ნინუცა შატბერაშვილი „თანამედროვე ხელოვნების ცენტრის” სტუდენტი იყო, როდესაც საკურსო დავალების შესასრულებლად თბილისში ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმოებისა და მაკულატურის ჩამბარებელი პუნქტების ძებნა დაიწყო.
ნინუცას იდეა ეკოლოგიურ აქციად იქცა: გარკვეული ხნის განმავლობაში ის გამოყენებულ ქაღალდებს აგროვებდა და გადასამუშავებლად მიჰქონდა, რათა მეორად, გადამუშავებულ ქაღალდზე სტუდენტების ნაშრომები დაბეჭდილიყო. „მეორადი ქაღალდის” შესაძლებლობებზე ნინუცამ ბევრი რამ გაიგო, თუმცა აღმოაჩინა, რომ თბილისში და მის შემოგარენში მხოლოდ ერთი საწარმო იყო, რომელიც ქაღალდს ისე გადაამუშავებდა, რომ მისი გამოყენება პირველადი დანიშნულებით ყოფილიყო შესაძლებელი.
უკეთესი მდგომარეობა არც ორგანული ნარჩენების გადამუშავების კუთხით გვაქვს: საწარმოების უმეტესობაში ამბობენ, რომ შესაძლებლობის მხოლოდ მეათედს აკეთებენ, რადგან არ ხდება ნარჩენების დახარისხება და ისე შეგროვება.
ირაკლი მაჭავარიანი მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო. ის ამბობს, რომ დასუფთავების სამსახურისგან მიღებულ ნარჩენებს ქარხანაშივე, ადგილზე სპეციალურად ამ საქმისთვის დაქირავებული მუშები ახარისხებდნენ.
„ეს ძალიან რთული შრომაა, რადგან შერევის შემთხვევაში ვერ მივიღებდით პროდუქტს. ჩვენ ვამზადებდით ორგანულ სასუქს, ბიოდანამატების გარეშე.
ჩვენთვის ნედლეული საჭმლის ნარჩენები და ხის ტოტები იყო. ქარხანა ფაქტობრივად მინიმალურად იყო დატვირთული, ალბათ მაქსიმუმ 10%-ით. ორგანული ნარჩენების გადამუშავებას დიდი პოტენციალი აქვს, თუ სეპარირებული შეგროვების სისტემა იმუშავებს. მაგრამ ქარხანა მთლიანად სუბსიდირებულია მარნეულის გამგეობის მხრიდან. დამოუკიდებლად, ის წამგებიანი ბიზნესია”, - გვიყვება მაჭავარიანი.
როგორ იმართება ნარჩენები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე კომპლექსურ საკითხს უნდა შევეხოთ:
* * *
ნარჩენების მართვის კოდექსი უკვე ორი წელია, რაც არსებობს, თუმცა მისი აღსრულების მექანიზმები ჯერაც სუსტია. ზოგიერთი ექსპერტი ამას ფინანსების ნაკლებობას უკავშირებს, ზოგიც - პოლიტიკურ ნებას. ზოგი კი სხვა ობიექტურ და ლოგიკურ დაბრკოლებებზე ამახვილებს ყურადღებას.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პოლიტიკის დონეზე დიდწილად დაწყებულია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულების - 2019 წლიდან ნარჩენების დახარისხებული შეგროვებისთვის გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯების დასახელება ექსპერტებსაც უჭირთ და საჯარო მოხელეებსაც.
► ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე გადამამუშავებელ ქარხანას ნედლეულის პრობლემა აქვს - საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაწილში ნარჩენები არათუ დახარისხებულად, არამედ საერთოდ არ გროვდება.
2015 წლის დასაწყისში გარემოსდამცველები ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებამ გაახარა: სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაფანტული ვალდებულებები, წესები, რეგულაციები თუ აკრძალვები კოდექსმა გააერთიანა და, როგორც ექსპერტები ამბობენ, „საერთო თამაშის წესები განსაზღვრა”. თუმცა თითოეული მოთამაშის შესაბამის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვები მაინც არსებობს. კოდექსის კვალდაკვალ შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული 15-წლიანი სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია, როგორ აპირებს სახელმწიფო პრობლემების მოგვარებას. ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმები უნდა ჰქონდეთ შემუშავებული ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც, თუმცა ბევრგან ასეთი გეგმების შესახებ არც ინფორმაცია აქვთ და, შესაბამისად, არც მუშაობა დაუწყიათ.
►ნარჩენების მართვის სტრატეგიით აღიარებულ იქნა, რომ 2015 წელს ამოქმედებული კოდექსის მიუხედავად, საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები ეროვნულ კანონმდებლობაში სრულად არ ასახულა. სამთო მოპოვებით ნარჩენებს კოდექსი ისევ არ არეგულირებს, რაც სერიოზული რისკის შემცველია.
►ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა კი კვლავ ჩამოუყალიბებელია. დიდი რაოდენობით ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიების უმეტესობასაც, მუნიციპალიტეტების მსგავსად, ნარჩენების მართვის გეგმები არ გააჩნია.
►ნარჩენებს მეტწილად საჯარო ოპერატორები აგროვებენ. საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პოლიტიკა ნათლად ჩამოყალიბებული არ არის.
►ისევ არ არსებობს ნარჩენების პრევენციის მექანიზმი, გადამამუშავებელი ობიექტები ცოტაა, და ხელახალი გამოყენება-რეციკლირების წამახალისებელი სახელმწიფო მექანიზმებიც პრაქტიკულად არ მუშაობს. არც ადეკვატური სატარიფო პოლიტიკა არსებობს და არც მოსაკრებლის შეგროვების ეფექტური სისტემა.
კახა რუხაია „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის”, CENN-ის ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” - კოორდინატორია. ის ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერით ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ მოდელზე გადასვლის ვალდებულება აიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროცესის მონაწილე ყველა მხარე, ყველა რგოლი მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს.
„თანამედროვე სტანდარტის დანერგვაში ნარჩენების წარმოქმნის, ტრანსპორტირების, განთავსების თუ გადამუშავების მთლიანი ჯაჭვი იგულისხმება. ამიტომ აუცილებელია თითოეული რგოლის მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობა. თუმცა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება ვერ ჩაითვლება წარმატებად, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტები ნარჩენების არათუ დაუხარისხებლად შეგროვებას, არამედ მათ სტიქიურ ნაგავსაყრელებზე განთავსებასაც განაგრძობენ. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები არ ასრულებენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ვალდებულებებსა და ღონისძიებებს”, - მიიჩნევს რუხაია.
კანონი და მისი აღსრულება
ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა გამოვლენაზე პასუხისმგებელია გარემოს დაცვის სამინისტროს საინსპექციო სამსახური, მუნიციპალიტეტი და საპატრულო პოლიცია.
„მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაბინძურების გამო, ძირითადად, პატრული აჯარიმებს: როდესაც მოქალაქე მანქანიდან სიგარეტის ნარჩენს ან რაიმე ნაგავს აგდებს, მასზე რეაგირება ადვილია. მაგრამ რაც შეეხება მუნიციპალიტეტების სიღრმეებში, სოფლებში გარემოს დამაბინძურებელი ნარჩენების გავრცელება-დანაგვიანების აღნუსხვას - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეს უჭირთ. მათ არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის მომზადებული კადრი”, - ამბობს რუხაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან „ლიბერალის” მიერ გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯარიმები გარემოს დანაგვიანებისა და მსგავსი დანაშაულებისთვის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი მუხლის დარღვევისთვის იწერება. დანარჩენი მუხლების დარღვევისთვის კი ბოლო წლის განმავლობაში პრაქტიკულად არავინ დაჯარიმებულა.
მუნიციპალიტეტები და ნაგავსაყრელები
ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ მუნიციპალიტეტების მზაობაა. უფრო ზუსტად კი ის, რომ რეგიონებში კანონის აღსრულება საკმაოდ რთულია.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ კოდექსის შემუშავებისას, შეკითხვაზე, როგორ მოხდებოდა ნარჩენების მართვა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი საჭირო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობდა, რომ განისაზღვრებოდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი იმ სოფლებისა თუ რაიონებისთვის, რომლებიც კანონის მოთხოვნებისა და სანქციების ამოქმედების პერიოდისთვის ვერ მოახერხებდნენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-მოწესრიგებას. ამ პერიოდის განმავლობაში ნარჩენების შესახებ კანონის დარღვევისთვის ისინი არ დაჯარიმდებოდნენ.
თუმცა 2 წლის შემდეგაც მუნიციპალიტეტები მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან. როდის შეძლებენ ისინი არათუ ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებაზე გადასვლას, არამედ ზოგადად სრულად შეგროვებას მაინც, დაზუსტებით არავინ იცის. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებაზე სწორედ მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი. ამასთან მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირებაც მისი ვალდებულებაა.
მარიამ შოთაძე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ნარჩენების მართვის პროგრამის კოორდინატორია. მისი აზრით, მუნიციპალიტეტებში ძალიან დაბალი შესაძლებლობებია იმისთვის, რომ მათ ნარჩენების მართვის გეგმები შეიმუშაონ და განახორციელონ.
„რამდენიმე საპილოტე პროექტის გარდა, არც კი ვიცით, არის თუ არა სადმე რაიმე ტიპის ძვრა. ერთ-ერთი ჩვენი პროექტის ფარგლებში კახეთში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ისიც კი არ იცოდნენ, რომ ასეთი გეგმის არსებობას კანონი ავალდებულებდათ. 2019 წლისთვის კანონი მუნიციპალიტეტების ნარჩენების სეპარირებას ითხოვს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ნარჩენები 3-4 კატეგორიის მიხედვით უნდა დახარისხდეს. ამ დროს კი ბევრ რეგიონში საერთოდ არ გროვდება ნაგავი. ნაგავსაყრელები არ არის საკმარისი რაოდენობის და არც შესაბამისად გამართული. სეპარირებამდე ცენტრალიზებულად მაინც უნდა აგროვებდე. ძალიან ბევრი თემი და სოფელი არ იფარება ცენტრალიზებული შეგროვების სისტემით. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენი დაკვირვებით, შესაბამისი დროისთვის ამ ვალდებულების შესრულდება გაგვჭირდება”, - ამბობს მარიამ შოთაძე.
კახა რუხაიას თქმით კი, მუნიციპალიტეტები ცდილობენ, თავად მოახდინონ ძველი ნაგავსაყრელების, ე.წ. კონსერვაცია და მიწის ფენით დაფარვა. მაგრამ ნარჩენების მიმართ მუნიციპალიტეტებს ერთიანი, კომპლექსური მიდგომა არ გააჩნიათ, დასუფთავების აქციები კი ხშირად წარუმატებელია. მისი აზრით, ნარჩენების მართვის მუნიციპალური გეგმების შემუშავებამდე პრობლემის კომპლექსური გადაჭრა ისედაც შეუძლებელია. ღონისძიებები კვლავ სპონტანური, დაუგეგმავი და ურთიერთშეუთანხმებელი იქნება, რაც საბოლოოდ ფუჭი შრომა გამოვა.
რაც შეეხება მოსახლეობის ცნობიერებას, რაც ხშირად სისტემის გაუმჯობესების ბარიერად სახელდება, ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებულ პრობლემებს არ ქმნის მაშინ, როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამართულია, და როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რატომ და როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების დახარისხება.
„პასუხი კითხვაზე - როდის უნდა ჰქონდეთ მუნიციპალიტეტებს სრულად დაფარული თავიანთი ტერიტორია, არის - გუშინ! დიახ, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო”.
ნაგავსაყრელები და სეპარაცია
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მაშინ დგება, როდესაც ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრ კიდევ ერთ ვალდებულებაზე - ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებაზე ვსაუბრობთ. 2019 წლის თებერვლიდან ასამოქმედებლად სისტემა მოუმზადებელია. თუმცა რუხაიას აზრით, ეს გადაჭრით არც პოლიტიკური ნების და არც გულგრილობის ბრალი არ არის. თუმცა მუნიციპალიტეტებში ხშირად ამ საკითხს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და მას საკმარის ყურადღებას არ უთმობენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების გარდა, დანარჩენ საქართველოში არსებული ნაგავსაყრელების მოვლა-პატრონობაზეცაა პასუხისმგებელი. წელს კომპანიის ბიუჯეტი 6 მილიონს შეადგენს, დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი. დირექტორი გიორგი შუხოშვილი ამბობს, რომ 150-მდე ნაგავშემკრები მანქანა და 8000-მდე კონტეინერის განაწილება უახლოეს მომავალში მოხდება. ამ დროისთვის, მისი მონაცემებით, კეთილმოწყობილია 30 ნაგავსაყრელი.
„მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაგავსაყრელი, ვგულისხმობ ოფიციალურად აღიარებულ ნაგავსაყრელებს, მოვლილია“.
შუხოშვილის თქმით, მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს მალე რეგიონული ნაგავსაყრელები შეცვლის, თუმცა თითოეულისთვის საჭირო ხარჯი ჯერ ცნობილი არ არის.
„ვიწყებთ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობას. მთელი საქართველოს მასშტაბით 8–10 ამგვარი სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება. ისინი სხვადასხვა მოცულობის იქნება და ხარჯიც შესაბამისად იმოძრავებს - დაახლოებით, 7-დან 10 მილიონ ევრომდე. ხარჯი განისაზღვრება არა მარტო მოცულობის, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რა სახის ინფრასტუქტურა მოეწყობა, მაგალითად, თუ დამონტაჟდება სეპარაციის სორტირების ხაზები. მუნციპალიტეტებმა უკვე დაიწყეს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულება და ეს პროცესი გრძელდება”, - ამბობს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი.
ამჟამად ოფიციალურად აღრიცხულია 60-მდე ნაგავსაყრელი, გასული წლის მდგომარეობით 13 ნაგავსაყრელი დაიხურა, 30 კი განახლდა.
რაც შეეხება სანიტარულ ნაგავსაყრელებს, ასეთი ქვეყანაში მხოლოდ სამია: თბილისის (ლილოს), რუსთავისა და ბორჯომის ნაგავსაყრელები. გარემოზე ზემოქმედების დროებითი ნებართვებიც სწორედ ამ სამ ობიექტს აქვს.
ქალაქ თბილისის დასუფთავება შპს „თბილსერვის ჯგუფს” აბარია, რომელიც მართვის უფლებით თბილისის მერიას გადაეცა. 2014 წელს მისი ბიუჯეტი 48.2 მილიონ ლარს შეადგენდა. ის თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, მას შპს „სანდასუფთავება” ემსახურება, რომელიც ასევე 100%-ით სახელმწიფოს მართვის ქვეშაა. ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მან 2013 წელს 7,3 მილიონი ლარი მიიღო.
სამთო მოპოვებითი ნარჩენების რეგულაცია - არავისი საქმე
ნარჩენების მართვის კოდექსი არ არეგულირებს სამთო ნარჩენების მოპოვების საკითხს. არცერთი სახელმწიფო უწყება სამთო მოპოვებითი ნარჩენების რეგულაციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი არ არის.
ამ მიმართულების დასარეგულირებლად სახელმწიფოს ვადა 2017 წლის ზაფხულამდე აქვს.
„ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მხრივ. მხოლოდ ჭიათურის მაგალითიც საკმარისია. გვჭირდება ძლიერი საკანონმდებლო საფუძველი, ბაზა, რომ ინსპექტორს არ მოუწიოს მარჩიელობა, როდესაც ხედავს, რომ გარემო დაბინძურებულია, რომ ყვირილაში შავი წყალი მოდის, რომ იწამლება ირგვლივ ყველაფერი. მას კი ძალიან სუსტი საფუძველი აქვს, რომ ოქმი დაწეროს. ეს ნაწილი უნდა შეიცვალოს. მაგრამ ჯერჯერობით ამ მტკივნეულ საკითხს თავის თავზე არავინ იღებს. არავინ ინიციატივით არ გამოდის”, - ამბობს რუხაია. „კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” CENN-ის ნარჩენების გადამამუშავებელი კერძო სექტორის ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის - „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” - ხელმძღვანელი.
სახიფათო ნარჩენები
კიდევ ერთი სუსტი რგოლი ნარჩენების მართვის სფეროში - სახიფათო ნარჩენების საკითხია.
ნარჩენების მართვის იერარქიაში ნაგავსაყრელი ყველაზე დაბლა მდგომია. წარმოქმნის თავიდან აცილება, ხელმეორედ გამოყენება, აღდგენა, გადამუშავება - მხოლოდ ამ ეტაპების შემდეგი, უკიდურესი გზა ნაგავსაყრელია.
ამიტომ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის იდეას ექსპერტები არ ემხრობიან, მაგრამ ამბობენ, რომ სახელმწიფო აუცილებლად უნდა უწყობდეს ხელს სახიფათო ნარჩენების გადამუშავების სექტორის გაძლიერებას. იქნება ეს საგადასახადო შეღავათები, იაფი სესხები თუ სხვა დახმარება.
ქვეყანაში წლებია არ ჩატარებულა სახიფათო ნარჩენების სრული ინვენტარიზაცია, არც მათი გარემოზე არსებული ზემოქმედება შეფასებულა სრულად.
თუმცა, არსებული მონაცემებით, სახიფათო ნარჩენებიდან ქვეყანაში 4 000 ტონა ვადაგასული პესტიციდებია, 600 ტონა - პოლიქლორირებული ბიფენილები, 120 000 ტონა კი დარიშხანის შემცველი ნარჩენები. ყოველწლიურად 1 500 ტონა სახიფათო სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება: მაგალითად, კვლევით ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში ვადაგასული ქიმიური ელემენტებისა და ბატარეებისგან. აკუმულირება, მეორადი ზეთები - როგორ რეგულირდება ეს საკითხი, ამის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მოქმედი გადამამუშავებელი საწარმოებისთვის კონკრეტული პროგრამები ნამდვილად არ მოქმედებს. ასევე არ არსებობს ოფიციალური ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი.
თუმცა ექსპერტები მაინც ფიქრობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სახიფათო ნარჩენები მაინც არაა, რადგან მუნიციპალური ნარჩენების მოცულობა მას ბევრად აჭარბებს. არალეგალური, სტიქიური ნაგავსაყრელების ნარჩენები კი გარემოს მრავალი სახით აბინძურებს. რისკს წარმოადგენს ნაგავსაყრელებზე ცხოველების შესვლაც; წყლის და ჰაერის დაბინძურებაც, რომელშიც ნარჩენებიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი, აზბესტის ნარჩენების მტვერი და სხვა მავნე ნივთიერებები ერევა. ბინძურდება ნიადაგი და წყალი, რომლითაც ხშირად ეს ნიადაგები ირწყვება.
►ერთი წლის განმავლობაში თბილისში დაახლოებით იმდენივე ნარჩენი წარმოიქმნება (1 126 000 ტონა), რაც დანარჩენ 10 რეგიონში (1 115 628 ტონა).
►ნარჩენების მართვის სისტემის ხარჯები საშუალოდ შემდეგნაირად ნაწილდება - 50% - შეგროვება, 19% - ტექნიკა, 15% - ადმინისტრაცია, 12% - ნაგავსაყრელი და 4% - გატანა.
►საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. მათგან 700 000 ტონა ოფიციალურ ნაგავსაყრელებზე ხვდება.
► ნარჩენების 60%-ს საკვებისა და ბაღის ნარჩენები შეადგენს, 10%-ს - ქაღალდისა და მუყაოს ნარჩენები, 10%-ს - პლასტიკის ნარჩენები, 1%-ზე ნაკლები კი სახიფათო ნარჩენის კატეგორიას მიეკუთვნება.
* * *
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასთან დაკავშირებული მთავარი ვალდებულებები უკვე შესრულებულია. თუმცა სამთო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ დირექტივებს, იმედოვნებს, რომ მისი შესრულება წლის ბოლომდე, ანუ დადგენილ ვადამდე მოხდება.
„რაც შეეხება სეპარირების ვალდებულებას, რომელიც 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს, დინამიკა მეტყველებს, რომ ვადებში ჩავეტევით და ყველაფერი მოესწრება. ამას ცოტა საინფორმაციო კამპანია და ცნობიერების ამაღლებაც სჭირდება. რადგან ბევრმა არც იცის, რატომ უნდა დაახარისხოს ნაგავი. ასე უცებ ქცევის შეცვლა მარტივი არ არის”, - ამბობს გურგულიანი.
NDI-ის 2014 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხად გამოკითხულთა 9%-მა ერთ-ერთ პირველ ადგილზე სწორედ ნარჩენების მართვა დაასახელა.
როდესაც მოქალაქეებს სთხოვდნენ დაესახელებინათ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხი მათ ქალაქსა თუ სოფელში, პასუხები ასე გადანაწილდა:
20% - გარემოს დაბინძურება;
14% - ნარჩენების შეგროვება;
14% ქუჩების სისუფთავე;
14% პარკები და მწვანე სივრცეები.
თუმცა შეკითხვაზე - რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით? მხოლოდ 3% ამბობს, რომ ნარჩენების შეგროვება მთავარი პრიორიტეტად უნდა იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ 14% მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად ასახელებს.
ნარჩენების გადამუშავება - საქართველოს 0.03%-ით გამოყენებული შესაძლებლობა
საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების 99.97% ნაგავსაყრელებზე ხვდება.
ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2020 წლისთვის ამ მიმართულებით აუცილებელი ყველა სამართლებრივი აქტი სახელმწიფოს უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს და მათი შესრულებაზე მუშაობაც დაწყებული უნდა იყოს. საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებებიც კანონმდებლობაში ამ დროისთვის ასახულ-განხორციელებული უნდა იყოს.
2017 წლის 1 დეკემბრამდე ყველა მუნიციპალიტეტს შემუშავებულ-დამტკიცებული უნდა ჰქონდეს ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმა. სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.
2020 წლისთვის სახელმწიფოს მიზნად დასახული აქვს, რომ მუნიციპალური ნარჩენების 90%-ის შეგროვება მაინც მოახერხოს. რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ამავე წლისთვის მან სულ მცირე 50% მაინც უნდა შეაგროვოს.
რაც შეეხება გადამუშავებას, 2020 წლისთვის საქართველოში უნდა ხდებოდეს:
30% ქაღალდის რეციკლირება;
20% მინის რეციკლირება;
70% მეტალის რეციკლირება;
30% პლასტიკის რეციკლირება.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება 2017 წლის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა კი 2019 წლის თებერვალში უკვე დაწყებული უნდა იყოს. პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენლები იმედიანად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ ვადების დარღვევა არ მოუწევთ, თუმცა ექსპერტების უმეტესობა, ამ აზრს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ თუ პროცესები ამავე ტემპით გაგრძელდა, დათქმული დროისთვის საქართველო-ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და შემდეგ უკვე ახალი კოდექსითა და სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ იქნება.
როცა ნარჩენები ნაგავსაყრელზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხვდება - საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD -) კვლევის თანახმად: შვედეთში ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება ნაგავსაყრელზე, მაშინ როცა საქართველო მხოლოდ 0.03 %-ს გადაამუშავებს.
შვედეთში ნარჩენების გადამუშავების სფერო იმდენადაა განვითარებული, რომ ქვეყანა ნარჩენებს ბრიტანეთის, იტალიის, ნორვეგიისა და ირლანდიისგან ყიდულობს იმისთვის, რომ ქვეყანაში მომუშავე 30-ზე მეტ სადგურში ენერგია გამოიმუშაოს. ნარჩენებისგან მიღებული ენერგია საკმარისია 250 000-მდე სახლის გასანათებლად და მთელი ქვეყნის სახლების 20%-ის გასათბობად.
- 2013 წელს აშშ-ში დღეში 254 მილიონი ტონა ნარჩენი წარმოიქმნა. შტატებში ნარჩენების მხოლოდ 34% გადამუშავდება;
- საშუალოდ, ევროპაში ყოველწლიურად წარმოქმნილი ნარჩენების მხოლოდ 20% ხვდება ნაგავსაყრელზე, დანარჩენი 40-40% ან გადამუშავდება, ან მისი ინსინერაცია ხდება;
- ავსტრიამ გასულ წელს ნარჩენების 63% გადაამუშავა, გერმანიამ - 62%;
- გერმანიაში 1990 წელთან შედარებით, ნარჩენების მართვისა და რეციკლირების სექტორიდან გამოყოფილი სათბურის გაზები 20%-ით შემცირდა;
- ავსტრია, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, შვედეთი და ბელგია - ეს ის ქვეყნებია, რომელთა ნარჩენების მხოლოდ 5% მიდის ნაგავსაყრელებზე;
- 2010 წლის ბოლოსთვის ბულგარეთი, ესტონეთი, რუმინეთი, სლოვაკია და სლოვენია უკვე განსაზღვრულ 80%-ზე ნაკლებ ნარჩენს ათავსებდნენ ნაგავსაყრელებზე;
- ევროსაბჭოს კვლევის თანახმად, ევროპული კანონმდებლობის სრული იმპლემენტაციის შემდეგ ყოველწლიურად 72 მლრდ. ევრო დაიზოგება;
- 2020 წლისთვის კი შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სისტემის წლიური შემოსავლის 42 მილიარდით გაზრდა, შეიქმნება 400 000 სამუშაო ადგილი.
მასალა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.