Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა - საგანგებო შემთხვევები და კულტურული მემკვიდრეობა

31 იანვარი 2017

„ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ მიერ შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ორგანიზაციის – „კულტურული მემკვიდრეობა საზღვრებს გარეშე“ თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა, სადაც  აღწერილია, თუ რამდენად მზადაა საქართველოს მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები საგანგებო სიტუაციებისთვის და მოცემულია ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და არსებული სიტუაციის ანალიზი.

მოძრავი და უძრავი ძეგლების დაცვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2 ნოემბერს ვარძიაში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რამაც დააზიანა ისტორიული ფრესკები, რომელთა აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რა საფრთხეს წარმოადგენს ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე კულტურული მემკვიდრეობისათვის ხანძარი.

„კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის ისეთივე სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გერბი და დროშა სუვერენული სახელმწიფოსთვის. ამიტომ მისი მოვლა-პატრონობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა. მას არა მხოლოდ ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს, არამედ პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს ეკონომიკურ სიძლიერესთან“.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საფრთხის წინაშე ბუნებრივი და ადამიანური მიზეზების გამო დგება. თუ გავითვალისწინებთ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკებს, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დიდი საფრთხის წინაშე დგას. მით უმეტეს, რომ მოსალოდნელი საფრთხეებისგან მათი დაცვის შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია. 

„საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო კანონით იცავს“, - ეს კონსტიტუციური დებულება კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად შექმნილი სამართლებრივი ინფრასტრუქტურის საფუძველია. აღნიშნული ჩანაწერი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აკისრებს ვალდებულებას, რომ იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე. რაც, ძირითადად, გამოიხატება ორი ტიპის ვალდებულებაში: პირველი, საჭიროების შემთხვევაში მან თავად უნდა დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ზრუნვის ობიექტი და, მეორე, იგი ვალდებულია, ძეგლის დაცვის საჭიროების შესახებ აცნობოს სახელმწიფო ორგანოებს, რათა მათ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ მის დასაცავად“.

კვლევაში ჩართული იყო 13 ინსტიტუცია. საქართველოს ეროვნული არქივი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; . ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; თსუ-ის ბიბლიოთეკა; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ეროვნული მუზეუმი; აბრეშუმის მუზეუმი; ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მხოლოდ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებობს უსაფრთხოების სამსახური (შეიქმნა 2008 წელს), რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას მუზეუმსა და მასში შემავალ სტრუქტურებში.

კვლევაში მონაწილე სხვა ინსტიტუციებს  შიდა უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი დოკუმენტი ცალკე, წერილობითი სახით არ არსებობს. ზოგან უსაფრთხოების პოლიტიკად აღიქმება ნორმატიული აქტები, რომელშიც დაფიქსირებულია ექსპონატების/დოკუმენტების შენახვის პირობები; ზოგ შემთხვევაში ეს შემოიფარგლება მხოლოდ საცავების გაღება-დალუქვის წესით და არის ზეპირი, არაწერილობით განსაზღვრული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება წინა წლებში დაგროვილ გამოცდილებას.

აღნიშნულ დაწესებულებათა უმეტესობაში არ არსებობს უსაფრთხოების მენეჯერის ცალკე შტატი. პასუხისმგებელ პირებს საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება არ აქვთ. ეროვნული მუზეუმის გარდა, სხვა დაწესებულებებში არ არსებობს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა. უსაფრთხოებაზე, ძირითადად, დაწესებულების სხვადასხვა პერსონალია პასუხისმგებელი. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგ შემთხვევაში თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უსაფრთხოებაზე, არ იციან ცეცხლმაქრის გამოყენება. სიტუაცია გაცილებით მძიმეა რეგიონებში, თუმცა აღსანიშნავია რამდენიმე მუზეუმი, რომლებსაც აქვთ საევაკუაციო გეგმა (მაგ: ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ასევე ის ერთადერთია რეგიონის გამოკითხული მუზეუმებიდან, რომელსაც დაზღვეული აქვს რამდენიმე კოლექცია).

არსებული სიტუაციის ანალიზის გარდა კვლევის ნაწილი დათმობილი აქვს საკონონმდებლო ჩარჩოს, თუ რა მექანიზმებია საგანგებო სიტუაციებში მოძრავი და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, რა ხარვეზები აქვს და როგორი უნდა იყოს ის.

კვლევაში გამოყოფილია ერთი ნაწილი, სადაც აღნიშნულია თუ როგორ უნდა მოხდეს კანონმდებლობით რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე.

„ჩვენს რეალობაში გვაქვს ორი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებს, სტრუქტურასა და მეთოდიკას. ესენია: პრეზიდენტის N415 ბრძანებულება – ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა 2008 წლისა და 2015 წლის მთავრობის N-508 დადგენილება – სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. კვლევაში ხაგზასმულია, რომ ეს ორი დოკუმენტი არსებითად იდენტურია, თან ორივე ერთდროულად მოქმედია. ახალი დოკუმენტის შემუშავებისას მთავრობას უნდა გაეთვალისწინებინა ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა პრეზიდენტის ბრძანებულებაში“.

უსაფრთხოების გეგმის ერთ-ერთ ნაწილი შეეხება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფას. ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების დროს მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრუნველყოფის სფეროში მართვას ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.”

კლვევაში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტებისათვის, არამედ – უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვისაც. უსაფრთხოების გეგმაში გაწერილია მხოლოდ მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებებზე არაფერია ნათქვამი მასში. სპეციალისტების აზრით ეს გეგმის ხარვეზი და საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.  

საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იქმნება საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს სამინისტროში არსებული საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით, ამავე გეგმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს საგანგებო სიტუაციის პირველადი რეაგირების ჯგუფმაც.

„ბუნდოვანია ასევე სამინისტროს მიერ შექმნილი საგანგებო შტაბის, ისევე როგორც საგანგებო სიტუაციის პირველადი რეაგირების ჯგუფის, შემადგენლობა, კომპეტენცია, რადგან, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მის წევრებს ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა, რომლითაც შეძლებენ კულტურული მემკვიდრეობის ხარისხიან დაცვას სხვადასხვა სახის კატასტროფებისას (წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი და ა. შ.). ჩვენი აზრით, სასურველია, ეს ჯგუფი იყოს მრავალდისციპლინური და მასში შედიოდნენ ისეთი სპეციალობის მქონე პირები, როგორებიც არიან: ინჟინერი, გეოლოგი, არქიტექტორ-რესტავრატორი, ფერწერისა და ქვის რესტავრატორი და სხვ.).

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ცდილობს დაადგინოს ხანძართან ბრძოლის ის სტანდარტები, რომელიც ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მე-20 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის მომზადებას, რომელთათვისაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა.

„აღნიშნული კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიიღო დადგენილება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა. თუმცა, ამ დროისათვის მთავრობას აღნიშნული დადგენილება არა აქვს მიღებული“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^