მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ, მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია არა მხოლოდ კვლევის მნიშვნელობას ასუსტებს, არამედ ხშირად უფრო სერიოზულ შედეგებსაც იწვევს.
მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი ინტერპრეტაციის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის კითხვა: „თქვენი აზრით, რა არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა საქართველოში?“ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ სამმა პროცენტმა დაასახელა დაბალი პენსია, ორმა პროცენტმა - ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ორმა პროცენტმა - განათლების ხარისხი. სხვა პრობლემები კი, როგორიცაა: კორუფცია, სასამართლოების სამართლიანობის უზრუნველყოფა, არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დარღვევები, ნატო-ში გაწევრიანება, პროფესიული ან უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, რელიგიური შეუწყნარებლობა, გენდერული უთანასწორობა და ემიგრაცია დაჯგუფდა როგორც სხვა კატეგორია, რადგან ჯამში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ შვიდმა პროცენტმა დაასახელა ისინი.
რას გვეუბნება ეს შედეგები? შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უმნიშვნელოა ქვეყნისთვის? მსგავსი ინტერპრეტაცია არასწორი იქნებოდა, სულ მცირე ორი მიზეზის გამო:
1. გამოკითხვაში დასმული შეკითხვის სავარაუდო პასუხების და ინსტრუქციის ზუსტი ფორმულირების უგულვებელყოფა.
მოცემულ შემთხვევაში მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ ადამიანის უფლებების დარღევები, გენდერული უთანასწორობა და რელიგიური შეუწყნარებლობა არ დაასახელა, მარტივია: რესპონდენტს მხოლოდ ერთი პასუხის დასახელება შეეძლო. ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე ხშირად დასახელდა (სიღარიბე და უმუშევრობა), მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებების დარღვევა, გენდერული უთანასწორობა ან რელიგიური შეუწყნარებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ კითხვა სხვაგვარად იქნებოდა დასმული, მაგ: „რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დარღვევის [ან გენდერული უთანასწორობის, ან რელიგიური შეუწყნარებლობის] საკითხი საქართველოსთვის?“, დიდი ალბათობით, საქართველოს მოსახლეობის 2-3 პროცენტზე მეტი ნაწილი იტყოდა, რომ ქვეყნისთვის ეს საკითხები მნიშვნელოვანია. მიზეზი კი ისაა, რომ ეს შეკითხვა რესპონდენტებს სთხოვს, შეაფასონ თითოეული საკითხის აბსოლუტური მნიშვნელობა და არა მათი მნიშვნელობა სხვა საკითხებთან შედარებით.
როდესაც საქმე გამოკითხვის შედეგებს ეხება, უმნიშვნელოვანესია კითხვის ზუსტი ფორმულირების გათვალისწინება. რადგან კითხვის ინტერპრეტაცია ან ცვლილება თითქმის ყოველთვის იწვევს შედეგების არასწორ ინტერპრეტაციას. ასევე მნიშვნელოვანია კითხვის ინსტრუქციების გათვალისწინება - კვლევის ისეთი დეტალები, როგორიცაა სავარაუდო პასუხების ჩვენება (ბარათის გამოყენება) ან რესპონდენტისგან მიღებული პასუხების შეზღუდვა ერთ, ორ ან სამ პასუხამდე მნიშვნელოვანია შედეგების ინტერპრეტაციისთვის.
შესაბამისად, არასწორი ინტერპრეტაციის რისკების შემცირებისთვის აუცილებელია, რომ კვლევის შედეგების პრეზენტაციისას და ანალიზისას მოხდეს დასმული კითხვის, შეთავაზებული პასუხის ვარიანტების და კითხვის ინსტრუქციის ზუსტი ფორმულირების გათვალისწინება.
არასწორი ინტერპრეტაციის მეორე გავრცელებული მიზეზია:
2. გამოკითხვის შედეგების, როგორც ობიექტური რეალობის და არა აღქმის, დამოკიდებულებებისა და განწყობების ინტერპრეტაცია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ განხილულ კითხვას სხვაგვარად დავსვამთ და რესპონდენტები საკითხის აბსოლუტურ მნიშვნელობას შეაფასებენ, შესაძლოა, მიღებული შედეგები კვლავ აჩვენებდეს, რომ, ხალხის აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევა, გენდერული უთანასწორობა და რელიგიური შეუწყნარებლობა არაა მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყნისთვის. თუმცა, ამ შედეგების, როგორც რეალობის პირდაპირი ანარეკლის ინტერპრეტაცია სწორი არ იქნებოდა, რადგან როგორც ბლოგის პირველ ნაწილში აღინიშნა, მოსახლეობის წარმოდგენები ზოგჯერ განსხვავდება რეალობისგან.
ხალხის წარმოდგენების ინტერპრეტაცია არ უნდა ხდებოდეს ისე, თითქოს ეს წარმოდგენები ობიექტურ რეალობას წარმოადგენს, რადგან ამ წარმოდგენებს არა მხოლოდ სწორი აღქმა და ინფორმაცია ქმნის, არამედ არასწორი აღქმა და დეზინფორმაცია. კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა საკითხების შეფასებისას ადამიანები ხშირად ცდებიან.
თუმცა, ეს ფაქტი არ ამცირებს მასობრივი გამოკითხვების მნიშვნელობას. პირიქით, ხალხის არასწორი წარმოდგენები, რომელიც მასობრივი გამოკითხვის შედეგად ხდება ცნობილი, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია პოლიტიკის შემქმნელებისთვის. პოლიტიკის სწორად დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია იმ განსხვავების ანალიზი, რაც ხალხის წარმოდგენას და რეალობას შორის არსებობს.
ისევ კავკასიის ბარომეტრის კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შედეგების სწორი ინტერპრეტაციისთვის მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ არა მხოლოდ ხალხის აზრს, რომელიც ინფორმაციის მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, არამედ ინფორმაციის სხვა წყაროებსაც, როგორიცაა, საქართველოში ადამიანის უფლებების (ან გენდერული თანასწორობის ან რელიგიური შემწყნარებლობის) კვლევები, რომელთა მოძიებაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და რომლებიც საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ავლენენ სამივე საკითხის კუთხით. ამის დასტურად მხოლოდ Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიში კმარა.
მეორე მხრივ, ხალხის არასწორ წარმოდგენებს კარგად ავლენს ის შეუსაბამობა, რაც მათ მიერ გამოკითხვის სხვადასხვა კითხვებზე გაცემულ პასუხებს შორის არსებობს. მაგალითად, 2014 წლის გამოკითხვა, რომელიც CRRC-საქართველომ NDI-ის დაკვეთით ჩაატარა, აჩვენებს, რომ ყოველი მეოთხე ქართველი თვლის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობაა. თუმცა, ამ ადამიანების ნახევარი ასევე ფიქრობს, რომ სახლზე და ოჯახზე ზრუნვა ქალს ისევე აკმაყოფილებს, როგორც ანაზღაურებადი სამუშაო და რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ქმრისგან ბევრი რამ უნდა აიტანოს.
იმისთვის, რომ კვლევის შედეგებმა უფრო ზუსტი წარმოდგენა შექმნას ქვეყანაში გენდერულ თანასწორობაზე, სასურველია, ეს სამი შედეგი წარმოდგენილი და განხილული იყოს არა ცალ-ცალკე, როგორც კვლევის სამი დამოუკიდებელი მიგნება, არამედ ერთმანეთთან კავშირში. კითხვა, რომელიც ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რატომ და როგორ ჩნდება ეს შეუსაბამობა მოსახლეობის პასუხებს შორის.
მასობრივი გამოკითხვის შედეგების არასწორი გამოყენება ხშირად მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია და კიდევ უფრო ამტკიცებს ხალხში არსებულ სტერეოტიპებს და არასწორ წარმოდგენებს.
რომ დავუბრუნდეთ კითხვას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, მიღებული შედეგის არასწორი გამოყენება იქნება უმოქმედობა და დასკვნა, რომ რადგან მოსახლეობა ადამიანის უფლებათა დარღვევას, გენდერულ თანასწორობას და რელიგიურ შემწყნარებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებად არ თვლის, ამ კუთხით პოლიტიკა განვითარებას და დახვეწას არ საჭიროებს.
სინამდვილეში, რასაც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს სხვა კვლევებთან მიმართებაში, არის ის, რომ ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ ამ სამი საკითხის მნიშვნელობას, რაც პრობლემის გაუარესებას უწყობს ხელს. თუ გჯერა, რომ გენდერული თანასწორობა ან რელიგიური შემწყნარებლობა მნიშვნელოვანი არაა, არც არაფერს აკეთებ ამ ღირებულებებისთვის და არსებული პრობლემა ამით მხოლოდ მწვავდება. შესაბამისად, რაც უფრო დიდია განსხვავება კონკრეტულ საკითხზე ხალხის წარმოდგენებსა და რეალობას შორის, მით უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს ეს საკითხი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. მასობრივი გამოკითხვის შედეგები არ უნდა იყოს პოლიტიკის პირდაპირი განმსაზღვრელი ფაქტორი, მასში ხალხის არასწორი აღქმების, წარმოდგენებისა და ინფორმაციის სხვა წყაროების კრიტიკული ანალიზის გარეშე.
სამწუხაროდ, საქართველოში, ხშირად სწორედ ეს არასწორი აღქმები და წარმოდგენები განსაზღვრავს პოლიტიკას. ჰომოფობიური დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ახალისებს პოლიტიკოსებს, უფრო მეტი ისაუბრონ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე, რომელიც არც არასოდეს ყოფილა ნებადართული საქართველოში, ვიდრე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც ყოველდღიურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. არასწორი წარმოდგენები გენდერული როლების შესახებ უადვილებს პოლიტიკოსებს ფემიციდთან დაკავშირებული კანონპროექტის უარყოფას. ყოველივე ამის ფონზე, ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში მოსახლეობის აზრი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს უქმნის საფრთხეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი არ გახდება.
ახლა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ცდილობს, სტაბილურ დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს, ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მკვლევრები, რომლებიც კვლევის შედეგების კრიტიკულ ანალიზს და სწორი პოლიტიკის ხელშეწყობას შეძლებენ.