Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რიტმი, ტემპი და ქალაქი

17 ოქტომბერი 2012

კახა თოლორდავას "ქალქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერები"

დღეს ვერთობით. ყოველთვის მომწონდა ამ სიტყვებით რუბრიკის დაწყება. სამწუხაროდ, იშვიათად ვახერხებ ხოლმე. 

ანრი ლეფევრი, ფრანგი სოციოლოგი, ფილოსოფოსი და ავტორი ძალიან საინტერესო ტექსტებისა ურბანულ საკითხებზე, ამბობდა, რომ ადამიანისთვის საკუთარი ყოველდღიური ცხოვრების რიტმის ანალიზი შეუძლებელია, რადგანაც ის უშუალოდაა რიტმის ნაწილი, ანუ, ის თვითონაა რიტმი. რიტმი კი რიტმისვე ანალიზს ვერ მოახერხებს. იგივე შეიძლება ითქვას ყოველდღიური ცხოვრების ტემპზეც. მეორე მხრივ, ნებისმიერი გარე დამკვირვებლისთვის სრულიად შესაძლებელია თუნდაც ფეხით მოსიარულეებზე დაკვირვების მეშვეობით გაარკვიოს, თუUრამდენად სწრაფად ცხოვრობს არა მარტო კონკრეტული ადამიანი, არამედ ესა თუ ის ქალაქი. მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს მკვლევარების და ჰერთფორდშირის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად მსოფლიოს ყველა ქალაქს თავისი განუმეორებელი რიტმი და ტემპი აქვს და მათზე დაკვირვების მეშვეობით ადვილად შეიძლება დადგინდეს თუ რა კავშირშია ტემპი და რიტმი სოციო-გეოგრაფიულ, საზოგადოებრივ და კულტურულ მაჩვენებლებთან ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ ადამიანები ამ ქალაქებში. 

ერთერთი ასეთი უკანასკნელი კველევა 2007 წელს ჩატარდა. მსოფლიოს ოცდათერთმეტ ქალაქში ტემპის სამი ინდიკატორი იქნა შერჩეული, - ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში ფეხით მოსიარულეთა საშუალო სიჩქარე, ფოსტების მუშაკთა მუშაობის ტემპი და ქალქების ქუჩებში არსებული საათების სიზუსტე. საბოლოო დასკვნის მიხედვით, როგორც აღმოჩნდა, დღევანდელ დიდ ქალაქში სამოცი მეტრის გავლას ადამიანი საშუალოდ 12,5 წამს ანდომებს, რაც  იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ქალაქები (შესაბამისად, მათი მაცხოვრებლები) 10% უფრო “აჩქარებულები” არიან ვიდრე ეს ათი წლის წინ იყო.

პირველ ათეულში მოხვედრილი ქალაქების სია ასე გამოიყურება: სინგაპური, კოპენჰაგენი, მადრიდი, გუანჯოუ (ჩინეთი), დუბლინი, კურიტიბა (ბრაზილია), ბერლინი, ნიუ-იორკი, უტრეხტი, ვენა. პირველი, რაც ამ კვლევის შედეგების გაცნობისთანავე შეიმჩნევა ისაა, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ტემპი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებად ან ჩამორჩენილ ქვეყნებში. აგრეთვე, “აჩქარებულთა” შორისაა ქვეყნები ცივი კლიმატით და შედარებით ინდივიდუალისტური საზოგადოებით. საინტერესოა ისიც, რომ “აჩქარებულ” ქალაქებში უფრო მაღალია სიკვდილიანობა გულ-სისლძარღვთა დაავადებებისაგან და მწეველთა რიცხვიც, თუმცა სრულიად მოულოდნელია ვთქვათ, დუბლინის მოხვედრა ამ სიაში, რადგანაც, სავარაუდოდ, დუბლინელები საკმაოდ მოშვებულნი არიან ქალაქში სიარულისას.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ და დანარჩენი კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, არტისტების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც წარმოშობით ესტონელი ვარვარა გულჯაევა ხელმძღვანელობდა, შესაძლებლად ჩათვალა ქალაქების რიტმის და ტემპის ბგერაში გადმოტანა, მაგრამ არა ქალაქში მოსიარულებზე დაკვირვების, არამედ გეოლოკაციურ მონაცემებზე დაყრდნობით. გეოლოკაციური მონაცემები საშუალებას იძლევა თვალყური გაადევნოს მობილური ტელეფონების თუ ინტერნეტში შეერთებული კომპიუტერების მოხმარების სიხშირეს და ეს სწორედ ისაა, რასაც ზემოთ ნახსენები არტისტების ჯგუფი დაეყრდნო. მათი ძირითადი გეოლოკაციური წყარო “ტვიტერი,” ფლიკერი” და “იუთიუბი” იყო. 

ასე გაჩნდა ათი მეტრონომი, მუსიკალური ტემპის სიჩქარის გასაზომი ხელსაწყო, რომელიც მსოფლიოს ათი ქალაქის გეოლოკაციურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისად იყო მომართული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხმარების სიხშირიდან გამომდინარე, ათივე მეტრონომის ქანქარა სხვადასხვა ტემპში ირხეოდა. თუ თავს შეიწუხებთ და აი ამას შეხედავთ, თვითონ შეძლებთ მსოფლიოს ქალაქების სოციალური ქსელების ხმაურის “მოსმენას,” თანაც ყველა ვისაც რიტმის შეგრძნება გაქვთ, იმასაც ადვილად დაიჭერთ თუ როგორი შეწყობილი რიტმიული მონახაზით ხმაურობენ ეს ათივე ქალაქი ათი მეტრონომის მეშვეობით.

თბილისი ამ ქალაქების რიცხვში სამწუხაროდ არაა. ყველა ზემოთხსენებულ კვლევას ვგულისხმობ, მაგრამ ფაქტია, რომ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქს, მასაც თავისი საკუთარი და განუმეორებელი ტემპი, რიტმი და ბგერა ექნება. ყველაზე უფრო ეს უკანასკნელი მაინტერესებს. დღევანდელობიდან გამომდინარე, რამდენადაც ვხვდები, მეტრონომის ქანქარა ნაგიჟარივით უნდა დახტოდეს აქეთ-იქეთ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^