Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სად არის შენი ბედნიერება, მანანა?!

15 თებერვალი 2017

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ბერლინის კინოფესტივალზე

ქართული კინო ბერლინალეს სხვადასხვა სექციაში ორი მხატვრული, ერთი დოკუმენტური და ერთი ანიმაციური ფილმითაა წარმოდგენილი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია. ერთი ესაა, 90-იან წლებში, თემურ ბაბლუანის „ვერცხლის დათვის“ შემდეგ („უძინართა მზე“, 1993 წელი) ვერც საკონკურსო პროგრამას და, შესაბამისად, ვერც სხვა რეჟისორების მიერ მონადირებულ „დათვებს“ ვეღირსეთ.

ოთარ იოსელიანის ფრანგული  ფილმი „ორშაბათს, დილით“, რომელმაც 2004 წელს საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა, ცხადია, ჩვენ არ გვეთვლება. თუმცა, ათასობით ფილმის შერჩევა-გადარჩევის ფონზე, საკონკურსო ფილმში მოხვედრა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის ლამის პოლიტიკური ტრილერის ტოლფასი იქნება.

გარკვეულ იმედებს იძლევა საერთაშორისო ფესტივალებზე ახალი ქართული კინოს  აღიარება, პროდიუსერთა დაინტერესება, კრიტიკოსების  შეფასება და რაც მთავარია, მოპოვებული პრიზები. წლევანდელ ფესტივალზე „ფორუმში“ წარმოდგენილი ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმის („ჩემი ბედნიერი ოჯახის“) ჩვენების შემდეგ წარმატებას გერმანელი კრიტიკოსებიც გვილოცავდნენ, თუმცა მათ ოპტიმიზმს ასე ხელაღებით ვერ გავიზიარებდი.

ეს არის ნანა&სიმონ-ის მეორე ფილმი, რომელთა შთამბეჭდავი დებიუტი- „გრძელი, ნათელი დღეები“ 2013 წელს, სწორედ ბერლინალეზე, „ფორუმის“ პროგრამაში აღინიშნა პრესტიჟული პრიზით და მას შემდეგ ევროპული კინოთეატრები შემოიარა. ახალ ფილმს ზურგს წარმატებული სანდესის ფესტივალი (სადაც ძირითად კონკურსში მონაწილეობდა) და მყარი ინტერნაციონალური კოპროდუქციაც უმაგრებს. ასე რომ, ქართულ-გერმანულ-პოლონურ “ბედნიერ ოჯახს“ ბერლინის შემდეგ მალე თბილისშიც ვიხილავთ.


...მოკლედ, 50 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა (ია შუღლიაშვილი) საკუთარ დაბადების დღეზე გადაწყვეტს, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი დატოვოს და ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად. გასაგებია, რომ ოჯახური ტრადიციის დარღვევას მას ასე იოლად არ აპატიებენ და მანანას გადასარჩენად მთელი კამპანია იწყება: დედა, მამა, შვილები, მეუღლე, ბიძები, დეიდა. არავის ესმის, რატომ გადაწყვიტა თითქმის ყველაფრით უზრუნველყოფილმა ქალმა ოჯახის მიტოვება და ნებაყოფლობით მარტოობა.

მანანა ამბობს, რომ არავინ არაფერს აიძულებს, არც ქმარი ძალადობს, არც შვილებთან აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, არც სკოლა და არც სამყარო არ სძულს; არ არის გადაღლილი და უყვარს საკუთარი პროფესია. უბრალოდ, ძალიან გვიან მიხვდა, გააცნობიერა, რომ საკუთარ თავთან დარჩენა უნდოდა. მაგრამ, მისი ეგზისტენციური არჩევანი სწორედ ის დრამატული საფასურია, რაც საკუთარი თავისუფლებისათვის უნდა გადაიხადოს.

ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში ის თითქოს ხელახლა აღმოაჩენს საკუთარ თავს. ბინას მყუდროდ მოაწყობს, ქარში მოცარტის სონატას უსმენს, აივანზე პომიდორს მოაშენებს... მაგრამ თანაკლასელების შეკრებაზე შემთხვევით გაიგებს, რომ ქმარი (მერაბ ნინიძე) ღალატობდა და სხვა ქალთან შვილიც ჰყოლია. ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ფილმის ბოლომდე მანანა მეუღლეს არაფერს ეუბნება და ეს ოჯახური საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც მაყურებელი ასე მოუთმენლად ელის, ბოლომდე საიდუმლოდ რჩება.

ფინალში მანანა არ ბრუნდება სახლში. სახლი, უფრო ზუსტად კი მეუღლე „მიდის“ მასთან და თითქმის გაცივებული ურთიერთობები ადრიანი შემოდგომის ამინდივით სითბოთი ივსება. დასასრული სრულიად მოულოდნელია, ფინალი შეგნებულად „ღიად“ არის დატოვებული და მაყურებელს ბოლომდე თავსატეხად რჩება მთავარი კითხვა: სად არის შენი ბედნიერება, მანანა?!

იქნებ, ქალბატონ მანანას ათას სკოლაზე გადამხტარი და მოძალადე დირექტორი ჰყავს? იქნებ, „შუშანიკის მარტვილობა“ მობეზრდა? იქნებ ზრდასრული და უკვე ჩამოყალიბებული ორი შვილის ინფანტილობამ წყობიდან გამოიყვანა? იქნებ ქმარი აგინებდა ან უცნაური სახეობის სექსს აიძულებდა? იქნებ დედის ( რომელსაც სხვათა შორის, ძალიან კარგად თამაშობს ბერტა ხაფავა) ჭკუა-დარიგება დასაშვებ ფარგლებს სცდებოდა? და კიდევ ბევრი „იქნებ“ იქნება, კიდევ უფრო რომ ჩავუღმავდეთ...

მაგრამ პრობლემა სხვა რამეა. ამ მართლაც გაბედულ და ელეგანტურ ფილმში, რომელშიც ზედმეტად ბევრს მღერიან (თანაკლასელების შეხვედრის ეპიზოდში მსახიობი ია შუღლიაშვილი დედის, ინოლა გურგულიას სიმღერას ლამის საკონცერტო ნომერივით ასრულებს); რომელიც  ახლოა ნეორეალიზმის მსუყე ყოფით დამაჯერებლობასთან, მაგრამ ამავე დროს დახვეწილი თხრობითა და რიტმის შეგრძნებით გამოიჩევა, არსებითად და დამაჯერებლად არ არის ახსნილი, რატომ  წავიდა მანანა ოჯახიდან. ანუ, ის რაც უმთავრესია, თითქოს კადრს მიღმა რჩება და ეს უმთავრესი ის უკმარობაა, რომელსაც ფილმის დამთავრების შემდეგ განიცდით...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^