ხშირია მსჯელობა ზოგადი განათლების მიზნებსა და იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც სკოლამ სწორედ ამ მიზნებს უნდა მიაღწიოს, თუმცა ამ მსჯელობაში ხშირ შემთხვევაში ყველაზე სუსტად საზოგადოების ხმა ისმის.
რა სოციალური დაკვეთა აქვს სკოლას საზოგადოებისგან? რას ელის საზოგადოება სკოლისგან და რამდენად ახერხებს თანამდეროვე სკოლა ამ მოლოდინების გამართლებას?
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, სკოლამ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება უნდა ჩამოაყალიბოს, მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები განუვითაროს, მოსწავლეს საჭირო ცოდნა უნდა გადასცეს და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამკვიდრებული სამოქალაქო ცნობიერება ჩამოუყალიბოს. ამასთან უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებებისა თუ მოვალეობების გაცნობიერებაში.
რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ სკოლაში? სასკოლო პრობლემებზე მსჯელობისას მშობლების ხმა ნაკლებად ისმის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს იმას, რომ მშობლების სურვილები და მათი თვალით დანახული სასკოლო პრობლემები საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.
რას მოელიან მშობლები სკოლისგან? მშობლების მოლოდინი სკოლასთან მიმართებით ერთგვაროვანი არ არის. მათი მოლოდინები განსხვავებულია, როგორც სხვადასხვა თემში, ასევე თემის შიგნითაც კი,- მშობლები ფიქრობენ, რომ სკოლამ უნდა მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, უნდა გაუჩინოს მას სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს პროფესიული არჩევნის გაკეთებაში, განუვითაროს სოციალური უნარები და შეუქმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო.
სკოლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სოციალური უნარების განვითარებაში, რომ მან სკოლის დასრულების შემდეგ ცხოვრებას თავი დამოუკიდებლად გაართვას, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზება შეძლოს, - ამბობს ია კევლიშვილი, რომელიც თელავში ცხოვრობს. მისი შვილი მეთერთმეტეკლასელია და თელავის #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. ის ფიქრობს, რომ სკოლამ მოსწავლეებს მეტი თავისუფლება უნდა მისცეს, წაახალისოს მათი შემოქმედებითობა. მაგალითად მას სასკოლო კლუბების მუშაობა მოაქვს. ამბობს, რომ მისი შვილი, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და სოციალურად აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც სკოლის ეკოკლუბში გაწევრიანდა, რაც მას სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობისა და თანატოლებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. თუმცა, მისი თქმით, ეს რესურსიც საყოველთაო არაა და ძირითადად მოსწავლეების ინიციატივაზეა დამოკიდებული, იმაზე, რამდენად სურთ მათ, საგაკვეთილო პროცესის გარდა, სოციალურ საქმიანობაში ჩართვა. ამბობს, რომ ამგვარი საქმიანობით მეტი მოსწავლე დაინტერესდება, თუ სკოლა მათ ინტერესებს წაახალისებს.
სოციალური უნარების განვითარებასთან დაკავშირებით ამავე აზრს იზიარებს ნინო აბუსერიძე, რომლის შვილიც თბილისის #1 ექსპერიმენტულ სკოლაში, მეცხრე კლასში სწავლობს. თუმცა, მისი თქმით, სკოლა დღეს ამ მოლოდინს ნაკლებად ამართლებს, ვინაიდან ძირითადად ზოგადი განათლების სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეები გამოცდებისთვის მოამზადოს.
გამოცდების ჩაბარებას და რეპეტიტორის ინსტიტუტს პრობლემურად მიიჩნევს ლელა მენთეშაშვილი, რომელიც თელავის #1 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელის მშობელია. ფიქრობს, რომ მოსწავლეებს საჭიროზე მეტი გამოცდის ჩაბარება უწევთ. შესაბამისად, მოსწავლეებიც გამოცდების ჩაბარებაზე არიან ორიენტირებული, რაც რეპეტიტორების ინსტიტუტის წახალისებას უწყობს ხელს: „ძალიან ბევრი გამოცდა აქვთ მოსწავლეებს ჩასაბარებელი - საატესტატო გამოცდები, შემდეგ ეროვნული გამოცდები. ვფიქრობ ამდენი გამოცდის ჩაბარების საჭიროება არ არის. თავად სკოლა კი უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეებს გამოცდებისთვის სათანადოდ ვერ ამზადებს. ოჯახები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. თუ ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, რეპეტიტორებს მიმართავენ. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემაა. პირველ რიგში, სკოლისგან ველი, რომ მოსწავლეს საჭირო ცოდნას მისცემს. სკოლის გარეთ მასწავლებლების ძებნა მშობელს არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლა დღეს ამ მოლოდინს ვერ ამართლებს“.
მშობლების ნაწილი კი ბავშვებში მოტივაციის ნაკლებობაზე საუბრობს და მიაჩნიათ, რომ სკოლამ ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია დაწყებითი კლასებიდანვე უნდა გაუღვივოს.
„სკოლების უმეტესობა არ ცდილობს, რომ მოსწავლეებს სასწავლო პროცესი შეუყვარდეთ“, - ამბობს ასმათ ტყეშელაშვილი, რომლის მეთორმეტეკლასელი შვილი თბილისის #53 საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი თქმით, მასწავლებლები ორიენტირებული არიან, რომ მოსწავლეს საგანი ასწავლონ, მაგრამ ნაკლებად ცდილობენ ამ საგნის მიმართ მათი ინტერესისა და სწავლის მოტივაციის გაღვივებას. შედეგად კი მოსწავლეებისათვის სწავლა უინტერესო პროცესი ხდება: „გაკვეთილების მომზადება რუტინული და უინტერესო პროცესია მოსწავლისათვის, მოვალეობის შესრულებაა, რომ კვირიდან კვირამდე გაკვეთილები „გადააგოროს“. ამას ჩემს შვილზე და ჩემ გარშემო სხვა მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად ვამბობ. ამგვარი დამოკიდებულებით კი ბავშვები ვერ აცნობიერებენ რაში უნდა გამოიყენონ ის ცოდნა, რომელსაც სკოლაში იღებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სკოლამ თავის დროზე ვერ გააღვივა მათში სწავლის მიმართ ინტერესი“.
კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც მშობლებს სკოლის მიმართ აქვთ, არის ის, რომ სკოლა მოსწავლეებს პროფესიული არჩევნის გაკეთებაში დაეხმაროს. ლია რაიბული, რომლის შვილიც მეცხრეკლასელია და ნაფარეულის საჯარო სკოლაში სწავლობს, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზება მოსწავლეებმა სკოლის დასრულების შემდგომ შეძლონ. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს იმ საჭიროებებზე, რაც თემში არსებობს. ამბობს, რომ რეგიონების შემთხვევაში პირველ რიგში სკოლამ სწორედ იქ არსებული საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლე, რომელიც სკოლას დაასრულებს, იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გარეშე არ აღმოჩნდეს, რაც მისი მომავალი ცხოვრებისთვისაა საჭირო.
„კარგი იქნებოდა სკოლა მეტ პრაქტიკულ დავალებებზე იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლემ ნაბიჯ-ნაბიჯ გააცნობიეროს, რა საქმით უნდა, რომ დაკავდეს, რომელ სფეროში უკეთ შეძლებს მისი უნარების გამოყენებას. არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიას აირჩევს - ექიმობას, მეფუტკრეობას თუ მევენახეობას. ნებისმიერ შემთხვევაში სკოლამ მას საჭირო უნარები უნდა მისცეს, რათა მან სწორად განსაზღვროს, რა უნდა სამომავლოდ. სკოლა კი ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების საჭიროებებზე, რადგან სკოლის დასრულების შემდგომ, დიდი ალბათობით მოსწავლეები ამავე საზოგადოებაში საქმდებიან და ცხოვრობენ. თუკი სკოლა განრიდებული იქნება ამ საჭიროებებს, ვერც მოსწავლეებს მისცემს სათანადო ცოდნას“, - თუმცა, მისი თქმით, დღესდღეობით სკოლა ამ საჭიროებებს ნაკლებად ითვალისწინებს.
განსხვავებული მოლოდინი აქვთ სკოლის მიმართ იმ მშობლებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ. რეგიონებისთვის, სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას მუშგინაზ რასულოვა, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში ცხოვრობს, მისი შვილი კი მეტორმეტეკლასელია და დუზაგრამის საჯარო სკოლაში სწავლობს. ის ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლას მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის, რადგან მათთვის ხშირ შემთხვევაში განათლების მიღების ერთადერთი გზა სწორედ სკოლაა. ამიტომ, მისი აზრით, სკოლამ, მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების სწავლების გარდა, სხვებთან სწორად ურთიერთობა და ერთმანეთის პატივისცემაც უნდა ასწავლოს.
მშობლების ნაწილი ყურადღებას უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფაზე ამახვილებენ. ელზა ეზუგბაია, რომლის შვილიც მესამე კლასშია და ზუგდიდის #5 საჯარო სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ უსაფრთხო სკოლა მისთვის როგორც ბავშვის ფიზიკური, ასევე ფსიქიკური განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს გულისხმობს.
„ჩემთვის მთავარია, რომ სკოლაში ბავშვი დაცულად მეგულებოდეს. სკოლაში სათანადოდ უნდა იყოს დაცული მისი ფიზიკური უსაფრთხოება. მაგალითად, ზამთარში იყოს თბილად, ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი, სუფთა საპირფარეშო, მოწესრიგებული საკლასო ოთახი. თუმცა ამასთანავე საჭიროა სკოლაში იყოს ისეთი გარემო, რაც მის სწორ ფსიქიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ბავშვი დაცული უნდა იყოს როგორც თანატოლების მხრიდან, ასევე მასწავლებლების აგრესიული მოპყრობისგან. დაბალ კლასებში ნაკლებად, მაგრამ უფროსკლასელები ხანდახან აგრესიული არიან ერთმანეთის მიმართ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, მასწავლებელს ეკისრება“.
მშობლების მოლოდინი სკოლის მიმართ ერთგვაროვანი არ არის, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ სად და როგორი ტიპის სკოლაში სწავლობენ მათი შვილები. ამდენად, სკოლას შეიძლება მრავალი განსხვავებული და ზოგ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო მოლოდინის შესრულებაც უწევდეს. როგორც მშობლების საუბრიდან ჩანს, ერთი მხრივ სკოლისგან შესაძლოა ითხოვდნენ მეტ თავისუფლებას, მეტ ინდივიდუალიზმს მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ამასთანავე კი შესაძლოა ითხოვდნენ, სკოლამ სწავლებისას გაითვალისწინოს თემში არსებული საჭიროებები.
მშობელთა მოთხოვნები და მოლოდინები სკოლების მიმართ ინდივიდუალურ გამოცდილებას ეფუძნება, რაც ქალაქების სკოლების შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს და სოფლის სკოლების შემთხვევაში კი - სხვა. თუმცა მეტწილად რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ სკოლამ მოსწავლეებს დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ასწავლოს, რაც წინაპირობაა იმისთვის, რომ სკოლაში სხვადასხვა საგნის შესწავლისას მიღებული ცოდნა მხოლოდ მასწავლებლებისთვის ჩაბარებულ დავალებებად არ დარჩეს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.