Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი მთავრობის ახალი ტარიფები

02 ნოემბერი 2012

საქართველოს ხელისუფლებაში მოსულიქართული ოცნების“, ახლა კი უკვე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდში აცხადებენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ზუსტი გაანგარიშება  უკვე არსებობს. მთავრობის დამტკიცების შემდეგ, ამ საკითხის განხილვა ერთ-ერთი პირველი იქნება და, შესაძლოა, ზამთარს  ქვეყანა ელექტროენერგიის 10 თეთრიანი და გაზის 25 თეთრიანი ახლი ტარიფებით შეხვდეს

“უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას, ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით” , ეს დაპირება კოალიცია „ქართული ოცნების“  ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაიწერა. 

1 ოქტომრბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის წევრების, თუ  მინისტრობის კანდიდატების მხრიდან ტარიფების შემცირებაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. თუმცა კონკრეტულ ციფრებსა და ვადებზე არავინ საუბრობდა. 

“რეზერვი არსებობს იმისთვის, რომ ტარიფებმა სწრაფად დაიკლოს. ამისთვის მართვის ოპტიმიზაცია და ეკონომიკური რეფორმები მოხდება. უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყანაში ელექტროენერგია უფრო იაფი იყოს”, - განაცხადა 24 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიაც გამოეხმაურა. 

კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დღეისათვის მოქმედი ტარიფები კანონმდებლობის შესაბამისადაა დადგენილი და მისი გადახედვა შესაძლებელია, თუკი შესაბამისი კანონმდებლობით გათვალსიწინებული საფუძვლები იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები, კომისია მზად არის ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალურად განიხილოს და ისმჯელოს როგორც არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიაზე, ასევე, ზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე. 

როგორ ითვლება ელექტროენერგიის ტარიფ? 

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის ექსპერტის შოთა მურღულიას თქმით, ტარიფებს რამდენიმე კომპონენტისგან ადგენენ. მაგალითად, ელექტროენერგიის შეთხვევაში ესაა გენერაცია, ანუ წარმოება, გადაცემა და განაწილება. თითოეულ ამ კომპონენტს თავისი ფასი აქვს განსაზღვრული, რომლის  შეკრების შედეგად ვიღებთ იმ ტარიფს, რასაც მომხმარებელი  ელექტროენერგიაზე იხდის. 

მურღულია აღნიშნავს, რომ ამ კომპონენტების დაშლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც დადგინდება  სად რა თანხები მიდის, შესაძლებელია აღმოჩნდეს რომ სხვაობა გასაყიდ და რეალურ ფასს შორის დიდია. თუ ასე მოხდა, შესაძლებელია, რომ ტარიფმა დაიწიოს.

 

“ზუსტი დაანგარიშების შემდეგ, დიდი შანსია, ვნახოთ, რომ თითოეულ ამ კომპონენტზე თანხა ხელოვნურად არის წამატებული, რამაც ტარიფის გაზრდა გამოიწვია”, ამბობს მურღულია.

დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი საფეხურებადაა დაყოფილი. ის აბონენტი რომელიც თვეში 100კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1კვტ/სთ-ში 13,5 თეთრს იხდის. თუ აბონენტი თვეში 101-დან 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს, მაშინ 16 თეთრის გადახდა უწევს, ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტს, რომელიც თვეში 301 კვტ/სთ-ზე მეტს ხარჯავს, 1კვტ ელექტროენერგია 17,7 თეთრი უჯდება.

როგორც მურღულია ამბობს, არსებულ ტარიფში  ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 0.5თეთრია, დისპეჩერიზაცია,ანუ აღრიცხვა -0,019 თეთრი, ხოლო განაწილებაზე - 8.08 თეთრი მოდის. ამ კომპონენტების შეკრების შედეგად ვღებულობთ ციფრს13,41. აქედანაც  ყველაზე მეტი განაწილებაზე იხარჯება. მისივე თქმით, შეიძლება მოხდეს სწორედ ამ კომპონენტების რევიზირება, ანუ გადაიხედოს, თუ რამდენად სამართლიანად არის გამანაწილებელი კომპანიების მომსახურებაზე ფასები გაწერილი.

“ქართული ოცნების” ეკონომიკურ გუნდში დარწმუნებულები არიან,  რომ ხარჯების რაციონალიზაციის, მეთოდიკის გადახედვის და ყველა არსებული დოკუმენტაციის ხელახალი განხილვის შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფის განაწილების არსებული სისტემა  შეიცვლება, ანუ  მომხმარებლებისთვის  საერთო ტარიფი  დადგინდება. ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადი მოიხსნება. ელექტროენერგიის ფასი კი, 10 თეთრამდე დაიკლებს.

ფასების „გონივრული“ განაწილება, რის შესახებაც მურღულია საუბრობდა  მარეგულირებელმა კომისიამ უნდა  უზრუნველყოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფებზე ფასებს  კანონმდებლობით და კომპანიების მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე ადგენს. სემეკი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების ორგანოა, რომელიც სახელმწიფო ორგანობისგან დამოუკიდებელია. კომისია 5 წევრისგან შედგება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ერთ-ერთ წევრს კი, პრეზიდენტი კომისიის თავჯდომარედ 6 წლის ვადით ამტკიცებს. 

სემეკის დაფინანსების ძირითად წყაროს ლიცენზიების მქონე კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური წარმოადგენს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის  დაფინანსება იმ კომპანიებისგან, რომლის ზედამხედველობასაც იგი ახორციელებს, არც ისე მისაღები პრაქტიკაა. 

2012 წლის 5 აპრილის მონაცემებით ლიცენზიის მქონე კომპანიები, რომლებიც  ელექტროენერგიის განაწილებას უზრუნველყოფენ, არიან  სს “თელასი”-1998 წლიდან, სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია”-2003 წლიდან და სს “ენერგო პრო-ჯორჯია”-2007 წლიდან. 

მურღულია აღნიშნავს, რომ  დაფინანსების  90% სწორედ ისეთ მსხვილ  კომპანიებზე მოდის, როგორიცა, მაგალითად, „თელასია“. 

“მარეგულირებელის მთავარი დამფინანსებელი მსხვილი კომპანიებია, ამიტომ დიდი შანსია, რომ კომისია მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტური იყოს. ვფიქრობ, რომ ინსტიტუციურად გადალაგება დასჭირდება მარეგულირებელს. ვერ ვხედავ არსებით განსხვავებას, თუ ამ ორგანოს სახელმწიფოზე დამოკიდებულებაა ცუდი, ბიზნესზე დამოკიდებულება რატომ შეიძლება იყოს კარგი.” 

გაორმაგებული ტარიფი ბუნებრივი აირზე

ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი განისაზღვრება  მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მიერ მოხმარებული გაზის ღირებულებით, ანუ ის შეიცავს მიწოდების, განაწილების და ტრანსპორტირების ტარიფებს ჯამურად. ბუნებრივი გაზის შესასყიდ ღირებულებას საქართველოს საზღვარზე სწორედ ეს ფასები  ემატება.

ამ ეტაპისთვის საქართველოს 1კბ/მ ბუნებრივი აირი 50,6 თეთრად მიეწოდება. 2006 წლამდე 1კბ/მ  აირი - 26,55 თეთრი იყო, 2007 წელს კი, ის თითქმის გაორმაგდა. ექსპერტების თქმით, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ ბუნებრივ აირზე ფასის გაძვირება გახდა. თუმცა ერთ წელში, ხელისუფლების განცხადებით, გაზს უკვე რუსეთიდან აღარ ვყიდულობდით, საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მოწოდებას მთლიანად აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფდა. ამის მიუხედავად, გაზზე ტარიფი იგივე დარჩა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10% ქვეყანას ეკუთვნის, რადგან ეს აირი საქართველოს ტერიტორიას გადის. 

ბაქო-თბილისი-ერზერუმის - თურქეთში  (სამხრეთ-კავკასიი მილსადენი) განხორციელებული ტრანზიტის 5% -ს კი,   საქართველო შეღავათიან ფასში  ანუ 55 დოლარად ყიდულობს. კოალიციის ანალიზით, 2010, 2011 და 2012 წლებში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ქვეყნისთვის საჭირო გაზის ბალანსში არ ჩანს სამხრეთ-კავკასიური მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობიდან, საქართველოსთვის კუთვნილი გაზის მოცულობა. მათი თქმით, ამ 5%-იანი აირის მოხმარების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობს. უცნობია, სად და როგორ იყენებდა ქვეყანა  კუთვნილ უფასო და შეღავათიან გაზს, მაშინ როდესაც 2007 წლიდან ბუნებრივ აირზე გაორმაგებული ტარიფი დღესაც მოქმედებს.

კოალიცია “ქართული ოცნების” ეკონომიკურ გუნდში ტარიფების გაანგარიშებაზე ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. როგორც  ამ პროექტის ავტორი პროფესორი თენგიზ ჯავახიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის  გონივრულ საზღვრებში მოქცევა. მისი თქმით, აირზე არსებული ტარიფები არასწორად, გადიდებული ოდენობითაა დამტკიცებული. კერძოდ, გაზის გამანაწილებელი კომპანიების სახელფასო ფონდები  მთლიან საექსპლუატაციო ხარჯებში 44%-ია, არადა იგი  არ უნდა აღემატებოდეს საყოველთაოდ მიღებულ 20-25%-ს. ახალ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ ფონდის  პრაქტიკაში მიღებული ზღვრამდე შემცირება, ასევე სხვა ხარჯების კორექტირება და გაზის დანაკარგის 5%-ამდე დაყვანა, გაზის ტარიფს სხვა გაანგარიშების გარეშე  43 თეთრამდე შეამცირებს. გარდა ამისა, ჯავახიშვილის თქმით, ტარიფის გაანგარიშებისას სხვა დამატებითი ფაქტორებიც არსებობს.

“ტარიფის გაანგარიშების სქემაში რიგი ეკონომიკური პარამეტრების კორექტირებების გათვალისწინებით, მოსახლეობისათვის მოხმარების ტარიფს ვღებულობთ 25.8 თეთრს 1კბ/მ-ზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მომხმარებელს ყოველი მოხმარებული 1კბ/მ გაზზე გადასახდელი თანხა 51%-ით დაეზოგება.”

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^