კვლევის - „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოში: ძირითადი მიღწევები და გამოწვევები“ - შედეგები ცხადყოფს, რომ ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში მოწესრიგდა საკანონმდებლო ჩარჩო, დაინერგა ხარისხის ერთიანი სისტემა, შემუშავდა კვალიფიკაციათა ჩარჩო. თუმცა, როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად ნორმატიულ დონეზე მიღწეული წარმატებისა, საუნივერსიტეტო სწავლების დონეზე იკვეთება სწავლისა და სწავლების, კვლევის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები.
უფრო კონკრეტულად კი, როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ფორმალურ დონეზე წარმატებით გაიწერა და დაინერგა ბოლონიის პროცესის ძირითადი ასპექტები - ხარისხის ერთიანი სისტემის დანერგვა და საგანმანათლებლო საფეხურების განსაზღვრა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); კრედიტების სისტემის დანერგვა; ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დონეზე აკრედიტაცია-ავტორიზაციის სისტემისა და უნივერსიტეტებში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ამოქმედების მეშვეობით. თუმცა, როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, ბევრი კომპონენტი მხოლოდ ფორმალურად შესრულდა, რაც დახვეწასა და მოდერნიზებას საჭიროებს.
კვლევა „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა“ ჩაატარა, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის ფარგლებში უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ჩატარებული ფოკუსგჯუფებით აკადემიური პროგრამების, აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმისა და სასწავლო პროცესის შეფასებისას პრობლემური საკითხები გამოიკვეთა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში ფოკუსჯგუფის მონაწილეთა საუბრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი უკმაყოფილება აკადემიური პერსონალის მიმართ. რესპონდენტები პროფესორების არაპროფესიონალიზმს უჩივიან და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პროფესორების სტუდენტებთან დამოკიდებულებაა.
ფოკუსჯგუფის მონაწილეები პროფესორების მხრიდან სტუდენტებისადმი უთანასწორო და გულგრილ დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც, მათი განმარტებით, „კარგად ჩანს ცინიკურ, სექსისტურ და ჰომოფობიურ განწყობებში. ისინი სტუდენტების შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან.“
ფოკუსჯგუფის მონაწილე სტუდენტები და კურსდამთავრებულები იმასაც აღნიშნავენ, რომ პროფესორების მხრიდან აგრესიული ქცევის გამოვლინება განსაკუთრებით მაშინაა მოსალოდნელი, როცა სტუდენტები რაიმე ინიციატივას გამოხატავენ, თუნდაც აუდიტორიული მუშაობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, კვლევის ანგარიშის თანახმად, თსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები აქცენტს აკეთებენ, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული განათლებისა და სხვა სერვისების ხარისხი სწავლის გადასახადთან შედარებით დაბალია - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სწავლაში სახელმწიფომ ჩადო ფული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2250 ლარის ხარისხის განათლებას იღებ" (თსუ-ის სტუდენტი 2005-2010 წლებში).
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები აღნიშნავენ, რომ ილიაუნის პროფესორებს არ აკლიათ ცოდნა და გამოცდილება, თუმცა სტუდენტების მიმართ მათ დამოკიდებულებას პოზიტიურად არც ისინი აფასებენ. როგორც ფოკუსჯგუფებისას გამოიკვეთა, სტუდენტებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ლექტორები საკუთარ თავს მათზე მაღლა აყენებენ და სტუდენტებთან კომუნიკაციას ავტორიტეტის პოზიციიდან ამყარებენ.
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ სტუდენტებს პროფესორების მხრიდან უკუკავშირის მიღების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რაც, სტუდენტების აზრით, მათ მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოვლენაა.
„ჩვენთან იყო ეს პრობლემა, გარდა ერთი-ორი ლექტორისა, რომელთა ლექციაზე ჯდომაც არ გვეზარებოდა, რადგან ვიცოდით, რომ მას არ ჰქონდა ტექსტი წიგნიდან გადმოტანილი და სლაიდში ჩაყრილი, და ამას არ გვიკითხავდა. ამ ლექტორთან უკუკავშირის დამყარებაც შესაძლებელი იყო. სხვები გვეუბნებოდნენ, ლექცია რომ დამთავრდება, მერე გვკითხეთო, ან ბრაზდებოდნენ, ნუ გვაწყვეტინებთო (ილიაუნის სტუდენტი ).
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები კვლევის ანგარიშის თანახმად, კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ სასწავლო პროცესი ორიენტირებულია საგნის გაგებასა და ანალიზზე და არაა უბრალოდ დაზეპირებაზე.
„ჩვენთან არასდროს არავინ გეკითხება, ამან აქ რა თქვა და ამან იქ რა თქვა, ყოველთვის იგულისხმება, რომ შენ ტექსტი წაკითხული გაქვს და მერე კეთდება მისი ანალიზი, ანუ ტექსტის მოყოლა და მსგავსი რამ არ ხდება“(თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი 2011-2016 წლებში).
როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, ზოგადად თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, სხვა სამიზნე უნივერსიტეტებთან შედარებით, ნაკლებად კრიტიკული არიან თავიანთი უნივერსიტეტის მიმართ. უფრო მეტიც, სტუდენტების შეფასებით, „თავისუფალი უნივერსიტეტი დღეს საქართველოში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს“.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემთხვევაში, აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმზე საუბრისას ფოკუსჯგუფებში განსხვავებული აზრი გამოიკვეთა.
უფრო კონკრეტულად კი, ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც უნივერსიტეტში 2005-2010 წლებში ისწავლეს, აღნიშნავენ, რომ მათი სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში ძირითადად არაქართველი, ამერიკელი ლექტორები კითხულობდნენ ლექციებს და „სულ სხვა სტანდარტს ამკვიდრებდნენ.“ 2011-2016 წლის ჯგუფის მონაწილეებმა კი, ანგარიშის თანახმად, უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ლექტორები არაკეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ საქმეს, ეზარებათ ლექციისთვის მომზადება. სტუდენტების თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ლექტორები სხვადასხვა საგანში ერთსა და იმავე წიგნს იყენებენ, სხვადასხვა საგნის სილაბუსები კი ერთმანეთს ემთხვევა.
„პრაქტიკის გარდა, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა სხვადასხვა საგნების სილაბუსების დამთხვევა. შესაძლებელია, რომ 4 საგანში ერთი და იგივე ვისწავლოთ და ლიტერატურაც იყოს ერთი და იგივე“ (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი 2011-2016 წლებში).
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების თანაფარდობა
კვლევაში აღნიშნულია, რომ საკვლევი უნივერსიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტთა და მთლიანი აკადემიური პერსონალის შეფასების მიხედვით, ყველაზე უკეთესი შედეგები კერძო უნივერსიტეტებში ფიქსირდება, სადაც ყოველ რვა სტუდენტზე საშუალოდ ერთი პროფესორი მოდის. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კერძო უნივერსიტეტებში რეოდენობრივად ნაკლები სტუდენტი სწავლობს, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა კერძო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც სახელმწიფო უნივერსიტეტში.
რაც შეეხება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების შეფარდებას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ის 32:1-დან 76:1-მდე მერყეობს. ამ მხრივ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 2011-2016 წლებში 14:1-16:1 მერყეობს.
ანგარიშში მოტანილი მონაცემების თანახმად, სამიზნე უნივერსიტეტებში პროფესორთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქსირდება - 1520 ადამიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 767 აკადემიური პერსონალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 271 აკადემიური პერსონალი.
კვლევის ფარგლებში თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თბილისის ექვს უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა. სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; და სამ კერძო უნივერსიტეტში - თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კვლევის მიზანი იყო, საქართველოს უნივერსიტეტების მდგომარეობის შეფასება ბოლონიის პროცესში გაწევრიანებიდან თორმეტი წლის შემდეგ.