Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირადი ცხოვრება VS სახელმწიფო უსაფრთხოება

23 დეკემბერი 2016

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) მიიჩნევს, რომ „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონის ზოგიერთი ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან . ორგანიზაციამ ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. თუმცა ხელისუფლების და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ  მათი გაუქმება ქვეყნის უსაფრთხოებას დააზარალებს.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი მიზანი უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებისა და კონკრეტული პირების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციაა. ამისთვის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი ევალება. მას ისეთი ოპერატიული  ღონისძიებების განხორციელების უფლება აქვს, როგორიცაა: აუდიო-ვიდეო ჩაწერა, ფარული კინო-ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, ელექტრონული თვალთვალი და საფოსტო კორესპონდენციის კონტროლი. თუკი შსს-ს ამისთვის სასამართლოს ნებართვა სჭირდება, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ამის კეთება ყოველგვარი კონტროლის გარეშე შეუძლია.

სწორედ დეპარტამენტის მიზნებიდან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტერორიზმის მომატებული საფრთხის ფონზე რიგი ნორმების გაუქმება ხელს შეუშლის  სპეცსამსახურების მუშაობას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი მათ არასწორად აღიქვეს ან არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მათი განცხადებით, სპეცსამსახურებს ოპერატიულად მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეთ. უამისოდ  მათი მუშაობა ეფექტური ვერ იქნება. რეალურად კი  EMC არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების შემცირებას, არამედ სასამართლო კონტროლის დაწესებას ითხოვს.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე განმარტავს, მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელწმიფო უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონის ორი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. პირველი კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტს ეხება, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების სასამართლოს გარეშე განხორციელებას უშვებს. ეს იმ შემთხვევაში, როცა საუბარია სატელევიზიო კამერებისა და ელექტრონული თვალთვალის გამოყენებაზე. 

გურამ იმნაძის განმარტებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას საქართველოს კონსტიტუცია იცავს და დაუშვებელია მისი დარღვევა. თუმცა თუკი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა დადგება, მაშინ ეს მხოლოდ სასამართლოს ნებართვით უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს სპეცსამსახურების  თანამშრომლების  თვითნებური  საქციელი.

გურამ იმნაძისთვის გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება რისკებს, როცა ამ ნორმის გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური სამსახურების მუშაობას არ შეაფერხებს. მისი განმარტებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კანონი უფლებას აძლევს მათ, სასამართლოს მიყურადება-თვალთვალის დაწყების შემდეგ მიმართონ ნებართვისთვის. იურისტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გამოიყოს ერთი კონკრეტული მოსამართლე, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა ექნება და ნებართვის შესახებ შუამდგომლობებს განიხილავს.

რაც შეეხება სარჩელის მეორე ნაწილს, ის „კონტრდაზვერვის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის  პირველი  პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. კანონის ამ ნორმის თანახმად, სპეცსამსახურებს შეუძლიათ, ორ პირს შორის კომუნიკაციას მხოლოდ ერთი მათგანის თანხმობით მოუსმინონ. მეორე პირს კი არც მაშინ და არც მიყურადების დასრულების შემდეგ ამის შესახებ არაფერი ეცოდინება. გურამ იმნაძე განმარტავს, რომ ეს მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის საშუალებას ართმევს.

თუმცა კანონის შეცვლის შემთხვევაშიც კი სპეცსამსახურების თანამშრომლების მხრიდან თვითნებობის რისკები მაინც იარსებებს. იქნება ეს მათი პირადი ინტერესი თუ ზემდგომი პირების დავალება.  ქვეყანაში რომ ეს პრობლემა არსებობს, არაერთხელ გამოჩნდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. გურამ იმნაძე მიიჩნევს, რომ ასეთ საფრთხეებს ვერცერთი კანონი ვერ გამორიცხავს. მაგრამ ზემოხსენებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობით და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით მოხელეთა თვითნებობა ნორმატიულ დონეზე მაინც შეიზღუდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე სულ 296 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 224 სრულად, ხოლო 25 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.  რაც შეეხება ვადის გაგრძელებას, სასამართლოებმა 150 შუამდგომლობა განიხილეს, საიდანაც 137 სრულად, ხოლო 5 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სად გადის ზღვარი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანების პირად ცხოვრებას შორის? უშიშროების სამსახურის ყოფილი წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ეს ორი კატეგორია ძირეულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამიტომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი დილემის წინაშე დგას, საით გადახაროს სასწორი. მისი თქმით, არის პერიოდი, როცა უსაფრთხოება უფრო პრიორიტეტულია და დღეს სწორედ ეს დროა.

„ქვეყნის უსაფრთხოება დიდი საშიშროებებისა და გამოწვევების წინაშე დგას. სირიაში ომია, არსებობს დევნილების გადმოსვლის საფრთხეც, კიდევ ათასი საშიშროებაა. ამიტომ ახლა არ შეიძლება ამ ნორმის გაუქმება.  მომავალში, როცა ეს საფრთხე აღარ იარსებებს, შევცვალოთ. მქონია გამოცდილება და ვიცი, რომ ძალოვნებისთვის ნებისმიერი შეზღუდვა ოპერატიულობაზე იმოქმედებს“.

ნიკა ლალიაშვილის ინფორმაციით, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ში ძალოვან უწყებებს მეტი თავისუფლება მიეცათ. მისი თქმით, ეს საკითხი კონგრესზე რთულად გავიდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასე იყო უკეთესი.  ლალიაშვილის აზრით, თუკი ვთანხმდებით, რომ ძალოვანი უწყებები იმიტომ გვინდა, რომ ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ, მაშინ დროებით ჩვენი უფლებები ცოტა უნდა შევზღუდოთ.

საერთაშორისო პრაქტიკა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაცაა გარანტირებული. საქართველო მისი ხელმომწერი 1999 წელს გახდა.

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მინიმალური დაცვის შემდეგი მექანიზმები შეიმუშავა, რომლებიც კანონში უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ეს მექანიზმებია:

1. სამართალდარღვევის ხასიათი, რომელიც შეიძლება მოსმენის შესახებ გაცემული გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;

2. იმ კატეგორიის ადამიანების განსაზღვრა, რომელთა ტელეფონებიც შესაძლოა ისმინებოდეს;

3. ტელეფონის მოსმენის ხანგრძლივობის ლიმიტი;

4. მიღებული მონაცემების შემოწმების, გამოყენების და შენახვის პროცედურები;

5. სიფრთხილის ზომები, როცა ხდება მონაცემთა სხვა მხარეთათვის გადაცემა;

6. ის გარემოებები, რომლებშიც ჩანაწერები შეიძლება ან უნდა წაიშალოს.

ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძველები უნდა განსაზღვრავდნენ წესებს, რომლებიც ფარული მიყურადებისგან ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის საუბრის დაცულობას უზრუნველყოფენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ფარული მიყურადების რაიმე ზოგადი მაქსიმალური ხანგრძლივობა განსაზღვრული არ აქვს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული მიყურადება და ჩაწერა მხოლოდ ბოლო ინსტანციის ღონისძიება უნდა იყოს და უნდა გამოიყენებოდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა, კლასიკური საშუალებები ამოწურულია ან ფარული მიყურადების გამოყენების გარეშე დანაშაულის გახსნის ალბათობა თითქმის არ არსებობს.

გაერთიანებული სამეფო

საგამოძიებო უფლებამოსილებების შესახებ კანონის თანახმად, ფარული მიყურადების შესახებ ნებართვის მისაღებად აუცილებელია შემდეგი საფუძვლები:

ა. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები;

ბ. მძიმე დანაშაულის პრევენციის ან მიკვლევის მიზანი;

გ. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა;

დ. იმ მიზნისა და გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, რომლებიც პრემიერ-მინისტრის აზრით მძიმე დანაშაულის პრევენციის ან მიკვლევის მიზნის ექვივალენტური იქნებოდა.

მიყურადების პროცესზე საბოლოო ზედამხედველობა ევალება სპეციალურ ოფიცერს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. ეს უნდა იყოს პირი, რომელსაც უკავია ან ეკავა თანამდებობა სასამართლო ხელისუფლებაში. კანონდარღვევის ფაქტი ოფიცერმა პრემიერ-მინისტრს უნდა მოახსენოს. ოფიცერი პრემიერ-მინისტრს მისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშსაც წარუდგენს.

მოლდოვის რესპუბლიკა

კანონში ჩამოთვლილია ის დანაშაულები, რომლებიც ექვემდებარება მოსმენას. ეს ეხება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას.

საგანგებო საგამოძიებო ღონისძიებები შეიძლება გატარდეს 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში და დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, გაგრძელდეს ექვს თვემდე ვადით. ამის შემდეგ საგანგებო საგამოძიებო ღონისძიების შესახებ იმავე საფუძველით და იმავე თემაზე განმეორებითი ნებართვის გაცემა აკრძალულია.

რაც შეეხება კონტროლს, სპეციალური საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია, ყოველი წლის 15 იანვრამდე გენერალურ პროკურორს წარუდგინოს სპეციალური გამოძიების ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს განხორციელებული მოსმენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

გენერალური პროკურორი ყოველი წლის 15 თებერვლამდე ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ოფიცერს წარუდგენს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^