ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ტოტო კუტუნიოს არაერთი ვიზიტი, შაკირას, Modern Talking-ის, Boney M-ის, მამა-შვილი იგლესიასების, პლასიდო დომინგოს, ანდრეა ბოჩელის, კრის დე ბურგის, შარლს აზანაურისა და გორან ბრეგოვიჩის უფასო კონცერტები ახალციხეში, რუსთავში, თბილისსა და ბათუმში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და დაფინანსებული.
ასეთი მასობრივი კულტურული ღონისძიებების პარალელურად კი საფუძველი ჩაეყარა თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებს, რამდენიმე ჯაზფესტივალს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „არტისტერიუმს.“
კრიტიკოსის დათო ბუხრიკიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პროექტები უდავოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კულტურული ცხოვრებისათვის, ეს ყველაფერი საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობის მიღების მცდელობას გავდა და ვალდებულების გამო უფრო კეთდებოდა, ვიდრე სურვილის გამო.
ხელოვნებათმცოდნეებისგან მნიშვნელოვან ინიციატივად ფასდება ეროვნული კინოცენტრის არსებობაც, რომელმაც წლების განმვლებოში არაერთი პროექტი დააფინანსა. როგორც კინომცოდნე გოგი გვახარია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კინოცენტრს არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ რამდენიმე კარგი პროექტი დააფინანსა, მათ შორის რუსუდან ჭყონიას ფილმი “Keep Smiling.” თუმცა აღსანიშნავია, რომ პროექტის დაფინანსებას რამდენიმე წელი დასჭირდა მაშინ, “როდესაც საეჭვო კინოპროექტები თავისუფლად ფინანსდებოდა.“
თუმცა, გოგი გვახარიას თქმით, გასულ ცხრა წელს ქარათული კულტურისათვის განსაკუთრებული შენაძენი არ მოუტანია. პოზიტიური ძვრები, რომელიც რევოლუციიდან პირველი 4-5 წლის მანძილზე ამ სამინისტროში შეინიშნებოდა, თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა რურუას მინისტრად დანიშვნის შემდეგ რეგრესით შეიცვალა.
დრამატურგი დათო გაბუნია 2003 წლის შემგომ კულტურული პოლიტიკის შეფასებას შეუძლებლად იმ მარტივი მიზეზის გამო მიიჩნევს, რომ ასეთი ცნება ჩვენს რეალობაში საერთოდ არ არსებობდა. ცალკეულმა კულტურულმა ინიციატივებმა ერთიანი სისტემური პოლიტიკის სახე ვერ მიიღეს.
„საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ინდივიდების პოლიტიკური მიკუთვნებულობის ნიშნით ხდებოდა და ამას კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია, ხშირ შემთხვევაში, არც მალავდნენ. პერსონალიების მნიშვნელობას თუ არ ჩავთვლით, გაუგებარია, რა პრინციპით ფინანსდებოდა ცალკეული კულტურული პროექტები,“- აღნიშნავს გაბუნია.
ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც რევოლუციურმა მთავრობამ ამ სფეროში დაუშვა, ინტელიგენციის წარმომადგენელთა „ჩარეცხვა“ გახლდათ. სწორედ აქედან დაიწყო გაუცხოვება მთავრობასა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს შორის.
თანამედროვე ხელოვნების კურატორის მაგდა გურულის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ადამიანები ბევრისათვის ღირებულ პროდუქტს ვერ ქმნიან, გარკვეული სივრცე მათთვისაც უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული. არსებულმა მიდგომამ კი, საბოლოოდ, უკმაყოფილების კერების გაჩენამდე მიგვიყვანა.
„მე წინააღმდეგი ვარ ასეთი დაყოფების, მით უმეტეს როცა საქმე ხელოვნებას ეხება,“ - აღნიშნავს მაგდა გურული. თუმცა, მისი თქმით, თუკი გავიხსენებთ რა ხდებოდა კულტურის სფეროში სესილი გოგიბერიძის მინისტრობისას, აშკარაა რომ გარკევული სახის კულტურის პოლიტიკა, თუნდაც ჩანასახოვან მდგომარეობაში, მაინც გაჩნდა; საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა სერიოზულ ინიციატივას, რომლისკენაც მეტი ძალისხმევის მიმართვა იყო საჭირო.
კრიტიკოსი და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე კი აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფის განდევნა კულტურული სივრციდან და მათი ხელოვნური სტიგმატიზირება, დიდი შეცდომა იყო. სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები სიტყვა „ჩარეცხილებისაგან“ გამოყოლილი რეციდივი გაჰყვა შლეიფად ყოფილ ხელისუფლებას. რევოლუციური მთავრობისათვის დამახასიათებელ აქცენტირებას ვიზუალური ფორმებსა და განსაკუთრებულად არქიტქტურაზე, დავით ბუხრიკიძე ხელისუფლების დამანგრეველი თვითდამკვიდრების ინსტინქტს უკავშირებს, რაც საბოლოოდ კულტურულ შოკში გადაიზარდა.
ქართული კულტურის „შოკიდან გამოყვანა“ კი უკვე ახალ ხელისუფლებას და მინისტრს მოუწევს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში, კულტურის ბლოკს მხოლოდ ერთი გვერდი აქვს დათმობილი. თუმცა, “ლიბერალთან” ინტერვიუში, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ კოალიციისათვის, სხვადასხვა დარგის ასამდე წარმომადგენელმა, 600-გვერდიანი საპროგრამო დოკუმენტი შეიმუშავა. ამ საპროგრამო დოკუმენტში ძირითადი აქცენტი ამ სფეროს ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისაგან გათავისუფლებაზე, დაფინანსების გაზრდაზე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ერთიან კულტურულ სივრცეში ჩართვაში ხელშეწყობასა და კულტურული მემკვიდრეობის ადეკვატურ დაცვაზე კეთდება.
8 ოქტომბერს წარდგენილმა მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ კი ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ გაფრთხილებასთან ერთად, ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა ხელოვანებისათვის დახმარების გაწევა იქნება. იგი უკვე იმყოფებოდა სამინისტროში, სადაც ყოფილი მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და სამინისტროს გადმობარების პროცესიც დაწყებულია. ოდიშარიას თქმით, სტრუქტურისა და სხვადასხვა დარგში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდგომ ის და მისი გუნდი ახალ კონცეფციას შეიმუშავებენ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მინისტრობის კანდიდატი გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ძველი გუნდიდან ყველა გათავისუფლდება.
„სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც უნდა დარჩნენ. არც არასოდეს გვითქვამს და გვიფიქრია, რომ ჩვენ მოვიდოდით და იქ არავის დავტოვებდით. ვინც საჭიროა, ყველა დარჩება, დაემატება კადრები და გუნდი ახალი კონცეფციით დაიწყებს მუშაობას,“ - აღნიშნა ბატონმა გურამმა.
მისივე თქმით, აუცილებლად დაიწყება მუშაობა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაარსებაზე. ეს ინიციატივა ჰქონდა მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც, ხოლო მინისტრობის კანდიდატის თქმით, თანამედროვე სახელმწიფოსთვის ასეთი მუზეუმის არსებობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.
„მე ვიცი, ჩვენზე პატარა ქვეყნები, სადაც არათუ ერთი, არამედ ორი და სამი თანამედროვე ხელოვნების მუზუმიც აქვთ, ამიტომ ჩვენთანაც აუცილებლად შეიქმნება,“- აღნიშნა მან.
თავად მინისტრობის მწერალ კანდიდატს კულტურის სფეროს წარმომადგებლები და კრიტიკოსები დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ხაზს მის პიროვნულ თუ შემოქმედებით ღირსებებს უსვამენ.
გოგი გვახარიას თქმით, გურამ ოდიშარია ნიკა რურუას სრული ანტიპოდია. „რამდენადაც ვიცნობ, არის ძალიან რბილი კაცი, მეტისმეად რბილიც კი, რომელიც ყველას მოუსმენს. რაც მთავარია, მის უკან არ მოიაზრება რაღაც კულტურული მაფია და გარკვეული ჯგუფები. თუმცა რამდენად კარგად იმუშავებს სამინისტრო ასეთი მინისტრის პირობებში, ამას დრო გვიჩვენებს,“- აღნიშნა კინომცოდნემ.
დავით ბუხრიკიძის თქმით კი მნიშვნელოვანია, რომ მინისტრმა მოახერხოს თანამედროვე ხელოვნებასთან კონტაქტი, ამისათვის მას ძალიან კარგი თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეები, კურატორები, ექსპერტები და მრჩევლები დასჭირდება. სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული სამინისტროს გამართული მუშაობა მომავალში.
ამავე შეხედულებას იზიარებს საერთაშორისო ფესტივალ „არტისტერიუმის“ კურატორი მაგდა გურულიც. მისი თქმით, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მინისტრს თანამედროვე ხელოვნება უყვარდეს. მთავარია, ესმოდეს მისი მნიშვნელობა და ისეთი გუნდი შექმნას, რომელიც ადეკვატურად მიუდგება ამ საკითხს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ზოგადად არ მოხდეს სიტუაციის კონსერვატული პოლუსისაკენ შებრუნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერც მინისტრი და ვერც სამინისტრო ვერ შეეწინააღმდეგება ხელოვნების ანდერგრაუნდში გადასვლას, რაც შეიძლება არტისათვის სასარგებლოც კი იყოს, თუმცა ზოგადი კულტურული თვალსაზრისით ქვეყნისათვის წამგებიანი იქნება.
დათო გაბუნიას თქმით კი, მინისტრმა, უპირველეს ყოვლისა უნდა შეიქმნას კულტურული პოლიტიკა, რათა მოხდეს პრიორიტეტების განსაზღვრა, ხოლო შემდგომში თავად სამინისტროს მუშაობა არ შეფერხდეს. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს დეცენტრალიზაცია მოხდეს და გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად აღარ მიიღებოდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში „კულტურის სამინისტრო ისევ ძაღლების მწვრთნელის როლში დარჩება, რომელიც ერთ ცალ კანფეტს გადმოგიგდებს, თუ გადაგდებულ ჯოხს სწრაფად მოუტან.“
გარდა იმისა რომ ქართული კულტურა თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძის თქმით, აუცილებელი იქნება მწერლობის, თეატრისა და კლასიკური მუსიკის წინ წამოწევა, რადგან ეს არის საბაზისო კულტურული მოედანი, საბაზისო სივრცე და არქეტიპი, რომლიდანაც აღმოცენდება კულტურა თანამედროვე ფორმით.