Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას

28 დეკემბერი 2016

რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას? მიზეზი სხვადასხვაა - დაოჯახება, მუშაობის დაწყება, ავადმყოფობა, პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება, სხვა ქვეყანაში გამგზავრება, სკოლაში გამოუცხადებლობა და ა.შ. სკოლები, როგორც წესი, ამ მიზეზებს ინიშნავენ და მერე ისინი საერთო სტატისტიკის ნაწილი ხდება. როცა კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, სწავლის შეწყვეტის გრაფის გასწვრივ მითითებულია -  „მშობლის/მეურვის განცხადების საფუძველზე“. ამგვარი განცხადების საფუძველზე  2015-2016 წლებში სკოლიდან  2291 ბავშვი გავიდა.
 
შორენა ხუხუა მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია. სკოლაში 1270-მდე ბავშვი სწავლობს. შორენა ამბობს, რომ სწავლის შეწყვეტის შემთხვევები, მით უფრო, საბაზო საფეხურზე, მის სკოლაში არ ყოფილა. ძირითადად, ბავშვები მეცხრე კლასიდან გადიან, მას შემდეგ, რაც სავალდებულო სასკოლო საფეხურს დაასრულებენ. მეცხრე კლასიდან გასვლის მიზეზად კი პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილს ასახელებენ. შორენა ამბობს, რომ მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სწავლის შეწყვეტა სკოლის მიტოვებას არ ნიშნავს. მშობლებს აქვთ ამის უფლება და მათ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. შესაბამისად, მან საბაზო საფეხურის დამთავრების ცნობაც უნდა გასცეს, რომ მოსწავლემ იუსტიციის სახლში ატესტატი აიღოს.

მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტში წლის საუკეთესო სკოლად დასახელდა. შორენას თქმით, როცა მოსწავლე სკოლის მიტოვების რისკის ქვეშაა, მაშინვე შესაბამის ზომებს იღებს. ჯერ საკუთარი ძალებით მოქმედებენ, შემდეგ კი, თუ საქმე გართულდა, სოციალურ სამსახურს უკავშირდებიან. ერთ-ერთ შემთხვევას გვიყვება, როდესაც მესამეკლასელი გოგონა ოჯახში პრობლემების გამო სკოლაში აღარ დადიოდა. რამდენიმეკვირიანი გაცდენების შემდეგ დამრიგებელმა მას სახლში მიაკითხა, გოგონას მდგომარეობით დაინტერესდა და სკოლაში მის დაბრუნებას შეეცადა, თუმცა ბავშვი მაინც აცდენდა. ამის შემდეგ სკოლის დირექტორი მუნიციპალიტეტის სოცსააგენტოს დაუკავშირდა. გოგონას მოხუცი ბებია ზრდის. ახლა ის მეხუთე კლასშია, სკოლაში დადის და როგორც მასწავლებლები,ასევე დირექტორი მუდმივად ზრუნავენ მასზე. შორენა ამბობს, რომ ბავშვის სკოლაში დაბრუნება და სოციალიზაცია რთული აღმოჩნდა, თუმცა უფროსების ჩარევითა და ძალისხმევით პრობლემა მოგვარდა.

ექვსამდე სკოლის დირექტორმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, გვითხრეს, რომ სკოლის მიტოვების პრაქტიკა მათ სკოლებშიც არ ყოფილა, შესაბამისად, არც მიზეზების აღრიცხვა მომხდარა.

თბილისის 131-ე  საჯარო სკოლაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია 16 გოგონას და 14 ბიჭს. სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მშობელი წერს განცხადებას, რომ მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ შვილი სკოლიდან გაჰყავს,  სკოლის მოვალეობაში აღარ შედის, დაინტერესდეს, სად მიდის ბავშვი. ზოგი პროფესიულ სასწავლებელში გადადის, ზოგი - სხვა სკოლაში, თუმცა, ამბობს, რომ ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.  როგორც დირექტორი გვეუბნება, სკოლას არ გააჩნია დოკუმენტი ან რაიმე გაწერილი წესი, რომელიც სასწავლო პროცესის მიტოვების პრევენციისთვის სკოლას გარკვეულ ვალდებულებებს დააკისრებდა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხრაკლასიანი განათლების მიღება სავალდებულოა, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები საბაზისო განათლებასაც ვერ იღებენ და ამას საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასიდან გასული მოსწავლეების რაოდენობაც ადასტურებს.

თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, თბილისის საჯარო სკოლებიდან 2011-2012 სასწავლო წელს მეცხრე კლასის დასრულებამდე სწავლა 364-მა მოსწავლემ შეწყვიტა. ამავე წლებში ქვემო ქართლის საჯარო სკოლებიდან მეცხრე კლასის დასრულებამდე სწავლა 321 მოსწავლემ შეწყვიტა, მეცხრე კლასიდან კი 1115 მოსწავლე გავიდა. რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთისა და გურიის გარდა, ყველა რეგიონში ფიქსირდება თითოეული კლასიდან რამდენიმე მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტის ფაქტი. ბავშვების გადინების მაჩვენებელი პიკს მეცხრე კლასში აღწევს, როცა სწავლას ყველაზე მეტი მოსწავლე წყვეტს.

მაგრამ ეს არის სტატისტიკა  მიზეზების გარეშე. რამდენიმე წლის წინ სკოლებს არ ჰქონდათ სწავლის შეწყვეტის მიზეზების აღრიცხვის ვალდებულება. ეს ვალდებულება მათ  მხოლოდ 2015 წელს დაეკისრა განათლების მინისტრის ბრძანებით. ყველა სკოლას დაევალა მიზეზების აღრიცხვა - თუ რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ვალდებულების შესახებ ზოგიერთი სკოლა ინფორმირებულიც კი არ არის. 

ცოტა ხნის  წინ  „ლიბერალმა“ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო სკოლებში იმ მოსწავლეების რაოდენობის და სწავლის შეწყვეტის მიზეზების შესახებ, რომლებმაც 2015-2016 წლებში საჯარო სკოლა მიატოვეს.

ამ ინფორმაციას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს. მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს 67 რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ სკოლის მიტოვების მიზეზებად, უმეტესწილად, მოსწავლის სკოლიდან გაყვანის შესახებ მშობლის ან მეურვის განცხადება სახელდება; ასევე, პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება. ჩამოთვლილ მიზეზებს შორის ყველაზე ნაკლებად სახელდება ისეთი მიზეზები, როგორებიცაა: სკოლიდან გარიცხვა, სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, ჩარჩენილი მოსწავლის ვაუჩერის გადაუხდელობა.

2015-2016 წლებში სკოლა სულ 10 671 მოსწავლემ მიატოვა.

სკოლის მიტოვების მიზეზების ჩამონათვალი და მოსწავლეების რაოდენობა საქართველოს 67 რაიონის საჯარო სკოლების მაგალითზე ასე გამოიყურება: 272 შემთხვევა - მოსწავლის ავადმყოფობა, 102 - გარდაცვალება, 515 - დაოჯახება, 174 შემთხვევაში - დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი, 1394-ის შემთხვევაში - ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში არგამოცხადება, 1833 შემთხვევა - მოსწავლე ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება, 1434 - მუშაობის დაწყება, 2291 შემთხვევა - მშობლის/მეურვის განცხადება, 4 შემთხვევა - პირველკლასელი მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმას, 1981  - პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება, 152 - სკოლიდან გარიცხვა, 17 - სკოლის შინაგანაწესის დარღვევა, 35 - ჩარჩენილი მოსწავლის ვაუჩერის გადაუხდელობა, 467-ის შემთხვევაში მიზეზები სხვადასხვაგვარია.

ეს მონაცემები ასახავს იმ ბავშვების სტატისტიკას, რომლებიც მოცემული მომენტისათვის არ ირიცხებიან აქტიური მოსწავლეების სიაში. თუ მოსწავლე სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე წყვეტს სწავლას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მართვის საინფორმაციო სისტემაში მას აქტიური მოსწავლის სტატუსი უჩერდება. სხვა სკოლაში ჩარიცხვის შემთხვევაში ეს სტატუსი აქტიურდება.

რაც შეეხება მშობლის განცხადების საფუძველზე სკოლებიდან ბავშვების გასვლას,  როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სიტემაში განმარტავენ, სწავლის შეწყვეტის ფაქტის დაფიქსირებისას სკოლის ადმინისტრაციას, მშობლის/მეურვის განცხადების საფუძველზე, არსებული ჩამონათვალიდან სწავლის შეწყვეტის გარკვეული სტანდარტული მიზეზის შერჩევა შეუძლია. თუ ადმინისტრაციამ ვერ შეარჩია სტანდარტული მიზეზი, მას შენიშვნის ველში შეუძლია განმარტოს სწავლის შეწყვეტის ფაქტი. ეს ველი არ არის ფორმალიზებული, შესაბამისად, შეუძლებელია ამ ველში არსებული მონაცემების დამუშავება და სისტემატიზება. ასეთი შემთხვევები გატარებულია კატეგორიაში - მშობლის/მეურვის განცხადება.

„ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს დაცული როგორც სისტემურ დონეზე, ასევე მისი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან. უნდა მოხდეს ოჯახში, სკოლასა თუ ზოგადად საზოგადოებაში ბავშვთა შეხედულებების პატივისცემა და ბავშვების სრული მონაწილეობა იმ საკითხებში, რომლებიც მათზე ახდენს ზეგავლენას“,  - ასეთია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ სკოლის მიტოვების შემთხვევებისა და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა რაოდენობა დიდია. რიგ შემთხვევაში სკოლის მიტოვებას განაპირობებს ბავშვებისა და მათი ოჯახების მხრიდან ფორმალური განათლებისადმი ინტერესის/მოტივაციის ნაკლებობა, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები, ადრეულ ასაკში ქორწინება, სოციალური პრობლემები, სახელმწიფო ზრუნვაში/ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვთათვის არასათანადო მხარდაჭერა განათლების მიღების კუთხით და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე სავალდებულოა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, არასრულწლოვნის ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს ინფორმაცია, რა არის სკოლის მიტოვების მოტივი, რომ ანალიზის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებს სოციალური მომსახურებისა თუ არასრულწლოვნის ზრუნვისაკენ მიმართული პოლიტიკა დაეფუძნოს.

განათლების სამინისტროსა და გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNIСEF) ერთობლივი ინიციატივით დაწყებული  პროგრამა ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის საქართველოში“ მიზნად სხვადასხვა მიზეზით საგანმანათლებლო სივრცის მიღმა აღმოჩენილ ბავშვთა განათლების უფლების უზრუნველყოფასა და ყველა ბავშვის ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას ისახავს.

პროგრამის კოორდინატორი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ სკოლის მიტოვების პრევენციის მიმართულებით ის მექანიზმები, რომლებიც ევროკავშირის მიერაა აღიარებული, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშიც არსებობს. ასეთებია, მაგალითად, უფასო განთლება, სოციალურად დაუცველების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, უფასო სახელმძღვანელოები და ა.შ. მისი თქმით, ის ძირითადი ჩარჩო და მოთხოვნები, რომელსაც სისტემას ლიბერალური და განვითარებული ქვეყანა უყენებს, საქართველოშიც გვაქვს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაობის კუთხით, სკოლებს გაძლიერება სჭირდება იმისათვის, რომ მათ სწორად დაინახონ და შეაფასონ რისკები, როცა საქმე სკოლის მიტოვებას ეხება. სკოლებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ რეფერირების მექანიზმი და  ჩართონ შესაბამისი სამსახურები იმისათვის, რომ არ მოხდეს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, მათ შორის, მშობლების მხრიდან.

როგორც ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, პრევენციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მართალია საპილოტეა, მაგრამ უკვე ჩაეშვა განათლების  მართვის საინფორმაციო სისტემაში. ეს ჟურნალი სკოლებისთვის ელექტრონულად საქმის წარმოების ვალდებულებას გულისხმობს: „ეს იქნება კარგი საშულება, რომ სისტემამ მეტად აკონტროლოს, როგორ რეაგირებს სკოლა რისკებზე, უშუალოდ ეს პროცესი ახლა უფრო თვალსაჩინო გახდება“.

სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა წლიდან წლამდე არ მცირდება, თუმცა რთული სათქმელია, რა რეალური მიზეზები დგას ამის უკან. მართალია, უმეტესობა საბაზო განათლებას იღებს და მე-9 კლასიდან გადის, თუმცა უცნობია, რეალურად აგრძელებენ თუ არა სკოლიდან გასული მოზარდები სადმე სწავლას (თუნდაც, პროფესიულ სასწავლებელში). ხშირად პედაგოგები გვეუბნებიან, რომ - თუ მშობელს ბავშვი სკოლიდან გაჰყავს, მათ არ აქვთ მშობლის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება. სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი მშობელსა და სისტემას შორის, რომ არ დაზარალდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები? - ეს კითხვა ჯერ კიდევ ღიად რჩება.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^