Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვნები საქართველოს პენიტენციურ სისტემაში

29 ოქტომბერი 2012

გლდანის მე-8 საპყრობილეში მომხდარი წამების ფაქტების გავრცელების შემდეგ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამაც, აღიარა „სისტემური კრახი“. როგორი იყო ამ სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვანთა მდგომარეობა? ირღვეოდა, თუ არა მათი უფლებები? „ლიბერალი“ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა.

2012 წლის რვა აგვისტოს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში ბუნტი მოხდა. ინციდენტში დაწესებულების 122 მსჯავრდებულიდან უმრავლესობა მონაწილეობდა. ბუნტის ორგანიზატორი თორმეტი არასრულწლოვანი რუსთავის მე-17 საპყრობილეში გადაიყვნეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოს “ბუნტის” საქმის გამოძიება გრძელდება.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნტის მიზეზი მოზარდებს შორის დაპირისპირება გახდა. იურიდიული დახმარების, სსჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ბუნტის მიზეზი  ოფიციალურად ასე განმარტა: “8 აგვისტოს ზოგიერთი არასრუწლოვანი მსჯავრდებულების მიერ ინსპირირირებული იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება გამოიწვია.”

სახალხო დამცველმა კოლონია 2012 წლის 9 აგვისტოს მოინახულა, რის შემდეგაც გაავრცელა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის საპირისპირო განცხადება. განცხადებაში აღნიშნული იყო,  რომ მსჯავრდებული ბავშვების პროტესტი დაწესებულებაში ამოქმედებულ შეზღუდვებს, არასათანადრო მოპყრობის შემთხვევებსა და ახალ სარეჟიმო მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

ავჭალის დაწესებულებაში ფსიქო სარეაბილიტაციო პროგრამების განმახორციელებლი ორგანიზაციების თანაშრომელთა თქმით, დაწესებულებაში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტების შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო, თუმცა ზოგიერთი ბავშვის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მიანიშნებდა, რომ კოლონიაში ბავშვთა უფლებები დაცვის ხარიხსი არცთუ სახარბიელო უნდა ყოფილიყო.

ხათუნა ჯაპავა კოლონიის ყოფილი დირექტორია. ის კოლონიაში 2004-2007 წლებში მუშაობდა და ამ პოსტზე ყოფილი იუსტიციის მინისტრის, გიორგი პაპაუშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „წამებისა და მსხვერპლთა დაცვის ცენტრის“ (GCRT) ფსიქოლოგის მაია ცირამუას თქმით, ხათუნა ჯაპავას დირექტორობის პერიოდს  ბავშვები ყველაზე დადებითად ახასიათებენ. თუმცა, მაია ცირამუასთვის უცნობია, რატომ გაანთავისუფლა დაკავებული პოზიციიდან წარმატებული დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ბაჩო ახლაიამ.

თავად ხათუნა ჯაპავას თქმით, წასვლაზე პატაკის დაწერა პირადად დეპარტამენტის უფროსმა სთხოვა. “ახლაიამ მითხრა - ჩვენ სხვა მეთოდით უნდა ვიმუშავოთ, “ ახალი სისხლი” უნდა შევუშვათო”, - იხსენებს “ლიბერალთან” ხათუნა ჯაპავა. 

ჯაპავას შემდეგ ავჭალის კოლონიაში დირექტორის პოზიცია მე-7 საპყრობილის დირექტორმა რამაზ კაკოშვილმა დაიკავა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, კაკოშვილი პავლე კუბლაშვილის მამიდაშვილია და  ის სისტემაში კოტე კუბლაშვილმა იუსტიცის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ კოტე კუბლაშვილს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია 2000-2003 წლებში ეჭირა. 2012 წლის აგვისტოს ბუნტი კაკოშიძის დირექტორობის პერიოდში მოხდა, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს.

ხდებოდა თუ არა კაკოშიძის დირექტორობის დროს ავჭალის ბავშვთა კოლონიაში წამების, ცემის და არასათანადრო მოპყრობის ფაქტები? ამ კითხვაზე არასრულწლოვანთა კოლონიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მართალია, პირდაპირი სამხილები არა აქვთ, თუმცა, ფიქრობენ, რომ ამგვარ მოპყრობას მაინც ჰქონდა ადგილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას” არასრულწლოვანთა კოლონიაში 2010 წლამდე კრიზისული ოთახი ჰქონდა გახსილი. ორგანიზაციის დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი რამაზ კაკოშიძეს მკაცრ მმართველად ახასიათებს და ამბობს, რომ ის კოლონიაში ყველაფერს აკონტროლებდა.

“არასრულწლოვნები ჰყვებიან, რომ კოლონიაში არაჰუმანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. საპყრობილეში იყო აუზი, სადაც აიძულებდნენ, რომ ჩაცმულებს ებანავათ. შორტებით სიარულს უკრძალავდნენ. ჰყვებიან, რომ სცემდნენ”, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა „ლიბერალთან“ საუბრისას.

მაია ცირამუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების რეფორმა უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლობით ხორციელდებოდა, სულ მალე გაჩნდა პირველი ნიშნები და ცხადი იყო, რომ რეფორმას ებრძოდნენ.

“ბავშვებით მანუპულირებდნენ და ცდილობდნენ, რომ ბავშვები სოციალურ მუშაკებთან დაეპირისპირებინათ. იყო ეჭვი, რომ ისმინებოდა მათი, ანუ მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და ფსიქოლოგის სრულიად კონფიდენციალური საუბრები. ბავშვების სიმპტომებითა და მდგომარეობით ვხვდებოდით, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. როცა ცნება „შიშზე“ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირველი ასოციაცია არის „ბადრაგი“, ყველაფერი ისედაც ცხადია. თუმცა, ჩვენთთან ურთიერთობაში მსჯავრდებულებს არ დაუფიქსირებიათ, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი ”, - ამბობს მაია ცირამუა. 

ცემისა და არასათანადო მოპყრობაზე თავად არასრულწლოვნები საუბრობენ. არასრულწლოვანთა აღიარებები ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოგვაწოდა.

“ზონაში ბავშვებს ამცირებდნენ, რაციის ტარს ურტყამდნენ გარეთ… დიტო ხარაბაძემ და დიტო კერესელიძემ ცემეს.” 

“ბავშვებს ცემდნენ დიტო ხარაბაძე, ხუხია, დიტო კერესელიძე, რამაზ კაკუშაძე (დირექტორი) თამაზ ჯაჭვაძე.”

“ბუნტზე დაკითხვაზე გამომძიებელმა არ ჩაწერა ცემაზე, ეგ არაფერ შუაშიაო.” 

“ავჭალაში კატასტროფა იყო, კაკუშაძემ ვენტილატორი გადამარტყა თავზე, საღამოს გგვცემდნენ ხოლმე ბავშვებს თამაზ ჭაჯვაძე, დითო ხარაბაძე და დიტო კერესელიძე.”

არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ფსიქოსოციალური პროგრამები 2006 წლიდან ხორციელდება. შეთანხმების თანახმად 2010 წლამდე კოლონიაში კვირაში ორჯერ, ორი-ორი საათით შედიოდნენ „წამებისა და მსხვერპლთა დაცვის ცენტრის“ ფსიქოლოგები.

2010 წლიდან იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით, გადამზადნენ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, რომლებიც ხუთი სამუშაო დღე დილის 9 საათიდან 6-მდე დაწესებულებაში ბავშვთა ფსიქოსარეაბილიტაციაზე მუშაობენ. ამჟამად, ეს პროცესი დროებით შეჩერებულია, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არასრლწლოვანები სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

რეფორმის მთავარი მიზანი თითოეული არასრულწლოვნის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის დანერგვა იყო. არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნდა ჰქონოდა ინდივიდუალური სამუშაო გეგმა. შეიქმნა ე.წ. მულტიდისციპლინური გუნდი - ექიმის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მონაწილეობით. ინდივიდუალური სამოქმედო გემგის შედგენამდე ხდებოდა ბავშვის ბიოფსიქოსოციალური პორტერტის შესწავლა, მისი საჭიროებების მოკვლევა და საჭირობებზე დაყრდნობით მულტიდისციპლინალური ჯგუფი გეგმავდა კონკრეტულ გეგმას.

რეფორმას, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით დაიწყო და რომელშიც სამი არამსათავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი ანტონ ქელბაქიანი ხელმძღვანელობდა.

ანტონ ქელბაქიანი 2005-2006 წლებში სახალხო დამცველის მართლმსაჯულების სამმართველოს სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2006-2009 წლბში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამსახურის უფროსი იყო. 2009 წლიდან კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის თანაშემწეა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ორგანიზაცია “ემპათიას”ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სიტუაცია 2009 წელს შეიცვალა, როცა 2009 მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ცეტნრ “ემპათიას” ციხეებში სარეაბილიტაციო საქმიანობის განხორციელების უფლება მოკლევადიანი ხელშეკრულების პირობით მისცა. ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ კი “ემპათია” ბავშვთა კოლონიაში აღარ შეუშვა, მოტივი ის იყო, რომ კოლონიაში შედიოდნენ სხვა სარეაბილიტაციო პროგრამის ფსიქოლოგები. 

სახალხო დამცველის ანგარიშებში  არასრულწლოვანთა დაწესებულებაში არასათაანდო მოპყრობის მცირე რაოდენობის ფაქტები აისახა. 2010 წლის ანგარიშში წერია, რომ “ზოგადად არასრულწოვანთა მიმართა დამოკიდებულება და მოპყრობა საქართველოს პენიტენციულ სისტემაში დამაკმაყოფილებელია”

სახალხო დამცველის 2008 წლის მეორე ნახევრისა და 2009 წლის საპარლამენტო მოხსენებებში მოხვდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნები ციხის თანამშრომელთა, ან პოლიციის მხრიდან  არასათანადო მოპყრობის მსხვერპლინი გახდნენ.

არასრულწლოვათა უფლებრივი მდგომარეობა არამსათავრობო ორგანიზაციების თქმით, ძირითადად წინასწარი დაკავების ადგილებში ირღვევეოდა.

არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები დაფიქსირდა გლდანის მერვე საპყრობილეში, სადაც არასრულწლოვანთა კონტიგენტი ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 დაწესებულებიდან 2010 წლის შემოდგომაზე გადაიყვანეს. 19 სექტემებრს ნაჩვენები  არასრულწლოვანთა წამების ამსახველი ვიდეო-კადრები გლდანის მერვე საპყრობილეშია გადაღებული.

სახალხო დამცველის ანგარშში აღნიშნული შემთხვევა უარყოფითად არის შეფასებული.

“მიუხედავად იმისა, რომ აქ არასრულწლოვნები იზოლირებულად არიან, აღნიშნული ქმედება დაუშვებელია და არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს. მოზრდილთა საპატიმრო დაწესებულებაში, მათი (არასრულწლოვნების) ჯანმრთელობის საჭიროებათა მონიტორინგი და გადაწყვეტა შეუძლებელია განხორციელდეს იმავე სტანდარტებითა და ხარისხით, როგროც წარსულში მათთვის შესაბამის ინსტიტუციაში ხდებოდა”, - წერია 2010 წლის სპეციალურ ანგარშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^