ბოლოს, როდესაც მე და თქვენ ინტერვიუზე შევხვდით, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყავით. მაშინ თქვენ ამაყობდით პენიტენციური სისტემის მძიმე მემკვიდრეობის აღმოფხვრით, ციხის ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე რელსებზე გადაყვანით, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხართ, ახალბედა იმ სფეროში, რომელსაც დიდი ალბათობით ისევე არ იცნობთ, როგორც ჯანდაცვის სისტემას. პასუხისმგებლობებიც გაცილებით ფართოა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ისევე ენდობით თავს და საპარლამენტო უმრავლესობას, როგორც რამდენიმე წლის წინ სუბარის გუნდს? მზად ხართ გამოწვევისთვის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ქვეყნის პოლიტიკაში ხდება, ან მოხდება სამომავლოდ?
თქვენს შეკითხვაზე დოსტოევსკის სიტყვები გამახსენდა, რომ „ყველა ყველას წინაშე პასუხისმგებელია ყველაფრისთვის“. თუმცა პოლიტიკას აქვს ერთი შეუმჩნეველი თვისება - იმდენი პასუხისმგებლობა გეკისრება, რამდენიც გაქვს. დემოკრატიული სისტემა და გადაწყვეტილებების მიღების მონაწილეობითი პრინციპი პოლიტიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებასთან შეჯერებული გადაწყვეტილებები მიიღოს და პასუხისმგებლობის ტვირთი გაინაწილოს სხვებთან ერთად.
როცა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ დავიწყე მუშაობა, ზუსტად ვიცოდი, რა პრობლემები იყო სისტემაში და რა უჭირდათ ადამიანებს. ცოტა დრო დამჭირდა, რომ ამ პრობლემების დაძლევისა და რეფორმების 18-თვიანი გეგმა ჩემს კოლეგებთან ერთად შემემუშავებინა. მინისტრის მხარდაჭერით ეს გეგმა წარმატებით შესრულდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შევინარჩუნეთ, არაერთი დავუბრუნეთ ოჯახს და საზოგადოებას.
საპარლამენტო ცხოვრება ძალიან განსხვავდება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისგან. ადვილია, დაწერო კანონები, თუმცა რთულია, დაწერო კარგი კანონები. საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ძლიერი გუნდია _ წარმატებული ადამიანებით, რომელთაც საქმის კეთების თანამედროვე გამოცდილება, კარგი განათლება და შედეგების მიღწევის დიდი მოტივაცია აქვთ. გამოცდილი პოლიტიკოსები და ახალგაზრდა ლიდერები IX მოწევის პარლამენტში მშვენიერ ტანდემს ქმნიან სწრაფი, მაგრამ კარგად გათვლილი გადაწყვეტილებების მისაღებად. მჯერა, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ.
მართალია, თანაგუნდელებმა უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე ამირჩიეს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დამვიწყებია, რომ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ლიდერია - მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
„გამოსაჩენი დეპუტატები“ - ასეთი შეფასება მომისმენია თქვენზე, თამარ ჩუგოშვილზე, სოფო ქაცარავაზე, თამარ ხულორდავაზე... ასე ვთქვათ, ახალ სახეებზე ოცნების საპარლამენტო სიაში. აქ იგულისხმება ვარაუდი, რომ თქვენ და რამდენიმე სხვა დეპუტატი ერთგვარი „საჩვენებელი კადრები“ ხართ, ვისაც შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს დებატებში, ისაუბროს ევროატლანტიკურ კურსსა და დასავლურ ღირებულებებზე და ა.შ., თუმცა თქვენ ვერ შეძლებთ რეალურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, ვერც დეკლარირებული პროგრესული იდეების იმპლემენტაციას და იქნებით იმ რეალპოლიტიკის ფარი, რომელიც განსხვავებული იქნება თქვენი ვორდინგისგან... რა პასუხი გაქვთ ამ ვარაუდის ავტორებისთვის?
თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბევრი სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და ბევრ ადამიანს დახმარებია სიმართლის პოვნაში. მოგვიანებით, სწორედ ის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ავტორიც.
სოფო ქაცარავა წლებია, უკვე საქართველოში ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღებაში ეხმარება და „ჩივნინგის“ აკადემიური პროგრამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია - ამ პროგრამის კურსდამთავრებულებმა შემდგომ ბევრი რამ გააკეთეს ქვეყანაში. სიას რომ გადახედოთ საკმარისია. ამ საქმისთვის ბრიტანეთის დედოფალმა ის სპეციალური ორდენით დააჯილდოვა კიდეც.
თამარ ხულორდავა წლებია, ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობს და მისი ჩართულობით დახარჯულმა თითოეულმა ევრომ საქართველოს ხელშესახები შედეგი მოუტანა. პროექტები, რომელსაც ის მართავდა, ყოველთვის ზედმიწევნით თანმიმდევრული და შედეგიანი იყო. მისი საქმიანი რეპუტაცია ეჭვსგარეშეა.
გავაგრძელო ჩამოთვლა? და რისი თქმა სურთ სკეპტიკოსებს? ეს ადამიანები ერთ კვირაში შეიცვალნენ, გახდნენ უპრინციპოები და ეფარებიან იმას, რასაც საერთოდ არ ეთანხმებიან?
ისე, ჩვენს დიალექტიკაში „გამოსაჩენი“ რომ ხარ და „სამაგალითო“ ეგ ნამდვილად არ არის ცუდი.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება - ასახოს ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში - ფიქრობთ, რომ ეს, ასე ვთქვათ, საჭირბოროტო საკითხია ქართველი ერის ცხოვრებაში? ფიქრობთ, რომ ამას მოითხოვს ხალხი?
„ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება არის თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. შესაბამისად, ჩვენი პირველი ინიციატივები სწორედ ეკონომიკას, ახალ საინვესტიციო პროექტებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გამოყენებას და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას უკავშირდება.
ქორწინების საკითხს დღეს არსებული კანონმდებლობაც განსაზღვრავს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წინააღმდეგობრივი პოზიცია არასოდეს გამოუხატავს.
აღიარებთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ გავლენას ხელისუფლებაზე?
ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში. მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიანი თანამდებობა. როცა ქვეყანას ჰყავს სტაბილური და ქმედითი მთავრობა და ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო - საუბარი არაფორმალურ გავლენაზე ლოგიკას მოკლებულია.
საარჩევნო სისტემას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ბევრი მათგანი თქვენს საკონსტიტუციო უმრავლესობას სწორედ ამ სისტემას მიაწერს. სისტემის კრიტიკოსთა შორის იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც, დაანონსებული იყო მისი ცვლილებაც მომდევნო არჩევნებისთვის, თუმცა ბოლო დროს ჩნდება მოსაზრებები თქვენს კოლეგებში, რომ ეს აუცილებელი არ არის. თქვენც ასე ფიქრობთ?
საარჩევნო სისტემის ერთიანი უნიკალური მოდელი მსოფლიოში არ არსებობს. ქვეყნებს განსხვავებული საარჩევნო სისტემები აქვთ _ არის მხოლოდ პროპორციული, შერეული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები. პირადად მე მაჟორიტარული სისტემით გავხდი დეპუტატი და ოზურგეთის ოლქს წარმოვადგენ მე-9 მოწვევის პარლამენტში.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლებსა და ქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრები ძალიან დამეხმარა, გამეცნო ჩემი ამომრჩეველი, გავცნობოდი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.
ვინ და რა არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის დრამატულ დევალვაციაზე? თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ (ხელისუფლება).
დევალვაცია მოხდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ხოლო ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში პირიქით _ ლარი გამყარდა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ერთ ვალუტასთან მიმართებაში ვალუტა გააუფასურა და სხვებთან მიმართებაში გაამყარა?
სინამდვილეში ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და მიჰყვება საერთო ტენდენციებს. გარდა ამისა, ამერიკული დოლარის საერთაშორისო ინდექსი (ანუ მისი მიმართება მსოფლიოში სხვა ვალუტებთან) ბოლო 5 წლის განმავლობაში მკვეთრად არის გაზრდილი (გამყარებული).
მთავრობის ახალი ინიციატივები: რატომ უნდა დააფინანსოს ვინმემ სხვისი იპოთეკური სესხი? (ვგულისხმობ ლარისა და დოლარის კურსების სხვაობის შემცირების იდეას). ხომ არ გამოვა ისე, რომ შედარებით შეძლებულ ადამიანებს, ანუ მათ, რომლებსაც აქვთ ქონება და შემოსავალი, რაკიღა ბანკმა სესხი მისცა, უნდა გადაუხადოს მან, ვისაც ამგვარი არც ქონება აქვს და არც შემოსავალი?
მსოფლიოში დოლარის ინდექსის გამყარების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში, ექმნებათ პრობლემა. მათი ინტერესების დაცვა ამ მომენტში არის კრიტიკულად აუცილებელი. რა გასაკვირია, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ამუშავებს სოლიდარობის მექანიზმებს? დახმარებას იღებს ის, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას. როგორც ჯანდაცვაში _ ფულს იხდის ყველა, მაგრამ იყენებს ის, ვინც ავად ხდება. ისევე, როგორც პენსიისთვის გადასახადს იხდის ყველა, მაგრამ პენსიას იღებენ მხოლოდ პენსიონერები.
სესხის ლარში გადაყვანა შექმნის სტაბილურ საგადამხდელო გარემოს და დაიცავს მოსახლეობას შემდგომი რყევებისგან, თუ ასეთი კიდევ იქნება.
სად არის დაპირებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია? და რატომაა მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგი ხელისუფლება? იმიტომ ხომ არა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურთ?
ჩვენი პოლიტიკური პროგრამა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოიცავდა. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ თემაზე მუშაობას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. სამართალდამცავებისკენ ხელის გაშვერა არგუმენტებს მოკლებულია, მით უმეტეს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ ლიბერალიზაცია შესაძლებელია, თუ ამისათვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილი იქნება.
არაერთი განცხადება გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომ ვემხრობით ოთხსვეტიან ნარკოპოლიტიკას და რეფორმას.
გამოქვეყნდა 2013 წელს მოთხოვნილი ინფორმაცია, როგორ რიგდებოდა შსს-სში ძალიან მაღალი პრემიები, მაგალითად, ერთჯერადად გაცემული 22 000. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მოხელემ ისეთი, რომ თვეში 22 000 პრემია დაიმსახუროს?
პრემიების გაცემის წესი მთავრობამ დაარეგულირა. შედეგად, პრემიების ფონდი შემცირებულია ბოლო 4 წელიწადში და მცირდება 2017 წელსაც.
საჯარო მოხელეებსა და თანამდებობის პირებს შემოსავლები დეკლარირებული აქვთ და მთავარია, რომ საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. იმსახურებს თუ არა საჯარო მოხელე და თანამდებობის პირი ნდობას - ამას ჩვენთან და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნები წყვეტს.
ემხრობით იდეას, რომ პრეზიდენტის არჩევა არ უნდა ხდებოდეს საყოველთაო წესით და მას პარლამენტი უნდა ირჩევდეს?
დღევანდელი მოცემულობით, პრეზიდენტის არჩევა ხდება საყოველთაო წესით. თუ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, ამას დასჭირდება არგუმენტები, რომელსაც საზოგადოება უნდა დაეთანხმოს.
რაში დაგჭირდათ მრეწველების ერთ წევრთან ცალკე ფრაქციის შექმნა პარლამენტში? მრეწველებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად და ცესკოში დამატებითი წევრისთვის ხომ არა?
უახლოეს მომავალში უმრავლესობის შიგნით კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება. ფრაქციები საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია და გვჭირდება იმისათვის, რომ საკითხების განხილვაში მეტი მონაწილეობა უზრუნველვყოთ. ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველებში“ გაწევრიანდნენ ის დეპუტატები უმრავლესობიდან, რომლებიც არც ერთი პარტიის წევრები არ არიან.
რა საკანონმდებლო ინიციატივის გატანა გსურთ პარლამენტში პირველად?
ვგეგმავთ ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას და დამტკიცებას, ასევე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის მიღებას.