Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მაჟორიტარული გავლენა" ქართულ საპარლამენტო არჩევნებზე: 2012 წლის პროგნოზი

01 ოქტომბერი 2012

ჯორჯ უელტონის თვალსაზრისი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ანალიზისას აქცენტი, როგორც წესი, პროპორციულ არჩევნებსა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე კეთდება, თუმცა, საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 საპარლამენტო მანდატიდან 73 მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებზე ნაწილდება.  

მაჟორიტარული სისტემა პირველ ადგილზე გასულ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. 2008 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 75 მაჟორიტარული ოლქიდან 71-ში გაიმარჯვა (2008 წელს 75 მაჟორიტარული ოლქი იყო. 2012 წლისთვის მათი რაოდენობა 73-ია). პროპორციულ არჩევნებში მან ხმების მხოლოდ 59% მიიღო. საბოლოო ჯამში კი საპარლამენტო მანდატების 79% მოიპოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციული ხმების 41% მიიღეს, თუმცა მათ მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობა 21%-ს არ აღემატებოდა. 

ამ სახის "მაჟორიტარული უპირატესობა" შერეული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია, თუმცა "უპირატესობის" ხარისხი ფიქსირებული არ არის და ის ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გასულ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოპოვებული მანდატების ასეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ოთხი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული. ამ მიზეზების გამეორება-არ გამეორებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მანდატების გადანაწილება ახლანდელ საპარლამენტო არჩევნებშიც. 

პირველი: მაჟორიტარული მანდატები, ჩვეულებრივ, წამყვან პარტიებს ერგება. რამდენად ბევრ მანდატს წაიღებს კონკრეტული წამყვანი პარტია, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უსწრებს ეს პარტია მომდევნო პარტიას მიღებული ხმების რაოდენობით და როგორ ნაწილდება ხმები ქვეყნის მასშტაბით. 

თუ ხმები ისე ნაწილდება, რომ პარტიები მიღებული ხმების რაოდენობით ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, მაჟორიტარულ არჩევნებში მათ შორის არსებული ეს მცირე სხვაობა დიდ წონას იძენს. მაგალითად, თუ ერთი პარტია მხოლოდ 2%-ით უსწრებს მის მომდევნოს (ერთს ხმების 51% აქვს და მეორეს – 49%) და მსგავსი სურათი ქვეყნის ბევრ საარჩევნო ოლქში მეორდება, ეს პარტია თავისუფლად მიიღებს საპარლამენტო მანდატების აბსოლუტურ უმრავლესობას. თუ ყველა ოლქში ასეთი სურათი არ არის, მაშინ პირველ ადგილზე გასულ პარტიებს ამავე რაოდენობის მანდატების მისაღებად უფრო დიდი უპირატესობით გამარჯვება სჭირდება.

2008 წელს მმართველმა პარტიამ ამდენი მანდატი იმიტომ მოიპოვა, რომ მის მიერ და მეორე ადგილზე გასული პარტიის მიერ მიღებულ ხმებს შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაშინ ხმების 59% მიიღო, "გაერთიანებულმა ოპიზიციამ” – 17%. შესაბამისად, მათ შორის სხვაობა 42% იყო. 

ამ სხვაობის გამო ოლქებს შორის არსებულ განსხვავებას საბოლოო შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია იმის მიუხედავად, რომ ეს განსხვავება მცირე არ იყო. ათ საარჩევნო ოლქში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარული ხმების 50%-ზე ნაკლები (ყაზბეგი ყველაზე ოპოზიციურად განწყობილი აღმოჩნდა. ამ ოლქში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარული ხმების მხოლოდ 34% მიიღო) და ათ ოლქში – მაჟორიტარული ხმების 80%-ზე მეტი მიიღო (ნინოწმინდა ყველაზე პრო-სახელისუფლებო იყო. აქ მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს ამომრჩეველთა 80%-მა დაუჭირა მხარი). დანარჩენ ოლქებში ხმები მეტნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. 

თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და "ქართული ოცნება" პროპორციული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობით უფრო ახლოს იდგება ერთმანეთთან, საერთო შედეგებში პირველ ადგილზე გასული პარტიის უპირატესობა შემცირდება. 

მეორე: წამყვანი პარტიის უპირატესობის ხარისხზე ოპოზიციური პარტიების სიმრავლეც მოქმედებს. ეს შემთხვევა "ხმების დაყოფის" სახელით არის ცნობილი. ლოგიკა მარტივია. თუ მმართველ პარტიას ამომრჩევლების 40% უჭერს მხარს, ხოლო ამომრჩევლების 60% ოპოზიციურად არის განწყობილი, წესით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაიმარჯვონ, თუმცა თუ ოპოზიციური ხმები რამდენიმე პარტიაზე ნაწილდება და მათ შორის ყველაზე წარმატებული 40%-ზე მეტს ვერ იღებს, გამარჯვებული მმართველი პარტია რჩება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში მაჟორიტარულ არჩევნებში გასამარჯვებლად პირველ ადგილზე გასული კანდიდატისთვის ხმების 30%-იც საკმარისია. ასეთ დროს, თუ ხმები მეტნაკლებად თანაბრად ნაწილდება რამდენიმე კანდიდატზე, პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს 50%-ზე ნაკლები ხმა ექნება. 

იმის გამო, რომ 2008 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სხვა პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების დაყოფას საბოლოო შედეგებზე დიდი გავლენა არ ჰქონია. მმართველმა პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმა 3 ოლქში (საერთო რაოდენობის 86%-ში) მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ ბლოკადაც რომ გაერთიანებულიყო, ეს ბლოკი დამატებით მხოლოდ 6 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებდა (ჯამში მის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 10 იქნებოდა). 

ოპოზიციურ პარტიებს შორის ხმების დაყოფამ ამ არჩევნებში, შეიძლება, უფრო დიდი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ, მაგალითად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” ამომრჩეველთა 45% მისცემს ხმას, ხოლო ოპოზიციას – 55%, მაგრამ ამ ხმების 10%-15% ქართული ოცნების ოპონენტი ოპოზიციური პარტიები მიიღებენ, შესაძლოა, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატებმა 5%-ით გადაუსწრონ  ქართული ოცნების კანდიდატებს და, შედეგად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარული მანდატების 60% მოიპოვოს. 

პროპორციულ არჩევნებში ხმების 45%-ისა და მაჟორიტარული მანდატების 60%-ის მოპოვების შემთხვევაში მმართველი პარტია საერთო მანდატების 50%-ზე მეტს მიიღებს და კოალიციის ჩამოყალიბების გარეშეც შესძლებს უმრავლესობაში დარჩენას. 

მესამე: 2008 წლის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის პერსონამაც იქონია გარკვეული გავლენა. მაჟორიტარი კანდიდატის შერჩევისას ამომრჩევლები მხოლოდ იმას არ აქცევენ ყურადღებას, თუ რომელი პარტიის მიერ არის დასახელებული ეს კანდიდატი. აქ ყურადღება იმასაც ექცევა, თუ როგორი რეპუტაცია და გავლენა აქვს მას შესაბამის ოლქში. იმის გათვალისწინებით, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკვე რამდენიმე წელია გამარჯვებული და გავლენიანი პარტიის სტატუსს ინარჩუნებს, ადგილობრივი ავტორიტეტები უფრო ხშირად მათ მხარეს არიან. შესაბამისად, მმარვთელი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები ზოგჯერ უკეთეს საარჩევნო შედეგებს იღებენ, ვიდრე მათი წარმდგენი პარტია.  

ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში ყოველთვის ერთგვაროვან არჩევანს არ აკეთებენ, ადგილობრივი ავტორიტეტის ფაქტორის საინტერესო, მათემატიკურ ჭრილში ანალიზის საშუალებას გვაძლევს. 2008 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატებმა საშუალოდ 3%-ით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე თავად პარტიამ, ხოლო ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარმა კანდიდატებმა პირიქით, 3%-ით ნაკლები ხმა მიიღეს, ვიდრე მათმა წარმდგენმა პარტიებმა. 

ამ საშუალო 3%-ზე დაყრდნობით შეიძლება, დავასკვნათ, რომ, ზოგადად, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ერთმანეთს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ რეალობაში ამომრჩევლები კანდიდატების შერჩევისას მათ პარტიებს აქცევენ ყურადღებას. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ 3% საშუალო მაჩვენებელია. 22 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატისა და მისი წარმდგენი პარტიის მიერ მიღებულ ხმებში 5%-ზე მეტი სხვაობა იყო. ამ 22 ოლქიდან 5-ში სხვაობა 10%-საც კი აღემატებოდა. ამდენად, თუ პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა დიდი არ იქნება, ადგილობრივ ავტორიტეტთან მეტ სიახლოვეს მმართველი პარტიისთვის გადამწყვეტი უპირატესობის მინიჭება შეუძლია.  

მეოთხე: ოპოზიციის მხარდამჭერების უმრავლესობა დიდ ქალაქებშია კონცენტრირებული (ეს განსაკუთრებით თბილისს ეხება). დიდ ქალაქებში ერთი ამომრჩევლის ხმას ნაკლები წონა აქვს, ვიდრე უფრო მცირე ზომის დასახლებებში. საქართველოში საარჩევნო (მაჟორიტარულ) ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება. საშუალოდ, ოლქში 49505 რეგისტრირებული ამომრჩეველია (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად). თუმცა ყველაზე დიდ ოლქში, ქუთაისში, 163000, ხოლო თბილისის 10 ოლქიდან თითოეულში – საშუალოდ 100000 ამომრჩეველი. ყველაზე პატარა საარჩევნო ოლქში, ყაზბეგში, მხოლოდ 5810 ამომრჩეველია. იმის მიუხედავად, თუ რამდენი ამომრჩეველია ცალკეულ ოლქში, თითოეული ოლქი მხოლოდ ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შესაბამისად, მცირე ოლქებში ერთი ამომრჩევლის ხმას გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე დიდ ოლქებში. მეტი სიცხადისთვის – ქუთაისში გამარჯვებული კანდიდატი იმდენივე ხმას იღებს, რამდენსაც 12 ყველაზე პატარ ოლქში გამარჯვებული თორმეტივე კანდიდატი ერთად. 

გარდა ამისა, თუ დიდ ქალაქებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ეს უპირატესობა მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში მისთვის უბრალოდ წყალში გადაყრილი ხმები იქნება, რადგან მაჟორიტარულ არჩევნებში გასამარჯვებლად ხმების უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. 

თუ "ქართული ოცნება” დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში და ბათუმში – დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს (2008 წელს ოპოზიციამ ამ ქალაქებში შედარებით კარგი შედეგები აჩვენა), ის პროპორციულ არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს, თუმცა ეს მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე ნაკლებად აისახება, რადგან ამ ქალაქებს ჯამში მხოლოდ 12 მანდატი ერგება. 

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით? ერთი მხრივ, დადებითი მომენტია ის, რომ "მაჟორიტარული გავლენის" ხარისხი წელს ისეთი დიდი არ იქნება, როგორიც 2008 წელს იყო. თუ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და "ქართულ ოცნებას” შორის ხმები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდება, "მაჟორიტარული გავლენის" ხარისხი შედარებით მცირე იქნება. თუ ერთი პარტია ხმებს დიდი უპირატესობით მოიგებს, ეს მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზეც აისახება. 

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის დიდი სხვაობა არ იქნება, მაჟორიტარულმა სისტემამ სასწორი შეიძლება იმგვარად გადახაროს, რომ პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ პარლამენტში მაინც უმრავლესობა მოიპოვოს. სწორედ ეს არის შერეული საარჩევნო სისტემის ყველაზე დიდი ნაკლოვანება, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა კანონს ეფუძნება, მიღებული შედეგის ამომრჩევლისთვის განმარტება საკმაოდ რთული იქნება. 

განსაკუთრებული მადლობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" ვებპორტალისთვის წწწ.ელეცტიონპორტალ.გე, რომელზეც გასული არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. ეს სტატია სწორედ ამ პორტალზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებს ეყრდნობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^