,,კლასში მაინცდამაინც პოპულარულ ბავშვად არ მივიჩნევი... პატარაობიდან ავად ვარ - ხელ- ფეხს სწორად ვერ ვამოძრავებ, ვკოჭლობ... თან არც ისე შეძლებული ოჯახიდან ვარ და სხვებივით მოდურად არ მაცვია. ამის გამო, თანატოლი გოგონები ჩემთან მეგობრობას ერიდებიან, უფრო სწორად, რცხვენიათ ჩემთან მეგობრობა. არავის ვთხოვ, ჩემი მეგობარი იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება, აგრესიულად არ მესაუბრონ და არ დამცინონ...’’
ს.მ., რომელიც ქალაქ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა, ეროვნებით ინდოელია და ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება უჭირს. ჰყვება, რომ არამარტო ბავშვები, მასწავლებლებიც კი არ გამოირჩევიან მის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით.
კვლევა - „ბულინგის ხელშემწყობი ფაქტორები, გამოვლენის ფორმები და აღმოფხვრის გზები“ - 2014 წელს მარიამ ბოჭორიშვილმა სტუდენტური კონფერენციისთვის ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ავტორი თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. სწორედ ამ ინტერვიუების დროს გაიცნო ს.მ.
კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „ბულინგის განხორციელების ტრადიციული ფორმები - მუქარა, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება - ქალაქ თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ყველაზე ხშირია. ბულინგის საფუძველს წარმოადგენს - შეზღუდული შესაძლებლობები, ენის ბარიერი, ეროვნული და ეთნიკური მიკუთვნებულობა, გენდერული როლისთვის შეუსაბამო ქცევა და სხვა მსგავსი ფაქტორები“.
* * *
ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც ხშირად ბავშვთა ორგანიზებულ ჯგუფებს ახასიათებთ. შესაბამისად, მისი გამოვლენის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებებს სწორედ სკოლებში ვაწყდებით.
ბულინგი აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც. სკოლის სივრცეში გამოვლენილი ბულინგი განიმარტება, როგორც ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან ვერბალური ძალადობა თანაკლასელზე, რომელიც ჩაგვრითა და დაცინვით გამოიხატება. შესაძლოა, ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი - ჯგუფზე, ან ჯგუფი - ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი განსხვავებულობა, მაგ. ფიზიკური მახასიათებელი, ხასიათის ნიშანი, განსხვავებული აზრი, განსაკუთრებულ რისკჯგუფს წარმოადგენს უმცირესობის ჯგუფის წევრობა (ცნობილი და აქტუალურია ბულინგის ისეთი ფორმების პრევენცია, როგორიცაა რელიგიური ბულინგი, ჰომოფობიური და ქსენოფობიური).
ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ ბულინგის პრევენციასა და დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებელსა და მშობელს. მნიშვნელოვანია ბულინგის შემთხვევების სწორი იდენტიფიცირება და ამ მოვლენის აღმოსაფხვრელად სკოლების მხარდაჭერა.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას ბულინგის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ის ბულინგის მსხვერპლთა რისკჯგუფში შემავალ კატეგორიებზე გვიყვება და ამბობს, რომ “მთავარი მარკერი რაიმე ნიშნით განსხვავებულობაა”.
რისკების მიხედვით რომ დავალაგოთ, ანუ, ვინ უფრო მეტადაა ბულინგის პოტენციური მსხვერპლი, ვნახავთ, რომ პირველ ადგილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან, შემდეგ მოდიან რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობები. მოზარდობის ასაკში სექსუალურ უმცირესობად კლასიფიკაცია რთულია, მაგრამ აქ იგულისხმება ბიჭების ფემინური ან გოგონების მასკულინური ქცევის გამოვლინებები, სქესობრივ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული “არანორმირებული” მანერები. შემდეგ ადგილზე კი ღარიბი, სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდიდარი, და მეინსტრიმისთვის მისაღები ბავშვები დაცულები არიან ბულინგისგან. საბოლოო ჯამში, ბულინგის მთავარი ნიშანი განსხვავებულობაა.
მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა “პროცესის მართვას” უკავშირდება.
“საქართველოში საგანმანათლებლო სისტემა ამ პრობლემას ვერ აღიქვამს. და თუ აღიქვამს, არ იცის, როგორ გადაწყვიტოს ის. მისი გადაწყვეტა ბავშვზეა შეტოვებული. საკითხი ასეც დაუყენებიათ, რომ - თუ ბავშვი ძლიერია, გამოწვევებს თავად უნდა გაუმკლავდეს. ამ პრობლემის წინაშე მარტო დატოვებული ბავშვი კი თავად ვერ მართავს პრობლემას. მან არ იცის, როგორ ააგოს კომუნიკაცია ბულინგის გამტარებელთან”, - გვეუბნება ცირამუა.
ფსიქოლოგი გვიყვება, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ პრობლემას ხედავენ და აღიარებენ, სკოლებში უამრავი ანტიბულინგური პროგრამა არსებობს. დღეც კია დაწესებული, როცა ბულინგის წინააღმდეგ იმართება კამპანია. ტარდება ძალიან დიდი საგანმანათლებლო სამუშაოები.
მაია ცირამუას ეკუთვნის ანტიბულინგული პროგრამა უმცროსკლასელებისა და უფროსკლასელებისთვის, ანუ პედაგოგებისთვის, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ. ამ დროისთვის ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” დაფინანსებით პროგრამების პილოტირება ორ სკოლაში - „მწვანე სკოლასა“ და „ქორალში“ მიმდინარეობს.
ანტიბულინგური პროგრამის არსი, ე.წ. bystander-ზე დგას. ეს არის ადამიანი, რომელიც ბულინგს გვერდიდან უყურებს, ვინც მისი მოწმე ან პასიური თუ აქტიური მხარდამჭერი ხდება. პროგრამები აგებულია იმაზე, რომ bystander გაზარდოს. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არ აჰყვება მოძალადეს. მოძალადისთვის აუცილებელია აუდიტორია. ის მას თავის უპირატესობას უმტკიცებს. აქცენტი კეთდება პოზიტიური ახალგაზრდული კულტურის შექმნაზე, სადაც ძალადობა არ არის ძლიერების გამოხატულება და, ზოგადად, კარგი ტონი. ბულინგის გამტარებელს მოტივაცია ერთმევა.
არსებობს ანტიბულინგური ქცევის სამი ალგორითმი:
1. როცა ხედავ გამოვლინებას, ეუბნები, რომ გაჩერდეს.
2. მეორე ნაბიჯია, როცა ემიჯნები, არ ჰყვები, გვერდზე გადიხარ. ბულინგის გამტარებელი ამ დროს განიარაღებული რჩება.
3. თუ ეს არ ჭრის, ატყობინებ შენს საიმედო, უფროს ადამიანს.
„ამ კულტურის ჩვენთან დანერგვას ბევრი სირთულე ახლავს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თუ ბავშვი განცხადებას აკეთებს, რომ მასზე ან სხვაზე ძალადობენ, მერე ის თვითონ ხდება ბულინგის მსხვერპლი. ჩვენს კულტურაში მას „ჩამშვები“ ეწოდება. ამ კულტურული „ნორმის“ გამო ბულინგის შემთხვევების იდენტიფიკაცია რთულდება. ხშირ შემთხვევაში ის შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს. ამის დასაფიქსირებლად ძალიან მახვილი თვალი სჭირდება მასწავლებელსაც და თავად მოსწავლესაც”, - ამბობს მაია ცირამუა.
ანტიბულინგური პროგრამები იმგვარი განათლების მიცემას გულისხმობს (როგორც ბავშვებისთვის, ასევე მთელი სასკოლო კულტურისთვის - პედაგოგი, დარაჯი თუ ვინც არ უნდა იყოს), რომელიც თემის ღირებულებათა სისტემაში ისეთ ნორმებს დანერგავს, რომელიც დაეხმარება სისტემას - ჰქონდეს უკეთესი, ეფექტური რეაგირება ბულინგის გამოვლინებებზე.
ხსენებული პროგრამები ორ კერძო სკოლაში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ცირამუას ინფორმაციით, ბენეფიციარებს პროგრამები ძალიან მოსწონთ. პროგრამა გულისხმობს ათ სესიას, რომლებიც კვირაში ერთხელ ტარდება და ორიენტირებულია ახალგაზრდულ პოზიტიურ ღირებულებათა სისტემაზე.
პროგრამების მხოლოდ კერძო სკოლებში პილოტირება იმითაა გამოწვეული, რომ ავტორებმა თავის დროზე ვერ შეძლეს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა.
ამ საკითხებზე უკვე წლებია მუშაობს “ანტიძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრი”. სწორედ მათ შეიმუშავეს პროგრამა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით და სადაც ფსიქოლოგი მაია ცირამუა ექსპერტის სტატუსით იყო მიწვეული.
“სკოლებში შეღწევას 2014 წლიდან ვცდილობთ და ვერ ვახერხებთ. საქმე ისაა, რომ პირდაპირ ვერ გვეუბნებიან უარს. ბიუროკრატიულ პროცედურებში გვხლართავენ, ხან ერთ დეპარტამენტს დააწერენ, ხან - მეორეს”, - გვეუბნება ანა სუბელიანი, პროგრამა “ანტიძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი” ერთ-ერთი ავტორი.
სუბელიანის აზრით, სამინისტრო მათ არ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ “ანტიძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრი” “ვოჩ-დოგ” ორგანიზაცია არ არის, ორიენტირებულია სერვისის მიწოდებაზე და არა “გამოჭერაზე”. “მათ მაინც აქვთ განცდა, რომ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ავყვირდებით”, - ამბობს ანა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს მსგავსი პროგრამა არ გააჩნია და ბულინგის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის მოვალეობას მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი ითავსებს. “ ჩვენი პროგრამის კონცეფცია სხვაა. ის ბულინგთან ბრძოლაში სკოლის თემის ჩართვაზეა ორიენტირებული; მის შიგნიდან მოგვარებაზე, გარე სერვისების ჩართვის გარეშე, ასე უფრო ეფექტურია”, - ფიქრობს სუბელიანი.
განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს ქეთი კაპანაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, როცა მას ბავშვი მიმართავს, ფსიქოლოგი იწყებს მასთან მუშაობას. “რაც გულისხმობს ბავშვთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, კონსულტირებას, თუ საჭიროებას ვხედავთ, მივდივართ სკოლებში და ადგილზე ვიძლევით რეკომენდაციებს. ვმუშაობთ მშობლებთან.
ქეთი კაპანაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ბულინგთან ბრძოლის მთავარი სირთულის - მისი იდენტიფიცირებისა და პრევენციისთვის სკოლები მზად არ არიან. ის ისეთი მასშტაბური და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა, რომ მხოლოდ მიზნობრივი, საგანგებოდ მხოლოდ ბულინგის აღმოსაფხვრელი პროგრამების მუშაობას შეუძლია შედეგის გამოღება და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების პოზიტიურ ჩარჩოებში მოქცევა.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.