მიღებული ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო მცირდება სკოლის ეფექტურობა და როლი არსებული რეალობიდან გამომდინარე. სკოლა არავითარ როლს არ თამაშობს მოსწავლის უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის პროცესში. არც სასკოლო პროცესი, არც საატესტატო გამოცდები არანაირ როლს არ თამაშობენ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. შესაბამისად, სკოლის როლი და პრესტიჟი მინიმიზებულია და ამ ფონზე კვლავ მთავარი როლი ჩრდილოვანი განათლების კომპონენტს დაეთმობა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოს განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამასთანავე, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომლის ეფექტურობაზეც ყველა თანხმდება, რადგან იმ დროს დასახული მიზანი აღნიშნული რეფორმის შედეგად ბოლომდე იქნა მიღწეული.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირების კუთხით მუშაობა მუდმივად ხორციელდებოდა. 2011 წელს პირველად ჩატარდა საატესტატო გამოცდებიც, ხოლო 2012 წელს გამოცხადდა, რომ 2013 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტთა ჩარიცხვისთვის შემოვიდოდა საატესტატო გამოცდების და უნარ-ჩვევების გამოცდის რეფორმა (ე.წ. 8+1 მოდელი). საატესტატო და მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა გამძაფრდა ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, საატესტატო და მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული გაუგებრობისა და არაინფორმირებულობის გამო. საბოლოოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში დატოვოს როგორც საატესტატო, აგრეთვე მისაღები გამოცდები, თუმცა საატესტატო გამოცდები ორ ეტაპად _ მე-11 და მე-12 კლასებში გადაანაწილა.
აღნიშნული სტატიის მიზანია, მოკლედ გაანალიზოს ამ გადაწყვეტილების დადებითი და შესაძლო უარყოფითი მხარეები და დაინტერესებულ მხარეებს გადაჭრის შესაძლო გზებიც შესთავაზოს. ასევე, სტატიის მიზანია, მიმოიხილოს უმაღლეს სასწავლებელში მიღების პოლიტიკის კონცეპტუალური საკითხები, გააანალიზოს პრობლემები, რომლებიც თან ახლავს არსებულ სისტემას სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, მოსწავლეებსა და სტუდენტებში სოციალური და აკადემიური უნარების განვითარების თვალსაზრისით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს სტატია ეფუძნება 2008 წელს დაწერილ სტატიას, რომელიც აანალიზებდა მისაღები გამოცდების რეფორმირების შესაძლებლობას იმ დროს არსებული კონტექსტის შესაბამისად.
საატესტატო და მისაღები გამოცდები:/ახალი სისტემა
2012 წლის 29 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საატესტატო და მისაღები გამოცდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ძირითადად შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
(ა) სკოლის მოსწავლეები საგნების ნაწილს ჩააბარებენ მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ანუ როცა სკოლებში მთავრდება ამ საგნების შესწავლა (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია);
(ბ) მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ საატესტატო გამოცდებს შემდეგ საგნებში: (1) ქართული ენა და ლიტერატურა; (2) უცხოური ენა; (3) მათემატიკა; (4) ისტორია. ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს.
(გ) 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს, გამონაკლისის სახით, მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს ცენტრალიზებულად არ ჩააბარებენ. მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, ასევე გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად.
(დ) სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, 2014 წლიდან ყოველწლიურად გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს ცენტრალიზებულად.
(ე) უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ.
შემუშავებული მოდელის თეორიული ანალიზი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო და მისაღები გამოცდების შესახებ. შევეცდებით, თეორიულად გავაანალიზოთ ამ გადაწყვეტილების ეფექტურობისა და შესაძლო ხარვეზების საკითხები.
მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სისტემა არსებობს, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების, აგრეთვე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მიმართულებით. ცხადია, რომ რომელიმე სისტემის კოპირება ყოვლად შეუძლებელია, თუმცა სხვადასხვა გამოცდილების გაზიარება და კონკრეტულ კონტექსტთან და პრობლემატიკასთან ადაპტირება შესაძლებელია. შესაბამისად, ალბათ მნიშვნელოვანია ყველა ამ სისტემის შესწავლა, მისი პოზიტიური და ნეგატიური ეფექტებით და საქართველოს კონტექსტთან ადაპტირება ამ მიმართულებით პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების პოზიტიურ თუ ნეგატიურ პრაქტიკულ შედეგებს მისი იმპლემენტაციის პროცესი გამოაჩენს, თუმცა მანამდე ალბათ შესაძლებელია აღნიშნული ცვლილებების თეორიულად გაანალიზება, რაც ამ მიმართულებით დისკუსიის დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება მისაღებია და საატესტატო გამოცდების შესახებ ამ კონცეფციას გავაანალიზებთ განათლების პოლიტიკის მეცნიერებაში უკვე ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად, როგორებიცაა: (ა) სისტემის ეფექტურობა და ეფექტიანობა; (ბ) სოციალური სამართლიანობა; (გ) ინსენტივების შექმნა ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემებისთვის; ქვემოთ გთავაზობთ შემუშავებული მოდელის მოკლე ანალიზს კრიტერიუმებთან მიმართებით.
სისტემის ეფექტურობა და ეფექტიანობა გულისხმობს, თუ რამდენად ეფექტურია გადაწყვეტილება მისი ადმინისტრირების ხარჯებთან და შედეგებთან მიმართებით. 12 ცენტრალიზებული გამოცდის ადმინისტრირების ხარჯები საკმაოდ მაღალია. აღნიშნული გამოცდების ორგანიზებისთვის თანხების გამოყოფა რამდენად ეფექტურია, ცალსახად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საატესტატო გამოცდების შედეგები არ გამოიყენება რეალურ ცხოვრებაში არც მოსწავლეების უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის, არც დასაქმების პერსპექტივის თვალსაზრისით. საქართველოს კონტექსტში საატესტატო გამოცდებს ერთადერთი მიზანი აქვს. აიძულოს მოსწავლეები, ისწავლონ გამოცდისთვის და მოსწავლე დააბრუნოს სკოლაში. შემოთავაზებული სისტემა კი ამ მიზნის მიღწევასაც ვერ შეძლებს, რადგან საატესტატო გამოცდების სისტემა ორ ეტაპადაა დაყოფილი და მოსწავლეები წელიწადში 4 გამოცდას აბარებენ. ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ სკოლის ნაცვლად განათლების მიღების შესაძლებლობა ისევ რეპეტიტორებთან ეძებონ. ამასთანავე, ცალსახად ჩნდება კითხვა: რა უმჯობესია _ სახელმწიფომ ეს თანხა დახარჯოს საატესტატო გამოცდებში, რომლის მიზანიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, თუ, მაგალითად, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებაში, სკოლებში ხარისხის მართვის მექანიზმების ამუშავებაში, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ხელშეწყობასა და წახალისებაში, მასწავლებლის პროფესიაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის პოლიტიკაში... ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, მიღებული გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს და სკოლებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად საატესტატო გამოცდების შემოღება ნამდვილად ვერ იქნება ეფექტური მექანიზმი მითუმეტეს წარმოდგენილი ფორმატით.
სოციალური სამართლიანობა არის უმაღლესი განათლების მისაღები სისტემის შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ერთიანი ეროვნული გამოცდები. მიუხედავად წარმატებული რეფორმისა (ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა აღმოფხვრა კორუფცია უმაღლეს სასწავლებელში და გამოცდების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა), იგი მაინც ვერ აღმოჩნდა ეფექტური გზა სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით. ამ პროცესს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: (ა) სკოლაში სწავლების დაბალი ხარისხი; (ბ) დისბალანსი სასწავლო გეგმასა და ეროვნულ გამოცდებს შორის; (გ) რეპეტიტორობის და ჩრდილოვანი განათლების მაღალი წილი; (დ) მერიტოკრატიის გააზრება სოციალური სამართლიანობის კომპონენტის გარეშე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პოლიტიკის დამგეგმავნი სამართლიანობად აღიქვამენ იმ ფაქტს, რომ ყველა თანაბარ პირობებში იქნება და გამოცდების შედეგების შეფასება გარანტირებულად იქნება ობიექტური, ანუ ყველა ოთხ გამოცდას ჩააბარებს და მათი შეფასება მოხდება სამართლიანად და ობიექტურად. სოციალური სამართლიანობის მიმდევრები საუბრობენ წარსულ უსამართლობებზე და თანაბარი განათლების მიღების შესაძლებლობის არქონაზე და ფიქრობენ, რომ მისაღები გამოცდების სისტემა არ უნდა იყოს შემაფერხებელი ფაქტორი ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომელთაც სახელმწიფომ თავის დროზე ვერ მისცა ზოგადი განათლების თანაბარი შესაძლებლობები. ანუ, ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა იყოს ვინმესთვის „ჭიშკრის დამკეტი“, არამედ პირიქით, ყველა მაღალი უნარების მქონე ადამიანებისთვის „ჭიშკრის გამხსნელი“. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, იმ პირობებში, როცა სკოლაში განათლების ხარისხი დაბალია, იმ პირობებში, როცა სკოლების მიერ გამოცდების ჩატარებისა თუ მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლებლად მიგვაჩნია, ეს სისტემა უსამართლო იქნება სოციალურად დაუცველი ფენებისთვის
ინსენტივების სისტემის შექმნა გახლავთ სწორედ ის კრიტერიუმი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ გაანალიზებას საჭიროებს. ინსენტივების შექმნა გულისხმობს მისაღები გამოცდების ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ზოგადი განათლების, აგრეთვე უმაღლესი განათლების დაწესებულებების სტიმულირებას განათლების ხარისხის გაზრდასთან მიმართებაში და მათი როლის ზრდას უმაღლეს სასწავლებლებში მიღების პროცესში. ახალი გადაწყვეტილება რომ ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს განიცდის, თვალნათელია. მიღებული ცვლილებების შედეგად კიდევ უფრო მცირდება სკოლის ეფექტურობა და როლი არსებული რეალობიდან გამომდინარე. სკოლა არავითარ როლს არ თამაშობს მოსწავლის უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის პროცესში. არც სასკოლო პროცესი, არც საატესტატო გამოცდები არანაირ როლს არ თამაშობენ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. შესაბამისად, სკოლის როლი და პრესტიჟი მინიმიზებულია და ამ ფონზე კვლავ მთავარი როლი ჩრდილოვანი განათლების კომპონენტს დაეთმობა. ოპონენტები იტყვიან, რომ „რეპეტიტორთა ინსტიტუტი“ მისაღები გამოცდების სისტემამ კი არა, სკოლაში განათლების ხარისხმა უნდა დაამარცხოს. ოპონენტები ნაწილობრივ მართლები არიან, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. მისაღები გამოცდების სისტემა ხელს უწყობს ან უშლის ხარისხის ზრდას სკოლაში, ხელს უწობს ან უშლის რეპეტიტორთა ინსტიტუტის არსებობას და განვითარებას. ამიტომ მისაღები გამოცდების სისტემის უგულვებელყოფა სკოლაში განათლების ხარისხთან მიმართებით არაზუსტია. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს ზემოთ განხილული საკითხი. არაფრის მომცემ საატესტატო გამოცდებში თანხის ხარჯვას, სჯობს, ეს თანხა სხვა მიმართულებით მივმართოთ ზოგადი განათლების ხარისხის გასაზრდელად, რადგან კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელი აუმჯობესებს ხარისხს სკოლაში და არა გამოცდებისა თუ ტესტირების სახით არსებული ანგარიშვალდებულების მექანიზმები.
ინსენტივების შექმნის კომპონენტი პრობლემურია უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებითაც. გადაწყვეტილების ავტორები ასაბუთებენ, რომ უმაღლესები ჩართულნი არიან პროცესში, რადგან სწორედ უმაღლესი სასწავლებელი წყვეტს იმ მეოთხე საგანს, რომელიც უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა, რაც მათ საშუალებას აძლევთ, შეარჩიონ ისეთი აბიტურიენტი, როგორი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილიც სურთ. ეს არგუმენტი გარკვეულწილად მართებულია, თუმცა მისაღებ სისტემაში უმაღლესების როლი მაინც მინიმალურია. მსოფლიოში არსებული კვლევები ადასტურებს: მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესებმა შეიმუშაონ სტუდენტთა მიღების პოლიტიკა და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკუთარი სტუდენტების შერჩევის პროცესში. ამიტომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის მისაღებ სისტემაში საკუთარი როლის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ დოზით, რომ ეს არ გახდეს კორუფციული მექანიზმების კვლავ ამუშავების ინსტრუმენტი, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
მისაღები გამოცდების სისტემა საქართველოში: რეკომენდაციები
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები სისტემები მსოფლიოში მუდმივი დებატების საგანია. კვლევებსა და ანალიზზე დაყრდნობით იკვეთება 4 ძირითადი მიმართულება, რაც საერთოა მისაღები გამოცდების სისტემებისთვის: (ა) სტუდენტთა რაოდენობის ზრდამ ხარისხის საკითხი მკვეთრად აქტუალური გახადა როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, აგრეთვე საშუალო სკოლის საფეხურზეც; (ბ) თანდათან მკვიდრდება ტენდენცია, რომ უმაღლესში მისაღები სისტემა ემყარებოდეს რამდენიმე კომპონენტს და არა მხოლოდ შეფასების ერთ ინსტრუმენტს; (გ) ყველა სისტემა ცდილობს უპასუხოს თანასწორობის და წარმომადგენლობის გამოწვევებს; (დ) ზოგად განათლებას და უმაღლეს განათლებას შორის კავშირი უფრო გამოკვეთილია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სისტემა განათლების პოლიტიკაში გავრცელებულ ვერც ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ: (ა) სისტემა ხელს ვერ უწყობს ხარისხის ზრდას სკოლებში; (ბ) მისაღები სისტემა ემყარება მხოლოდ ერთ კომპონენტს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს; (გ) სისტემა ვერ პასუხობს თანასწორობის და წარმომადგენლობის გამოწვევებს, რადგან სკოლაში განათლების ხარისხი დაბალია და რეპეტიტორის ინსტიტუტი წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ფენას არ აქვს თანასწორი შესაძლებლობა ამ სისტემაში უმაღლესი განათლების მისაღებად; (დ) კავშირი მოშლილია სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესს, საატესტატო გამოცდებსა და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას შორის, რადგან ჩარიცხვისას არ გამოიყენება არც სწავლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და არც საატესტატო გამოცდების შედეგები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე დავიწყოთ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სისტემის რეფორმირებაზე მსჯელობა. რეფორმის შემუშავების დროს აქცენტირება უნდა მოხდეს მერიტოკრატულ სისტემაზე, სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული, ინსენტივების შემქნელი, შრომით ბაზარზე ორიენტირებული, საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე ეფექტური და ეფექტიანი სისტემის შექმნაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ კრიტერიუმის დამაკმაყოფილებელი სისტემის შექმნა, ისე, რომ პარალელურად თავიდან იქნეს არიდებული საქართველოსთვის სპეციფიკურად დამახასიათებელი საფრთხეები, საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ყველა ამ კრიტერიუმისათვის პოზიტიურ დაბალანსებულ სისტემაზე ფიქრი და მსჯელობა, ვფიქრობთ, აუცილებელია. აღნიშნული სტატიაც სწორედ ამ დისკუსიის დასაწყებად გადადგმულ ერთ-ერთ კონკრეტულ ნაბიჯად შეიძლება იქნეს განხილული.
მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების შესაბამისად, საქართველოშიც უმაღლეს სასწავლებელში მიღების სისტემა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტს დაეფუძნოს და შესაბამისად მოხდეს სასკოლო თუ უმაღლესი განათლების სისტემებისთვის ინსენტივების შექმნა. მიგვაჩნია, რომ უმაღლესი სასწავლებლებში მიღების სისტემა ერთდროულად 3 ინსტრუმენტს უნდა ეფუძნებოდეს: 1) საშუალო სკოლის საფეხურის (10-12 კლასები) ნიშნები (GPA) და სკოლის საატესტატო გამოცდების შედეგები; 2) ზოგადი უნარების სტანდარტიზებული ტესტი; 3) უმაღლესი სასწავლებლების მიერ დადგენილი დამატებითი კრიტერიუმები.
მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ ამ ინსტრუმენტს და მათი შემოღების შესაძლო მექანიზმებს და საფრთხეებს.
პირველი ინსტრუმენტი გულისხმობს სკოლის საშუალო აკადემიური მოსწრებისა და საატესტატო გამოცდების გაერთიანებას. ამ ფორმატით სკოლების როლი და პრესტიჟი ნამდვილად გაიზრდება. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მნიშვნელოვანი იქნება როგორც მიმდინარე და მასწავლებლის ყოველდღიური შეფასება, აგრეთვე საბოლოო საატესტატო შეფასება. ეს ორივე მიმართულება ერთ კომპონენტად გაერთიანდება. კომპონენტს შიგნით გადანაწილება და როლი მომავალი მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. საატესტატო გამოცდების ჩატარების დაგეგმვისას, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოცდების რაოდენობისა და ფორმატის რეფორმირებაც. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გამოცდები შესაძლებელია ჩატარდეს სასწავლო გეგმის შესაბამისად 5 სავალდებულო საგანში: 1) ქართული ენა და ლიტერატურა; 2) უცხოური ენა; 3) მათემატიკა; 4) საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული გამოცდა; 5) საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული გამოცდა. აღნიშნულ საგნებში ნაჩვენები შედეგების შესაბამისად, შეიძლება მოხდეს საერთო აკადემიური მოსწრების დადგენა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის კრიტერიუმად გამოყენება. აღნიშნული გამოცდები მთლიანად უნდა იყოს მიბმული სასწავლო გეგმაზე და მასში გაწერილ უნარებსა და კომპეტენციებზე. ამ კომპონენტის შემოღება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს სკოლის როლის ზრდას და რეპეტიტორთა ინსტიტუტის შესუსტებას, რადგან, ერთი მხრივ, შეუძლებელი იქნება ყველა საგანში მომზადება და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის მიერ ყოველდღიური სასწავლო პროცესი და ამ პროცესში გაკეთებული შეფასებაც. ამასთანავე, ეს ერთ კომპონენტად გაერთიანებული ეს ორი მიმართულება აბალანსებს ერთმანეთს და გამორიცხავს კორუფციული მექანიზმების ამუშავებას.
ამ კომპონენტის შემოტანით, სასკოლო განათლებას მიენიჭება უპირატესი მნიშვნელობა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ის საფრთხეები, რაც ამ სისტემის შემოღებას შეიძლება ახლდეს თან: (ა) გამოცდებზე (ტესტირებაზე) ორიენტირებული სწავლების დანერგვა სკოლებში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მოსწავლეებში სხვადასხვა სოციალური უნარის განვითარებას. აღნიშნული საფრთხე საკმაოდ რეალურია, თუმცა მისი თავიდან არიდების მექანიზმებს შორის არის გამოცდის/ტესტის ეფექტურად შედგენა, აგრეთვე გამოცდის მაქსიმალურად მიბმა სასწავლო გეგმით დადგენილ ცოდნასა და უნარებზე და საატესტატო გამოცდებთან ერთად, სასკოლო ნიშნების კომპონენტის შემოღება; (ბ) სხვადასხვა სკოლაში სწავლების სხვადასხვა დონე შეიძლება საფრთხედ იქცეს უნარიანი მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით _ რეგიონებში. მიუხედავად მათი უნარისა, შესაძლოა, მათ სკოლის გამო ვერ შეძლონ მაღალი შეფასებების მიღება, ხოლო სკოლის არჩევანი მათ პრაქტიკულად არ აქვთ. ეს არგუმენტიც საკმაოდ სერიოზულია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ახალი სისტემა ხელს შეუწყობს კონკურენციას სკოლებს შორის და სკოლის არჩევანის რეფორმა რეალურად იქნება რეალიზებული; ხოლო სოფლის სკოლებში, სადაც სკოლის არჩევანის რეფორმა ვერ ხორციელდება, ეს საფრთხე მართლაც არსებობს, თუმცა ამ საფრთხის დაბალანსება შეიძლება მისაღები სისტემის მეორე (უნარების სტანდარტიზებული გამოცდა) და მესამე (უმაღლესი სასწავლებლების მიერ დადგენილი კრიტერიუმები) ინსტრუმენტებით, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. ამასთანავე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების უზრუნველყოფით, სკოლისა და მასწავლებლების საჭიროებებიდან გამომდინარე; (გ) სკოლებში არსებული სწავლების დაბალმა ხარისხმა და რეპეტიტორობის ინსტიტუტის შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს უკუპროცესი და მოსწავლეებმა კარგი ცოდნა და განათლება ვეღარ მიიღონ ვერც სკოლაში და ვეღარც რეპეტიტორთან. აღნიშნული საფრთხის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სკოლების აკრედიტაციის სისტემის დროულად და ეფექტურად ამუშავება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება. ამ კომპონენტის ეფექტურად ასამუშავებლად უმნიშვნელოვანესი იქნება მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და ამ კომპონეტის ამუშავება 3-4 წლის შემდეგ, თუმცა ამ 4 წლის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობა ამ სეგმენტის ეფექტურობისთვის.
მისაღები გამოცდების სისტემის მეორე კომპონენტი იქნება უნარების სტანდარტიზებული ტესტი. აღნიშნული ტესტი იქნება ტიპური უნარების ტესტი საკუთარი ვერბალური და მათემატიკური ნაწილებით, აგრეთვე ესეს წერისა და აზროვნების შემოწმებით. აღნიშნული მიმართულებით ადმინისტრირებაც და შეფასებაც ისევე მოხდება, როგორც მანამდე ხდებოდა ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ.
მესამე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უმაღლესი სასწავლებლების თუ ცალკეული ფაკულტეტების მიერ დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს განსხვავებული, უმაღლესი სასწავლებლების თუ ფაკულტეტების სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავდეს განაცხადის შეტანისა და ინტერვიუების ჩატარების სქემებს, საზოგადოებრივ აქტივობებს, კონკრეტული დავალების შესრულებასა და ა.შ. შეფასება კი უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ და ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებს. აღნიშნული ინსტრუმენტების დამატებით, შეიქმნება ინსენტივების სისტემა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ისინი მონაწილეობას მიიღებენ აბიტურიენტების შერჩევის პროცესში, განსაზღვრავენ, რა ტიპის აბიტურიენტები სჭირდებათ, რათა მათი სასწავლო პროგრამები და პროცესი ეფექტურად განხორციელდეს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ მესამე ინსტრუმენტსაც თან ახლავს სერიოზული საფრთხეები, რაც უკავშირდება უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვით მანიპულირების კორუფციული მექანიზმებს კვლავ შექმნას და ა.შ. თუმცა ამ საფრთხეების შესამცირებლადაც შესაძლებელია კონკრეტული პრევენციული მექანიზმების ჩადება, კერძოდ, შეფასების აღნიშნული ინსტრუმენტის შედარებით დაბალი ხვედრითი წილი ზოგადი უნარების სტანდარტიზებულ ტესტთან და სასკოლო აკადემიურ მოსწრებასთან შედარებით; ამასთანავე, უმაღლესი სასწავლებლებისგან გაზომვადი და ობიექტური კრიტერიუმების დაწესების მოთხოვნა და ა.შ.
ამასთანავე, უმაღლესების როლის გასაზრდელად, მიღების პროცესში შესაძლებელია უმაღლესებისთვის მიღებისას სხვადასხვა მიდგომების გამოყენების შესაძლებლობების მიცემა. ანუ უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ მიღების ორი კომპონენტი: სასკოლო და უნარებისა და ამ ორ კომპონენტზე დაფუძნებით მიიღოს სტუდენტები. უმაღლესების ნაწილმა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი კომპონენტის დამატება ან მაღალია კონკურენცია, შეუძლიათ მიიღონ 3 კომპონენტის გამოყენებით (ა) სასკოლო კომპონენტი; (ბ) უნარების კომპონენტი; (გ) უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაწესებული მოთხოვნები.
შემოთავაზებული მოდელის პირობებში, ვფიქრობთ, სისტემა უპასუხებს განათლების სისტემის მოთხოვნებს, ორიენტირებული იქნება სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ზრდის ტენდენციაზე, დაეფუძნება უმაღლესში მიღების რამდენიმე კომპონენტს, რაც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთკავშირის, განათლების ხარისხის ზრდის, სკოლის როლისა და პრესტიჟის გაზრდისა და თანასწორობისკენ ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
ამასთანავე, ლოგიკურად მიგვაჩნია, ამ შეთავაზების ოპონენტების კანონზომიერი სიფრთხილე სკოლებისა და უმაღლესების ჩართვასთან მიმართებაში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესში. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ სკოლებს ვანდობთ ჩვენი შვილების ზოგად განათლებას, უმაღლესებს ვანდობთ ჩვენი შვილების უმაღლეს განათლებას, და ალბათ უხერხულია იმავე ინსტიტუციებს არ ვენდოთ ჩარიცხვის პროცესში. ეს უნდობლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხშირად საზოგადოებისთვის მისაღები გამოცდის წარმატებულად ჩაბარებაა პრიორიტეტი და არა ხარისხიანი ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღება.
და ბოლოს, იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული სტატია ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების მისაღები გამოცდების და სკოლის საატესტატო გამოცდების სისტემაში მიღებული გადაწყვეტილების განხილვას. ვფიქრობთ, მსგავსი გადაწყვეტილებები საზოგადოების ფართო ფენების ჩართვით უნდა მიიღებოდეს, რათა შევძლოთ ერთობლივი ძალისხმევით ყველაზე ეფექტური მოდელის შექმნა და ამუშავება და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევაც მსგავსი საკითხების განხილვაში ჩართულობით უნდა გამოიხატებოდეს.
შალვა ტაბატაძე
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი