ქალაქში მოხეტიალე კაცის ჩანაწერები
რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩხუბს შევესწარი, მეოთხედ თუ მეხუთედ ამ ერთი თვის განმავლობაში. ორი საშუალო ხნის მამაკაცი, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ერთმანეთს მშობლების სულებს უტრიალებდნენ. მეზობლები მათ გაშველებას ცდილობდნენ, თუმცა -უშედეგოდ. შემთხვევით შევეხირე იმ ქუჩაზე. ჩემ გზაზე მივდიოდი, მოჩხუბრებთან, რა თქმა უნდა, არაფერი მესაქმებოდა, მაგრამ რომ ჩავიარე, მივხვდი, რომ აგრესიული მუხტი შლეიფივით გამყვა თან. ასე ხშირად ხდება ხოლმე, ასეთია აგრესიის ბუნება, მაგრამ იმ დღეს, როგორც კი ამ მუხტისგან განთავისუფლებას შევეცადე, სრულიად მოულოდნელად ტანგოს გადავაწყდი. მოკლედ, ეს ტექსტი ლანძღვა-გინების, ტანგოს და ქალაქში ხეტიალისას აკიდებული აგრესიული მუხტის შედეგია.
პირველი, რაც იმ ქუჩიდან მოცილების შემდეგ შემომივარდა თავში, ქართული სამოქალაქო საზოგადოება და მის ყოფნა-არყოფნის შედეგად ატეხილი ხმაურის ექო იყო. აგრესიული აქტის შემდეგ ასეთი ასოციაციური ჯაჭვის გაჩენაც ბუნებრივია. იმ დღეს მოჩხუბრებმა რატომღაც სწორედ ამ მიმართულებით მომისროლეს და სულ რამოდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ჩაიელვეს თვალწინ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ კამათის უსაფუძვლობაში. ქართული სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და ის ისეთია, როგორიც არის, მორჩა და გათავდა. რა მოხდება მერე, ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ საზოგადოების წევრებს ერთმანეთი არ უყვართ. ან, თუ გნებავთ, უყვართ-არ-უყვართ, თქვენზეა დამოკიდებული - ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი (თუმცა საკმარისია ტელევიზორი ჩართოთ ან “ფეისბუქში” შეიჭვრიტოთ ყველაფერი რომ ნათელი გახდეს). ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან პირადად ჩემი მიმართება “უსიყვარულო მდგომარეობის” აღიარებაა. ნუ შემეკამათები, თუ შეიძლება, მე ამ საზოგადოების წევრი ვარ! სწორედ ასეთ რამეებზე ფიქრისას შევეჯახე ტანგოს, უფრო სწორედ, ტანგო შემეჯახა მე.
ტანგო კრიზისის ცეკვაა, შესაბამისად კრიზისის პროდუქტიცაა. ის ძალიან ინტროვერტული, ემოციურად პირქუში ცეკვაა, რომლის სული და გულიც წარსულის წარუმატებლობები, აწმყოს გაურკვევლობა და არცთუ ნათელი მომავალია. საიდანაც არ უნდა მიუდგე ამ ცეკვას, იქნება ეს ქალის და კაცის ურთიერთობა, პირადი ცხოვრება თუ ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, ტანგო ყველა შემთხვევაში “ავარიის” შედეგად გაჩენილი ფენომენია.
როგორც არგენტინელი პოეტი დისეპოლო ამბობს, ის ცეკვადქცეული სევდიანი ფიქრია. ეს ასეც უნდა იყოს. ტანგო მეცხრამეტე საუკუნეში, რიო დე ლა პლატას შესართავში, ურუგვაის და არგენტინის საზღვარზე გაჩენილი ცეკვაა და სულ თავიდან მას უქალო კაცები, ძირითადად მეზღვაურები ცეკვავდნენ. ვიღაც-ვიღაცებს კაციც კი ყავდათ მოკლული. აქედან, ტანგოს ბრუტალური და ოფლიანი მდგომარეობაც. სპეციალურად ტანგოსთვის დაწერილ სიმღერებში (ასეთი დაახლოებით 4 000 ცნობილ,, არსადაა ნახსენები სიტყვა “მამა,” სამაგიეროდ ძალიან ბევრშია სიტყვა “დედა”). რა თქმა უნდა, დროის განმავლობაში ტანგო იცვლებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა. მილონგა, ასე უწოდებენ იმ ადგილს, სადაც ტანგოს ცეკვავენ, როგორც წესი პოლარულად დაპირისპირებული ადამიანების მდგომარეობა, მათ შორის გაჩენილი ბრძოლის ველია და არა შეყვარებულების სარეცელი. ამ ყველაფერთან ერთად, ტანგო დინამიკური ინტიმურობის ძიებაში დახარჯული დროცაა. ის დუნების და უარყოფის ველში ვითარდება. ის “სიყვარულია, რომლელიც როგორც აღმოჩნდა, არაფერი ყოფილა.”
აი, ასე მივედი იმ აზრამდე, რომ ტანგო აბსოლუტურად ქართული ცეკვაა, უფრო სწორედ, ქართული მდგომარეობა, დაწყებული სუფრით და დასრულებული პარლამენტით. ის ასეთი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩა დღესაც, ოღონდ ისე, რომ ამის შესახებ თვითონაც არაფერი მოეხსენება. დღეს მთელი თბილისი, სრულიად საქართველო, ტანგოს ცეკვაში ითვისებს აწმყოს, მისტირის წარსულს და შიშით ელოდება მომავალს, ყველა, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობა და უმცირესობა, “მიშისტები” და “ბიძინარები,” თქვენ და ისინი, მე და თქვენ, მე და შენ... არ სჯობდა სხვა ქუჩაზე ჩამევლო?
ისე კი, ყველა ჩემიანს უკვირს რომ ვეუბნები, ტანგოს ცეკვა უნდა ვისწავლო მეთქი...