წევრობას ვგულისხმობ. აქედან ერთი თანახმაა სტატუსზე, მეორის პოზიცია კი ვერ გამიგია“ - ამბობს ჩხიკვაძე.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის საჭიროებას სალომე სამადაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა აუხსნას, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ განაცხადი აუცილებელია, რათა არავის გაუჩნდეს განცდა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადი არ არის.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამ თვალსაზრისით გაუგებარია. განაცხადის გაკეთება პროცესის შეუქცევადობის განცდას გააძლიერებს და ეს აუცილებლად გასაკეთებელია” - ამბობს სამადაშვილი.

კვლევით დოკუმენტში, „ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები საქართველოსთვის, მოლდავეთისა და უკრაინისთვის: შეუძლებელი, დავიწყებული თუ დაფარული“, რომლის თანაავტორიც ივანე ჩხიკვაძეა, ნათქვამია, რომ ფაქტორები, რომელთაც ევროკავშირი განაცხადის დროს გაითვალისწინებს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მაჩვენებელი და ევროკავშირის შიგნით არსებული ვითარება იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ განაცხადის შეტანისთვის საუკეთესო დრო შესაძლოა არასდროს დადგეს და თავის მხრივ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას მოსაწვევსაც არ გაუგზავნის.

„როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, „თუკი ვინმე შეკითხვას არ დასვამს, არც პასუხი იქნება“. შეკითხვა სწორ დროს უნდა დაისვას, როდესაც ქვეყანას კარგი მაჩვენებელი ექნება რეფორმების გატარების თვალსაზრისით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მართალია, კორუფციის დაძლევის თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა, თუმცა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების საჭიროებაზე ასოცირების შეთანხმების შესრულების ბოლო ანგარიშიც მიუთითებს, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები კი კვლავ პრობლემად რჩება.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები მმართველ პოლიტიკურ გუნდში სიძულვილის ენით მოლაპარაკე პოლიტიკოსების დამსახურებაც არის.

„მეტიც, ისინი ხელს უწყობენ და აფინანსებენ ისეთ მედიას, რომელიც სიძულვილის ენით საუბრობს და არაჯანსაღ დამოკიდებულებებს აღვივებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებს. შესაბამისად, ეს არის მთავარი პრობლემა. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ იკავებს ხელისუფლება თავს განაცხადისგან. რაც უფრო ამბიციურები ვიქნებით, მით უკეთესი. ზოგადად, ევროპასთან ურთიერთობა ასე ვითარდება - იმაზე მეტი უნდა მოითხოვო, ვიდრე შეიძლება, რომ დღეს მოგცენ, რათა საბოლოოდ ის მიიღო, რაც გინდა. მაგრამ ამ ყველაფერს სტრატეგია სჭირდება,“ - ამბობს სამადაშვილი.

ევრობარომეტრის ბოლო გამოკითხვის შედეგების თანახმად, 14 წევრი ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია, მათ შორის: ავსტრია (71%), გერმანია (67%), ლუქსემბურგი (64%), საფრანგეთი (63%), ბელგია (61%) და ფინეთი (61). ევროკავშირის გაფართოების მომხრეა 13 ქვეყანა, მათ შორის: რუმინეთი (73%), ლიტვა (64%), მალტა (63%) და ხორვატია (61%).

ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში საქართველოს საყრდენი ევროკავშირში ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან.

„შესაძლოა, ისინი არ არიან ისეთი გავლენიანები, როგორც სხვა ქვეყნები, მაგრამ ჩვენს ლოკომოტივად უნდა იქცნენ. ევროკავშირი ნელ-ნელა უნდა შევაგუოთ იმ აზრს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ სრულდება ასოცირების შეთანხმების შესრულებით, რომ ჩვენი მიზანი ბევრად უფრო ამბიციურია“ - ამბობს ჩხიკვაძე.

სანამ ევროკავშირის წევრობა შორეული პერსპექტივაა, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას უკვე მომავალი წლიდან შეძლებენ. საბოლოო მიზნის მიღწევამდე კი ხელისუფლებას ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან მოუწევს ბრძოლა, როგორიც ადამიანის უფლებების დაცვაა. ხელისუფლებამ საკმაოდ უცნაური გზა აირჩია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ინიციატივით. მათი თქმით, ინიციატივა წერტილს დაუსვამს რუსული პროპაგანდის რიტორიკას, თითქოს ევროკავშირი თავს გვახვევს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, თუმცა მედლის მეორე მხარეს ადამიანის უფლებები იზღუდება, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირში გასაწევრებლად.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^