Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა საფრთხის ქვეშ

16 იანვარი 2017

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, შეცვალა დაფინანსების წესი. წესის ცვლილებამ საქართველოში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა გამოიწვია. დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ეს მოვლენა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმისთვის დამაზიანებელია და სახელმწიფომ ამ ნაბიჯით უარი თქვა ისეთი სერვისების განვითარებაზე, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, ერთი მხრივ, უფრო დაცული იყვნენ სტიგმისგან და, მეორე მხრივ, უფრო ხარისხიან მომსახურებას იღებდნენ. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განყოფილებების დახურვა ნიშნავს იმას, რომ, სავარაუდოდ, ამ განყოფილებების ყოფილი ბენეფიციარები ისევ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მიაკითხავენ. დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ეს დიდი ფსიქიატრიული კლინიკები გადატვირთვას გამოიწვევს და შესაძლოა, პაციენტებისთვის სერვისის დროული მიწოდების პრობლემა გაჩნდეს.

ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფო 2011 წელს დაიხურა. დაწესებულების დახურვა ფსიქიატრიაში დაწყებული რეფორმის ნაწილი იყო, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციას ისახავდა მიზნად. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იზოლირებულ გარემოში იღებდნენ მომსახურებას, სხვადასხვა მრავალპროფილურ, კერძო საავადმყოფოში გახსნილ განყოფილებებში უნდა გადანაწილებულიყვნენ. ამისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ორი ტიპის სერვისი გაჩნდა: მოკლევადიანი სტაციონარული მომსახურება, რომელიც მწვავე ფსიქოზური სიმპტომების დროს გამოიყენება; და გრძელვადიანი, რომელიც  საჭიროების შემთხვევაში, მოკლევადიან სტაციონარულ დახმარებას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მაშინ პირველი ტიპის, ე.წ. მწვავე მდგომარეობის სტაციონარული მომსახურებისთვის შემთხვევაზე 840 ლარი გამოყო, ხოლო გრძელვადიანი სტაციონარული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ნაზღაურდებოდა თვიურად. მისი ღირებულება 450 ლარით განისაზღვრა.

„მწვავე“ მდგომარეობისათვის განკუთვნილი განყოფილებები კერძო კლინიკებში გაიხსნა. მათ შორის იყო რეფერალური ჰოსპიტალიც, სადაც მოზრდილებს 30 საწოლი გამოეყო; „N5 კლინიკურ საავადმყოფოში“ მოზრდილებისთვის 30 საწოლი, ბავშვებისთვის კი - 10 საწოლი გამოიყო; მესამე განყოფილება „ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში” გაიხსნა, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის 30 საწოლი განისაზღვრა.

რაც შეეხება გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, ამისთვის მოზრდილებს112 საწოლი გამოეყო. მათ შორისაა გლდანისა და ქავთარაძის დაწესებულებები.

2016 წლის, 30 დეკემბერს მთავრობის ახალი დადგენილება (№638) გამოიცა, რომლის მიხედვითაც ამა წლის იანვრიდან, ე.წ. მწვავე მდგომარეობის პაციენტების დაფინანსების წესი შეიცვალა.

კერძოდ, 2011 წლიდან დღემდე კერძო კლინიკებში გახსნილ ფსიქიატრიულ განყოფილებებში ბენეფიციარისთვის შემთხვევაზე 840 ლარი იყო გამოყოფილი, მისი საავადმყოფოში დაყოვნების დღეები კი შეზღუდული არ ყოფილა. ახალი დაფინანსების წესი შემდეგია - ფსიქიკური ჯანმრთელობის პირის საავადმყოფოში 15-დღიანი დარჩენის შემთხვევაში მას სახელმწიფო ერთჯერადად 690 ლარით აფინანსებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტი სტაციონარში 15 დღეზე  ნაკლებს დაყოვნდება, სახელმწიფო კერძო კლინიკას ბენეფიციარისთვის დღეში 46 ლარს აძლევს. ეს ნიშნავს, რომ თუ კლინიკას 30 საწოლი აქვს, თვის განმავლობაში საწოლზე მხოლოდ ორი ბენეფიციარის მიღებას შეძლებს. დაფინანსების ძველი წესით, თვეში პაციენტების რაოდენობა საწოლზე შეზღუდული არ იყო და ის იქამდე რჩებოდა განყოფილებაში, სანამ „მწვავე” მდგომარეობა არ გაივლიდა.

დაფინანსების წესის ცვლილებამ კერძო კლინიკების განყოფილებების დახურვა ან კერძო მომსახურებაზე გადაყვანა გამოიწვია. „N5 კლინიკურ საავადმყოფოში“ დაიხურა მომსახურება მოზრდილებისთვის და მხოლოდ 10 საწოლი დარჩა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის კლინიკამაც და განმარტა, რომ დაფინანსების ახალი წესი კლინიკას ფინანსურად აზარალებდა. ამიტომ წყვეტდა სახელწმიფო მომსახურების გაგრძელებას და სამომავლოდ, სავარაუდოდ, მსურველებს კერძო მომსახურებას შესთავაზებდა:

“ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები”.

ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილება რეფერალურ საავადმყოფოშიც დაიხურა.

33 წლის ლადო (სახელი შეცვლილია) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა. 2 წლის განმავლობაში „N5 კლინიკურ საავადმყოფოში“, ე.წ. მწვავე მდგომარეობის დროს მომსახურება სამჯერ მიიღო. „ლიბერალთან” საუბრისას ლადოს დედა იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მსგავს ბენეფიტებს ახლდა თან. დედის განმარტებით, პირველ რიგში, ეს სტიგმას ამცირებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად თემქიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობთ, ამ ორი წლის განმავლობაში კლინიკაში სრულიად სხვანაირ გარემო პირობებში აღმოვჩნდით. კმაყოფილები ვიყავით. გარდა იმისა, რომ ეს იყო სხვადასხვა ფუნქციის დაწესებულება და ლადოს აქ სიარული სტიგმასთან და იზოლირებასთან არ ასოცირდებოდა, მას მდგომარეობაც გაუუმჯობესდა. ლადოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების დროს საკვებზე უარის თქმა სჩვეოდა, არ ჭამდა დიდი ხნის განმავლობაში. ექიმი ისე სწორად მიუდგა, ყველაფერი გამოასწორა. ის იმ გარემოს ძალიან შეეჩვია”, - გვიყვება ლადოს დედა და ამბობს, რომ განყოფილების დახურვის შესახებ 1 იანვარს გაიგო. ჯერ არ იციან, ალტერნატიულ მომსახურებას სად მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე ამბობს, რომ დაფინანსების ცვლილება წინასწარი ანალიზის შესწავლის შედეგად მოხდა. გადაიხედა კლინიკის ყველა ფაქტობრივი ხარჯი და ვაუჩერიც ამის მიხედვით განისაზღვრა. პარალელურად, გაიზარდა  დაფინანსება ქრონიკული შემთხვევებისთვის.  

მისივე განმარტებით, ძველი დაფინანსების მექანიზმი სერვისის მიმწოდებელი კერძო კლინიკების მენეჯმენტს მანიპულაციის საშუალებას აძლევდა და პაციენტის ინტერესზე მორგებული სულაც არ იყო.

„მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის დროს ბენეფიციარები ძალიან მოკლე ხანში გამოდიოდნენ საავადმყოფოდან და მალევე ისევ უკან ბრუნდებოდნენ. ეს არ იყო კარგი არც პაციენტისთვის და არც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. თუ რომელიმე კლინიკას არ აინტერესებს ასეთ პირობებში მომსახურების მიწოდების გაგრძელება, ეს მისი უფლებაა. ცალსახად აღვნიშნავ, რომ თანხები ძალიან სამართლიანად გადანაწილდა”, - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ფსიქიატრი, მარინა ელიაშვილი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობს, განმარტავს, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რის გამოც ბენეფიციარებს ხშირად უწევთ კლინიკაში დაბრუნება. ამბობს, რომ 2013 წელს, როცა პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, ნიშნავდა, რომ კლინიკების პარალელურად სათემო და კლინიკის გარეთ სხვა მომსახურებებიც უნდა განვითარებულიყო, რომლებიც მათ საავადმყოფოში დაყოვნებისა და მოხვედრის შანსებს გაცილებით შეამცირებდა.  

„აღმოჩნდა, რომ ეს მომსახურებები ვერ განვითარდა, სახელმწიფომ ისევ დაზოგა თანხები, ამიტომ პაციენტები ისევ დიდი ინტენსივობით ხვდებოდნენ კლინიკებში. ბენეფიციარი, რომელიც კლინიკაში რამდენიმედღიან მომსახურებას მიიღებს, აქედან გასვლის შემდეგ კი, ისევ ადეკვატური მომსახურების გარეშე რჩება, რა თქმა უნდა, მალევე ისევ უკან დაბრუნდება. ამიტომ მთავრობას დაფინანსების საკითხი კი არა, ზოგადად სტრატეგია უნდა შეეცვალა და მოეძებნა მიზეზები, რატომ ბრუნდება ერთი და იგივე პაციენტი კლინიკაში ხშირად”.

ელიაშვილის თქმით, მთავრობამ ნახა, რომ ფსიქიატრიისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს „ვერ იჭერდა” და დაფინანსების ახალი, თუმცა არასწორი სტრატეგია შეიმუშავა:

„დადგენილება დეკემბრის ბოლოს გამოვიდა, მანამდე გაფრთხილებაც არ მიგვიღია. ჩვენმა ბენეფიციარებმაც 3 იანვარს გაიგეს, რომ განყოფილება სახელმწიფო მომსახურებას წყვეტდა. არ ვიცი, ეს ადამიანები ალბათ გადაინაცვლებენ ისევ დიდ დაწესებულებებში, როგორიც გვაქვს გლდანში, ქავთარაძეზე, სადაც, ჩემი ინფორმაციით, ისედაც შეზღუდულია საწოლების რაოდენობა”, - ამბობს ფსიქიატრი.

კითხვაზე, თუ სად მიიღებენ დახურული განყოფილებების ბენეფიციარები ამის შემდეგ მომსახურებას, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინა დარახველიძე განმარტავს, რომ საქართველოში სერვისპროვაიდერი სხვა კლინიკებიც არსებობს, დაახლოებით 300-მდე საწოლია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციებში.

„სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაზოგა ფული იმ სერვისებში, რომელიც უნდა განევითარებინა. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი რეფორმიდან, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციით დაიწყო”, - ამბობს ფსიქიატრი, მანანა შარაშიძე.

შარაშიძე იხსენებს ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს დახურვის იდეას. ეს იყო იმ სტიგმასთან ბრძოლის მცდელობა, რომელიც ადამიანების იზოლირებასთან ასოცირდებოდა და ბენეფიციარების სწორი სოციალიზაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

წლების წინ, როცა სახელმწიფომ დიდი ინსტიტუციების დახურვითა და ბენეფიციარების სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილებით თქვა, რომ იწყებდა გარკვეულ ცვლილებებს, ფსიქიატრიის სფეროში გაჩნდა იმედი, რომ გარე და სათემო მომსახურებები პარალელურად განვითარდებოდა. თუმცა ფსიქიატრის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის ზოგავდა ამ სფეროში თანხებს და მათ „ნარჩენების წესით” აფინანსებდა. ამიტომ ცვლილება, რომელიც კლინიკების ფსიქიატრიული განყოფილებების დაფინანსების ახალ წესს გვთავაზობს, კერძო სერვისის მიმწოდებლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, შედეგად, დაზარალდებიან ბენეფიციარები:

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი სოციალურად მოწყვლადია, ამიტომ, ვინც მომსახურების გარეშე დარჩება, პენსიის ფულიდან საკვებს უნდა მოაკლოს თანხები და ისე განაგრძოს რეაბილიტაცია ან წამლების შეძენა.

ფსიქონევროლოგიური დისპანსერები, სადაც ბენეფიციარებს წამლების მიღება შეუძლიათ, 90 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ამ დისპანსერებით ღარიბი მოსახლეობა სარგებლობს, სადაც, სავარაუდოდ, მოკლე ხანში წამლების ფასის ზრდის გამო რაოდენობაც შემცირდება. ეს ადამიანები ვერ მიიღებენ სათანადო მომსახურებას. მათ ფსიქიატრიულ კლინიკებში უფრო ხშირად დაწოლა ან საკუთარი ჯიბიდან ფულის გადახდა მოუწევთ”, - ამბობს მანანა შარაშიძე და იმ მოსალოდნელ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც შეიძლება თავად ბენეფიციარებისთვის იმ კერძო კლინიკების დახურვას მოჰყვეს, სადაც შედარებით კარგი ინფრაქტრუქტურა და მომსახურება იყო:

„არ მინდა სტიგმა გავაძლიერო, მაგრამ ამ პროცესს გარკვეული საშიშროებები ახლავს. ამ ადამიანების ჰაერში დატოვებით, შესაძლოა გაძლიერდეს თვითმკვლელობები და ძალადობრივი ქმედებები. შეცდომაა, როცა გვგონია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები აგრესიულნი არიან. თუმცა, როცა მკურნალობის გარეშე რჩებიან, უფრო ხშირია თვითდაზიანებები და გარკვეული სოციალური კონფლიქტების პროვოცირება. მთავრობა კი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთვის ამხელა ინვესტიცია საჭირო არაა. ეს ისეთი დიდი შეცდომაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას საბოლოოდ ძალიან ძვირი დაუჯდება”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^