Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აეროპორტები წვიმის ქვეშ

09 ოქტომბერი 2012

წყალი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც ჟონავს

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალი ჩამოდის, - ამის შესახებ “ლიბერალს” აეროპორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა.

წყაროს ინფორმაციით, წყალი ყველაზე სახიფათო ადგილებში, ელექტრომომარაგების ცენტრში და სასერვეროებში ჟონავს. (სასერვეროებში განთავსებულია აპარატურა, რომელიც აეროპორტის ქსელის მუშაობას უზრუნველყოფს, საჭიროა ავტომატიზებული სისტემებისთვის, ინტერნეტისთვის და ა.შ.) და ეს იმის ბრალია, რომ სახურავი სპეციალური საფარით დახურული ჯერ არ არის.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტი სახელმწიფოს მფლობელობაშია, მას ექსპლუატაციას შპს “ქუთაისის აეროპორტი” უწევს.

აეროდრომის ვარგისობის N290709 სერტიფიკატის მიხედვით, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერაა გაცემული, “აეროდრომი ვარგისია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის დღეღამის განმავლობაში” ამ სერტიფიკატის მფლობელი “ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატაცია სერტიფიკატში მითითებული პირობებითა და შეზღუდვებით”

აეროპორტი 2012 წლის 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა  და მას “ერთიანი საქართველოს სიმბოლო” უწოდა. “აეროპორტის სახელი ჩვენი ქვეყნის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეფეს ეკუთვნის და ვფიქრობ, ამ აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭება გადაწყდა არა მარტო იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელმა ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა შექმნა იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, არამედ იმიტომაც, რომ ამ ხელისუფლის სახელი უკვაშირდება ქართველი ერის მთავარ მრწამსს - მუდმივად ვითარდებოდე, მუდმივად აშენებდე, რა პირობებშიც არ უნდა იყო, ერთი ხელით იბრძოდე, ხოლო მეორეთი აშენებდე. აი, ეს არის ჩვენი ერის ინსტიქტი. ჩვენ ავაშენებთ ჩვენს სამშობლოს და სწორედ ასეთ ქვეყანას გადავცემთ მომავალ თაობებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტის გახსნისას.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. აეროპორტის ტერმინალი ჰოლანდიურმა კომპანიამ „UN სტუდიო“- მ  დააპროექტა. სამშენებლო სამუშაოებს ქართული და ევროპული კომპანიები ასრულებდნენ. ასაფრენ ზოლს, მიმოსვლის ბილიკსა და საჰაერო ხომალდის სადგომებს კი კომპანია „Black Sea Group“ აშენებდა.

აეროპორტს ფრანგული კომპანია „ვინჩი აეროპორტები“ მართავს,  რომელიც საფრანგეთი უდიდესი კონცერნის „ვინჩის“ შემადგენლობაშია. კომპანია „ვინჩი“ საფრანგეთში სიდიდით მეორე, ხოლო ევროპაში აეროპორტების ოპერატორი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. 

“ლიბერალი შეეცადა” კითხვები როგორც ქუთაისის აეროპორტის, ისე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებისთვის დაესვა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ წვიმის გამო რამდენჯერმე თბილისის საერთშორისო აეროპორტიც დაზიანდა.  2008 წლის 20 სექტემბერს  წვიმის წყალი აეროპორტის შენობაში ჩავიდა და შიდა თაბაშირმუყაოს საფარი ჩამოშალა.

უფრო ადრე კი 2007 წლის 26 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ქარმა სახურავი ახადა. აეროპორტი მედიის ყურადღების ცენტრში 18 თებერვალსაც მოექცა, როდესაც წვიმის შედეგად სახურავიდან წყალმა გაჟონა.

თბილისის აეროპორტს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ფლობს. ექსპლუატაციას შპს “ტავ ურბან საქართველო” უწევს. ქუთაისის აეროპორტის მსგავსად, მასაც გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერთიფიკატი N 290208, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტი ადმინისტრაციის მიერაა გაცემული.

ტერმინალის მშენებლობა 2006 წლის იანვარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა, ის აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერებმა  6 თებარვალს გახსნეს. კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)-მა, რომელმაც თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან ითანამშრომლა, საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას 2005 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის აეროპორტი თAV-ს 15 წლით მართვის უფლებით გადაეცა. TAV URBAN GEORGIA--ს აეროპორტის მშენებლობა-რეკონსტრუქციაში მთლიანად 62 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^