Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მკვდარი ადგილები თბილისში და მათი გამოცოცხლების იდეები

16 იანვარი 2017

დასაწყისი

მაშინ, როცა უმაღლესი არქიტექტურული ჯილდოს, პრიცკერის პრიზის 2016 წლის ლაურეატი, ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა სოციალური სახლების მშენებლობებით ხედავს მსოფლიო სიღარიბისა და საცხოვრებლების პრობლემის გადაჭრის გზას, გერმანელი პატრიკ შუმახერი, ამჟამად „ზაჰა ჰადიდ არქიტექტორების“ სტუდიის ხელმძღვანელი, იგივე კრიზისის მოგვარებას ლონდონში, სწორედ რომ სოციალური საცხოვრებლების დანგრევითა და სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სივრცეების შენობებით ჩანაცვლებით აპირებს.

ამ ორ ადამიანს საერთო ერთი რამ აქვთ: ორივე „ვარსკვლავი“ არქიტექტორია ამბიციური იდეებით. ამას წინათ ვფიქრობდი, ამ ორიდან, რომელი მოსაზრებაა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქებისთვის უფრო ხელსაყრელი, მაგრამ ბოლო ათწლეულია, რაც პატრიკ შუმახერის ხედვების მსგავსად თბილისის საჯარო სივრცეები ინვესტორების ბიზნესგეგმებს ეწირება. შედეგად კი, ვფიქრობ, დადებითი არაფერი მიგვიღია.

თუმცა ეს სტატია არავენა-შუმახერის იდეებს არ ეხება. აქ იმაზე ვისაუბრებ, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს საყვარელ დედაქალაქს იყოს უკეთესი და საუკეთესო თავისი მოქალაქეებისთვის.

ოდესღაც თბილისი ნამდვილად ლამაზი ქალაქი იყო, თავისი მადათოვის კუნძულით, მტკვარზე გადმოკიდებული აგურის სახლებით, წყლის წისქვილებითა და თუნუქის წითელი სახურავებით. შეიძლება ნაკლებად კომფორტული, სუფთა და გამწვანებული, მაგრამ ახლანდელზე ლამაზი ნამვილად იყო. ამას ნეგატიური განწყობით არ ვამბობ. ცხადია, დღევანდელ თბილისსაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ჩვენი ქალაქის ავთენტური სახე, რომელიც პირველ შავ-თეთრ ფოტოებზე ახლა ასეთი ეგზოტიკური გვეჩვენება, მაინც სულ სხვაა, განსაკუთრებული და ინსპირაციებით სავსე. გავა ათწლეულები და მომდევნო თაობებს ახლანდელი თბილისიც ეგზოტიკურად მოეჩვენებათ, მაგრამ ამაზე სხვა სტატიაში, სხვა დროს...

ქალაქის სწორად განვითარებისთვის ბევრი რამაა საჭირო და ამათგან ყველაზე მთავარი, ის მმართველობაა, რომელიც ამ პროცესებს ხელმძღვანელობს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქს უუნარო მმართველობა ჰყავს და ურჩი დეველოპერების გავლენის ქვეშ ექცევა. მაგალითად, ვაკის პარკში დაწყებული სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა სწორედ სამოქალაქო აქტივიზმმა შეაჩერა და ახლა იმ ადგილას საძირკვლის დიდი ორმოა, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს იქნება, რადგან 21-ე საუკუნის თბილისისთვის რეკრეაციული ზონების მოდერნიზება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. არასდროს დასმულა ამ ზონებში პრივატიზებული ნაკვეთების გამოსყიდვისა და იქ საჯარო სივრცეების მოწყობის საკითხი, თუმცა უკვე არსებულ სკვერებში ნიშნების: „ძაღლმა არ მოკუკოს“ განთავსება დღის წესრიგში ნამვილად დადგა, ბიუჯეტი გამოიყო და განხორციელდა კიდეც.

რა აკლია თბილისს?

როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, თბილისსაც უამრავი რამ აკლია. პირველ რიგში ალბათ ეს  ჩამონათვალია იმისა, რაც მას აკლია; მეორე რიგში - ამ სიაში პრიორიტეტების გადარჩევა და შემდეგ შემსრულებელი გუნდის ჩამოყალიბება დგას.

ურბანული თვალსაზრისით თბილისი ამჟამად საკმაოდ რთული ქალაქია, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა. სარეკრეაციო ზონებისა და პარკინგის ნაკლებობა, ამის გამო მანქანების მიერ ჩახერგილი ტროტუარები, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უამრავი ავტომობილი და არასავალდებულო ტექდათვალიერება... ეს ყველაფერი ბოლო წლებია საზეპიროებივით ვიცით და დაუსრულებლად ვსაუბრობთ ამის შესახებ. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი არ გვარდება, შესაბამისად, ქალაქს პრობლემები ემატება და ცხოვრება უფრო და უფრო არაკომფორტული ხდება. ერთი შეხედვით, თითქოს მათი მოგვარების რეალური გეგმაც უნდა იყოს უკვე, მაგრამ ვერცერთ ჩამოთვლილ საკითხში, წინ წინ ვერ მივიწევთ, განუწყვეტლივ ერთ ადგილს ვტკეპნით და ამ თემებზე ამდენი წერაც და საჯარო პროტესტიც წყლის ნაყვას ემსგავსება.

ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი პლანეტა, რომელიც იქნება სახლი არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისთვის დედამიწაზე.“ – დევიდ ათენბოროუ (პლანეტა დედამიწა  II).

თავი I. მტკვარი

მადათოვის კუნძული ვახსენე სტატიის დასაწყისში. XX საუკუნის 20-30-იან წლებში მდინარე მტკვრის კალაპოტში ჩასმა და ამ საინტერესო ადგილის ხმელეთთან მიერთება ახლანდელი გადმოსახედიდან საერთოდაც არ მეჩვენება გონივრულ გადაწყვეტილებად, მაგრამ მტკვარს  შემდეგში უარესი დღეები დაადგა და ამას თითქოს ვინღა ჩივის. ქვეყნის მთავარი მდინარე, რომელიც ზამთარში ბლანტი ტალახისფერია და ზაფხულში ლურჯ და მწვანე ტონალობებში თამაშობს, ცას ბუნდოვნად ირეკლავს. მტკვარს, რომელსაც ქალაქი აქტიურად უნდა იყენებდეს და უამრავი ადამიანის მასპინძელი უნდა იყოს, პარალიზებული და  ფუნქციადაკარგულია. გველივით დაკლაკნილი ამხელა მასა ისეა იგნორირებული, თითქოს არც არსებობდეს. ის უმნიშვნელო დეტალია ქალაქის ურბანულ გარემოში. ყველასგან დავიწყებული, უუნარო და უინტერესო.

(თუმცა მდინარის იგნორირების მაგალითი ქართულ სივრცეში ეს პირველი არაა, რა შედეგი მოიტანავერარეჩკასგვირაბში გამომწყვდევამ ცხადად ვიხილეთ იმ ტრაგიკული ივნისის თვეში.)

თავიდან მდინარე მტკვარი ტივებისა და ბორნების სამეფო იყო, ბავშვებისთვის საყვარელი საბანაო და ყველაზე ხალისიანი ადგილი. დღეს მისი ასეთი საწყალი ყოფა საერთოდ არაა სახარბიელო, მით უმეტეს, რომ მისი „მკვდრეთით აღდგენის“ საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ არ დამდგარა. ძველებურად საშინელი სუნი აქვს, ჭუჭყიანი და ნაპირ შელახულია. არადა, უკვე მსოფლიოს რამდენმა ქალაქმა მიაგნო მდინარის სწორად გამოყენების გზას. მდინარეების სანაპიროებზე საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ჩნდება გასართობი ზონები. შესანიშნავი ადგილია შინაური ცხოველების გასასეირნებლად. ჩვენს ქალაქში კი, სადაც ამხელა მტკვარი მოედინება, ახლა თითქოს წარმოუდგენელიც კია ზედ არსებული რეკრეაციული სანაპიროები და ნავები, საიდან დანახული თბილისის ხედებიც ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, არარეალური და განუხორციელებელი აქ არაფერია.

ტექნიკური თვალსაზრისით ადვილად შეიძლება მტკვრის დიდ ნაწილზე საფეხმავლო/რეკრეაციული ზონების დაგეგმარება. იქ, სადაც მდინარის ვიწრო ყელია, სანაპიროები ერთმანეთს საფეხმავლო ხიდებით შეიძლება დაუკავშირდეს ან უბრალოდ დამთავრდეს ერთი მონაკვეთი და მეორეზე მოსახვედრად ტროტუარი იქნას გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ მტკვარი განსაკუთრებით განიერია ორთაჭალის მხარეს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიცია შეიძლება სწორედ იქ გაკეთდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაიტვირთოს ქალაქის არა მხოლოდ ცენტრალური, ასევე გარეუბნებიც. მეტი წარმოდგენისთვის მომაქვს სხვა ქვეყნების მაგალითები, რომელიც სხვადასხვა ქალაქებმა წარმატებით აქციეს ურბანული გარემოს და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად.

გადაწყდა, მტკვარი უნდა გაიწმინდოს და სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს, მოეწყოს საფეხმავლო და ველობილიკები და სხვა საჭირო სივრცეები არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ სხვა ცოცხალი არსებებისთვის, რომლებიც ახლომახლო ბინადრობენ.

თავი II. გამოთავისუფლებული ტერიტორიები ქალაქის ცენტრში

კაცმა რომ თქვას, რა რეკრეაციული ზონის გაშენება შეიძლება მტკვრის გასწვრივ, სადაც უკვე პრივატიზებული ნაწილების მასობრივი ათვისება მიმდინარეობს. 2016-ში არქიტექტურის სამსახურმა ჯერ რესტორანი „ვარაზის“ დემონტაჟისა და შემდეგ მისი თავიდან აშენების უფლებაც გასცა; ამჯერად უფრო მოზრდილის, უფრო ღრმა  საძირკვლით. ამჟამად ნაკვეთში საძირკვლის თხრა დასრულებულია და ბეტონის ჩასხმა იწყება. სულ მალე კი თბილისის პირველი უნივერსიტეტის წინ კიდევ ერთი რესტორანი აშენდება, თითქოს რესტორნად ქცეულ თბილისს საკვები ობიექტები აკლდეს.

ვარაზის ხევის ფოთლოვანი და ნაძვნარი რეკრეაცია მოუვლელია. მანქანები შეუზღუდავად აპარკინგებენ  ხეების ქვეშ. იქ, სადაც მწვანე ზოლი უნდა იყოს სკამებითა და ბუჩქების კედლებით, ახლა მოუვლელი ტერიტორიაა. მთავრობა, რომელიც მთლიანად დეველოპერის სურვილებსაა მორგებული, ვერასდროს უზრუნველყოფს მოქალაქის კომფორტსა და ჯანსაღ გარემოში არსებობის შესაძლებლობას.

არადა, თბილისის ცენტრში უამრავი სხვა  ადგილია, რომლებიც წლებია ყველანაირ სასიცოცხლო პროცესებსაა მოკლებული. გთავაზობთ სხვადასხვა ტერიტორიების რამდენიმე ფოტოს, რომლებიც რუსთაველი-მეიდანის მონაკვეთში გადავიღე.

ეს ის ადგილებია, სადაც წლებია ყველანაირი მოქმედებაა შეჩერებული. ზოგან ძველი შენობა ჩამოინგრა და ასეთადვე დარჩა, სხვაგან წლებია სამშენებლოდ გამზადებული ტერიტორიაა და ზოგის წარმომავლობაც გაურკვეველია. იმდენი წელია ასე გრძელდება, რომ ეს ადგილები ერთ დიდ ნაგვის ურნად იქცა. არადა, თითოეული ეს ადგილი სასიცოცხლოდ ესაჭიროება ქალაქს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პარკინგის პრობლემა ასე მძაფრად დგას. მერამდენედ უნდა დავწერო, მაგრამ ეს სკვერები არაა, და თბილისში  არ არის საკმარისი რეკრეაციაა. ამასწინათ ვფიქრობდი, რა სჭირდება თბილისს და რა შეიძლება ამ ადგილებში განთავსდეს-მეთქი. მაგალითად,

*თბილისს ისეთი ადგილი სჭირდება, სადაც ჩემს ძაღლს გავასეირნებ და ის სხვა ცუგოებთან ერთად ირბენს სპეციალურად მათთვის შემოღობილ ტერიტორიაზე;

*სკვერი, სადაც ჩემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარა მეგობარს ეტლით მივიყვან და ადაპტირებულ მოედნებზე ერთად ვითამაშებთ;

*პარკი, თუნდაც ძალიან პატარა წყლის ავზით, სადაც ცანცარა ცხოველები და ფერადბუმბულიანი ჩიტები წყურვილს მოიკლავენ და იქვე ხეებზე მათთვის მოწყობილ სახლებში იცხოვრებენ;

*ადგილი მზიან ამინდში ლანჩზე მეგობრებთან ერთად პლედზე  წამოსაკოტრიალებლად და გემრიელი სენდვიჩების დასაგემოვნებლად;

*პაწია სივრცე, სადაც ხელოვანები პერმანენტულად გამოფენენ თავიანთ ინსტალაციებს;

*მოდერნიზებული ავტოსადგომი, სადაც მეხუთე სართულზე მანქანას გავაჩერებ და იქიდან ფეხით მივალ დანიშნულ ადგილას...

...და სხვა ბევრი მცირე ზომის სივრცეები, რომლებიც ქალაქის ცენტრში, ხან შეუმჩნევლადაც კი იარსებებენ, მაგრამ ყოველთვის არიან და ისეთ ურბანულ გარემოს ქმნიან, რომლებიც მანამდე არც გვეგონა, თუ გვჭირდებოდა. ადგილები, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისის ეკოსისტემის აღდგენას, რომ ყველა გაქცეული ცხოველი და ფრინველი ისევ დაუბრუნდეს ქალაქს და ჰარმონიულად იარსებონ ადამიანების მიერ სწორედ მათთვის შექმნილ სივრცეებში.

ასე რომ, პრივატიზებული ტერიტორიები უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ და შექმნას ახალი საჯარო სივრცეები სხვადასხვა საჭირო და აუცილებელი აქტივობებისთვის.

თავი III. ყოფილი იპოდრომი

Google-ში ნიუ-იორკს თუ დაძებნით, საუკეთესო ფოტოებს „ცენტრალ პარკის“ ხედით იპოვით. ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტების ტერასებიც ამ პარკზე გამოდის.  Pocket square-ებსა და სხვა მომცრო ზომის სივრცეებს თუ არ ჩავთვლით, ცენტრალპარკი ის მთავარი მწვანე ძარღვია, რომელიც ამხელა მონსტრს ასაზრდოებს, მის გარეშე ნიუ-იორკი ერთი დიდი და ჭუჭყიანი ჰაერის გროვა იქნებოდა.

ლონდონში იგივე ფუნქცია „ჰაიდ პარკს“ აკისრია, თუმცა, მის გარდა, აქ უამრავი სხვა ტყეა შუა ქალაქში, უამრავი ცხოველითა და ფრინველით. იმის თქმა მინდა, რომ დიდ და ასეთ მიმზიდველ ქალაქებში ყოველთვისაა რეკრეაციული ზონები, რომლებიც ასაზრდოებს ქალაქის ეკოსისტემას. თბილისში, მაგალითად, გვაქვს ვაკის პარკი, დედაენის ბაღი, კუს ტბა, ლისის ტბა და საბედნიეროდ კიდევ ბევრი სხვა სივრცე, მაგრამ აი კულტურა ყოველ დღე იქ სიარულისა და პლედებზე წიგნის კითხვის არც ისე პოპულარულია მოსახლეობაში.

თბილისის იმ ნაწილში, სადაც ყოფილი იპოდრომი მდებარეობს, მშენებლობების ბუმია. ყველაფერი გაყიდულია კერძო ინვესტორზე, ყველგან კორპუსი შენდება, არსად პარკინგი არაა, სასუნთქი ჰაერიც არაა. მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ხალხის  რაოდენობით. ფრიზბი, ძაღლები, რაგბი - ამ სივრცეში ყველაფერი ჰარმონიულად ვითარდება. მიუხედავად ამისა, ეს ამხელა მასა მაინც მოუვლელი, ყოველი მხრიდან შევიწროებული „დევს“. ის კი არა, მისი ინვესტორისგან გადარჩენის საკითხიც კი დგას.

ყოფილი იპოდრომის ამ ტერიტორიას ყველაზე კარგი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, გახდეს ანალოგი „ჰაიდ პარკის“ ან „ცენტრალ პარკისა“. ამას არ ვამბობ იმ მნიშვნელობით, თითქოს ყველაფერი უცხოური კარგია და უნდა გადმოვიღოთ. პირიქით, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა შევქმნათ მულტიფუნქციური სივრცე, ადგილი, სადაც პარკებში ჯდომისა და თუნდაც მორბენალი კურდღლებისა და ხეებზე ციყვების დანახვა აღარავის გაუკვირდება; (წარმოიდგინეთ ჩვენთვის რამხელა ბედნიერება იქნება ერთი ქეციანი ციყვის გადასკუპებაც კი, მაგალითად, დედაენის ბაღში).

ადგილს, სადაც იდეალურად გაატარებს დროს ყველა ასაკის ადამიანი. და ეს გახდება 21-ე საუკუნის პირველი გააზრებულად დაგეგმილი პარკი თბილისში და რა თქმა უნდა, დიდი ჟრიამულის კერა.

გადაწყდა, ყოფილი იპოდრომის ნაცვლად გაშენდება იპოდრომის პარკი.

დასარული

მოზრდილი სტატია კი გამოვიდა, მაგრამ თითქოს რა უნდა ამ ყველაფრის განხორციელებას: სახელმწიფო პრიორიტეტად დაისახავს თავისი ქალაქების სწორად განვითარებას, შესაბამისად, გაწერს რამდენიმეწლიან გეგმას, თან გამოისყიდის და თან პროფესიონალებთან თანამშრომლობით მოდერნიზებას გაუკეთებს იმ მკვდარ ადგილებს, რომლებსაც დიდი ხნის ნადები გვამის სუნი სდით და რომლებიც ახლა ასე სჭირდება თბილისს. ცხადია, ერთ და ორ წელში არავინ ელოდება ამ პროექტების განხორციელებას, მაგრამ მის შესახებ უკვე უნდა ვისაუბროთ და ამ პროექტების ამუშავებას ახლავე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. არადა, გარეუბნებში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ეკოსისტემა და ცხოველ-ფრინველებმა ისევ ჩვენკენ მოიბრუნოს პირი.

თუ არ დარეგულირდა თბილისის ასე მჭიდროდ განაშენიანება, ყველა დარჩენილი ადგილის ათვისება და პირიქით, არ გამოთავისუფლდა ადგილები საჯარო სივრცეებისთვის, მალე ქალაქი თავისივე უჰაერობაში ჩაიხრჩობა და მოსახლობასაც თან ჩაიყოლებს.

.. თბილისის მომავალზე ვამბობდი, როგორც ახლა დავფოფინებთ თბილისის პირველ შავ-თეთრ  ფოტოებს, ათწლეულების მერეც ასე ეგზოტიკურად მოეჩვენებათ დღევანდელი თბილისი მომავალ თაობებს. მაგრამ თან ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა და არაფერი ეშველა ქალაქს, ეგზოტიკა კი არა, აღარცერთი ის დეტალი აღარ დარჩება, რამაც თბილისი შექმნა, დღემდე მოიყვანა და ასეთ არაჩვეულებრივს ხდის მას.

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^