ახლადარჩეულმა პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტები და მათი თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტებში პარტიული კვოტები ისეა გადანაწილებული, რომ ზოგიერთი დეპუტატი მისი პროფესიული საქმიანობისთვის სრულიად უცხო კომიტეტში მოხვდა. მაგალითად, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრია.
ქუთაისში პარლამენტის შენობა ნახევრად ცარიელია. მართალია, რამდენიმე მოსმენა აქ უკვე გაიმართა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო სრული დატვირთვით ჯერ არ ამუშავებულა. პარლამენტის შენობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ისევე, როგორც ჯერ ჩამოუყალიბებებილია საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა და სტრუქტურა : მას შემდეგ, რაც დეპუტატების ნაწილი მინისტრებად დაინიშნა, მათი ადგილი ჯერაც შეუვსებელია. შესაბამისად, ვაკანტურია მათი კვოტები საპარლამენტო კომიტეტებშიც, რომელთა შემადგენლობაც საკანონმდებლო ორგანომ 21 ოქტომბრის სესიაზე დაამტკიცა.
15 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 8 ოქტომბერს თავად წარადგინა, თუმცა ორი კვირის შემდეგ უკვე რამდენიმე ცვლილება მოხდა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ თავდაპირველად წარდგენილი გია ცაგარეიშვილის ნაცვლად ამ პოსტზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაინიშნა. ამ ფაქტს მედიის მხრიდან სწრაფი და მწვავე რეაქცია მოჰყვა. გაჩნდა კითხვებიც: „რა კრიტერიუმებით ირჩევენ დეპუტატებს საპარლამენტო კომიტეტებში?“
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი ინტერვიუ ზურაბ ზვიადაურს უკვე ჰქონდა.
“როგორც ყველა ადამიანი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ვარ ხევსური - მიყვარს ბუნება. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს კარგად გავუძღვები,” -განაცხადა ზვიადაური „მზერა ტივისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ამ სფეროში გამოცდილებისა და განათლების უქონლობის მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებს ბუნების დასაცავად.
ზვიადაურის პირველი მოადგილე მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძეა. ამავე კომიტეტშია „მწვანეთა პარტიიის“ლიდერი გია გაჩეჩილაძეც. მისი თქმით, თავდაპირველად სწორედ იგი განიხილებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, თუმცა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ზურაბ ზვიადაური კომიტეტის დროებითი თავმჯდომარეა, ვიდრე გია ცაგარეიშვილი პარლამენტის წევრი ოფიციალური გახდება.
ცაგარეიშვილი პარტიული სიით პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა მინისტრად დანიშნული რომელიმე დეპუტატების მიერ გათავისუფლებულ საპარლამენტო მანდატს მიიღებს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს სწორედ ის დაიკავებს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდრომარეების პოსტზე კანდიდატურების წარდგენა საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას ან უფრაქციო დეპუტატთთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს შეუძლია. ხოლო მათი დამტკიცება ან გადაყენება პარლამენტში კენჭისტყრით ხდება.
ასევე პარტიები და ფრაქციები წყვეტენ, თუ სად და რომელ კომიტეტებში გადაანაწილებენ საკუთარ წევრებს. ერთადერთი, რაშიც ისინი ამ შემთხვევაში იზღუდებიან კვოტების რაოდენობაა: კვოტების გადანაწილებას საპროცედურო კომიტეტი განსაზღვრავს და კომიტეტებში სხვადასხვა საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლების რაოდენობას ადგენს. რეგლამენტის 32-ე მუხლის მიხედვით, ახლადარჩეულ პარლამენტში ეს ფუნქცია დროებითმა სამანდატო კომისიამ გადაიბარა.
კომიტეტებში ფრაქციიდან დეპუტატების რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში მათი საერთო რაოდენობის პროპორციულია. მაგალითად, თუ ქართული ოცნება პარლამენში 60 წევრითაა წარმოდგენილი, 14-წევრიან კომიტეტში 5, ხოლო 12-წევრიანში - 4 კვოტით შევა. რაც შეეხება პატარა ფრაქციებს, მათ ამ მოწვევის პარლამენტში კომიტეტებში მხოლოდ თითო ადგილი განესაზღვრათ.
სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა ზოგიერთი დეპუტატი მისი პროფესიისთვის უფრო შესაფერის კომიტეტში. მათგან ერთერთი, რესპუბლლიკური პარტიის წევრი, იურისტი თინა ხიდაშელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში აღმოჩნდა. პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ თინა ხიდაშელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტითავადვე აირჩია. მისი თქმით, დეპუტატები კომიტეტებში მათი სურვილისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, კვოტების შესაბამისად გადანაწილდნენ.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კვოტების გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე იგი უბრალოდ იძულებული იყო, ეს გადაწყვეტილება მიეღო: „ორი კომიტეტია, რომელშიც, სიამოვნებით ვიმუშავებდიდა, ვფიქრობ, სასარგებლო საქმის გაკეთება შემიძლია - იურიდიული და აგრარულ საკითხთა, თუმცა ორივე მათგანის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდანაა, მეორე „რესპუბლიკელის“ კომიტეტში ყოფნას კი, კვოტები არ ითვალისწინებს,“ - განმარტავს თინა ხიდაშელი და დასძენს: „საქმე იმაში კი არ არის, რამდენად სწორად გადანაწილდა კვოტები საპარლამენტო კომიტეტებში: საქმე იმაშია, თუ რა შეზღუდვას აწესებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული კანონმდებლობა“.
იურისტი თათული თოდუა, „ახალგაზრდთა იურისტთა ასოციადიიდან“, პარლამენტის 2012 წლის ივნისში მიღებული რეგლამენტის ნაკლოვანებებს იკვლევდა. მისი თქმით, ამ რეგლამენტში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა არა კომიტეტებში კვოტების გადანაწილების პრინციპთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ მათი პარტია კვოტების გადანაწილების პრინციპთან არაფერ შუაშია: “სუფთა მათემატიკაა პროპორციულობის პრინციპი. მისივე თქმით, თუ ფრაქციამ თავისი კვოტების რაოდენობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მისი წევრი რომელიმე ერთ და არა მეორე კომიტეტში უნდა იყოს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია“.