Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიტიკური ეთიკა და კანონშემოქმედებითი კოლაფსი

30 სექტემბერი 2012

პოლიტიკური ეთიკის კონცეფცია ერთ-ერთი გავრცელებული თეორიით სამ სახეობად ნაწევრდება: თანამონაწილეობითი უფლებები (პოლიტიკური თანამონაწილეობის უფლება), თავდაცვითი უფლებები (ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის, მათი არშელახვის უფლება) და მოთხოვნითი უფლებები (მატერიალური და არამატერიალური სიკეთეებით უზრუნველყოფის უფლება). პოლიტიკური ეთიკა, ხშირად აღიქმება, ასევე, როგორც ე.წ. კრიტიკული ჰუმანიზმი (ი. ჰაბერმასი), რომელიც, როგორც ღირებულებების ერთობლიობა ავალდებულებს სახელმწიფო ხელისუფლებას იმოქმედოს სამართლიანობის, კანონიერების, კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამართლებრივი ეთიკისთვის არ არის უცხო  ,,მორალის“ ცნება, რომლის შემადგენლობა პოლიტიკურ კონტექსტში, სამართლებრივ-პოლიტიკური სისტემების მიხედვით არაერთგვაროვანია. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამედროვე სახელმწიფოთათვის ყოველივე ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების სახით მიღწეული კონსენსუსით, საჯარო ხელისუფლებისათვის სავალდებულო ერთგვარ მინიმალურ და ამავდროულად უნივერსალურ სტანდარტებამდე დადის (მაგ. ადამიანის უფლებების უნივერსალური კატალოგი, სამართლებრივი და/ან სოციალური სახელმწიფოს ცნება etc.). სამართლებრივი და პოლიტიკური კონფლიქტების განხილვის პროცესში, პრობლემის ხშირად მორალური დილემის რანგში აყვანა, სამართლებრივი და პოლიტიკური ეთიკის ტრივიალური,  ყველაზე ყოფითი გამოვლინებაა.

ქართული პოლიტიკური სისტემა ეყრდნობა წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს, რომელიც კანონშემოქმედებით საქმიანობას დემოკრატიის ცნობილი ცნების შესაბამისად  - ,,ხალხის მმართველობა ხალხისათვის, განპირობებული ხალხითვე (ა. ლინკოლნი),“ ახორციელებს არა უშუალო დემოკრატიის ფორმატით (რეფერენდუმი, პლებისციტი), არამედ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის დახმარებით. ამ პროცესში პარლამენტი, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლება, იზღუდება ადამიანის ძირითადი უფლებებით და პოლიტიკური ეთიკის იმ კონსტრუქციებით, რომელსაც მოიცავს მოქმედი  კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური მმართვლობის არჩეული პლატფორმა (საქართველოს შემთხვევაში, დემოკრატიული რესპუბლიკა).

 ქართული კანონშემოქმედებითი პროცესის ადეკვატურობისათვის სატესტო ყველაზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს უკანასკნელი კონსტიტუციური ცვლილება (29.05.12), რომელიც დასაშვებად აცხადებს უცხო ქვეყნის მოქალაქის აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებას, როგორც საპრეზიდენტო, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, პრეზიდენტის პოსტზე და პარლამენტის წევრად უცხო ქვეყნის მოქალაქის არჩევის დასაშვებობის შესახებ ქართული კონსტიტუციური ცვლილებები თანამედოვე კონსტიტუციონალიზმში აბსოლუტურად უპრეცედენტოა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების რეალიზაცია, მოქმედი სტანდარტებით  დაშვებულია მხოლოდ კომუნალურ დონეზე, ამასთან, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში. მაგ., ეს წესი მოქმედებს ევროკავშირის მოქალაქეებზე[1] და ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე წევრ-სახელმწიფოში. ახალი ცვლილებებით, საქართველოს კონსტიტუციამ დაუშვა პირველი პრეცენდენტი თანამედროვე კონსტიტუციონალისტურ სისტემებში (ევროკავშირის სტანდარტების ჩათვლით), რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს გახდეს პრეზიდენტი ან პარლამენტის წევრი ან მიიღოს საპარლამენტო/საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა (მიუხედავად გარკვეული წინაპირობებისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ამავდროულად უნდა იყოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე,  უნდა იყოს დაბადებული საქართველოში და არჩევნებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში).

რაც ყველაზე საინტერესოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ეს უპრეცენდენტო კონსტიტუციური ჩანაწერი არის გარდამავალი დებულება. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საარჩევნო უფლების განხორციელებას შესაძლებლად აცხადებს მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრამდე. და თუ რა ხდება 1 იანვრის შემდეგ, მოქმედი კონსტიტუციით აბსოლუტურად გაურკვეველია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით დასაშვები ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქის გაპრეზიდენტება და პარლამენტის წევრობა, ამავე ცვლილებებითვე კვლავ შეუძლებელი რჩება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის (საქართველოს და სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა) მიერ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება.

მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს გააჩნია კარი მეთერთმეტე - ,,დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ", რომელიც მოიცავს XXXVII თავს - ,,დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ". ამ უკანასკნელის შემადგენლობაშია მუხლები: მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა,  მუხლი 314. ჯაშუშობა, მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება, მუხლი 321. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა და ა.შ. 
კოდექსის ამ ნაწილით დაცული სამართლებრივი სიკეთე სრულიად უგულვებელყოფილია მოქმედი საკონსტიტუციო ცვლილებებით...

ახალი საკონსტიტუციო ცვლილება სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, პარლამენტის წვევრობის და პრეზიდენტობის შემთხვევაში, გარდა კრიმინალად მიჩნეული ჩამოთვლილი საქმიანობების განხორციელების შესაძლებლობისა, ხელი მიუწვდება, უპირველესად, საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებაზე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს რიგითი მოქალაქისთვისაც კი ხელმიუწვდომელია...

ყველასთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური ოპონენტის, უფრო სწორად, მხოლოდ ერთი პირის, რომელსაც ხელისუფლება გამუდმებით რუსეთის პროექტს უწოდებს, სასარგებლოდ განხორციელებული ეს, თუნდაც მხოლოდ ამიტომ პარადოქსალური და უპრეცენდენტო კონსტიტუციური ცვლილება, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ამით არღვევს არათუ პოლიტიკური ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს (ხელისუფლების სამართლიანობის, კანონიერების, კეთილსინდისიერების პრინციპი), არამედ უშუალოდ ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ იმ ძირითად უფლებებს, რომლის განხორციელების შედეგად (მაგ. საარჩევნო უფლება) წარმოქმნილი წარმომადგენლობა (პარლამენტი), როგორც მოქალაქის პოლიტიკური ნების და  ნდობის განმახორციელებელი სახელმწიფოებრივი მექანიზმი, არაკეთილსინდისიერად სარგებლობს დროებითი პოლიტიკური პლატფორმიით, ცვლის ქვეყნის უძირითადეს კანონს და ახდენს სისხლის სამართლის კოდექსით აღწერილი კრიმინალური შემადგენლობის, პირდაპირ კონსტიტუციურ დონეზე ლეგიტიმაციას...

ქართული კანონშემოქმედებითი საქმიანობის აღსაწერად სხვა არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ეს უკანასკნელი ცვლილება შედარებით ზუსტად ასახავს არსებულ რეალობას - საზოგადოების ინფორმაციული ვაკუუმის და მასობრივი სტაგნაციის ფონზე, ძალაუფლების რეალიზაცია პარტიული მონოპოლიით და ამავე მონოპოლიისათვის, პატერნალისტური ქვეტექსტებისა და ფსევდოპატრიოტული ნარატივის თანხლებით.

რა იწვევს ამ  ყველაფერს?  სტაგნაცია განზოგადებულად, თავად საზოგადოების შემადგენელი ინდივიდების ინდივიდუალური უმოქმედობის და ბრძოლისუუნარობის პრობლემაა.  ინსტიტუციური, მმართველობითი სტრუქტურების ნაკლოვანება, ძირითადად, კვლავ ინდივიდების პერსონალური ძალისხმევის დეფიციტის/უმოქმედობის შედეგი და მისი გარეგნული გამოვლინებაა. გასაგებია, რომ განზოგადებულად ავტორიტარიზმი, აბსოლუტიზმი ხელისუფლების და ა.შ. საზოგადოებაში კატაკლიზმებს იწვევს, ნაწილობრივ, ამ უკანასკნელის ნებელობითი ელემენტის ამოქმედების გარეშე. თუმცა, თუ საზოგადოება სახელმწიფოებრივი არსებობის მისთვის არასასურველ ფორმატს არ პასუხობს, უთანასწორობაზე და უსამართლობაზე არ რეაგირებს, ჩემი აზრით, მონოპოლიზირებული ძალაუფლების უნებლიე თანამონაწილე და მისი ინსტრუქტაჟის შემადგენელი ნაწილი ხდება. ცალკეული ინდივიდის (ან ინდივიდთა უმცირესობის) ძალისხმევა, შეცვალონ მიუღებელი ,,წესრიგი“, მასობრივი სტაგნაციის ფონზე, ძალაუფლებას ეწირება ან საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ პიროვნული მსხვერპლის ფასად იმარჯვებს. სხვა სიტყვებით, მასიურად უქმი status quo ინდივიდუალურ ძალისხმევას პასიურობით ,,ებრძვის“, დროში განფენილ ფიასკოდ გარდაქმნის და სასურველი შედეგის მიღწევას მნიშვნელოვანწილად აფერხებს .

ეს არის ქართული რეალობაც. ჩვენ მივეჩვიეთ გაუთავებელ სიტყვიერ პროტესტს, როცა ჩვენივე მორალური კანონიკის ან სამოქალაქო საზოგადოების რიგითი წევრისათვის სავალდებულო ელემენტარული ეთიკური დისკურსის  ჩვენსავე ცხოვრებაში განხორციელება ნაკლებად შეიმჩნევა. ვაკრიტიკებთ ყველას, საკუთარი თავის გარდა. ვაბრალებთ ყველაფერს ,,ქართულ პოლიტიკას“, როცა თავად ჩვენ არასდროს ვქმნით ალტერნატივას. ვაბრალებთ ყველა პრობლემას პოლიტიკოსთა ნეგატიურ თვისებებს, როცა ისინი თავად ,,ჩვენ“ ვართ. ხელისუფლება და სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა ჩვენივე საზოგადოების  ინტელექტუალური და მორალური რესურსების ანარეკლი.

საიმისოდ, რომ შედგეს ღირსეული საქართველო, ჩვენ - თითოეულმა რიგითმა ადამიანმა უნდა განიცადოს კათარზისი.   სისტემა უნდა დაინგრეს!

მაგრამ ის დაინგრევა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენსავე წიაღში ალტერნატივას შევქმნით.  ინდივიდუალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, განვრცობით, განხორციელებით. ჯერ ჩვენ უნდა განვიცადოთ ზნეობრივი და ინტელექტუალური კათარზისი,  გამოვაღვიძოთ ჩვენში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ,,მე“. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდეს"- ეს მუდამ მხარდაჭერილი ქართული იდეა ვერ შედგება პოლიტიკურ პლატფორმად, თუ მორალური და ცნობიერი მზაობა ამ ყველაფერმა თავად ჩვენში ვერ ჰპოვა. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ელემენტარული ლოგიკა ასეთია:  საქართველოს გააჩნია საკუთარი გზა, რომელიც თითოეული ჩვენგანის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე გადის და რომლის განხორციელება, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენივე პიროვნული რესურსების რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

  

27.09.12

 



[1] ევროპული კავშირის საქმიანობის წესის შესახებ ხელშეკრულების 22-ე მუხლი. იხ. ინგლ. ვერსია: http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:C:2008:115:0047:0199:en:PDF

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^