„როცა გერმანიაში ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ; როცა ებრაელებს მიადგნენ ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ; პროფკავშირებს რომ მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ; კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ; შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“
მარტინ ნიმიოლერი
გასული წლის მაისში, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ წმინდა სოციალური პროტესტით საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ თანამშრომლების ერთმა დიდმა ნაწილმა ტელევიზიის კიბეები დავიკავეთ, ბევრი არ დაგვეთანხმა. სკეპტიკურად, ცინიკურად ან სულაც შიშით გვიყურებდნენ.
ჩვენი ერთად დგომის შედეგად მაუწყებლის 600-ზე მეტ თანამშრომელს ანაზღაურება გაეზარდა, მათ შორის იმათ, ვინც ჩვენს გვერდით არ იდგა. სოლიდარობისა და პროფკავშირული ბრძოლის ეს მიზანმიმართული აქტი, ვფიქრობ, ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი იყო.
ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იურიდიული ტერმინი „კოლექტიური დავა“ საკუთარი შრომითი უფლებებისა და სამოქალაქო სოლიდარობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. ვფიქრობ, დროა კოლექტიური დავა პირველ რიგში საკუთარ თავთან დავიწყოთ. კოლექტიურად ვიფიქროთ იმ უბედურებაზე, რაც ყველაზე ხელშესახებად ბოლო პერიოდში ალბათ რუსთავის „აზოტის“ ღირსეულ და მედგარ თანამშრომლებს დაატყდათ თავს.
უამრავი პრობლემის, საბანკო ვალდებულებისა და საყოფაცხოვრებო გასაჭირის ფონზე ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებისამებრ დგებით საწოლიდან, ემზადებით და მიდიხართ სამსახურში. ყველაზე საზარელი კი ალბათ ის სიჩუმეა, რომელსაც საშვის მიდებისას აპარატი „გამოსცემს“. თქვენ სამსახურში არ გიშვებენ, თქვენ ხელფასთან ერთად, იმედი, სტაბილურობა და დღევანდელობა დაკარგეთ.
საზარელია არა? ხარბი დამსაქმებელი, ასე 400-მდე დასაქმებულს ერთ ღამეში, 24 საათში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე მოექცა.
ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
მხოლოდ დამსაქმებლის, რომელიც სხვის ხარჯზე საკუთარ კაპიტალს ამდიდრებს? სახელმწიფოსი, რომელიც გამუდმებით სირაქლემის პოზიციაშია? თუ ჩვენი, რომლებსაც ვერასდროს წარმოგვიდგენია თავი სხვის ადგილას?
ყველასი ერთად. და ამ ყველაფერს დამატებული შრომის კოდექსის უუნარობა და დაუფარავი მიკერძოებულობა სხვისი შრომით გამდიდრებული, გაქსუებული და საზიზღარი დამსაქმებლის მიმართ.
დღეს საფრთხეშია, არა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „ფრესკოს“, „ბიბლუსის“ რუსთავის „აზოტისა“ თუ სხვა დანარჩენი დასაქმებულების ბედი, არამედ ყოველი ადამიანის, ვინც შრომით ურთიერთობებში ამ დრომდე იჩაგრება. ჩაგრულთა ხმა - არის ის ხმა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვეღარ ჩაახშობს.
და ახლა, როგორც არასდროს, არის დრო ვკითხოთ საკუთარ თავს: ვის მხარეს ვარ მე?
ვის მხარეს ვარ მე, შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო ყოველწლიურად საშუალოდ 200 ზე მეტი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილებზე; მაღაროებში, მშენებლობებზე თუ ქარხნებში?
როცა კრედიტებითა და პრობლემებით სავსე ადამიანი აბსოლუტურად მარტო რჩება, ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობის პირისპირ?
ვის მხარეს ვარ მე, როცა უსახლკარო ოჯახები ზამთრის ყინვას მხოლოდ იმედის ანაბარა ხვდებიან?
როცა ჩვილ ბავშვთა საკვების დეფიციტით, შიმშილით ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილზე ვართ?
როცა დამსაქმებელი ისევ აგრძელებს ჩაგვრას, ჩვენ კი გაურკვეველი დუმილით ხელს ვუწყობთ მის სიხარბესა და ბოროტებას?
დროა მოქმედების!
დროა კოლექტიური პასუხისმგებლობისა და ამ ირეალური რეალობის დასასრულის. ერთობით ყველაფერი მიიღწევა. დროა, ყველა ქონიან ბილბორდზე, ყველა პროტესტით ანთებული ადამიანის თვალებში, ყველა ტელევიზორსა თუ ციფრულ ეკრანზე, მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდეს:
„ჩვენ შენს მხარეს ვართ!“