Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განახლებული სქემა - რა სიკეთეს მოუტანს ცვლილებები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

22 დეკემბერი 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: გაუქმდა გამოცდის ბარიერი; გაიზარდა აქტივობების ჩამონათვალი და, რაც მთავარია, ამ აქტივობებს შორის ბევრი ისეთი აქტივობა გამოჩნდა, რომელიც უშუალოდ სწავლა/ სწავლების პროცესს უკავშირდება. რა პრინციპული ცვლილებები შევიდა სქემაში, რა არის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად - ამ და სხვა სიახლეებზე „ლიბერალი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტ მანანა რატიანს ესაუბრა.

რას გვეტყვით განახლებულ სქემაში პრინციპული ცვლილებების შესახებ?

პრინციპული ცვლილება ისაა, რომ თუკი ადრე სქემაში იყო ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მასწავლებლის პროფესიიდან გასვლა, თუ ის ვერ დააკმაყოფილებდა რაღაც კრიტერიუმებს, ამ სქემაში ეს უკვე აღარაა. შესაბამისად, რჩება მხოლოდ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. ამასთან იმის გამო, რომ კანონში არის ჩანაწერი მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების შესახებ, ამ ეტაპზე ეს ნაწილი სქემიდან არ ამოვარდნილა. მაგრამ სამომავლოდ, როცა კანონში შევა ცვლილება, მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და დასრულება სხვა დოკუმენტის პრეროგატივა იქნება.

ანუ შემუშავდება დამოუკიდებელი დოკუმენტი?

კი, რომელიც განსაზღვრავს, ვის შეუძლია სკოლაში მუშაობის დაწყება და ვინ რა შემთხვევაში დატოვებს სკოლას.

დევს თუ არა დღევანდელ დოკუმენტში (განახლებულ ვერსიაში) სკოლიდან მასწავლებლის გაშვების რაიმე მექანიზმი?

დღევანდელ დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს (ჯერ არ დამტკიცებულა), პროფესიიდან გასვლის არანაირი მექანიზმი  არ დევს. შესაბამისად, სკოლა ღებულობს მასწავლებელთან კონტრაქტის დადებისა და გაწყვეტის გადაწყვეტილებას.

ეს ნიშნავს, რომ დირექტორს დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლების შესახებ?

კი და ეს სწორიც არის. იმიტომ, რომ დირექტორი სიპ-ის ხელმძღვანელია. სიპ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საკუთარ თანამშრომლებთან თვითონვე აფორმებს და წყვეტს კონტრაქტს.

ამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ახლა ახსენეთ, სიახლეა, რომელმაც პროფესიაში შესვლისა და პროფესიიდან გასვლის სისტემა უნდა დაარეგულიროს. დაწყებულია თუ არა ამ დოკუმენტზე მუშაობა?

მუშაობა დაწყებულია. ჩვენ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი) არ ვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში. თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვებით. 

სამინისტრო ამ დოკუმენტზე მუშაობს?

დიახ.

შემდეგი სიახლე, რაც ასევე მნიშვნელოვანია - მოგეხსენებათ, თავიდან, როცა მასწავლებლები გადავანაწილეთ სხვადასხვა საფეხურებზე, იყო მენტორის სტატუსი, რომელზეც ვერავინ მოხვდა. მასწავლებელს ნელ-ნელა კრედიტების დაგროვების გზით უნდა მიეღწია მენტორის სტატუსამდე. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა: კომისიას კრიტერიუმების დადგენის უფლება ექნება, მას გადაწყვეტილების მიღება და გარკვეული გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ამ სტატუსის მინიჭება შეეძლება. 

ანუ ახალი ჩანაწერი, რომელიც სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევებს შეეხება, სწორედ ამისთვის გაჩნდა?

სწორედ ამას გულისხმობს - სტატუსის მიღება განსხვავებული გზით გახდება შესაძლებელი.

როგორც გავიგე, კომისია გადაწყვეტს, რომელ პედაგოგს უნდა მიენიჭოს სტატუსი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ და შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს ასეთ გადაწყვეტილებებს?

დიახ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მაღალი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამავე პრაქტიკოს მასწავლებელს ორი გზა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. ერთი გზაა ის, რაც აქამდეც ვიცოდით, კრედიტების დაგროვების გზა და მეორე - მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მიღება.

ანუ, ამ სისტემის ღირსებაა ის, რომ მეტი მრავალფეროვნებისკენ უბიძგებს მასწავლებელს. ამავდროულად იყო ხოლმე კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლე ნაკლებად ჩანს სქემაში და, შესაბამისად, მასწავლებლები პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის საჭირო დროს სწავლა /სწავლების პროცესს ართმევენ და მოსწავლე ნაკლებად ფიგურირებს. მასწავლებლების წუხილი ამის გამო კვლევამაც დაადასტურა. სხვა წყაროებიდანაც ვიღებდით უკუკავშირებს და იქიდანაც გვქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. შესაბამისად, ახალი ისაა, რომ კრედიტების მისაღებად მასწავლებლების აქტივობები უშუალოდ მოსწავლეებთან და სწავლების პროცესთანაა კავშირში. წინა სქემა არ ითვალისწინებდა ისეთ აქტივობებს, რომლის ვალდებულება მასწავლებელს ისედაც ჰქონდა.  ახალ სქემაში ასეთი აქტივობები გაჩნდა.

მაგალითად?

ახალ სქემაში აღმოვაჩენთ, რომ ბევრი ისეთი რამაა შესული, რომელიც წინაში არ ყოფილა - იგივე მოსწავლეებთან მუშაობა, თავისუფალი გაკვეთილები. აქტივობები დაყოფილი და გამრავალფეროვნებულია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სხვა მიმართულებაა, პროფესიული თანამშრომლობა კი - სხვა. ამავდროულად სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებელი აქტივობები ერთ ბლოკშია შესული, კლასგარეშე საქმიანობები კი - სხვა ბლოკში. აქტივობები სულ ოთხ ბლოკად არის დაყოფილი: იგივე საპროექტო სწავლება, სოციალური პროექტები, სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეებთან მუშაობა, რაც ადრე სქემაში არ ყოფილა. აქ არის კონკურსებისთვის მზადება, საკლუბო, საწრეო მუშაობა. ეს უშუალოდ ეხება მოსწავლეს მოსწავლეთა მიღწევებს, როგორც აკადემიურს, ასევე სხვა უნარების განვითარებას.

ისევ დავუბრუნდეთ იმ ნაწილს, რომელიც შეეხება პრაქტიკოსებს  და უშულოდ იმას, თუ რა გზებით შეუძლია პრაქტიკოსს უფროსი პედაგოგის სტატუსის მოპოვება. სქემის ერთ-ერთი სიახლე ხომ ისიცაა, რომ ერთი გზის ნაცვლად, ახლა უკვე ორი გზა არსებობს და, ასევე ისიც, თუ პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას (პროფესიული და საგნობრივი გამოცდა) პედაგოგმა ვერ მოაგროვა საჭირო კრედიტქულა, მას სხვა აქტივობებით შეუძლია მისი შევსება. ხომ ასეა?

სხვა აქტივობებით ის იმ კრედიქტულებს შეავსებს, რომლებიც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდება.

ამ აქტივობებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ თითქოს პედაგოგები კრედიტქულებს იმ საქმიანობაში მიიღებენ, რაც ისედაც მათი ვალდებულებაა, მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე  ბავშვებთან მუშაობა. ბუნდოვანია, რაში მიიღებენ კრედიტებს?

7000-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში. ეს ძალიან კარგია და ამით მასწავლებლების შრომა არ გაადვილებულა. პირიქით, მათი შრომა უფრო მიზანმიმართული გახდა, მათ უნდა იფიქრონ კონკრეტული ინდივიდზე. ეს, რა თქმა უნდა, მათი ვალდებულებაა, თუმცა იმისთვის, რომ მოსწავლემ პროგრესს მიაღწიოს, მასწავლებლის ბევრი დრო, დიდი ადამიანური და პროფესიული რესურსია საჭირო. რაშიც პედაგოგები კრედიტებს მიიღებენ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი გეგმის ნაწილი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად კლასში აკეთებენ. ამას ფიქრი და აქტივობების შედგენა სჭირდება. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვინ გაზომავს იმას, რომ პედაგოგმა თუნდაც ამ კომპონენტში კრედიტის მინიჭებისთვის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან საკმარისი სამუშაო გასწია?

რა თქმა უნდა, თუკი აქტივობების ჩამონათვალს შევხედავთ, ამ აქტივობებში, ერთი მხრივ, არ ჩანს ხარისხი. ჩანს, რას აკეთებს. თუმცა თვისებრივად როგორ აკეთებს, ამას სქემით ვერ გავიგებთ. ამას, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები დაადგენს, რომლებზეც უკვე მუშაობენ. გამოცდა მიმდინარეობს და ჩვენ შევეცდებით, სქემის დამტკიცების შემდეგ, უკვე მეორე სემესტრში, როცა მასწავლებელი სკოლაში დაბრუნდება, ბევრად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მას. კრიტერიუმები უკვე შემუშავებული იქნება. დადგინდება, რას გულისხმობს თითოეული აქტივობა და რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის ესა თუ ის საქმიანობა.

და შემდგომ შეფასების ჯგუფები დაადგენენ ამ კრიტერიუმების მიხედვით რამდენად იმსახურებს ესა თუ ის პედაგოგი კრედიტქულას ამა თუ იმ აქტივობაში?

კი, ასეა. შეფასების ჯგუფები იმ აქტივობებში გადამზადდნენ, რა აქტივობებსაც აქამდე სქემა ითხოვდა, ხოლო ეს ახალი აქტივობები, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს შეფასების ჯგუფებს. შესაბამისად, ჩვენ მათი ინფორმირებისა და პროცესების კარგად წარმართვის მიზნით, მათ გადავამზადებთ. 

რას გულისხმობს კრედიტქულების მოპოვების მეორე გზა?

არის მეორე გზაც, რომელიც გულისხმობს, რომ მასწავლებელი, რომელიც პარალელურად სწავლობს დოქტორანტურაში ან მაგისტრატურაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რამ არის მისთვის, არ უნდა დავუკარგოთ. ეს იქნება გზა, რომ ის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს. 60-კრედიტიანი პროგრამის გავლითაც პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება. სახელმწიფომ დაუშვა, რომ ამ მოსამზადებელ პროგრამაში ჩართვა მოქმედ პედაგოგებსაც შეეძლებათ.

გარე დაკვირვების ინსტრუმენტზე მინდა გკითხოთ, რა მოდელით უნდა განხორციელდეს ის?

გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით შემუშავდება წესი, რომელსაც  მინისტრი დაამტკიცებს. წესში ასახული იქნება დეტალები. მოდით, ასე ვთქვათ, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია ამ აქტივობის გავლა. მათ აქამდე არ მიეცათ ამის საშუალება, იმიტომ, რომ შიდა და გარე დაკვირვება, რომელიც მათ მოეთხოვებათ, ეს კომპონენტი არ ამუშავებულა. ეს მათი ბრალი ნამდვილად არ იყო. მეორე სემესტრში ეს შესაძლებლობაც მიეცემათ. წესი სასწრაფოდ შემუშავდება და მათ ამ სემესტრშივე მიეცემათ რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა.

რა ძალისხმევაა გასაწევი სქემაში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაციისთვის?   

უპირველესად დასადგენია კრიტერიუმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან კარგია აქტივობების ჩამოწერა, რომლებიც მართლაც მრავალფეროვანია, თუმცა ის, თუ როგორი იქნება ეს აქტივობები, რამდენად შეცვლის ის სწავლების ხარისხს, ეს  დამოკიდებული იქნება კრიტერიუმზე. ეს არის ყველაზე დიდი სამუშაო. ექსპერტები ამაზე უკვე მუშაობენ. გარკვეული მონახაზებიც უკვე არსებობს. მეორე ნაწილი მოიცავს საგაკვეთილო დაკვირვების წესს, რომელიც უნდა შემუშავდეს, და გარე დაკვირვებასაც. უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასების ჯგუფის ყველა წევრი გადამზადებას გაივლის. რეგისტრაცია უნდა დაიწყოს, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც გარე დაკვირვების გავლა გადაწყვიტეს, ის გაიარონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში გვყავს  ეთნიკურად არაქართველები, რომელთათვისაც ეს სქემა ნათელი უნდა იყოს. მათთვის ის უნდა ითარგმნოს. ამას გარდა, კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეს შეფასების ჯგუფებს. გზამკვლევების დაგზავნის შემდეგ ყველა ბუნდოვან და ღია საკითხზე მათთან კონსულტაცია გვექნება. სამუშაო ძალიან ბევრია.

ჯამში, ეს სქემა რომ შევაფასოთ, უფრო მრავალფეროვანი გახდა და მასწავლებლის კრედიტქულების მოსაპოვებელი აქტივობები უფრო მეტად დაუახლოვდა  სკოლასა და მოსწავლეს...

მე მგონია, რომ ბევრი პოზიტიური ცვლილებაა. ბევრ მასწავლებელს შეეძლება თავისი სამომავლო კარიერის წარმოდგენა. გზები მრავალფეროვანია და მგონია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობების განხორციელებით ბევრს მოიგებენ. ყოფილი მოსწავლეები დღემდე მიკავშირდებიან და ახსოვთ ის ერთი აქტივობა, რომელიც განსაკუთრებული იყო. მაგალითად, პროექტი რომელიც მათთან ერთად გავაკეთე.  ბევრი მასწავლებელი ამ აქტივობებს ისედაც აკეთებდა, მაგრამ არ უფასდებოდა. ახლა კრედიტქულების მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.

გამოდის, რომ პედაგოგების ნაწილს, რომლებიც ამ აქტივობებს ისედაც ასრულებდნენ, ვუფასებთ, ხოლო, რომლებიც არ ასრულებდნენ, ვახალისებთ, რომ გააკეთონ ...

კი ასეა... ჩვენ გვგონია, რომ ეს სქემა წაახალისებს პედაგოგებს. ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით. უპირველესად იმიტომ, რომ მასწავლებლობა განსაკუთრებული პროფესიაა და მუდმივი განვითარებაა საჭირო; მეორე დადებითი მომენტია სასწავლო პროცესზე მიმართული აქტივობები, რომელიც აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობას. როგორც საკლასო, ისე კლასგარეშე სამუშაოები. სკოლა არ იქნება მხოლოდ ის ადგილი, სადაც გაკვეთილი ჩატარდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. მიგვაჩნია, რომ პროფესიული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

პროფესიული თანამშრომლობას სქემის რომელი ნაწილი ახალისებს?

მაგალითად, როცა მასწავლებელი სამოდელო გაკვეთილს ატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა კოლეგები ესწრებიან და მის საუკეთესო გამოცდილებას იზიარებენ. კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა. თანამშრომლობითი ნაწილი მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი შეფასებულიც და დაფასებულიც უნდა იყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^