Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი პოლიტიკა ნამდვილ ამერიკაში

05 ნოემბერი 2012

არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ბარაკ ობამა და მიტ რომნი მერყევი შტატების გადაბირებას ცდილობენ. პოლიტიკური მარკეტინგის კანონების მიხედვით, ისინი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ყველაზე მერყევ შტატებში მართავენ მრავალათასიან შეხვედრებს. თუმცა, არც ის მეორეხარისხოვანი შტატები ავიწყდებათ, რომელთა მოგებაც ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია. ასეთი შტატია ჩრდილოეთ კაროლინა. ამ წერილს სწორედ იქიდან გწერთ იმის გასაგებად, თუ როგორ აისახება დიდი პოლიტიკა პატარა, 50 ათასიან ქალაქებზე, ანუ, ნამდვილ ამერიკაზე. 

28 ოქტომბერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა (ICFJ) 50 უცხოელი ჟურნალისტი აშშ-ს “იისფერ შტატებში” გაგვანაწილა. ეს ის შტატებია, სადაც ვერც გამოკითხვებითა და რეიტინგებით და ვერც დემოკრატების ან რესპუბლიკელების მხარდამჭერი მოქალაქეების დათვლით, ვერაფრით შეძლებ, წინასწარ გამოიცნო - უმრავლესობა რომელი პარტიის კანდიდატს აირჩევს.

ნიუ იორკის და კალიფორნიის, ან ტეხასის და ჯორჯიისგან განსხვავებით, რომელთაც, ბოლო წლებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციის გამო, ლურჯ ან წითელ შტატებს უწოდებენ, არჩევნების ბედს ხშირად იისფერი შტატები წყვეტს. მერყეობის ყველაზე ცნობილი მაგალითი ფლორიდაა, სადაც მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა ალ გორსა და ბუშს შორის გამარჯვებული; ყველაზე “ვეტერანი” (და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი) იისფერი შტატი კი ოჰაიოა, სადაც 2004-ში სულ 2-პროცენტიანი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ჯორჯ ბუში, 2008-ში კი - 3-პროცენტიანი უპირატესობით, ბარაკ ობამა. 

ვინსტონ სალემი - ქალაქი, რომელშიც მე გამანაწილეს, იისფერ შტატში მდებარეობს. თუმცა, ჯერ კიდევ ვაშინგტონში ყოფნისას მივხვდი, რომ იისფერსაც - რომელიც თვითონვეა გარდამავალი ტონი - აქვს გრადაცია: 1968 წლიდან მოყოლებული ბოლო დრომდე, ჩრდილოეთ კაროლინა აშკარად მკვეთრად წითელი იყო, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ რესპუბლიკურ პარტიას ირჩევდა. და მხოლოდ 2008 წელს, 1976 წელს ჯიმი კარტერის გამარჯვებიდან 32 წლის თავზე, გატყდა ნავსი. ბარაკ ობამამ დაამარცხა ჯონ მაკეინი.

ჩრდილოეთ კაროლინა რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ერთ-ერთი ისტორიული ცენტრია. ვინსტონ-სალემთან სულ ახლოს, ქალაქ გრინსბოროში, 1960 წლის 1 თებერალს კოლეჯის ოთხი სტუდენტი კაფეტერიაში თეთრებისთვის გამოყოფილ ადგილას დაჯდა. მათ არავინ მოემსახურა. მაგრამ ბიჭები არსად წასულან. მეორე დღეს გრინსბოროელ ოთხეულს ოცი ახალგაზრდა შეუერთდა, შემდეგ დღეებში მდუმარე და მჯდომარე დემონსტრანტების რიცხვი - 500-მდე გაიზარდა. ამ მშვიდობიან პროტესტს “გრინსბოროს ჯდომები” დაერქვა და ისტორიის ნაწილი გახდა…

ცხადია, ასეთი წარსულის მქონე შტატში (რაც არ უნდა კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ იქ) პრეზიდენტობის პირველი შავკანიანი კანდიდატის ენერგიულმა მოწოდებამ - CHANGE - იმუშავა.  ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 2008-ში ხმა ობამას მისცა.

იმ წელს ობამას არჩევას გარდაუვალს ხდიდა კიდევ ორი ფაქტორი: აღარც ჩრდილოეთ კაროლინელებს მოსწონდათ საოცრად არაპოპულარული რესპუბლიკელი პრეზიდენტი და ეკონომიკურ კრიზისს და უმუშევრობის სირთულესაც უფრო მეტად გრძნობდნენ საკუთარ თავზე.

მოკლედ, 2008-ში ჩრდილოეთ კაროლინა იისფერი შტატების უმაღლეს ლიგაში გაწევრიანდა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა კითხვა: ეს ტენდენციაა, რომელიც 2012-შიც გაგრძელდება, თუ ერთჯერადი აქტი იყო? რა კულტურა და ტრადიციები თამაშობს როლს აქ, სამხრეთ აღმოსავლეთში არჩევანის დროს?

აი, ვსვამ ამ კითხვას და მაშინვე ვხვდები, ამერიკულ არჩევნებზე შიგნიდან, ცალკეული შტატების, ცალკეული ქალაქების დონეზე წერა, სინამდვილეში ადამიანებზე წერას ნიშნავს. ქუჩაში, სასურსათო მაღაზიაში, თუ ავტობუსში შემხვედრ რიგით ადამიანებს უნდა უსმინო ყურადღებით, რომ გაიგო, რა ქმნის შეხედულებათა სიჭრელეს ისეთ ტრადიციულ და კონსერვატიულ დასახლებებში, როგორც ჩრდილოეთ კაროლინაა. 

ამა თუ იმ დასახლების დომინანტურ პოლიტიკურ ორიენტაციას დემოგრაფიული სურათი განსაზღვრავს. ამერიკაში კი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ რაც უფრო მეტი განათლებული პროფესიონალი ცხოვრობს ქალაქში, მით უფრო კარგავს მისი “რესპუბლიკური წითელი” სიმკვეთრეს. 

ეს ყალიბი ჩრდილოეთ კაროლინასაც ერგება: ბოლო ხანს აქაურობა ზუსტად იმ მიმართულებით შეიცვალა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატებს უნდა ახარებდეთ. ვინსტონ-სალემში ერთი ქუჩაა, მეექვსე ქუჩა, რომელსაც “არტს სტრიტი” ჰქვია. ძველი, 3-4 სართულიანი აგურის სახლების პირველ სართულზე სულ არტ სალონებია გახსნილი, ულამაზესი კერამიკის, დახვეწილი შუშის ნივთების, ვერცხლის სამკაულების, ინდიელების ნაკეთობების…

ამ სალონებში ადამიანები ისე ესაუბრებიან ერთმანეთს, როგორც - ვთქვათ, ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეაში. საღამოობით კი, მეექვსე და მეოთხე ქუჩების რესტორნები ივსება ხოლმე გემოვნებით და სადად ჩაცმული თეთრკანიანი სტუმრებით. ძვირფასი ბეჭედი თითზე, წითელი ღვინით სავსე ჭიქებთან ერთად; მობოდიშება დახვეწილი ღიმილით კართან შეჯახებისას. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის უზარმაზარი კომპლექსი და სამედიცინო ცენტრია. იქაური პროფესორები კომენტარებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურულ საკითხებზე უკვე არა მხოლოდ ლოკალურ მედიას, ნაციონალურ არხებსაც აძლევენ. ახალგაზრდებიც ხშირად ქალაქში დარჩენას არჩევენ. 

თვითონ ამერიკელი ექსპერტების მიერვე ჩანერგილი სტერეოტიპებით თუ ვიმსჯელებ, ამ ადამიანებიდან ბევრი უნდა იყოს დემოკრატი. თითქოს, თავაზიანად მომღიმარ სახეზე, ოპალისთვლიან ბეჭედზე, საუბრისას გამოყენებულ მაღალფარდოვან ინგლისურ სიტყვებზე, ან სტუდენტის ზუტგჩანთაზე უნდა ეტყობოდეთ, რომ სურთ: ჯარების გაყვანა ავღანეთიდან; მოსწონთ ობამას ჯანდაცვის პოლიტიკა; მხარს უჭერენ ჰომოსექსუალების ქორწინებას; ნაკლებად ადარდებთ რელიგია და ბიბლია… შესაძლოა, ეს ყველაფერი ასეცაა, მაგრამ ყველაზე მთავარ პოლიტიკურ გაკვეთილს იმის შესახებ, თუ რატომაა ჩრდილოეთ კაროლინა მაინც მერყევი შტატი, ვინსტონელი ჯოანა მილერი მასწავლის. 

ეს წითელთმიანი, სათვალიანი ქალია, როგორც თვითონ ამბობს, საშუალო ამერიკელივით გასუქებული - წვრილი ფეხები, უწელო ტანი. სამი წლის წინ გაჰყვა ცოლად ნათან მილერს და მას მერე ქმართან ერთად უძღვება მაღაზიას, რომელიც 1930-იან წლებში ნათანის ბებიამ და ბაბუამ გახსნეს. ახლა ეს მაღაზია ლეგენდარული ამერიკული ვინტაჟითაა სავსე: 1960-იან წლებში გამოშვებული ნამდვილი “ლევისები”, იმავე ეპოქის კუბოკრული ფანელის პერანგები, მაღალწელიანი, მოხატული ჯინსები ქალებისთვის, ჭრელ-ჭრელი “კენგოლები” სამხრეთელი შავკანიანი მამაკაცებისთვის.

ჯოანა ლაპარაკს იმიტომ მიწყებს, რომ მე ჟურნალისტი ვარ საქართველოდან, საქართველოს კი რუსებმა ძალიან აწყენინეს. - ძალიან გაგამწარეს, არა? როგორი სამწუხაროა! - მიბოდოშებს. ჩემთან საერთო ენის გამონახვას რუსეთის ნეგატიური აღქმით რომ ახერხებს, უკვე ნიშანია. უთუოდ მაკეინის, რომნის აგრესიულ კომენტარებს უნდა იზიარებდეს.

-   დამაცადე, ნათანს ლანჩს დავუდებ, ძალიან შია, - მუყაოს კოლოფებს ცხელი წვნიანით და კარტოფილმოყრილი ცხელი სენდვიჩით, ძველისძველ დახლზე დებს და ჩემსკენ ქშენით მოემართება. ინდიელების მოტივებზე შეკერილი ტყავის ჟილეტების, კაცის ჭრელ-ჭრელი აბრეშუმის წინდების და სატინის ყვავილებიანი ხელთათმანების გარემოცვაში ვსხდებით სასაუბროთ.

-   სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატები, ფლორიდას გამოკლებით, ქვევით, ალაბამა-ჯორჯიამდე, ნამდვილი ამერიკული სამხრეთია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლებები დემოკრატიულად ითვლება, ჩვენ მაინც ძალიან კონსერვატიული ფასეულობები გვაქვს. აქ კლანური გაგება ჭარბობს: დიდ, შეკრულ ოჯახებად ვცხოვრობთ, მერე - დიდ, შეკრულ სამეზობლოებად, მერე - უბნებად, მერე - ქალაქად, მერე - შტატად და სულ მერე ერთ ქვეყნად. ჩვენთვის ბიბლია მთავარი წიგნია, ოჯახი ყველაზე დიდი ფასეულობაა და ხშირად მთლიან პოლიტიკურ ძალას კი არ ვაძლევთ ხმას, არამედ ცალკეულ პიროვნებას. გმირს, ასე ვთქვათ.

-   და ობამა, 2008-ში ასეთი გმირი იყო?

თითქმის ჩურჩულზე გადადის და სახე ახლოს მოაქვს ჩემს ყურთან ისე, რომ გვერდით, სარკესთან მდგარმა შავკანიანმა მამაკაცმა, რომელიც პრიალა ცისფერ პიჯაკს ირგებს ტანზე, ვერაფერი გაიგოს და მეუბნება:

-   ობამამ აქ მაშინ იმიტომ გაიმარჯვა, რომ აქაურმა შავებმა, როგორც პირველ შავკანიან პრეზიდენტს მისცეს ხმა. და ახლა ნახე, ვის ავნო ყველაზე მეტად იმან, რომ დაკარგულ სამუშაო ადგილებს ობამამ არაფერი მოუხერხა? რა თქმა უნდა, ისევ შავკანიანებს ავნო. R.J.Reynolds-ის თამბაქოს წარმოება რომ დაიხურა, მანდ უმრავლესობა შავკანიანი მუშა იყო…

“რეინოლდსის” ქარხანა - Camel-ის, Magna-ს, More-ს, Salem-ის, Winston-ის და კიდევ ექვსი სხვა ბრენდის მფლობელი, აშშ-ში სიდიდით მეორე თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა იყო. მავნე ნედლეულის გამოყენების ბრალდების, სასამართლო პროცესების და ფინანსური პრობლემების გამო, ორი წლის წინ ქარხნები უინსტონ-სალემში დახურა. იმავე პერიოდში, წარმოება შეამცირა რეგიონის მეორე ყველაზე მსხვილმა დამსაქმებელმა, ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ცნობილმა მწარმოებელმა HanesBrandInc.-მა.

არც ერთი ამ კომპანიის კრიზისი ობამას ადმინისტრაციასთან პირდაპირ კავშირში არაა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ საწარმოებში დასაქმებული, უმაღლესი განათლების არმქონე ამერიკელების დიდი ნაწილი დღემდე უმუშევარია. 

უმუშევრობა - ეს ის თემაა, რომელზეც ჭეშმარიტების “ექსკლუზივს” რესპუბლიკელებიც ფლობენ და დემოკრატებიც. ორივე მხარეს დატრიალებული “სპინი” იმდენად ძლიერია, რომ ჯოანა მილერის მსგავსი ადამიანები ობამას ადანაშაულებენ იმაში, რომ სამუშაო ადგილების კრიზისი გრძელდება. რიკი მიტჩელისთანა ადამიანები კი ფიქრობენ, რომ ობამას იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთა, არ შეეძლო.

სხვათა შორის, ზუსტად ასეთი პოლარიზებული სურათი ჩანს სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც. ყველაზე უცნობი, რომელიც სანდოცაა, რადგან პრესტიჟული კვლევების აღმოჩენებს იმეორებს, კალიფორნიული “არავერბალური კომუნიკაციის ცენტრის” კვლევაა.

კვლევაში 400-მა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ვებკამი მათ გამომეტყველებას იწერდა მაშინ, როცა ისინი ონლაინ უყურებდნენ ობამას და რომნის გამოსვლებს. როგორც ცენტრის დირექტორმა, პატრიკ ვეზოვსკიმ მითხრა, მონაცემები გააანალიზეს და ნაკვთების მოძრაობების შეფასებით შემდეგი რამ დაასკვნეს: 

“შესაძლოა, არჩევნები ფრედ დამთავრდეს. რესპუბლიკელები რომნის ენერგიულად უჭერენ მხარს, დემოკრატები - ობამას, ისინი კი, ვისაც გადაწყვეტილება დღემდე არ აქვს მიღებული, კვლავ ინდეფერენტულად ელიან არჩევნებს”. 

აშშ-ს არჩევნების თემაზე შექმნილი ერთ-ერთი სანდო ონლაინ წყაროს - http://www.270towin.com/ -ის 31 ოქტომბრის მონაცემებით, ობამა-რომნის პოზიციები ჩრდილოეთ კაროლინაში მართლაც 2-3 პროცენტით განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთ-ერთის მიხედვით კი, სულაც 49-49-ზე იყოფა.

“2008-ში ობამას საარჩევნო კამპანია აქ გაცილებით აგრესიული იყო, როცა რესპუბლიკელებისა თითქმის არც არსებობდა. ახლა კი რომნის მხარდამჭერები ძალიან აქტიურობენ, ობამასი კი - უფრო ნეიტრალურები ჩანან. ეს ინდეფერენტულობა მგონი უკვე უნივერსალური განწყობაა და ქვეყნის საერთო პოზიციას გამოხატავს. მარტო ამ კონკრეტულ დასახლებაზე რომ ვკონცენტრირდეთ, აქ დღეს მართლაც ბევრი უმუშევარია, ეს ნიშნავს, რომ ისინი გაბრაზებულები არიან და მათი გაღიზიანების ადრესატი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა”, - მითხრა უეიკ ფორესტის პროფესორმა ალენ ლოუდენმა.

ზევით რიკი მიტჩელი ვახსენე. ტანდაბალი, ჩასუქებული კაცია. ჯინსის შარვალი და დათბილული ჯინსის ქურთუკი აცვია, ზედ ობამას და დემოკრატების ორი სამკერდე ნიშანი აქვს დამაგრებული. ჭაღარა თმას ქარიშხალი სენდისგან დატოვებული ძლიერი ქარი უწეწავს, ხელებს გასათბობად იფშვნეტს და არასამხრეთული აქცენტით მიამბობს:

-   შენ გგონია, მე ვმუშაობ? 52 წლის ვარ. ცოტა კოლეჯის განათლებაც მაქვს. აქ ნიუ ჯერსიდან გადმოვედი. ბოლოს ბოსტნეულის მაღაზიაში ვმუშაობდი. 24 თვეა სამსახური აღარ მაქვს. ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი, მაგრამ ახლა ამ ფლაერებს ვარიგებ საარჩევნო კამპანიისთვის. ფულს მიხდიან რა.

-   და გაბრაზებული უსამსახურობის გამო არ ხარ?

-   2008-ში მე ომაბას მივეცი ხმა. ძალიან კარგად მახსოვს, რაც დახვდა. ეს კრიზისი უკვე დაწყებული იყო. და თავიდანვე ვამბობდი, ამ კაცმა ამ პრობლემის მოგვარება რომ შეძლოს, ეს იქნება სასწაული. რა ვქნათ, სასწაული არ მოხდა. მთავარი ცვლილების ტენდენციაა. ობამა ჩვენი პრეზიდენტია - საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ჯოს პრეზიდენტი. ყველაზე კარგად მან იცის, რა გვჭირდება. 

რიკისთანა ამერიკელებს ეცინებათ იმაზე, რომ საშუალო კლასზე ზრუნვას საკუთარ პრიორიტეტად მიტ რომნიც აცხადებს და ამბობს, რომ 12 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ფილ ბურგოილს კი, ზუსტად ამის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შემოსაზღვრულ, მდიდრულ უბანში ცხოვრობს. 

ფილ ბურგოილთან “ვინსტონ-სალემ ჯორნალის” რეპორტიორ სკოტის დამსახურებით მოვხვდი. ვიდრე ბერმუდა რანისკენ გადაუხვევს მანქანა, შლაგბაუმი უნდა გავიაროთ. ეს ერთადერთი შესასვლელი და გამოსასვლელია ამ დასახლებაში. დაცვის ჯიხურიდან ხანშიშესული მამაკაცი გამოდის, სკოტი ეუბნება -  ფილ ბურგოილთან მივდივარო და შლაგბაუმიც იწევა. იქით ორ-სამ სართულიანი, მყარად ნაგები, ძირითადად წვრილი აგურის, ლამაზი, კერძო სახლები დგას, ჰელოუინისთვის ნარინჯისფერი გოგრებით და შემოდგომის ფოთლებით მორთული ვერანდებით. ქუჩაში არავინ დადის. საშინელი ქარია - სენდისგან დატოვებული. ერთ ლამაზ სახლთან ვჩერდებით. კარს მთლიანდ თეთრთმიანი, მაღალი და წარმოსადეგი მამაკაცი გვიღებს, ბაცი ყვითელი პერანგი და ხაკისფერი შარვალი აცვია, ფეხი სახელდახელოდ გაუყვია სახლის რბილძირიან ფეხსაცმელში. 

თეთრ, ფუმფულა სავარძლებში ვსხდებით, მასიური ხის, დაბალ მაგიდაზე ორი ალბომი დევს: მონეს პეიზაჟები და “ასი ულამაზესი პატარა იტალიური ქალაქი”. ფილი ჩვენს წინ, მაღალ სკამზე ჯდება და ფეხი-ფეხზე გადადებული, გაპრანჭული ტონით იხსენებს სამხედრო წარსულს. შიგადაშიგ, მის ხმას ჩემს უკან მდგარი, ძველებური, მოჩუქურთმებული საათის გაბმული ზარი ფარავს. 

ფილი გადამდგარი სამხედროა, რესპუბლიკური პარტიის მუდმივი ამომრჩეველი. დარწმუნებულია, რომ “ვინსტონ-სალემ ჯორნალი”, რომელსაც ახლა სკოტთან ერთად მეც წარმოვადგენ, დემოკრატების პლატფორმაა, მაგრამ გაზეთს მაინც ყოველდღე კითხულობს. ტელეარხებიდან არც ერთს უყურებს Foxnews-ის გარდა, “რადგან მთელი ნაციონალური მედია მიკერძოებულია რესპუბლიკელების წინააღმდეგ”. აწუხებს, რომ სამხედროებს მიმართ პატივისცემა ობამას ადმინისტრაციას სულ არ აქვს, და ფიქრობს, რომ ნებისმიერი რიგითი ამერიკელი უკეთ მართავდა ქვეყანას, ვიდრე ეს ობამამ შეძლო. საუბარში ფილის მეუღლე, ჟაკლინი ერთვება, დახვეწილი სიცილით მომმართავს: 

“იცით, ჩვენ ოთხნი ვართ, ფილი, მე, ჩვენი გოგონა და ვაჟი, ჩვენი გოგონა დემოკრატია, ასე რომ, საპირისპირო აზრსაც ვიღებთ”. და მერე, ისევ ნაზი ტემბრით: “რომნი გამოცდილი კაცია, ასე მგონია, არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ იღებს, რომ მართლა უნდა შეცვალოს რაღაც. 14 შვილიშვილი ჰყავს, უბრალოდ, ვალდებულია მომავალზე ფიქრობდეს”. 

ჟაკლინ ბურგოილი - შლაგბაუმიანი უბნიდან და ჯოანა მილერი - ვინტაჟის მაღაზიიდან, ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე ერთნაირად კმაყოფილია უფლებათა იმ სამოქმედო ჩარჩოთი, რასაც მიტ რომნი სთავაზობს ქალებს. ფლორიდაში ტალაჰასში გადაღებული ფოტოც ვნახე - 40-ს გადაცილებული ქალები დგანან პიჯაკებსა და მუხლამდე ქვედაბოლოებში და ხელში პლაკატები უჭირავთ: “ქალები მხარს უჭერენ რომნის!” 

სილვია სტროუდ-სმითს კი რომნის სახელის გაგონებისაც კი ეშინია. პირდაპირ მეუბნება, “წარმოდგენაც არ მინდა, რომ გაიმარჯვებს. ეს, პირველ რიგში, ჩვენ ქალებს, შეგვეხება. აბორტის წინააღმდეგია, არადა, წარმოიდგინე რამდენი გოგო ორსულდება შემთხვევით, ანდა სექსუალური ძალადობით. კიდევ ერთი: პირველ კანონი, რომელსაც ობამამ ხელი მოაწერა, იყო კანონი ქალისა და მამაკაცს თანაბარი ანაზღაურების შესახებ. ახლა ამბობენ, რომ ეს წესი კარგად არ მუშაობს. მაგრამ ის მომავალზეა გათვლილი. თუ ობამა დარჩა, შემდეგი თაობის ქალები ამით ისარგებლებენ”. 

სილვია ნაადრევი ხმის მიცემის შტაბთან გავიცანი, რომელიც 18 ოქტომბრიდანაა გახსნილი. მაღალსართულიანი შენობის წინ ოთხი ქალი იდგა. ორს წითელი ბროშურები ეჭირა ხელში, ორს - ლურჯი. წითელბროშურიანები არ დამელაპარაკნენ. სილვიამ კი ისე მოინდომა ჩემი დახმარება, ესკალატორით, მეორე სართულზეც ამყვა და მაჩვენა, როგორია ხმის მიცემის პროცესი.

საარჩევნო ბიულეტინი მოვითხოვე.

-   ამობეჭდილი? მხოლოდ კომპიუტერებში გვაქვს. თუმცა, მოიცა, ჩემს ბიულეტინს ამოგიბეჭდავ და ნახავ, როგორია, - ძალიან კეთილი აღმოჩნდა საარჩევნო შტაბის რიგითი წევრი. 

ბიულეტინი 5 გვერდზე გაიჭიმა, რადგან კანდიდატთა სიაა წარმოუდგენლად ვრცელი. თითოეული ამერიკელი ოთხ წელიწადში ერთხელ პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის გარდა, აშშ-ს წარმომადგენელთა სახლის წევრებს, შტატის გუბერნატორს, ვიცე გუბერნატორს, მთავარ პროკურორს, აუდიტორს, შტატის მდივანს, ხაზინადარს და კიდევ სხვა უწყებების ხელმძღვანელებს ირჩევს, ყველა დონის მოსამართლესთან ერთად. ამიტომ ამომრჩეველს ზოგჯერ მართლა ძალიან ეხმარება ის წითელი და ლურჯი ბროშურები, რომელთაც აქტივისტები შესასვლელთან აწვდიან. ამ ბროშურებში მკაფიოდ წერია, რომელ გვარს უნდა დააჭირო ეკრანზე თითი, იმის მიხედვით, დემოკრატიული პარტიას უჭერ მხარს, თუ რესპუბლიკურს.

“ვინსტონ-სალემ ჯორნალის” რეპორტიორი მაიკლი მეუბნება, რომ არჩევნებზე ყოველთვის მომზადებული მიდის. მაგრამ გააჩნია ამომრჩევლის განათლების დონეს. ვისაც ორწლიანი კოლეჯის განათლებაც არ აქვს, საშუალო სკოლაში ნასწავლი საარჩევნო სისტემა მალე ავიწყდება და მერე უბრალოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამბავია, ჩაეძიება თუ არა დეტალებს, გამოიკვლევს თუ არა თითოეული კანდიდატის პლუს-მინუსებს და მაქსიმალურად ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს. ამიტომ, მაიკლის თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების წელი არაა, არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელი ყოველთვის ძალიან დაბალია. 

ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო საარჩევნო უწყების ოქტომბრის მონაცემებით, ამ შტატში 3 მილიონამდე რეგისტრირებული დემოკრატი ამომრჩეველია; 2 მილიონზე ცოტა მეტი - რესპუბლიკელი; არც ერთ პოლიტიკურ მხარეს კი თავს არ აკუთვნებს 1.697.674 ადამიანი. ნაადრევი ხმის მიცემის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია 2008-სთან შედარებით და ამ მონაცემებით გაცილებით მეტმა დემოკრატმა მისცა ხმა, ვიდრე რესპუბლიკელმა. თუმცა, ამ შემთხვევაში “დემოკრატი” და “რესპუბლიკელი” მხოლოდ პოლიტიკური მიკუთვნებლობის გამომხატველია. ამიტომ, როგორც ჯოანა მილერმა მასწავლა, საარჩევნო სიაში დემოკრატების სიუხვეს არ ვენდობი. “ჯორნალშიც” მეუბნებიან, რომ ეს დემოკრატები ხშირად რესპუბლიკელ კანდიდატს ირჩევენ - ისევ ძლიერი კონსერვატიული ფასეულობების გამო. 2008-შიც ობამამ 4.3 მილიონი ხმიდან ჩრდილოეთ კაროლინაში მხოლოდ 14 ათასი ხმით დაამარცხა მაკეინი.

თუმცა, დემოკრატები დათმობას არ აპირებენ, და ახლაღა მივხვდი, რატომ: ჩრდილოეთ კაროლინას საარჩევნო კოლეგიას 15 საარჩევნო ხმა აქვს, სულ სამით ნაკლები ყველაზე მნიშვნელოვან შტატ ოჰაიოზე. გამოდის, დემოკრატებმა აქ ბოლომდე უნდა იბრძოლონ. 2008-ის პრეცედენტი უკვე ვეღარ განმეორდება, როცა ობამა არჩევნებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდა ამ სამხრეთულ შტატს, პატარა ქალაქ გრინსბოროში კი სულაც არჩევნების წინა ღამეს ჩავიდა. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ კაროლინას ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ჩარლოტში, ორშაბათს პირველ ლედის ელიან. ბრძოლა თითოეული ხმისთვის მართლა ბოლო წუთამდე გრძელდება. დემოკრატები ამბობენ: 2008-ში ჩრდილოეთ კაროლინაში ჩვენ ჩვენი დროშა აღვმართეთ. და ეს მიწა დღემდე ჩვენიაო. რესპუბლიკელები კი აპროტესტებენ - სამხრეთი კონსერვატორებისაა, ესე იგი, ჩვენიო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^