რეპორტაჟი ჭიათურიდან, სადაც უკვე ერთი კვირაა, მაღაროელი მუშები გაიფიცნენ.
15 ოქტომბერს ჭიათურაში “ჯორჯიან მარგანეზის” ადმინისტრაციულ შენობასთან ასობით მუშა შეიკრიბა. ერთამენთში ემოციურად საუბრობდნენ და საწარმოების ადმინისტრაციას თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებას სთხოვდნენ.
ჭიათურაში მაღაროს მუშების საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. მანგანუმის მომპოვებელი და გადამამუშავებელი შვიდივე მაღარო პარალიზებულია. მუშები ამბობენ, რომ მანგანუმის წარმოება არ აღდგება, სანამ საწარმოების ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს სრულად არ შეასრულებს.
ხელფასების 100%-იანი ზრდა, უქმე დღეებში დასვენება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ორმაგად ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შრომის პირობების გაუმჯობესება, საპენსიო ასაკის დაწევა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სოციალური გარანტიები - ასეთია მუშების მოთხოვნები.
მუშები ჩივიან, რომ ამჟამად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა.
ქარხნის შენობები, სადაც ისინი დღიურად 8 საათის განმავლობაში მუშაობენ, ნაწილობრივ დანგრეულია. ძველი დანადგარებიდან მანგანუმის სარეცხი წყალი ჟონავს და სამუშაო ოთახებს ტბორავს. უგულისყუროდაა მიტოვებული დანადგარების გაუქმების შემდეგ დარჩენილი ორმოები, შენობის ფანჯრების ნაწილი ისევ შეუმინავია და სამუშაო დარბაზებში ორმხრივი ქარი აღწევს, ნაწილი კი, მუშების თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე შემინეს. ავარიულია შენობების კიბეები და ფაბრიკების დამაკავშირებელი ხიდები. ძველი სახურავიდან კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის.
“ლიბერალმა” ითხვისის გამამდიდრებელი ფაბრიკის შენობა მოინახულა. ფაბრიკის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. დაცული არაა სანიტარული თუ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. შენობაში მხოლოდ ერთი საშხაპე ფუნქციონირებს, სადაც, 7-8 მუშას ერთად უწევს დაბანა. სასმელი წყალი, რომელიც მუშებს მიეწოდებათ, შენობაში დაზიანებული მილით შემოდის. ,,ნაგვით არის ხოლმე სავსე. ახლა წვიმა თქვი, წვიმის წყალი სულ ამას ერევა,“- ამბობს ითხვისის ფაბრიკის დანადგარის მემანქანე.
კარიერებსა და ფაბრიკების შენობებს შორის ძველი, დაჟანგული საბაგირო გზები გადის. ,,ერთხელ ჩამოწყდა კიდეც, ვაგონი რო გადიოდა“ - იხსენებს ერთერთი მუშა.
ყველაზე სახიფათოდ მუშები მაინც გვირაბგამყვანების საქმიანობას ასახელებენ. ისინი კარიერებზე მუშაობენ და მანგანუმის შემცველი ქანების კლდის მონაკვეთებს აფეთქებენ, რის შემდეგაც ნამსხვრევები სხვა მუშებს მიაქვთ გადასამუშავებლად.
შუქურთის მაღაროს მტვირთავი, 57 წლის იურა “ლიბერალს” უყვება, რომ ახლა ფაბრიკის მფლობელები ერთხელ უკვე დამუშავებულ კარიერებს ხელმეორედ ამუშავებენ, რაც აფეთქების დროს კლდის ჩამოშლის რისკებს ზრდის: ,,ოღონდ მარგანეცი გამოვიდეს და ჩვენი სიცოცხლე ფეხებზე კიდია ყველას. მარგანეცი აინტერესებთ, მეტი არაფერი. თავად მილიარდელები არიან და ამ საწყალ მუშებს არაფერს არ აძლევენ,“- ამბობს იურა.
მუშების საშუალო ხელფასი მაღაროებში 300-350 ლარია, გვირაბგამყვანების კი - 600-700.
,,8 საათი რომ შეხვალ 10 კილომეტრის სიღრმეზე და დღის სინათლეს ვერ ხედავ, 300 ლარი რა არის? 8 საათი უნდა იყო უჰაერო სივრცეში... არაფერი პრივილეგია მუშას არა აქვს. ჯანმრთელობა არა, ნორმალური კვება - არა“- ამბობს იურა.
მუშებს დღიურად ურიგდებათ საკვები ულუფები, ეგრეთწოდებული პაიკები, რომლებიც ორი მოხარშული კვერცხის, მეოთხედი აგურის პურის და 200 გრამი მაწვნისგან შედგება. მათი მონათხრობით, დასარიგებლად ადმინისტრაცია მაღაზიისგან ჩამოწერილ, უვარგის პროდუქტებს იღებს. ,,ყარაულის ძაღლს მივეცით ეს ჩვენი პაიკა და ძაღლმაც კი არ შეჭამა, უარი გვითხრა“.
ერთი მტვირთავი ჟურნალისტებს საკუთარ ხელებს აჩვენებს ,,ა, ნახეთ, ნიჩაბზე ვმუშაობ, დასვრილი მაქვს ხელები... და ხელფასის მეორე დღეს უკვე ვალებს ვიღებ. რატომ არ უნდა მყოფნიდეს ხელფასი, ჩემ უკან ცოლი და შვილები დგას, ამ ხელფასით ვერ ვარჩენ, ვერ ვაჭმევ საჭმელს.“ ,,ზანგები რომ ჰყავდათ ამერიკელებს 200 წლის წინ, იგივე პირობებში გვამუშავებენ.“ - ამბობენ სხვები. ,,მოვიდენ, ნახონ რა დღეში ვართ, რა პირობებში ვმუშაობთ და როგორ ვკვდებით შიმშილით და ან მოიტანონ იარაღი და დაგვხოცონ ყველა, ტყვია-წამალი კი აქვთ საკმარისი“- აგრძელებს შუქურთის მაღაროს გვირაბგამყვანი.
მუშები საკუთარ უკმაყოფილებას ქარხნის მფლობელების გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ჭიათურის გამგეობისადმი მიმართავენ. კომპანია ,,ჯორჯიან მარგანეზის“ მფლობელ უკრაინელ ინვესტორს მანგანუმის ქარხანა 49 წლიანი ექსპლოატაციის უფლებით სწორედ ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში ყოფნის დროს, 2009 წელს გადაეცა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ თავჯდომარე, შოთა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების დადების პირობები გამოძიების საკითხია და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ, თუ რატომ და რა პირობებით დადო სახელმწიფომ ინვესტორთან მსგავსი ხელშეკრულება.
ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის 2008 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მანგანუმს სულ 26 ქვეყანა აწარმოებს. საქართველო წარმოების მოცულობით მე-11 ადგილზეა და წლიურად 300 ათას ტონაზე მეტ მანგანუმს აწარმოებს. ჭიათურაში მანგანუმის დამოუკიდებელი საბადოებია, სადაც ქანებში მანგანუმი 40%-ამდე კონცენტრაციითა.
მუშები მოითხოვენ მათი შრომა შეფასდეს დახარჯული ენერგიისა და ნაწარმოები პროდუქტის ღირებულების შესაბამისად. თუმცა ინვესტორი და ქარხნის ადმინისტრაცია მუშებისგან მანგანუმის გასაყიდ ფასებს მალავს. ,,ხელფასებს არ გვიზრდიან, არ შეგვიძლიაო. რა არ შეუძლიათ, თვითონ 40 ათასი ლარები აქვთ ხელფასი ჩვენს ხარჯზე. კაკო გურჯიძეს, ტრესტის დირექტორს 32 ათასი აქვს, ჩვენ 10 %-ით უნდა მარტო რომ გაგვიზარდოს 300 ლარი. სამასი ლარის 10% რა არის, მაგის ცოლს სალონში არ ეყოფა და ხალხი კიდე უწამლოდ კვდება“ - ამბობს მაღაროელი ქალი.
მუშები ნაციონალურ მოძრაობასა და ქარხნის ადმინისტრაციას ერთ ინტერესთა ჯგუფად თვლიან, რომლებიც ქარხანაში მაღალანაზღაურებად ადგილებზე საკუთარ ნათესავებს ნიშნავენ. ,, ჭიათურაში კლანური სისტემა მოქმედებს,“ - ჩივიან მუშები. ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებული, გაგულისებული მუშები დროდადრო შენობაში შეჭრას ცდილობენ. ყვებიან, რომ წლების განმავლობაში მუშებში პროტესტის ჩახშობას და დაშოშმინებას ადგილობრივი მმართველობა უზრუნველყოფდა, რის გამოც მუშების მძიმე სამუშაო პირობები და ანაზღაურება უცვლელი რჩებოდა. საპარლამენტო არჩევნებში ახალი ძალის გამარჯვებამ კი მუშებს ცვლილებების იმედი გაუჩინა და ფიქრობენ, რომ მათ პროტესტს აზრი მიეცა.
მაღაროელები გაერთიანებული არიან პროფკავშირშიც, თუმცა ამბობენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლები არაფერში ეხმარებიან და პროფკავშირის რესურსებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. თვითორგანიზებისა და ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესშიც, მუშები პროფკავშირის წარმომადგენლებს არ ენდობიან.
,,პროფკავშირები ხელფასს გვიქვითავენ, ეგ არის, მეტი არაფერი. ხელფასის 1% მაგათ მიაქვთ. იქით ტაძრის მშენებლობაზე გვიქვითავდნენ 5 ლარს ყველას. დახმარებით მარტო ჩვენ თუ ვეხმარებით ერთმანეთს ამხანაგურად“, - ამბობს მტვირთავი იურა და მუშების დაზიანების და დაღუპვის შემთხვევებს იხსენებს.
,,ცოტა ხნის წინ ორი კაცი აფეთქდა დეტონატორზე და ქარხანამ მათი ოჯახებისთვის მუდმივი ხელფასის დანიშვნის მაგივრად ორივე ოჯახს ერთად 14 ათასი ლარი მისცა კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯებზე ეყოთ ეგ ფული, ეგ არი“- ყვება ითხვისელი მაღაროს მუშა როლანდ აბდუშელიძე.
,,რატომ არ უნდა გვქონდეს იმნაირი ხელფასი, რომ ოჯახი ვარჩინოთ. მაღაროში რომ ჩავდივარ, დღეს თუ ხვალ, შეიძლება, ვერ გამოვიდე ცოცხალი იქიდან და რატომ, რის გამო?“- ამბობს 24 წლის გიორგი.
მუშებს ხელფასების გარდა, პრემიაც ეძლევათ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გეგმას გადაჭარბებით შეასრულებენ. თუმცა, მათი თქმით, კომპანიის ადმინისტრაცია სამუშაო გეგმის მოცულობას ეტაპობრივად ზრდის, რაც მუშების შრომის ინტენსივობასაც ზრდის და პრემიის გამომუშავების შესაძლებლობასაც ამცირებს.
,,პოლიტიკა აქვთ, რომ მუშის ხელფასი თვეში პრემიიანად 420 ლარს არ უნდა აშორდეს. ხან რა მიზეზს ნახულობენ, პრემია რომ არ მოგცენ, ხან რას. ერთმა მაღარომაც რომ ჩააგდოს გეგმა, პრემიას დანარჩენებსაც აღარ აძლევენ,“- ყვებიან მუშები და ამიტომ, უარს ამბობენ პრემიებზე და ხელფასის გაორმაგებას ითხოვენ.
ქარხნის ადმინისტრაცია მუშებს ხელფასის 10%-ით გაზრდას და ერთჯერად 10%-იან საპრემიო დანამატს დაჰპირდა. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის უკრაინელ ინვესტორთან შეხვედრის შემდეგ კი ხელფასის 25%-იან ზრდას დათანხმდნენ, თუმცა საპრემიო დანამატების გაუქმების ფასად. მუშებს 25 %-იანი ზრდა არ აკმაყოფილებთ და საკუთარი მოთხოვნების გადახედვასა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვას მოთხოვნების სრულად შესრულებამდე არ შეწყვეტენ და გაფიცვა საქალაქთაშორისო მასშტაბს მიიღებს.